აპოკალიფსური სცენარი ზელენსკისთვის: "თუ აშშ უკრაინას აღარ დაეხმარება, რუსეთი 2026 წლის დასაწყისისთვის კიევს დაიკავებს და ნატოს საზღვრებამდე მივა" - T - კვირის პალიტრა

აპოკალიფსური სცენარი ზელენსკისთვის: "თუ აშშ უკრაინას აღარ დაეხმარება, რუსეთი 2026 წლის დასაწყისისთვის კიევს დაიკავებს და ნატოს საზღვრებამდე მივა" - The Hill

იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას აღარ დაეხმარება, რუსეთი 2026 წლის დასაწყისისთვის კიევს დაიკავებს და ნატოს საზღვრებამდე მივა, - წერს ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) სტატიაში სათაურით: „რა მოხდება, თუ აშშ უკრაინის დახმარებას შეწყვეტს?“ (ავტორი - ელენ მაკასკერი, პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი).

„მოხდება ძალიან ცუდი რამ: მიმდინარე წლის ბოლოს უკრაინის არმია, ფაქტობრივად, განადგურდება, რუსეთის არმია ქვეყნის ტერიტორიას დაიპყრობს, ხოლო 2030 წლისათვის რუსები ევროპას გადაუვლიან“, - ასეთი თვალსაზრისია გამოხატული პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბევრი ამერიკელი, გასაგები მიზეზების გამო, შეშფოთებულია უკრაინისადმი გაწეული ამერიკული დახმარების დიდი მოცულობით, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მაგრამ ისინი უფრო სხვა საკითხზე უნდა დაფიქრდნენ - რა ფასს გადაიხდის ამერიკა, თუ კიევი დამარცხდება.

იმ ანალიზის მიხედვით, რომელიც აშშ-ის მეწარმეობის ინსტიტუტმა (The American Enterprise Institute - AEI) მოამზადა, თუ რუსეთი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს, მაშინ უკრაინის დამარცხება ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს 808 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ და ეს იმის გარდა, რის დახარჯვასაც აშშ უახლოეს 5 წელიწადში აპირებს, თავდაცვის განსამტკიცებლად. ეს თანხა, დაახლოებით, 7-ჯერ მეტია, რომელიც პენტაგონმა უკრაინას დახმარების სახით გამოუყო, ომის დაწყებიდან.

ამგვარ შეფასებას საფუძვლად უდევს სცენარი, თუ აშშ უკრაინისადმი დახმარებას შეწყვეტს. ომში რუსეთის გამარჯვების (ანუ გაძლიერების) შემთხვევაში, ამერიკა იძულებული იქნება, მეტი თანხები დახარჯოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კვლევის დროს გათვალისწინებული იქნა ისიც, რომ უკრაინაზე გამარჯვებით გათამამებული რუსეთი კონფლიქტების დამატებით კერებს შექმნის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთში, რაც ამერიკას დამატებითი თანხები დაუჯდება.

აშშ-ის დახმარების გარეშე დარჩენილი უკრაინის არმია 2025 წლის განმავლობაში უკანდახევას გააგრძელებს, მიმდინარე წლის შემოდგომისათვის უკრაინის ჯარს იარაღი აღარ ექნება, რითაც რუსეთი ისარგებლებს: გაანადგურებს ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემას, დაუსჯელად დაბომბავს მსხვილ ქალაქებს, უკრაინის ჯარი ბრძოლისუნარიანობას დაკარგავს და წლის დასასრულისათვის კრახის წინაშე დადგება, რუსები კიევს აიღებენ და სწრაფად მივლენ ნატოს სახელმწიფოების საზღვრებამდე.

გამარჯვებით გამხნევებული რუსეთი თავის საბრძოლო ქვედანაყოფებს უკრაინის რესუსრსებით გააძლიერებს, მათ ნატოს საზღვრების გასწვრივ განალაგებს და 2030 წლისათვის შეტევას უკვე უკრაინის ფარგლებს მიღმა განახორციელებს, დასავლეთის მიმართულებით.

იმ იდეის მომხრეები, რომ „ამერიკა ევროპას უნდა დაშორდეს“ და რომ „ევროპამ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს“, „ვაშინგტონმა კი ძალები და ფული უნდა დაზოგოს“, ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომს გლობალური ხასიათი აქვს. რა თქმა უნდა, ევროპამ მეტი უნდა დახარჯოს საკუთარი ძლიერების განსამტკიცებლად, მაგრამ ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს, თუ როგორი საფრთხის შემცველია აშშ-ისთვის თავისი ინტერესების იგნორირება ამა თუ იმ რეგიონში.

