როგორ იცავს სენაკელი მეურნე ფრინველების ჯიშებს
კითხვაზე, თუ რა არის მეურნის მთავარი იარაღი, ყოველთვის ასეთი პასუხი აქვს - რა თქმა უნდა, გონიერება. როდესაც 22 წლის მურმან გვასალიამ სენაკში დეკორატიული ფრინველების მოშენება გადაწყვიტა, უფრო მეტად ამ ჯიშების ვიზუალურ ეფექტზე ჰქონდა აქცენტი. თუმცა ფრინველის მოვლის დროს მალევე მივიდა დასკვნამდე, რომ ფრინველის მოშენება შემოსავლის წყაროდაც გაეხადა. ეს მაშინ, როდესაც არა მხოლოდ ზოგიერთ მეფრინველეს, არამედ სოფლის მოსახლეობის ერთ ნაწილსაც მოჰბეზრდა ფრინველის მოშენება - მათი თქმით, "უმადური საქმე", რომელშიც გაცილებით მეტი ფული იხარჯება, ვიდრე შემოსავალი მოაქვს. თუმცა ახალგაზრდა სენაკელი მეურნე ამ მითის მცდარობაში სულ მცირე ხანში დარწმუნდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ცდა მარცხით დასრულდა. "მამულ-დედული" ადრე წერდა ამ ფერმერის შესახებ და კვლავ დავუკავშირდით იმის საკითხავად, როგორ უძღვება დღეს თავის მეურნეობას.
- მართლაც საინტერესოა, რომ როდესაც, ე.წ. დიდი ხარჯის გამო ფრინველის მოშენებაზე სოფლის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი უარს ამბობს, ახალგაზრდა, გამოუცდელ ადამიანს რა აძლევს მოტივაციას, რომ ეს საქმე წამოიწყოს?
მურმან გვასალია:
- რამდენიმე რამ ერთად, თუმცა აქედან ორი აუცილებლად უნდა გქონდეს - უნდა გიყვარდეს საქმე და არ უნდა იყო ზარმაცი. შემდეგ, რა თქმა უნდა, მოდის ფიქრი, რა გააკეთო, რათა საქმე წინ წავიდეს. ჩემთვის მთავარი მოტივაცია, ალბათ, ცხოველ-ფრინველის სიყვარული იყო, იმდენად, რომ ვეტერინარობა მქონდა გადაწყვეტილი. თუმცა მერე ბევრი მრჩეველი გამომიჩნდა და ვეტერინარიის ნაცვლად, აგრონომიული განათლების მიღება მირჩიეს. ყოველ შემთხვევაში, ასე დამაფიქრეს და, ბოლოს და ბოლოს, ქუთაისში, უნივერსიტეტში მივიღე აგრონომიული განათლება და სენაკში დავბრუნდი.
პრინციპში რჩევა ურიგო არ გამოდგა, მით უფრო, რომ ძალიან გამომადგა. ჩანდლერის კაკლის პლანტაციაც კი გავაშენე. რაც შეეხება ფრინველს, ვეტერინარიის სიყვარული, ცხადია, ვერ დავთმე და დეკორატიულ ფრინველებს მივადექი. ბევრმა იცის, რომ სოციალურ ქსელში ამ საქმეში უამრავი ადამიანი ეხმარება ერთმანეთს. ხუმრობით რომ ვთქვათ, ეს დიდი გაერთიანებაა, სადაც ერთმანეთს ჯიშების მოძიებაში ზოგჯერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეხმარებით. მეც ერთმა ფეისბუკმეგობარმა და ახლა უკვე რეალურადაც ახლობელმა, აბრეშუმა ქათმის კვერცხები გამომიგზავნა გორიდან. იცით, ალბათ, რა ლამაზი ქათამია, ბუმბულის ნაცვლად ბეწვი აქვს. მოკლედ, მისი კვერცხების გამოჩეკას დიდი ამბით ველოდი, თუმცა, როგორც პირველ საქმეში ხდება, შეცდომები დავუშვი. კრუხმაც ცოტა გამოჩეკა, მეც დამეხოცა და დღეისთვის მხოლოდ ერთიღა შემრჩა. თუმცა დიდი პატივით მოვლილი, როგორც ჩემი საქმის მთავარი დასაწყისი! სწორედ დეკორატიული ქათმების მოვლა-ძიებაში მივედი იმ დასკვნამდე, რომ ღირდა იმ ჯიშების მოშენება, რომლებიც საუკეთესო შედეგს იძლევიან მეხორცეობაშიც და მეკვერცხეობაშიც. აი, ეს ჯიშები მართლაც აუცილებელია, რომ ქვეყანაში გვქონდეს საკუთარი პროდუქტის წარმოება. ასე რომ, მიუხედავად იმისა, მოთხოვნა დეკორატიულ ფრინველზეც არის, მე მაინც იმ ჯიშების მოშენებისაკენ წავედი, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 280 კვერცხამდე იძლევიან, ხოლო წონით 5-6 კგ-ს და კიდევ მეტს აღწევენ. ამ ჯიშებს, საბედნიეროდ, ჩვენში სხვა ფერმერებიც ამრავლებენ. თუმცა მე გადავწყვიტე, საქმე მაქსიმალური გარანტიებით გამეკეთებინა - ანუ ჯიშს, რომელსაც რეალიზაციას ვუწევ, მიეღწია მაქსიმალური შედეგისთვის, რომელიც კი ამ ჯიშს აქვს. ეს ჯიში კლიენტებთან არ უნდა დაკნინებულიყო, თუნდაც გამრავლების შემდეგ და ნაკლები ხორცი ან კვერცხი მოეცა, ვიდრე ამ ჯიშის მახასიათებლებშია.
