ტრამპის "ქართულ-ჯიგრული პონტი" ანუ რა განსხვავებაა "დიდ დონალდსა" და ცხაკაიას რაიკომის მდივანს შორის?! - კვირის პალიტრა

ტრამპის "ქართულ-ჯიგრული პონტი" ანუ რა განსხვავებაა "დიდ დონალდსა" და ცხაკაიას რაიკომის მდივანს შორის?!

ალბათ, ყველას გაგიგონიათ ცელქ და მოუსვენარ ბავშვზე ნათქვამი: „ეს ოჯახს ან ააშენებს, ან სულ დაანგრევსო“. ბავშვობის ასაკიდან კარგა ხანია, გამოვიდა, თუმცა ძალაუნებურად ამგვარ ასოციაციას იწვევს აშშ-ის ძველი-ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ-ახალი საშინაო და საგარეო გადაწყვეტილებები. ძნელი სათქმელია, რამდენად გააზრებული და „მოთელილია“ ეს საკითხები „ტრამპის გუნდში“, რამდენადაა გათვლილი და მოდელირებული ამ გადაწყვეტილებების პოზიტიურ-ნეგატიური შედეგები, როგორც თავად ამერიკის, ასევე - მთლიანად მსოფლიოსთვის. მეეჭვება, რომ, სამწუხაროდ, „ტრამპის რევოლუცია“ უფრო ემოციურ ფონზე ხდება, ვიდრე - ცივ გონებაზე. ძველის დანგრევა ადვილია, მაგრამ უფრო უკეთესი (და რეალური!) ხომ უნდა შექმნა?

ისედაც „აჭრილ“ გლობალურ სივრცეში არასტაბილურობის ახალი ცვლადების შემოჭრა უფრო არაპროგნოზირებადს გახდის მსოფლიოს სავაჭრო-საფინანსო და სანედლეულო ბაზრებს, უფრო წაახალისებს საყოველთაო ქაოსში და „ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის“ მოყვარულ ზვიგენ-იმპერიალისტურ ქვეყნებსა და მათ მმართველ-დიქტატორებს. ამის შედეგად კი უფრო დაუცველი გახდებიან სუსტი და პატარა ქვეყნები. ეს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტმაც უნდა იცოდეს, სხვა შემთხვევაში, დადებით შეფასებას ვერ მიიღებს.

ჩვენს ქვეყანას აქვს „რევოლუციური ნგრევის“ და ბოლომდე გაუაზრებელი „ახლის შენების“ სამწუხარო გამოცდილება. ეს კატასტროფულად მცდარი საკადრო პოლიტიკის შედეგიც იყო, როდესაც ფიქრობ, რომ „ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია“. ამ „ბოლშევიკურ“ ლოზუნგს ამოფარებული ყველა ხელისუფლება ადრე თუ გვიან სასტიკად მარცხდება.

ხელისუფლების უმაღლეს მწვერვალზე ყოფნას ერთი „დამღუპველი ხიბლიც“ აქვს: გზას იმათ უკაფავენ და აწინაურებენ, ვინც პირადი ერთგულებითა და ლაქუცით აწონებს თავს უფროსს. მაშინ, როდესაც საჯარო მოხელის (და არა მარტო) კარიერული წინსვლა მკაცრი რიგითობით დალაგებულ პირად თვისებებს: „პატიოსანი-პატრიოტი-პროფესიონალი“, - უნდა ეფუძნებოდეს.

დავუბრუნდეთ პრეზიდენტ ტრამპის საკადრო გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხშირად უფრო პირად ლოიალურობას, სიმპათია-ანტიპათიას და პარტიულობის პრინციპს ეფუძნება, ვიდრე - სახელმწიფო მოხელის პროფესიულ უნარ-ჩვევებს. მის მიერ აქამდე სენატში დასამტკიცებლად წარდგენილი კანდიდატურები ლოიალურობა-პარტიულობის ნიშნით იყვნენ შერჩეულნი. ამ შემთხვევაში კი ძალზე ძნელია, გლობალური თუ ლოკალური საკითხების ობიექტური ანალიზისა და შეფასების იმედი გვქონდეს. ყველა ქვეყნის მეთაური, საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, სპეცსამსახურის ოპერატიულ ინფორმაციასა და ანალიტიკურ რეკომენდაციებს უნდა ეყრდნობოდეს.

