„ბაკურიანი-2025“ მასპინძლობისთვის მზად არის!
რამდენიმე დღეში ისედაც გადატვირთული ბაკურიანი კიდევ უფრო ახმაურდება და საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრშიც მოექცევა: 9-16 თებერვალს სამთო-სათხილამურო კურორტი (მასთან ერთად თბილისი და ბათუმიც) ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. 45 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი მედლებს გაითამაშებს სპორტის რვა სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი). ფიგურული ციგურაობის ტურნირი ბათუმის ყინულის სასახლეში გაიმართება, ჰოკეის მატჩებს კი თბილისში ახლახან გახსნილი სტანდარტების შესაბამისი ყინულის მოედანი უმასპინძლებს. სხვა სახეობების შეჯიბრებები, ასევე ტურნირის ოფიციალური გახსნა-დახურვის ცერემონიალი ბაკურიანში გაიმართება. საქართველოს დელეგაცია 8 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი სპორტის სამ სახეობაში: ფიგურული ციგურაობა (ინგა გურგენიძე), ბიათლონი (შიო ქუჩუკიანი) და სამთო თხილამურობა (იასონ ვეზდენი, გიორგი ჯაფარიძე, ირაკლი ხერგიანი, გოგა გულედანი, ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების პროცესსა და ტურნირის მნიშვნელობაზე ველაპარაკეთ:
- ათი წლის წინ უმაღლესი შეფასებები მივიღეთ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის. ჩვენი უცხოელი კოლეგები დღემდე განსაკუთრებული ემოციით იხსენებენ "თბილისი-2015"-ს და გასაკვირი არავისთვის ყოფილა, ზამთრის ტურნირის გამართვის უფლებაც რომ მივიღეთ. რამდენიმე დღეში საქართველო ოფიციალურად გახდება ევროპის მერვე ქვეყანა, სადაც გამართულა როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ყველამ იცის, რომ ზამთრის სახეობებში ვერ დავიკვეხნით იმდენივე წარმატებით, რამდენიც ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებში გვაქვს. ამის მთავარი მიზეზი სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა იყო, "ბაკურიანი-2025"-ის დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა აღარ შეგვაწუხებს.
- და წლევანდელი ტურნირისთვის მომზადებული მოედნები და ტრასები, უფუნქციოდ არც მომდევნო წლებში დარჩება?!
- არა, რადგან ვარჯიშის მსურველი ძალიან ბევრია! მაგალითად ქუთაისში დამონტაჟებული ყინულის მოედანიც გამოდგება - ბავშვებს მოედანი ძალიან მოსწონდათ, მაგრამ იქ მისვლისას სულ მესმოდა ბავშვების მშობლების თხოვნა, კარგი იქნებოდა, ყინულის მოედანი სტანდარტების შესაბამისი ზომის იყოს და უფრო მეტ მსურველსაც იტევდესო... ამჟამად ქუთაისში ვერ, მაგრამ თბილისში უკვე გვაქვს უნიკალური სტანდარტების შესაბამისი ზომის ყინულის მოედანი, რომელიც 31 იანვარს გახსნა პრემიერ-მინისტრმა. მადლობა საქართველოს მთავრობას, რომელმაც გაითვალისწინა მოსახლეობის თხოვნა და დედაქალაქს კიდევ ერთი მაღალი დონის სპორტული დარბაზი აჩუქა. აჭარის მთავრობის ძალისხმევით სტანდარტული ზომის ყინულის მოედანი უკვე ბათუმსაც აქვს. არასტანდარტული ზომის ყინული იქ აქამდეც იყო, მაგრამ ახალ, მასშტაბურ კომპლექსში, სტანდარტული გაბარიტების ყინულის მოედნის გარდა, საცურაო აუზი და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზიც არის.
- თანამედროვე ინფრასტრუქტურა უფრო მაღალი დონის ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობასაც ხომ იძლევა?
- მსოფლიო ჩემპიონატებისა და სხვა დიდი ტურნირებისთვის, მინიმუმ, ორდარბაზიანი ყინულის კომპლექსია საჭირო. თუმცა ახალგაზრდული ტურნირებისთვის, იმ ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლებზეც აქცენტს ვაკეთებთ, ზამთრის სახეობების განვითარებისთვის ნამდვილად საკმარისია. ხშირად მასპინძელი ქალაქები ვეღარ იყენებენ კონკრეტული ტურნირის ან ღონისძიებისთვის აშენებულ სპორტულ ობიექტებს. ჩვენს შემთხვევაში ასე არ იქნება - ისევე როგორც "თბილისი-2015"-ისთვის, წლევანდელი ფესტივალისთვისაც საშეჯიბრო-სავარჯიშო დარბაზები ავაშენეთ ისინი ფუნქციას ტურნირის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებენ. ცალკე უნდა ვახსენო ბიათლონის უნიკალური ტრასა ბაკურიანში, რომელიც ევროპელი სპეციალისტების ჩართულობითა და ინსპექტირებით გაკეთდა და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. გვყავს პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენები, უკვე გვაქვს მაღალი დონის ინფრასტრუქტურაც და როცა საკმარისი რაოდენობით გვეყოლება კვალიფიციური მწვრთნელებიც, წარმატებაც არ დააყოვნებს. ძალიან მიხარია, როცა ახალგაზრდებში მოტივაციას, ჩართულობის დიდ სურვილს ვხედავ. ყველა მათგანი ვერ გამოვა პროფესიონალი სპორტსმენი და ჩემპიონი, მაგრამ სპორტისთვის მთავარია მასობრიობა და ბევრი ჯანმრთელი ახალგაზრდა!
