ტრამპის "ულტიმატუმი" ზელენსკის: იარაღი იშვიათი ლითონების სანაცვლოდ - რაში სჭირდებათ ამერიკელებს უკრაინული საბადოები?! - კვირის პალიტრა

ტრამპის "ულტიმატუმი" ზელენსკის: იარაღი იშვიათი ლითონების სანაცვლოდ - რაში სჭირდებათ ამერიკელებს უკრაინული საბადოები?!

აშშ-მა განაახლა შეიარაღების მიწოდება რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის არმიისთვის...

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იხტიბარს არ იტეხდა და აცხადებდა, რომ აშშ-ს არ შეუწყვეტია სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის, ეს მთლად ასეც არ იყო...

2025 წლის 21 იანვარს ანუ ინაუგურაციის მეორე დღესვე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ტრაპმა გამოსცა განკარგულება, რომ აშშ-ს 90 დღის განმავლობაში შეეჩერებინა ყველანაირი დახმარება უცხო ქვეყნებისთვის, რამაც ბევრი სახელმწიფოს მთავრობა საგონებელში ჩააგდო, განსაკუთრებით კი - უკრაინის, რომლის გადარჩენა ბევრად უფრო ძლიერ აგრესორ რუსეთთან ფართომასშტაბიან ომში, ფაქტობრივად, სწორედ ამერიკულ სამხედრო დახმარებაზეა პირდაპირ დამოკიდებული (სხვათა შორის, არ უნერვიულიათ ისრაელსა და ეგვიპტეში, რადგან ამ ორი ქვეყნისთვის ტრამპის ადმინისტრაციამ, გამონაკლისის სახით, გააგრძელა სამხედრო და ეკონომიკური დახმარებები).

მას შემდეგ მიმდინარეობდა ინტენსიური ბჭობა, შეეხებოდა თუ არა ეს შეზღუდვა უკრაინისთვის გამოგზავნილ ამერიკულ შეიარაღებას, რომლის ბოლო პარტიის მოწოდების დაწყება ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოასწრო, თეთრი სახლის დატოვებამდე.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის შიგნით უკვე ჩამოყალიბდა ორი ჯგუფი - ერთი ითხოვს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას, მეორე კი პირიქით - გაგრძელებას...

1-p-1738658433.jpg
ამერიკული იარაღის მიწოდების სანაცვლოდ, უკრაინელების იშვიათ მიწათა ელემენტების საბადოები ერთგვარი კომპენსაცია ხდება პრეზიდენტ ტრამპისთვის...

ამჯერად, როგორც ჩანს, მეორე ჯგუფმა გაიმარჯვა და პუტინის გულის გასახეთქად, ტრამპის ხელისუფლებაც გააგრძელებს უკრაინაში „ჰაიმარსის“ რაკეტებისა თუ მართვადი საავიაციო ბომბების გაგზავნას, თუმცა...

თუმცა, ტრამპი რისი ბიზნესმენი იქნებოდა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაგრძელების სანაცვლოდ, თავისი პირობაც არ წაეყენებინა - „ჩვენ უკრაინასთან შეთანხმების დადება გვინდა, რომელშიც ისინი მიწის იშვიათი ლითონებით იმის გარანტირებას უზრუნველყოფენ, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ. ჩვენ უკრაინას ვეუბნებით, რომ მათ ძვირფასი მიწის იშვიათი ლითონები აქვთ. გვსურს, რომ რასაც ვაძლევთ, გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ანუ აშშ-ის ახალი ხელისუფლება ძველისგან განსხვავებით, მოითხოვს - გეყოთ უკრაინას სამი წლის განმავლობაში ამერიკული შეიარაღების უფასოდ მიღება, დრო დადგა, ამისთვის გადაიხადოთ, მათ შორის - იმ ძვირად ღირებული და იშვიათი ლითონების საბადოების სახით, რომლებიც საკმაოდაა უკრაინის მიწაშიო...

პრინციპში, პრეზიდენტ ტრამპის ეს მოთხოვნა, წესით, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ოფიციალური კიევისთვის, რადგან ჯერ კიდევ 2024 წლის 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას წარუდგინა „გამარჯვების გეგმა“, რომლის ერთ-ერთ პუნქტში ჩაწერილი იყო, რომ უკრაინა აშშ-სა და ევროკავშირს, ერთობლივი თავდაცვის სანაცვლოდ, სთავაზობს უკრაინის იმ საბადოების ერთობლივ დამუშავებას, რომლებშიც ურანი, ტიტანი და ლითიუმი მოიპოვება.

პრეზიდენტ ტრამპის ნახსენები იშვიათი ლითონები არ განეკუთვნებიან ურანისა თუ ტიტანის ჯგუფს. ისინი გაერთიანებულნი არიან ელემენტთა პერიოდული სისტემის მესამე ჯგუფში -ლანთანოიდები 14 ქიმიური ელემენტისაგან შემდგარი ოჯახია და მათ სკანდიუმთან, იტრიუმსა და ლანთანთან ერთად იშვიათ მიწათა ელემენტებს უწოდებენ.

