ბომბდამშენი პენსიონერების წინააღმდეგ - ბოლოს და ბოლოს, ვინ დაბომვა ქალაქ სუჯაში მდებარე სკოლა-ინტერნატის შენობა?!
მესამე დღეა მიდის რუსულ-უკრაინული ორთაბრძოლა ინტერნეტ-სივრცეში იმაზე, თუ ვინ მიაყენა საჰაერო დარტყმა რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში მდებარე სკოლა-ინტერნატის შენობას 1 თებერვლის ღამეს, რის შედეგადაც ამ შენობაში მყოფი 95 ადამიანიდან 4 დაიღუპა, 4 მძიმედ დაიჭრა, 84 გადაარჩინეს და რამდენიმე კიდევ ნანგრევებში იყო ჩარჩენილი...

ერთი შეხედვით, თუკი დარტყმა განხორციელდა რუსეთის ტერიტორიაზე, ლოგიკურია, რომ მისი ავტორი სწორედ ის უკრაინის არმია ყოფილიყო, რომელიც რუს ოკუპანტებს მესამე წელია ებრძვის და მათ შორის თავად რუსეთის მიწაზეც...
მაგრამ, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი-რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა 2024 წლის 6 აგვისტოდან იმყოფება უკრაინის საექსპედიციო კორპუსის ოკუპაციის ქვეშ და როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ უნდა გაეშვათ მაგალითად, „ჰაიმარსის“ რაკეტები (როგორც ამას რუსული მხარე აბრალებს უკრაინელებს) იმ რუსული ქალაქისკენ, რომელსაც ნახევარი წელია თავადვე აკონტროლებენ?

კიდევ უფრო წარმოუდგენლად მოჩანს სუჯაში იმ კონკრეტული სკოლა-ინტერნატის მიზანმიმართულად დაბომბვა უკრაინელი არტილერისტების მხრიდან, რომელშიც უკრაინის სოკუპაციო ძალებს თავის საპოლიციო უბანი ჰქონდათ მოწყობილი...

სამაგიეროდ, უკრაინის მხარე აქვეყნებს რადიოლოკაციური მონიტორინგის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სწორედ 1 თებერვლის საღამოს ქალაქ სუჯას აღმოსავლეთით 40 კმ-ის სიშორიდან,რუსეთის საჰაერო სივრციდან 4 კმ სიმაღლეზე მფრენმა რუსულმა საფრონტო ბომბდამშენმა Су-34-მა ჩამოაგდო პლანირებისა და კორექციის უნივერსალური მოდულით აღჭურვილი საავიაციო ბომბი და მაშინვე მკვეთრი საჰაერო მანევრით უკან გაბრუნდა...
ჩამოგდებულმა ბომბმა კი პლანირებით მიაღწია სუჯას სკოლ-ინტერნატის შენობამდე...
ამ სკოლა-ინტერნატის შენობაში სუჯაში მაცხოვრებელი ადგილობრივი პენსიონერები და გაჭირვებული ადამიანები იყვნენ თავმოყრილნი, რომლებსაც თვეების განმავლობაში სწორედ უკრაინელი მებრძოლები კვებავდნენ, რის შესახებაც არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი გასულა და რატომ დაბომბავდა უკრაინა ამ შენობას?

სამაგიეროდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვას დიდი ეჭვი ჰქონდა, რომ სკოლა-ინტერნატის შენობებში შეიძლება თავს უკრაინელი სამხედროებიც აფარებდნენ(მით უმეტეს, რომ იქ მართლაც იყო მოწყობილი უკრაინული საპოლიციო უბანი), რაც კიდეც გახდა რუსული წერტილოვანი საჰაერო დარტყმის მიზეზიც, მაგრამ იმის შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ შენობაში მხოლოდ რუსი პენსიონერები იმყოფებოდნენ, კრემლის პროპაგანდისტებს თავისი დანაშაულის გადაბრალება უკრაინის მხარისთვის სურთ.
ის, რომ სწორედ რუსული ბომბდამშენიდან ჩამოგდებულმა ბომბმა დაანგრია სუჯის სკოლა-ინერნატის შენობა შეიძლება მიუთითებს სხვა ირიბი მტკიცებულებებიც-ეს სკოლა-ინტერნატი მანამდეც თურმე ორჯერ დაბომბილა...
2025 წლის 11 იანვარს რუსულმა ავიაციამ საჰაერო დარტყმა მიაყენა სუჯის სკოლა-ინტერნატის ტერიტორიას, რის შედეგადაც ერთი ქალი სასიკვდილოდ დაიჭრა.
2025 წლის 31 იანვარს ამავე სკოლა-ინტერნატზე რუსულმა მხარემ ორი საავიაციო დარტყმა განახორციელა - ერთი რუსული რაკეტა მოხვდა სკოლა-ინტერნატის სპორტული კომპლექსის შენობას და ის მთლიანად დაანგრია.

გამოდის, რომ ორი კვირის განმავლობაში რუს სამხედროებს სამჯერ განუხორციელებიათ ზუსტი საჰაერო დარტყმა რუსული ქალაქის რუსსავე პენსიონერებზე...
P.S. უკრაინელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ მეორე დღეა ვერ გამოჰყავთ სუჯის სკოლა-ინტერნატის შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ქალი ,რომელიც შველას ითხოვს, რადგან გრძელდება რუსული დაბომბვა, რასაც დაემატა რუსი სამხედროების მხრიდან გამოშვებული ოპტიკურბოჭკოვანი კაბელით მართული კამიკაძე-დრონების შეტევაცო...