- საშეჯიბრებო ტრასების მოწყობაზე საერთაშორისო ფედერაციისა და დაქირავებული უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მუშაობენ ხოლმე, რათა ადგილობრივ სპორტსმენებს უპირატესობა არ ჰქონდეთ. ამ შემთხვევაშიც ასე იყო?
- დიახ. უკვე არაერთი წელია, სამთო-სათხილამურო სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირებს ვმასპინძლობთ და ამ მხრივ ბევრი სამუშაო არ ყოფილა. რაც შეეხება ახალ ტრასებს, მათ მოწყობასაც და შეჯიბრებების გამართვასაც საერთაშორისო ფედერაცია უზრუნველყოფს - ჩაბარებულიც არის, შემოწმებულიც და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
- ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს "ბაკურიანი-2025" ჰქვია და ცხადია, მთავარი მასპინძელი ქალაქიც ისაა. თუმცა ასპარეზობებს უმასპინძლებენ თბილისი (ჰოკეის ტურნირი) და ბათუმიც (ფიგურული ციგურაობა). ფესტივალის სამ ქალაქზე გადანაწილება რაიმე პრობლემას ხომ არ შექმნის?
- არა. ბოლო წლებში, ხშირია შემთხვევა, როცა არათუ ერთი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაც კი მასპინძლობს ხოლმე სხვადასხვა მასშტაბის ტურნირს. ლოგისტიკურად ყველა საკითხი მოგვარებულია, შეფერხება და საფიქრალი არ გვექნება. იცით, რომ შექმნილია სამთავრობო კომისია, მზადება პრემიერ-მინისტრის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა და ტურნირის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის ყველაფერი მზად არის! საქართველოში 45 ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვლენ, რაც ზამთრის სახეობებისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ათასამდე სპორტსმენში ქართველი ახალგაზრდებიც იქნებიან. ბევრ მედალს ვერ დაგპირდებით, მაგრამ ჩვენი სპორტსმენები თავს არ დაზოგავენ და თუ მედალიც იქნება, ამას რა სჯობს? მთავარია, "ბაკურიანი-2025"-ის დასრულების შემდეგ, გვექნება სტანდარტების შესაბამისი, მაღალი დონის ინფრასტრუქტურა, გამოცდილება და საფუძვლიანი ამბიცია, რომ ზაფხულის თამაშების შემდეგ ზამთრის სახეობებშიც მაღალ დონეზე შეგვიძლია ტურნირების მასპინძლობა. აღარავის ექნება კითხვები, შეუძლია თუ არა საქართველოს მაღალი რანგის ზამთრის ტურნირების მიღება, აქვს თუ არა სათანადო ინფრასტრუქტურა და სხვ. გარდა ამისა, კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს მთის კურორტების ცნობადობაც...
- ორი წლის წინ ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მითხრა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ, აქ ჩამოსულ უცხოელთაგან ბევრმა არც იცოდა, საქართველოში ამხელა მთები რომ გვაქვსო... "ბაკურიანი-2025"-ის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი გაგვიცნობს!
- ბაკურიანში ტრადიციულად ბევრი სპორტსმენი ჩამოდიოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. მოგვიანებით, პოპულარობა მოიპოვა გუდაურმაც, მათ დაემატა მესტია, კურორტი გოდერძი... საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები განსაკუთრებულია კლიმატით, რელიეფით, სილამაზით და სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ასეთი ტურნირების წარმატებით მასპინძლობა, ახალი ინფრასტრუქტურა კი, კონკრეტული ქალაქებისა და მთელი ქვეყნის ცნობადობის გაზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მეტ ნდობას, მეტ სპორტსმენსა და ტურისტს ნიშნავს... როცა ამ ყველაფერს სტუმარმასპინძლობის ქართული ტრადიციების, ჩვენი უნიკალური კულტურის, უგემრიელესი კერძებისა და ჩინებული ღვინის გაცნობაც ემატება, ცხადია, ქვეყნის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.
- მსოფლიოს ზამთრის კურორტების უმრავლესობა თოვლის ნაკლებობას უჩივის. გამონაკლისი არც ბაკურიანია. ცხადია, დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების სისტემები და საშეჯიბრო ტრასებზე თოვლი საკმარისი იქნება, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ამინდის პროგნოზის თანახმად, თითქმის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში თოვას პროგნოზირებენ!
