"ხარება" ანგარიშს ასწორებს, როგორც დაბალი დონის ხულიგანი, გაბრაზებული ქუჩის ბიჭი, დავალებებს აძლევს: ეს მომიყვანეთ, გალახავს - გაუშვებს - ღირსების ორდენი რომ არაფერს ნიშნავს, მისი უღირსობა გვაჩვენებს" - კვირის პალიტრა

"ხარება" ანგარიშს ასწორებს, როგორც დაბალი დონის ხულიგანი, გაბრაზებული ქუჩის ბიჭი, დავალებებს აძლევს: ეს მომიყვანეთ, გალახავს - გაუშვებს - ღირსების ორდენი რომ არაფერს ნიშნავს, მისი უღირსობა გვაჩვენებს"

გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ პროტესტი ცოცხალია და არ არის მილევადი - ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ ყალიბდება რეჟიმისთვის საჭირო დამსჯელი რაზმები და არა პოლიცია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ახლა „ცდილობს, ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდეს და არ შეიმჩნიოს, რომ სისტემაში კრიზისია“. ასევე, როგორც მან აღნიშნა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკური ინსტრუმენტები აღარ აქვთ, აკეთებენ იმას, რაც გუშინ მოხდა.

„გუშინდელი დღე სიმპტომატური იყო, თუ რა ხდება ქვეყანაში. ერთი მხრივ დავინახეთ, რომ ჩვეულებრივი პროტესტი უცებ სისხლის სამართლის დანაშაული გახადეს. მონაწილეთა სულისკვეთება ისეთი იყო, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, არ აპირებდნენ. მაგრამ რეჟიმს ნერვებმა უმტყუნა და მაინც ის გააკეთეს, რაც მათ ხასიათშია გადასული - ცა მოწმენდილზე დაიწყეს ბრუტალური ქმედებები, ადამიანების ცემა. დაიღალნენ, აგრესია აქვთ, ან უბრალოდ არ მოსწონთ ეს ადამიანები, ვინც მათ ცხოვრებას ცოტათი უფრო რთულს ხდის. საბოლოოდ, ვიღებთ იმას, რომ ქვეყანა არის ტრანსფორმაციის პერიოდში - ან არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დიქტატურა შედგეს, ან არის რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შექმნას ავტორიტარიზმისთვის, დიქტატურისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მან, ასევე, საპოლიციო სისტემის გუშინდელი მოქმედებები შეაფასა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს [„ხარებას“] „თავისუფალი მოქმედების მანდატი აქვს“.

„სრული დეგრადაციაა. ფაქტია, რომ „ხარებას“ აქვს მანდატი მინიჭებული. როგორც ჩანს, შეგულიანებულია. უშუალოდ მას აქვს ყველაზე მაღალი დონიდან დავალება მიცემული და თავისუფალი მოქმედების მანდატი აქვს. იქცევა ისე, როგორც მის მენტალობაშია. ის არა მხოლოდ რეჟიმს იცავს, არამედ პირად ანგარიშს უსწორებს იმ ადამიანებს, რომელთაც მას დისკომფორტი შეუქმნეს, რადგან სანქცირებულია. ღირსების ოდენი რომ მისთვის არაფერს ნიშნავს, ამას მისი უღირსობა ისედაც გვაჩვენებს, მაგრამ ამით ის ანგარიშს უსწორებს როგორც ჩვეულებრივი, დაბალი დონის ხულიგანი, ქუჩის ბიჭი, რომელიც გაბრაზებულია და ნებისმიერ ახალგაზრდაში ხედავს კლასობრივ მტერს. დავალებებს აძლევს - ეს მომიყვანეთ, გალახავს - გაუშვებს. ვინც ასე არ მოიქცევა, ის იქნება მათი შიდაკლასობრივი მტერი. სისტემა წამლავს და აყალიბებს ისეთ ურთიერთდამოკიდებულებას, რომ ყველამ უნდა ჩაიდინოს დანაშაული, რაც გუშინ მოხდა. მათთვის ბრუტალურობა არის მტკიცება იმისა, რომ „ერთად ვართ და მათი ნაწილი ვართ, ვინც აგრესიულია“. ერთმანეთს ამაგრებენ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რისთვისაა მზად ოპოზიცია, ცქიტიშვილი ამბობს, რომ „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

„მორალურად ყველაფრისთვის მზად ვარ. გვესმის, რომ ეს ბრძოლა შეიძლება მხოლოდ აქციებით არ შემოიფარგლოს და ველოდებით, რომ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. არა მხოლოდ გააზრება გვაქვს ამის, არამედ, მზადებაც - მორალურიც და სტრუქტურულიც, რომ ნებისმიერი მომენტისთვის მზად ვიყოთ. მაგრამ სისტემას მეტ-ნაკლებად ვიცნობთ და ვიცით, როგორ შეიძლება რეჟიმი ფუნქციონირებდეს და გარკვეული მოწყვლადობები აქვს, არ არის ისეთი ძლიერი და მტკიცე, როგორც გარედან ჩანს. ეს არის ფასადი, რომლის უკანაც იმალება მოწყვლადი პოლიტიკური სისტემა, რეჟიმი, რომელიც ჯერ ვერ არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

IPN