მილიარდერი "ლენინი": ილონ მასკის სკანდალური გეოპოლიტიკა - "ამოატრიალებს" თუ არა ევროპას ახალგამომცხვარი პოლიტიკოსი - კვირის პალიტრა

მილიარდერი "ლენინი": ილონ მასკის სკანდალური გეოპოლიტიკა - "ამოატრიალებს" თუ არა ევროპას ახალგამომცხვარი პოლიტიკოსი?

ილონ მასკი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება, ბოლო პერიოდში ყველაზე განხილვად ადამიანადაც იქცა. ცოტა ხნის წინ საზოგადოების ყურადღება მასკის განცხადებამ მიიქცია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ი არის „კრიმინალური ორგანიზაცია და დროა, მოკვდეს“. ამასთან, მასკმა აღნიშნა, რომ USAID-ის დახურვაზე მუშაობს და ამას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ეთანხმება. თუმცა როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციას არ დახურავენ - შესაძლოა, რეორგანიზაცია მოხდეს და სახელი შეუცვალონ.

აშშ-ის პოლიტიკაში ჩართვასა და დონალდ ტრამპის მხარდაჭერის გარდა, საინტერესოა ილონ მასკის მკვეთრი განცხადებები ევროპაში მიმდინარე მოვლენებზე.

როგორც BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპული ქვეყნები ცდილობდნენ, დემოკრატიული პროცესები დაეცვათ ჰიბრიდული საშიშროებისგან, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდიოდა, მაგრამ ახლა ევროპა დაბნეულია, როცა ილონ მასკმა ყველა საშუალება - პოპულისტური პარტიების მხარდაჭერა, ფეიკების გავრცელება სოციალურ ქსელში და არჩევნებში ჩარევა ლოზუნგით - MEGA - Make Europe Great Again გამოიყენა. მან თავისი ევროპული კამპანია ტრამპის საარჩევნო კამპანიისგან ისესხა - MAGA (Make America Great Again).

BBC-ის ჟურნალისტები შეეცადნენ გაერკვიათ, რატომ ცდილობს მასკი ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლას და როგორ პასუხობენ მას ევროპელი პოლიტიკოსები.

ალტერნატივა გერმანიისთვის და დიდი ბრიტანეთისთვის

რამდენიმე დღის წინ ილონ მასკი ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინასაარჩევნო მიტინგს ონლაინ ჩაერთო - პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებას ჰპირდება არა მხოლოდ არალეგალურად მყოფი ემიგრანტების დეპორტაციას, არამედ - იმ გერმანელი მოქალაქეების დეპორტაციასაც კი, რომელთაც ფესვები სხვა ქვეყნებშიც აქვთ.

მილიარდერმა დიდი ეკრანიდან საზოგადოებას მიმართა, არ შერცხვეთ ეროვნული ღირებულებების, არ შერცხვეთ გერმანული კულტურისა და ღირებულებების...

screenshot-2025-02-04-112405-1738653874.png

„ბავშვებმა არ უნდა იგრძნონ თავი დამნაშავედ მშობლების ქმედებების გამო, არ მაქვს საუბარი დიდ ბაბუებსა და დიდ ბებიებზე“, - აღნიშნა მასკმა ვიდეოჩართვისას. ეს ნათქვამი კი წარსულში, ნაცისტების ქმედებებს უკავშირდებოდა. მასკის ნათქვამმა გააღიზიანა არა მხოლოდ ლიბერალი კრიტიკოსები, ასევე - ბიზნესმენის პარტნიორებიც. რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი რემმა, რომელიც დონალდ ტრამპის თანამებრძოლია, CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი მესიჯები საშიშია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიციდან ხალხის გათავისუფლების 80 წელი გავიდა.