- კარგია! ზამთრის კურორტსა და ტურნირს ძალიან უხდება ბუნებრივი თოვლი, მაგრამ თუ არ იქნება, ამისთვისაც მზად ვართ. "ოლიმპიური სოფლის" ფუნქციას სასტუმრო "კრისტალი" შეასრულებს, რომელიც მაღალი დონის სასტუმროა და სპორტსმენებს სრულფასოვანი დასვენების, კვების, ტრანსპორტირებისთვის ყველანაირი პირობა ექნებათ.
- თოვლის გარდა, ბაკურიანში ძალიან ბევრი დამსვენებელიც არის. ოლიმპიური ფესტივალის დღეებში აუცილებელი იქნება ისედაც გადატვირთული გზების ზოგიერთი მონაკვეთის გადაკეტვა. ეს საკითხიც მოგვარებულია?
- დიახ, ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში ჩართულია ყველა სამსახური და უწყება, ვისაც რაიმე სახის დახმარება შეუძლია. უნდა ვაჩვენოთ, რომ უმაღლეს დონეზე შეგვიძლია მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ყველას ვეუბნებით: აი, ვატარებთ ევროპული დონის ღონისძიებას. ვიღაცები ამტკიცებდნენ, ზოგიერთი ქვეყნის დელეგაცია არ ჩამოვა, ბოიკოტს გამოაცხადებსო და სხვ. მსგავსი რამ არც ყოფილა და ვერც იქნებოდა: ჯერ ერთი, სპორტი გამაერთიანებელია და არა დამყოფი, მერე კიდევ, ჩვენ სწორედაც ევროპელები ვართ... ასე რომ, სამივე კომპონენტი - სპორტული, ტურისტული და პოლიტიკური ნაწილი ცალსახაა და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის!
- მონაწილე სპორტსმენების რაოდენობაზე უკვე ვილაპარაკეთ. მათ გარდა, დაახლოებით რამდენ სტუმარს ელით?
- ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეები 18 წლამდე ასაკის არიან და, ბუნებრივია, უმეტესობას საგულშემატკივროდ მშობლებიც წამოჰყვებიან. "თბილისი-2015"-ში 4000 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა, სტუმრების საერთო რაოდენობამ კი დაახლოებით 7000 შეადგინა. წლევანდელ ტურნირზეც მიახლოებით ასეთივე თანაფარდობას ველით. საქართველოში ჩამოსასვლელად ევროპის არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელს ვიზა არ სჭირდება და აქ ჩამოსვლას ესეც ამარტივებს. ბევრ სტუმარს ველით და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს არ იქნება საქართველოში მათი ბოლო სტუმრობა!
- ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 9 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება. გაგვიმხელთ, რას ველოდოთ გახსნის ცერემონიალისას?
- ვერ გაგიმხელთ - გახსნის ცერემონიალი ყოველთვის მოულოდნელი სანახაობა უნდა იყოს! თქვენი გაზეთის მკითხველს ვუთხრათ, რომ მართალია, ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 9 თებერვალს გაიმართება, მაგრამ ჰოკეის ტურნირი უკვე 6 თებერვლიდან დაიწყება თბილისის ახალ დარბაზში. რაც შეეხება ოლიმპიურ ცეცხლს, უკვე რამდენიმე კვირაა, რომიდან წამოღებული ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოს ქალაქებში "მოგზაურობს".
- მოხალისეებზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა - როგორც ცნობილია, ბევრი მსურველიდან შეირჩა და უკვე გადამზადდა დაახლოებით 800 მოხალისე:
- დიახ, უკვე გაიარეს მზადება, სპეციალური, განმასხვავებელი უნიფორმებიც აქვთ და ფესტივალის გახსნისთვის ამ მხრივაც მზად ვართ. მოხალისეები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ როგორც კონკრეტული ტურნირის მაღალ დონეზე მასპინძლობის საქმეში, ასევე თანატოლი სპორტსმენებისა თუ სხვა სტუმრებისთვის ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობაშიც. გახსნა-დახურვის ცერემონიალების გარდა, საღამოობით ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი. რაც მთავარია, "ბაკურიანი-2025"-ის ბილეთები არ იყიდება, ტურნირზე დასწრება უფასოა! ტრანსლაციების ნახვა კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.
... ვიცი, რომ ბაკურიანში გამართულ ასპარეზობებს მაყურებელი არ მოაკლდება, მაგრამ მინდა განსაკუთრებულად მოვუწოდო და ვთხოვო ბათუმელ და თბილისელ გულშემატკივრებსაც - იაქტიურეთ, დაესწარით ფიგურული ციგურაობისა და ყინულის ჰოკეის მატჩებს, უქომაგეთ ფავორიტ სპორტსმენებს და ისიამოვნეთ ზამთრის სახეობებით, რომლებიც ძალიან კარგი საყურებელია!