ცხრატყავა საქართველოს მთაში გალაღდა - კვირის პალიტრა

ცხრატყავა საქართველოს მთაში გალაღდა

ჰასკაპის, იმავე ცხრატყავას, ნაყოფი გემრიელია და საკვები ნივთიერებებით მდიდარი. ის კიდევ უფრო სასარგებლოა, ვიდრე ლურჯი მოცვი. იაპონელები მას მომავლის ხილს უწოდებენ. ნაყოფის ზომა და ფორმა განსხვავდება ჯიშების მიხედვით. უმეტესად აქვს მოგრძო ფორმა, წონა მერყეობს 1-დან 2,5 გრამამდე. არომატი აქვს თაფლის, წვნიანი ტკბილი მაყვლის, მოცვისა და შავი ჟოლოს ტონებით.

ბუჩქის ტიპის მცენარე, სიმაღლით მოცვის ბუჩქის მსგავსია. ადვილად გასაშენებელია და ყინვაგამძლე. კარგად ხარობს მაღალმთიან რეგიონებშიც. ბაღის გაშენება მიზანშეწონილია ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებზე.

ეს მცენარე ჩვენს ქვეყანაშიც კარგად ხარობს. ვალერი გორგიშელმა 2013 წელს დააფუძნა საწარმო-სანერგე მეურნეობა. ის ერთ-ერთი პირველია, რომელსაც თავისი ინვიტროლაბორატორია ჰქონდა და სხვადასხვა მცენარეს ამრავლებდა. ბატონი გორგიშელი გვესაუბრება ცხრატყავას შესახებ, რომელსაც სანერგე მეურნეობაში ამრავლებენ.

f9d837a7-ca4e-407b-b495-df54c7e8b97f-1738676925.jpg

ვალერი გორგიშელი:

- როცა საქმე წამოვიწყეთ, 2013 წლიდანვე თანამშრომლობა დავიწყეთ ერთ-ერთ უძველეს და უძლიერეს ამერიკულ კომპანიასთან. ის კენკროვან კულტურებს აწარმოებს, ძირითადად, ლურჯ მოცვს. ეს ფირმა ლურჯი მოცვის რამდენიმე კომერციული ჯიშის ავტორია. ჩვენ 2015 წელს შემოვიტანეთ ცხრატყავას რვა სხვადასხვა ჯიში და საქართველოში ექვს ადგილას გავტესტეთ - აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, სამხრეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს მთაში. 850 მეტრიდან 2300 მეტრ სიმაღლემდე სხვადასხვა ადგილას გაიტესტა, ყველგან, იდეალური შედეგი მივიღეთ, მაგრამ განსაკუთრებით მთაში გალაღდა. თავიდან შვიდი ჯიშით დავიწყეთ და დაახლოებით 30-მდე ავედით, რომლებიც საქართველოში დარაიონებული გვაქვს.

- ესე იგი, ცხრატყავას უამრავი კულტურული ჯიში აქვს...

- დიახ... მისი ყვავილობის დროს სხვა ყვავილი არ ყვავის და ფუტკრები არანორმალური ინტენსივობით ეხვევიან - მისგან ნექტარს იღებენ. ჰასკაპი იაპონური სახელწოდებაა, რომელსაც კანადასა და შტატებშიც უწოდებენ. იაპონიაში მას სიცოცხლის კენკრას ეძახიან. საზოგადოდ, ბევრი სხვადასხვა სახელი აქვს.

- როგორც აღნიშნეთ, საქართველოში ცხრატყავას განსაკუთრებით მთიანი რეგიონები მოეწონა. ეს რით არის გამოწვეული?

- სიცივის მიმართ მიდრეკილი მცენარეა, ყინვაგამძლე, მოსვენების ფაზაში ძალიან დიდ ყინვასაც უძლებს, ხოლო როდესაც მცენარე გამოიღვიძებს და ყვავილობაში შედის, -8°C-მდე იტანს. ყვავილობაშიც კი ახასიათებს ყინვის მიმართ გამძლეობა.

- როგორ მრავლდება?

- პოლონეთში ვნახე, ტოტებს ჭრიდნენ და ისე ამრავლებდნენ... ჩვენს ლაბორატორიაში ინვიტრო ე.წ. მერისტემული სისტემით ვამრავლებთ. როდესაც სინჯარაში დაახლოებით 3-4 სმ-ის ზომას მიაღწევენ, კასეტებში გადაგვაქვს და საადაპტაციო სათბურში ორი კვირის განმავლობაში ვაყოვნებთ. შემდგომ სათბურში, ჩრდილში ინაცვლებს. როდესაც 3-4 თვის გახდება, ღია გრუნტში გადაგვაქვს, გვიწყვია ღია ცის ქვეშ, ოღონდ ქოთნებში.