საინტერესოა, რატომ დაინტერესდა ევროპით სამხრეთაფრიკული წარმომავლობის მილიარდერი? აღსანიშნავია, რომ კარიერის უდიდესი პერიოდის განმავლობაში მასკი პოლიტიკას თავს არიდებდა და დისტანცირდებოდა. აქამდე ის დემოკრატიულ პარტიას უჭერდა მხარს, 2016 წელს მხარს უჭერდა ჰილარი კლინტონს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2020 წელს კი - ჯო ბაიდენს. ბოლო პერიოდში ილონ მასკი განსაკუთრებულად აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში, მან ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის მეოთხედი მილიარდი დოლარი დახარჯა და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის უახლოესი წრის წარმომადგენელიც გახდა.

ილონ მასკი თავისი იდეების განხორციელების შესაძლებლობას ევროპის ბევრ ქვეყანაში ხედავს, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი უკვე გახდა მისი მეგობარი, მათ შორის - იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯ მელონი, რომელმაც მასკს გენიოსი უწოდა.

როგორც BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, საერთო ტრენდს ჩამორჩება ევროპის ეკონომიკის ორი დიდი წარმომადგენელი - გერმანია და დიდი ბრიტანეთი, რითაც მასკის გაღიზიანებას იწვევენ. წლის დასაწყისში მასკმა საზოგადოებას მოუწოდა, 23 თებერვალს, არჩევნებზე, მხარი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალისთვის დაეჭირა. თითქოს ანგელა მერკელის ხანგრძლივი მმართველობის საწინააღმდეგოდ შექმნილი ეს პარტია, აერთიანებს როგორც ულტრამემარჯვენეებს, ასევე - ნეონაცისტებს.

screenshot-2025-02-04-111202-1738653143.png

მასკი უარყობს ამ იარლიყებს და აღნიშნავს, რომ პარტია „ალტერნატიული გერმანია“ საღი აზრის მატარებელია და სურს, შეაჩეროს არალეგალური მიგრაცია და ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ულტრამემარჯვენე პარტიად რომ წარმოვაჩინოთ, არ იქნება სამართლიანი, იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის ლიდერს - ელის ვაიდელს მსგავსი სქესის პარტნიორი ჰყავს შრი-ლანკიდან! ჰგავს ის ჰიტლერს?“ - დაწერა მასკმა გამოცემა Die Welt-ში.

პლატფორმა X-ზე ვაიდელთან ერთად პირდაპირ ეთერში მასკმა ისაუბრა გერმანიაში არსებულ ბიუროკრატიაზე, რომელსაც ის სწორედ მაშინ შეეჯახა, როცა ბერლინთან Tesla-ს ქარხანა უნდა აეშენებინა. არც ვაიდელს და არც მასკს უხსენებია, რომ სწორედ ვაიდელის პარტია აწარმოებდა კამპანიას ქარხნის აშენების წინააღმდეგ.

screenshot-2025-02-04-110132-1738652550.png
1 წლის წინ მასკმა მხარი დაუჭირა ანტისემიტურ თეორიას, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიც მოინახულა

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსებმა მასკის განცხადებები დემოკრატიულ პროცესებში დაუშვებელ, უცხოურ ჩარევად შეაფასეს.

გერმანიისგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთში მასკის პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებს ბოლო დრომდე ფილოსოფიურად განიხილავდნენ. ბოლო პერიოდში კი მასკის განცხადებებმა იძულებული გახადა ბრიტანეთის ხელისუფლება, რეაგირება მოეხდინა. პლატფორმა X-ის საშუალებით, მასკმა ისევ აქტუალური გახადა დიდ ბრიტანეთში ძველი სკანდალი, რომელიც მოძალადეთა და სუტენიორთა ეთნიკური ბანდების არსებობას უკავშირდება, რომელთა მსხვერპლი ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში ათასობით გოგონა გახდა.

აღსანიშნავია, რომ მასკმა პრემიერი სტარმერი დაადანაშაულა დამნაშავეთა ხელის შეწყობაში. მასკმა დაადანაშაულა ბრიტანეთის შს მინისტრი ჯეს ფილიფსიც, ბრალდებები კი იმით დაასაბუთა, რომ ფილიფსმა არ დაუჭირა მხარი სკანდალის ახალ, ეროვნულ გამოძიებას.

screenshot-2025-02-04-111153-1738653142.png

მიუხედავად იმისა, რომ მასკის განცხადებებმა ბევრი გაანაწყენა, ეს თემა ისევ აქტიურად განიხილებოდა მედიაში, რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რამდენიმე ქალაქში თავიდან დაეწყოთ ცალკეული გამოძიება.