trump-1738649731.jpg

მაიკლ უოლცი და დონალდ ტრამპი „ამერიკული ღიმილის“ თანხლებით

ამერიკის შეერთებულ შტატებს, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ყველა სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურა მეტად თავისებურად აქვს მოწყობილ-ორგანიზებული. ამ ქვეყნის შექმნისა და განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პროფილის სამინისტროები და უწყებები აშშ-ის ტერიტორიული სიდიდის, გეოგრაფიული მდებარეობის, საგარეო და შიდაპოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით იქმნებოდა. ამიტომაც არის დღეისთვის ამერიკაში: 50 შტატი (ამ დღეებში თუ არ დაემატა კიდევ რამდენიმე), 12 ეროვნული ბანკი (ანუ ფედერალური სარეზერვო სისტემა და მისი ფილიალები) და 17 სპეცსამსახური. აშშ-ში, გარდა “წმინდა” სახის სპეცსამსახურებისა (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, გამოძიების ფედერალური ბიურო და თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტო), მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებს გააჩნიათ საკუთარი სპეცსამსახურები. თუმცა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა რამდენიმე ძირითად სტრუქტურაზეა დამოკიდებული. ესენია: სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, ცსს და გფბ. გარდა ამისა პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მომზადებაში აქტიურად არიან ჩართულნი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი, რომელთაც „პირდაპირი გასვლა“ აქვთ პრეზიდენტზე. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტი ნიშნავს და სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცება საჭირო არ არის. ეროვნული დაზვერვის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორობის კანდიდატებმა კი სენატში უნდა გაიარონ ორპარტიული „ჯვარედინი დაკითხვის“ პროცესი.

2025 წლის 20 იანვარს პრეზიდენტმა ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ყოფილი სამხედრო, შემდგომ - ბიზნესმენი, ტელეკომენტატორი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკური პარტიიდან, ორმოცდაათი წლის მაიკლ უოლცი დანიშნა. ყველა ამ რეგალიასთან ერთად ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ უოლცი ფლორიდიდანაა, ხოლო დონალდ ტრამპი ამ შტატის მიმართ დიდი სიმპათიითა განწყობილი.

ბატონი დონალდი ისე იქცევა, როგორც კომუნისტების დროს ცხაკაიას რაიკომის პირველი მდივანი: ყველა ნათესავი-მეგობარი-ნაცნობი (პირველ რიგში, ფლორიდიდან) დაასაქმა მაღალ თანამდებობებზე.

იმედია, მეგრელებს არ ეწყინებათ. კახეთში პირიქით იყო: ახლად დანიშნული რაიკომის მდივანი პირველად ნათესავებს დაუბრიალებდა თვალებს, - ახლა გიტირებთ ყოფასო.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად პრეზიდენტმა ტრამპმა სენატს ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა წარუდგინა დასამტკიცებლად. 2025 წლის 24 იანვარს სენატმა რეტკლიფი პოსტზე დაამტკიცა (მას ხმა მისცა 74-მა სენატორმა, წინააღმდეგი კი 25 იყო).