- ზრდასრულობას რამდენ ხანში აღწევს?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგ ნიადაგში მოხვდება, ან რამდენად კარგი გარემო პირობები თუ ხელშემწყობი სიტუაცია დახვდება. სრული ზომის მისაღწევად 4 წელიწადი სჭირდება, მაგრამ გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც 3 წელიწადშიც მიაღწია თავის ზომას. ზომაც ჯიშების მიხედვით არის - 80 სანტიმეტრიდან ზოგ შემთხვევაში 2 მეტრამდე.

- მსხმოიარობას როდის იწყებს?

- მეორე წლიდან. სანამ პატარაა, ცოტას ისხამს, როცა სასურველ ზომას მიაღწევს - უკვე მეტად. ნაყოფი ფორმით შინდის ნაყოფს ჰგავს, ასევე მკვახე ბალს, თითქოს ოვალურიც არის და მრგვალიც, ლობიოს მარცვლის მსგავსი; გვხვდება ოდნავ გრძელი, წიწაკასავით ფორმისაც.

გვალვა არ უყვარს, მაგრამ წყლის დიდი მოყვარულიც არ არის. საქართველოს მთაში მცენარე თითქმის 99%-ით მხოლოდ ნალექის იმედად შეიძლება დატოვო. საერთოდ, ისეთი მცენარეა, თავისი ფორმა აქვს და მას ვერაფრით ვერ გასცდება. მხოლოდ სანიტარიული სხვლა უნდა. ყვავილი თეთრია, ყვითელში გარდამავალი, და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ელფერის... საკმაოდ არომატული ყვავილია.

ნეიტრალური ან ტუტე ნიადაგი უყვარს, მჟავე არა. კვებას რაც შეეხება, მისთვის უმჯობესია ქვიშნარი და ჰუმუსიანი ნიადაგები.

- ყვავილობის დაწყებიდან რამდენ ხანში იკრიფება?

- მისი მოკრეფა 2 თვეში შეიძლება. კრეფა სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან კენკრაა. დამოკიდებულია იმაზეც, პროდუქტი რა ტიპის ბაზარზეა გათვლილი და იმის მიხედვით ირჩევა - ხელით მოსაკრეფია, მექანიზებული მოსაკრეფი, ე.წ. ფრეში მოხმარებისთვის თუ გადამუშავებისთვის - ყველა ამ შემთხვევაში სხვადასხვა მიდგომაა საჭირო.

- კრეფა დილის საათებშია რეკომენდებული?

- ძირითადად, მაისის პირველ ნახევარშია მოსაკრეფი. ყოფილა შემთხვევა, როცა 23-25 აპრილს უკვე ჰქონია ბიოლოგიური, ტექნიკური სიმწიფე და დაგვიკრეფია კიდეც. როდესაც ბარში ვკრეფთ, ვცდილობთ დილით დავკრიფოთ, მთაში შუადღესაც შეიძლება. გააჩნია, ნაკვეთს როგორი აერაცია აქვს.

ნაყოფს წელიწადში ერთხელ ისხამს, მაგრამ მოკრეფა ორ ეტაპად მიმდინარეობს. ნაყოფის 90%-ს პირველი მოკრეფისას ვიღებთ (ანუ ერთდროულად მწიფდება) და მეორეჯერ კი დაახლოებით - 10%-ს.

- ცხრატყავა რამდენ ხანს ცოცხლობს?

- ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზე, მცენარის ჯიშურ თვისებებსა და სიწმინდეზე, ასევე, დაავადებების მიმართ გამძლეობაზე. გააჩნია, რა ჯიში გაქვთ შერჩეული და რამდენად კარგად უვლით. მისი ტექნიკური მახასიათებელი ისეთია, მცენარე შესაძლოა ვარგისი 45-65 წლის განმავლობაშიც იყოს, როცა კომერციულად მისაღებია და მოსავლის მომცემი.

რაც შეეხება მცენარის სიცოცხლეს, 75-დან 100 წლამდე აღწევს. ასაკით უფრო დიდებიც არის, მაგრამ კომერციულად მათი გამოყენება აღარ შეიძლება.

სხვათა შორის, რამე ძლიერი დაავადებები არ ემართება და საქართველოს მთაში, ფაქტობრივად, არ ავადდება.

- გურიაში ხომ არ უჭირს გახარება?

- დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიაში, მჟავე მიწებია და იქაურობა დიდად არ მოსწონს. სამეგრელოს მთებშიც პრობლემურია. იდეალურია აჭარის მთები - ხულოსა და ხელვაჩაურში. სვანეთში დავრგეთ და იქაც იდეალურად იხარა.

ამ ცოდნის მისაღებად დიდი დრო და ფული დავხარჯეთ. დღეს უკვე ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით. მოთხოვნა მაღალპროდუქტიულ ჯიშებზეა და აქცენტიც ამაზე გვაქვს გადატანილი.