ინოვატორიდან აგიტატორამდე

ბიზნესმენის ტრანსფორმაცია სკანდალურ პოლიტიკოსად კორონავირუსის პერიოდში დაიწყო. მასკს სურდა, რომ ლოქდაუნის დროს Tesla-ს საწარმოები არ დახურულიყო. პირველად სწორედ აქ შეეჯახა ის ლიბერალურ მეინსტრიმს.

2022 წელს ილონ მასკის ვაჟმა ქსავიე მასკმა სქესი შეიცვალა და ის ვივიან ჯენა უილსონი გახდა. სქესის შეცვლის გამო მან მამასთან ურთიერთობაც გაწყვიტა. მასკის ბიოგრაფის, უოლტერ აიზეკსონის ცნობით, სწორედ ამ ფაქტმა დააჩქარა ილონ მასკი მემარცხენე ლიბერალიზმის იდეებთან მებრძოლად გადაქცეულიყო. რამდენიმე თვეში მასკმა პლატფორმა Twitter 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა და შემდეგ სახელიც გადაარქვა.

„Twitter/X-თან დამოკიდებულებამ ის იმ დონემდე შეცვალა რომელიც შეიძლება მარველის ფილმებსა ან ბერძნული მითოლოგიის მიღმა დავინახოთ“, – ამბობს სემ ჰარისი, ილონ მასკის ყოფილი მეგობარი.

ბრიუს დეისლიმ, რომელიც Twitter-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი გახლდათ, Financial Times- თან განაცხადა, რომ მასკი გახდა პირველი ტექნოლოგიური ლიდერი, რომელმაც საკუთარი პლატფორმის რადიკალიზება მოახდინა.

აიზეკსონი კი მიიჩნევს, რომ ამ პლატფორმის შეძენით მასკმა ბავშვური ტრავმების კომპენსირება მოახდინა...

ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი მასკისა და ტრამპის ურთიერთთანამშრომლობას საერთოდ სხვაგვარად განიხილავს. მასკის იდეოლოგიას ის “ტექნოფაშიზმს“ უწოდებს და ამ ორი ადამიანის რეჟიმს Trumpomuskovia-ს არქმევს.

შოტლანდიის ყოფილმა პრემიერმა ჰამზა იუსაფმა კი განაცხადა, რომ მასკს ისლამოფობია ამოძრავებს და სხვადასხვა ქვეყანაში ყველა იმ პოლიტიკოსთან აქვს ურთიერთობა, რომელთაც არ მოსწონთ ისლამი..

ბრიტანეთში კი მასკს ყველაზე მეტად მემარჯვენე პოლიტიკოსთა შორის ტომ რობინსონი მოსწონს. ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ისლამი ფაშიზმს და ნაციზმს შეადარა... ჰოლანდიაში ის მხარს უჭერს გრეტა ვილდერსს, რომელმაც განაცხადა, რომ ყურანი საერთოდ ასაკრძალია, მეჩეთები კი - დასახურიო, - აღნიშნავს შოტლანდიელი პოლიტიკოსი მასკზე საუბრისას.

ჟურნალისტი ნიკ კოენი კი BBC-ისთან საუბრისას აღნიშნავს, რომ "საბოლოო ჯამში, ძალაუფლება სახელმწიფოს ეკუთვნის. სახელმწიფო ჯერ კიდევ რჩება თომას ჰობსის ლევიათანად".

ზოგიერთი ექსპერტი კი საერთოდ იმასაც აღნიშნავს, რომ ზედმეტად არ უნდა შეაფასონ მასკის შესაძლებლობები, იმოქმედოს ევროპის პოლიტიკაზე, რადგან ბრიტანეთში პლატფორმა X პოპულარობით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა, მასკის იდეების გასავრცელებლად კი მისი პლატფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია. წყარო