- ამას როგორ აკეთებთ?
- ძალიან მარტივად, რაშიც ასევე მარტივი ცოდნა მეხმარება: ყველა შეჯვარება, რომელიც ნათესაობითია, შთამომავლობის დაკნინებას ან სულაც დაავადებას იწვევს. ასე რომ, კლიენტებს, რომელთაც სურთ ჩემგან წაყვანილი რომელიმე კონკრეტული ჯიში გაამრავლონ, ამ ჯიშის არანათესავ დედალ-მამლებს ვურჩევ. მათი შეჯვარება, ცხადია, სუფთა ჯიშს მოგვცემს.
- არაჩვეულებრივი ხერხია, რომელიც მეფრინველისგან პირველად გავიგე.
- ეს, ალბათ, იმასაც ნიშნავს, რომ მსგავს ფაქტორებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, რის გამოც ვაგებთ. თუკი ნათესაობითი შეჯვარების მეთოდს გამოვრიცხავთ ჯიშიანი პირუტყვის ან თუნდაც ძაღლების გამოყვანისას, რატომ არ უნდა გამოვრიცხოთ იგივე ფაქტორი შინაური ფრინველისთვისაც? რომელიმე კონკრეტულ ჯიშს ხომ იმიტომ ვყიდულობთ, რომ იმდენი კვერცხი და ხორცი მოგვცეს, რამდენიც ამ ჯიშს ახასიათებს? პირადად მე ასეთი სტილის მუშაობა იმაში მეხმარება, რომ ჩემი გამოყვანილი წიწილების რეალიზაცია უკვე მაშინ დაიწყოს, სანამ ჯერ კიდევ იჩეკება. გარდა ამისა, უკვე მეოთხე წელიწადია ვშრომობ და ბევრი რამ ვისწავლე. მყავს ძმა, რომელიც სტუდენტია და მხოლოდ თავისუფალ დროს მეხმარება, მაგრამ დედა სულ მეხმარება. ამდენად, შემიძლია ფერმა რამდენიმე დღით მასთან დავტოვო. როდესაც ვბრუნდები და ფერმას შევხედავ, უკვე ვგრძნობ, რა ცვლილებებია, რამე დაავადება ხომ არ გაჩნდა. თუკი გაჩნდა, უკვე ვიცი, როგორ ვუშველო, რადგანაც ფრინველის დაავადებებზეც ბევრი რამ შევისწავლე. სხვათა შორის, ინტერნეტში ჩემს გამომწერებს ვუზიარებ ინფორმაციას ამ დაავადებებისა და გამოცდილების შესახებ, რომელი მედიკამენტი რომელ დაავადებას ებრძვის. ეს ცნობები რეალობას ეყრდნობა, რაც ამართლებს.
- ვეტერინარულ აფთიაქებში ვეტერინარები იმ ინფორმაციით გასცემენ დაავადებებისთვის წამალს, რომელსაც მომხმარებლები აღუწერენ. როდესაც მომხმარებელი ზუსტად აღწერს მისი შინაური ფრინველის დაავადების სიმპტომებს, და შეიტყობს, რომელი მედიკამენტი სჭირდება, ცხადია, ის დაავადებას უფრო ეფექტურად შეებრძოლება...
- კი, რა თქმა უნდა. მე თავადაც მომწონს, როდესაც ვინმეს ვეხმარები. სხვაგვარად ხომ მსგავსი ინფორმაციის გაცემას ვერავინ მაიძულებდა. ამასთან, მომხმარებელი რწმუნდება, რომ საკუთარ ფერმაზეც ვზრუნავ, ვუვლი, პასუხისმგებლობა მაქვს და შეცდომაში არავინ შემყავს ჩემი ფრინველის შეძენისას, ის ჯანსაღია და თუ შეიძენს, მისთვის მომგებიანი იქნება.
- დარწმუნებული ვარ, თქვენისთანა მეურნე კიდევ ბევრს მიაღწევს. წარმატებას გისურვებთ.
- გმადლობთ. მე მიყვარს ეს საქმე, სოფლის მეურნეობა და მართლაც მინდა ამ საქმეში მიღწევები მქონდეს, მით უფრო, ბუნებრივი პირობები ისეთი გვაქვს, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია.