"რატომ აბრალებს "უნიჭო მონა" თავის უფერულ ცხოვრებას სხვებს?! "ბოროტებით გაჟღენთილი ტვინი" გულმოდგინედ კარნახობს - "მხოლოდ შურისძიებით დაიბრუნებ იმას, - კვირის პალიტრა

"რატომ აბრალებს "უნიჭო მონა" თავის უფერულ ცხოვრებას სხვებს?! "ბოროტებით გაჟღენთილი ტვინი" გულმოდგინედ კარნახობს - "მხოლოდ შურისძიებით დაიბრუნებ იმას, რაც წაგართვესო" - რას წერს რობერტ სტურუა?

"მონური სენი!.. თუ ეს გრძნობა გიღვივის ნაწყენ გულში, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყურმოჭრილ მონად იქცევი!"

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა "ფეისბუქზე" ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

"მ ო ნ უ რ ი ს ე ნ ი!..

ჩვენს პატარა, დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება - რესენტიმენტი (Ressentiment - ინგლ. "წყენას" ნიშნავს).

და თუ საუბედუროდ, ეს გრძნობა გიღვივის ნაწყენ გულში, იცოდე, ეს “რესენტიმენტი” ისე დაგბოღმავს და გაგამწარებს, რომ, მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყურმოჭრილ მონად იქცევი !

ფრიდრიხ ნიცშემ, ვინც ეს ტერმინი შემოიღო, ამ დაავადებას "მონების მორალი” უწოდა!"

დამცირებული და შეუმდგარი ადამიანი თავის უბედურების მიზეზს გარე სამყაროში ეძებს! და გამწარებული სხვას აბრალებს!

ამა ქვეყნის კანონები უსამართლოდ მიაჩნია - მხოლოდ მისმა სიმწრისგან გაღარიბებულმა გონებამ იცის თუ რა კანონებია სამართლიანი - და ბრძოლის შედეგად თავად შეცვლის ამ დამყაყებულ სინამდვილეს!

გაგეცინება, როცა მიხვდები, რომ სწორედ ნიჭის სიღარიბეს გამო უფალს, ბედისწერას აბრალებს თავის უბედურებას და თავდავიწყებით ებრძვის მათ!

დღეს კი მშობლები შეიძულა, რათა მათ ჭიან გენეტიკის მსხვერპლად თვლის საკუთარ თავის სულიერ სიღარიბეს! და არ არის გასაკვირი, ყველა რომ სძულს! და სწორედ ამიტომ - მთელ სამყაროს მთელი თავისი ველური ინსტინქტებით ებრძვის და ყველაფრის განადგურებაზე ოცნებობს და სპობს კიდევაც!

რატომ???

რატომ?

რატომ აბრალებს “უნიჭო მონა” თავის უფერულ ცხოვრებას სხვებს! ჩვენ რა დავუშავეთ?

მაგრამ “ბოროტებით გაჟღენთილი ტვინი” გულმოდგინედ კარნახობს - “მხოლოდ შურისძიებით დაიბრუნებ იმას, რაც წაგართვესო”… ის, რაც, სამწუხაროდ, არასოდეს ჰქონია!და, რასაც, სამწუხაროდ, ვერასდროს იხილავს!