რას აცხადებს იზოლატორში გიგი უგულავას მონახულების შემდეგ მისი ადვოკატი? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს იზოლატორში გიგი უგულავას მონახულების შემდეგ მისი ადვოკატი?

არანაირი რეალური გამოძიების მოლოდინი არ გვაქვს, არანაირი სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ გვაქვს - ეს არის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და რეჟიმი ყველა სახელმწიფო მექანიზმს იყენებს როგორც ინსტრუმენტს ადამიანების დასაშინებლად, - ამის შესახებ პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გიგი უგულავას მხრიდან არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და ის რამდენიმე პოლიციელმა განზრახ დააკავა, რა დროსაც მასზე ფიზიკური ძალადობაც განხორციელდა.

"საზოგადოებამ კადრებში ნახა თუ როგორ ძალადობრივად მოხდა გიგი უგულავას დაკავება, ამიტომ წინასწარი დაკავების იზოლატორი გიგი უგულავა სახალხო დამცველმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა მოინახულა. გიგიმ მისცა ჩვენება, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება, ასევე, როგორ ძალადობდნენ ფიზიკურად მასზე. გასაგებია, რომ ამ უწყებისგან არანაირი რეალური გამოძიების მოლოდინი არ გვაქვს, არანაირი სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ გვაქვს. გიგი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით, რის შემდეგაც, შესაძლოა სასამართლომ ნებისმიერი ტიპის სანქცია გამოიყენოს, რომელსაც კანონი ითვალისწინებს. ზოგადად ეს არის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და რეჟიმი ყველა სახელმწიფო მექანიზმს იყენებს როგორც ინსტრუმენტს ადამიანების დასაშინებლად. არანაირი წინააღმდეგობა პოლიციასთან არ ყოფილა, არანაირი პოლიციის მოთხოვნასთან დაუმორჩილებლობა არ ყოფილა, უბრალოდ ასე გადაწყვიტა ვიღაცამ, რომ ამჯერად გიგი უგულავას დაკავების დრო იყო. იმედი, რომ ნიღბებში დამნაშავე პოლიციელების ამოცნობა მოხდება, არ გვაქვს, არ აქვთ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი, მაგრამ ნორმალური გამოძიების პირობებში მათი ვინაობის დადგენაც შეიძლება, თუმცა რეჟიმი მუდმივად საუბრობს, რომ პოლიციელის ვინაობის დადგენა შეუძლებელია. სილის გაწვნისთვის მზია ამაღლობელი შესაძლოა დაისაჯოს და ეს მოძალადე პოლიციელები არასდროს ისჯებიან, რადგან იმალებიან თითქოს ნიღბების უკან", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

მის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"