საკუთარი თავი რომ დაიცვას ეროვნულ, სამხედრო და ეკონომიკურ დონეებზე, აშშ მძლავრ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს და ისეთი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც საკუთარი თავის, ისე - პარტნიორების დაცვას. თუ ამერიკა ევროპას მხარდაჭერას მოაკლებს, ამით მხოლოდ რუსეთის აგრესიის პროვოცირებას მოახდენს და საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი პოლიტიკის პერსპექტივას მთელ მსოფლიოში.

თუ ამერიკა უკრაინის დაცემას დაუშვებს, ვაშინგტონს დასჭირდება უფრო მეტი ბრძოლისუნარიანი და სწრაფად რეაგირებადი შეიარაღებული ძალები, რომლებიც მსოფლიოს სხვადახვა რეგიონში უნდა იყვნენ განლაგებულნი.

რუსეთის შესაკავებლად (და, ალბათ, პრევენციული დარტყმის მისაყენებლად, აუცილებლობის შემთხვევაში), აშშ-ის არმიას დასჭირდება დამატებით 14 ახალი ბრიგადა (სახმელეთო ძალებისათვის), საზღვაო ქვეითთა 8 ბატალიონი და 18-მდე ახალი საბრძოლო ხომალდი (სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის), 555 საბრძოლო თვითმფრინავი (სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის) და, საერთო ჯამში, დამატებით 266 ათასი სმხედრო მოსამსახურე.

ამერიკას ევროპაში თავისი ყოფნის განსამტკიცებლად დასჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ობიექტების მომზადება, ლოჯისტიკის მაღალი დონე და საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფა. ასევე, აუცილებელია ძალისხმევა სამრეწველი ბაზის გაფართოებისა და დივერიფიცირებისათვის, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალების თანამედროვე ომის ყველა მოთხოვნას პასუხობდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონტინენტზე სავარაუდო კონფლიქტის დროს უმეტესად სახმელეთო ჯარები იმოქმედებენ, სამხედრო-საჰაერო ძალებთან ერთად, ვაშინგტონს მაინც დასჭირდება სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამოყენება. შესაბამისად, პენტაგონმა უარი უნდა თქვას ხომალდების რაოდენობის შემცირების გეგმებზე და მას დამატებით მოუწევს, შეისყიდოს წყალქვეშა ნავები, ნაღმოსნები, ფრეგატები, აგრეთვე, გემები მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

ამერიკის არმიას დასჭირდება ევროპაში დისლოცირებული ძალების უფრო მაღალი დონით მომზადება, სამხედრო ბაზების მოდერნიზება, ახალი სპეცქვედანაყოფების შექმნა, რომლებიც აუცილებელია სადაზვერვო მონაცემების შესაქმნელად, მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს კოსმოსის ათვისებაში (სამხედრო კუთხით) და კიბერნეტიკული ომების წარმოებაში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, ამერიკას დასჭირდება უფრო სრულყოფილი არქიტექტურა და მართვის სისტემა, ამ სფეროებში.

დიახ, ამ ყველაფრის გაკეთება უამრავ თანხას მოითხოვს და თუ არ გვსურს, რომ ეს მოხდეს, ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინისადმი დახმარება უნდა გააძლიერონ. კიევმა მოსკოვის არმია უნდა დაამარცხოს: რუსეთი იძულებული იქნება, უკან დაიხიოს, თავის საზღვრებში დარჩეს - დასუსტებული არმიით, კრიზისული ეკონომიკით, მყიფე პარტნიორული კავშირებით და შიდაპრობლემებით.

სამაგიეროდ, უკრაინა უფრო ენერგიული და თავისუფალი სახელმწიფო გახდება, აყვავებული ეკონომიკით, სამრეწველო ბაზით და თანამედროვე არმიით. ვაშინგტონს აღარ დასჭირდება ევროპაში დამატებითი ძალების განლაგება. რა თქმა უნდა, პენტაგონი მაინც შეინარჩუნებს თავის სამხედრო ყოფნას, მაგრამ დახარჯავს ბევრად ნაკლებ რესურსს და მთავარ ყურადღებას წყნარი ოკეანის რეგიონს დაუთმობს.

ამერიკა უამრავ პრობლემებს აწყდება არალეგალური იმიგრაციისა და გლობალური უსაფრთხოების სფეროებში. ეს, ყველაფერი, მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს. უკრაინა ამ მხრივ პირველ ადგილზე დგას. გვერდზე რომ გადავდოთ კიევისადმი აუცილებელი დახმარების მორალური ფაქტორი, მისი მხარდაჭერა ფინანსურადაც დასაბუთებული და ნაკლებხარჯიანი იქნება.

წყარო