იშვიათ მიწათა ელემენტებს ერთ ჯგუფად აერთიანებენ, რომელიც გეოლოგიაში REE-ის სახელით არის ცნობილი. ის წარმოადგენს 17 ვერცხლისფერი თეთრი რბილი მძიმე ლითონების ნაკრებს, რომელშიც ერთიანდება: ლანთანი (La), ცერიუმი (Ce), პრაზეოდიმი (Pr), ნეოდიმი (Nd), პრომეთიმი (Pm), სამარიუმი (Sm), ევროპიუმი (Eu), გადოლინიუმი (Gd), ტერბიუმი (Tb), დისპროზიუმი (Dy), ჰოლმიუმი (Ho), ერბიუმი (Er), თულიუმი (Tm), იტერბიუმი (Yb), ლუტეციუმი (Lu), სკანდიუმი (Sc) და იტრიუმი (Y).

ლანთანოიდებს იყენებენ ფოლადის, თუჯის, მაგნიუმისა და ალუმინის შენადნობთა სტრუქტურის, მექანიკური თვისებების, კოროზიამედგრობისა და ცეცხლგამძლეობის გასაუმჯობესებლად; ელექტრონიკაში, გამოთვლით ტექნიკასა და რეაქტორებში, ლაზერებისათვის საჭირო მასალის დასამზადებლად. ლანთანოიდების ჟანგეულებს ხმარობენ მინისათვის განსაკუთრებული ფიზიკური თვისებებისა და ფერის მისაცემად, ფაიფურის მოჭიქვისა და მომინანქრებისათვის, მათ ნაერთებს საღებავებისა და ლაქების, ლუმინოფორების, კატალიზატორებისა და ფოტორეაგენტების დასამზადებლად, ხოლო ლანთანოიდების რადიოაქტიურ იზოტოპებს იყენებენ სამედიცინო დანადგარებში.

2-p1-1738658553.png
ამერიკული მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი F-35 ვერ აფრინდება 427 კგ ლანთანოიდის გარეშე…

ნეოდიმისა და სამარიუმის შენადნობები შეიძლება გამოიყენონ ძლიერი მაგნიტების შესაქმნელად, რომლებიც მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადი იქნება. ეს თვისება ამ ელემენტებს იდეალურად აქცევს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრომოწყობილობებისა და თავდაცვის პროდუქციის სპექტრისათვის.

დღესდღეობით ყველაზე ძლიერი მაგნიტი არის ნეოდიმის შენადნობი რკინასა და ბორთან. მასთან სხვა იშვიათი მიწის ელემენტების, დისპოზიუმისა და პრაზეოდიმის დამატებამ მაგნიტის მოქმედების სიძლიერე და თვისებები შეიძლება, შეცვალოს.

ამერიკული მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავის - F-35-ის საწარმოებლად 427 კგ ლანთანოიდია საჭირო. „ვირჯინიის“ კლასის ატომური წყალქვეშა ნავი კი თითქმის 4,2 ტონა ამგვარ ელემენტებს იყენებს.

ამიტომაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დაინტერესება უკრაინის იშვიათ მიწათა ელემენტებით შემთხვევითი არ არის, რადგან თავად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ასეთი საბადოების ნაკლებობაა და აშშ-ს უწევდა მათი მუდმივი იმპორტი, მათ შორის - ჩინეთიდანაც, რომელიც დედამიწის წიაღში მოძებნილ იშვიათ მიწათა ელემენტების მარაგის ყველაზე მეტ რაოდენობას, 38 %-ს ფლობს.

თუკი ტრამპმა გააგრძელა და გააძლიერა ეკონომიკური ომი ჩინეთთან, პეკინი, რა თქმა უნდა, მთლიანად შეაჩერებს იშვიათ მიწათა ელემენტების ექსპორტს აშშ-ში.

პენტაგონმა კი მიაგნო ერთგვარ გამოსავალს და ჩამოწერილი სამხედრო ტექნიკის მოწყობილებებიდან იღებს ლანთანოიდებს, მაგრამ ეს არასაკმარისია.

ამიტომაცაა დაინტერესებული თეთრი სახლი, რომ უკრაინის იშვიათ მიწათა ელემენტების საბადოებზე თავადაც ჰქონდეს წვდომა...

მაგრამ აქ კიდევ ერთი დიდი პრობლემაა - სანამ ტრამპი იმას ფიქრობს, რამდენად და რის სანაცვლოდ დაეხმაროს უკრაინას, რუსეთის საოკუპაციო ძალები ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევენ და იპყრობენ უკრაინის ახალ-ახალ მიწებს და ისე არ მოხდეს, უკრაინელების იშვიათ მიწათა ელემენტების საბადოებიც მალე პუტინის არმიის ქვეშ აღმოჩნდეს...