john-1738649864.jpg

ჯონ რეტკლიფი

ჯონ რეტკლიფს, რომელსაც მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს სამოცი წელი შეუსრულდება, აშშ-ის სენატთან მანამდეც მრავალი „ბრძოლა“ ჰქონდა გადატანილი. საინტერესოა, ვინაა „ამერიკის მთავარი მზვერავი“? განათლებით იურისტმა რეტკლიფმა დღემდე მოასწრო და იყო: ტეხასის შტატის ერთ-ერთი ქალაქის მერი, პროკურორი, ბიზნესმენი, ხოლო 2014-2018 წლებში - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი. იმ პერიოდში ის თავდაუზოგავად იცავდა დემოკრატების შეტევებისგან პრეზიდენტ ტრამპს. სწორედ ამის შემდეგ მოექცა აქტიური რესპუბლიკელი რეტკლიფი ტრამპის თვალთახედვის არეში და მან 2019 წლის 28 ივლისს რეტკლიფი ეროვნული დაზვერვის დირექტორობის კანდიდატად დაასახელა. თუმცა ტრამპი დემოკრატების ძლიერ წინააღმდეგობას და რესპუბლიკელთა გულცივობას წააწყდა და იმავე წლის 2 აგვისტოს სენატიდან უკან გაიხმო რეტკლიფის კანდიდატურა. ამის შემდეგ იწყება ჯონ რეტკლიფის, როგორც „ამერიკის ყველა სპეცსამსახურის უფროსის“ თანამდებობაზე დამტკიცების მრავალთვიანი ეპოპეა. 2020 წლის 28 თებერვალს ტრამპმა ხელახლა წარადგინა სენატში რეტკლიფის კანდიდატურა. მხოლოდ სამი თვის შემდეგ დაამტკიცა სენატმა ტრამპის რჩეული, ისიც - ძალზე მცირე სხვაობით. სენატორების ხმები ასე გაიყო: 49 მომხრე, 44 წინააღმდეგი. დემოკრატ სენატორებს თავიდანვე ეჭვი ეპარებოდათ რეტკლიფის ობიექტურობაში. დღეს კი ჯონ რეტკლიფი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორია და დონალდ ტრამპისადმი მისი ლოიალურობა და პირადი ერთგულება უფრო თვალსაჩინო გახდება.

აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე რეტკლიფმა განაცხადა, რომ ცსს-მა უკეთესად უნდა იმოქმედოს, როდესაც საქმე ეხება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებას მოწინააღმდეგეების (მათ შორის - რუსეთისა და ჩინეთის) მიმართო.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევების ჩამოთვლისას, რეტკლიფმა აღნიშნა: ჩინეთის გლობალური დომინირების სურვილი, ტრანსნაციონალური დანაშაული, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მოქმედებები, ასევე, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. ამ ჩამონათვალში რუსეთიდან მომდინარე საფრთხე, რატომღაც, არ მოხვდა.

თანამდებობაზე დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში ცსს-მა გამოაქვეყნა ახალი შეფასება Covid-19-ის ვირუსის წარმოშობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ კორონავირუსმა, სავარაუდოდ, გაჟონა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან და ადამიანებში ცხოველებისგან არ გადასულაო.

ამერიკის დაზვერვის ეს „ახლებური ხედვა“ გასაკვირი არაა, რადგანაც დონალდ ტრამპი ყოველთვის ამ ვერსიის მომხრე იყო.

ამჟამად აშშ-ის სადაზვერვო სისტემა ახალი, ურთულესი გამოწვევების წინაშეა და ამ პირობებში აშშ-ის სპეცსამსახურები ძირეულ რეფორმებს და ახალი სიცოცხლის შთაბერვას საჭიროებენ. შეძლებს კი ამერიკის ახალი-ძველი პრეზიდენტი დონალ ტრამპი, ამ საფრთხეების ფონზე, ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის უწინდელი დიდების დაბრუნებას?

ვხედავთ, რომ რუსეთის ნეოიმპერიალისტური მოქმედებების წინააღმდეგ “ბებერი ევროპა”, ფაქტობრივად, უძლურია. აშშ-ის პრეზიდენტი კი დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური არჩევნის წინაშეა: თვალი დახუჭოს რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევებზე და „ცივად იმეგობროს“ პუტინთან თუ, მტკიცე პოლიტიკის გატარებით, მართლაც დაუბრუნოს ამერიკას ძველი დიდება.

Путин: если бы Трамп остался президентом в 2020-м, войны в Украине могло не быть

პ.ს 2024 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ პირადად არ იცნობს რეტკლიფს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იცის მისი პროფესიონალიზმის შესახებ. ამ რამდენიმე დღის წინ კი ნარიშკინმა ერთ-ერთ ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა: თუ აშშ-ის მხრიდან ინტერესი იქნება, მაშინ მზად ვარ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალ დირექტორს, ჯონ რეტკლიფს შევხვდეო. „ჩვენ მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართო“ , – დაამატა ნარიშკინმა. ჩანს, რომ „კრემლში“ უკვე შეიმუშავეს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან „საქმის დალაგების“ გეგმა, სადაც სერგეი ნარიშკინსაც თავისი ფუნქცია აქვს.