მსოფლიოში ყველაზე მდიდარი "ჯალათი": ილონ მასკის "ომი" - "ტრამპს ხიბლავს, რომ უმდიდრესი ადამიანი მას ემსახურება" - კვირის პალიტრა

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი "ჯალათი": ილონ მასკის "ომი" - "ტრამპს ხიბლავს, რომ უმდიდრესი ადამიანი მას ემსახურება"

გახდა რა დონალდ ტრამპის ნებით აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სტრუქტურის - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკმა, პრაქტიკულად, განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიიღო, - ნათქვამია ჟურნალ The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „ილონ მასკი - პრეზიდენტი: მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა აშშ-ის ფედერალურ მთავრობას ომი გამოუცხადა. ილონ მასკის გავლენას, როგორც ჩანს, ვერავინ აკონტროლებს“ (ავტორი - ჯონათან ლემაირი). „მილიარდერი თავის უფლებებით უკვე სარგებლობს და ფედერალურ უწყებებს ზედიზედ ხურავს ან ფორმატს უცვლის. სამწუხაროდ, მას ხელს ვერავინ უშლის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

მას ერთი ხმაც არ მიუღია, რადგან მისი კანდიდატურა კონგრესში არავის დაუმტკიცებია. იგი ხელფასს არ იღებს სახელმწიფოსაგან, მაგრამ იგი სახელმწიფო სტრუქტურებს აუქმებს.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა აშშ-ის ფედერალურ სამთავრობო სტრუქტურებს ომი გამოუცხადა და რამდენიმე დღეში მათი რაოდენობა და უფლებამოსილებები მკვეთრად შეამცირა.

იმავდროულად მან მიიღო უფლება, გაეცნოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საიდუმლოებებს. იგი საზოგადოებრივ დისკურსს აყალიბებს, მას აქვს სოციალური ქსელი და თავისი ქონების დახმარებით იმუქრება, არჩევნების დროს პრობლემა შეუქმნას მათ, ვინც მის წინააღმდეგ გამოვა.

ილონ მასკის გავლენა განუსაზღვრელად გამოიყურება და ეს მათ შეშფოთებას იწვევს, ვისაც ინტერესთა კონფლიქტის საკითხი აწუხებს, საიდუმლო დოკუმენტაციასთან დაშვება და ამ ადამიანის ფართო და საკმაოდ გაურკვეველი სახელისუფლებო უფლებამოსილება. ასეთ სიტუაციაში თავისი სიტყვა უნდა თქვას კონგრესმა, მაგრამ, ძირითადად, რესპუბლიკელების კონტროლქვეშ არსებული ფედერალური საკანონმდებლო ორგანო მაინცდამაინც არ ცდილობს ილონ მასკის საქმიანობით დაინტერესებას. არადა, ამერიკის ადმინისტრაციაში არასოდეს ყოფილა მსგავსი კერძო პირი ესოდენ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, თანაც - განუსაზღვრელი უფლებებით.

„ვფიქრობ, ილონი კარგად ასრულებს თავის სამუშაოს - იგი მთავრობის ხარჯებს არსებითად, რეალურად ამცირებს“, - თქვა რეპორტიორების წინაშე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როცა იგი ფლორიდიდან ვაშინგტონში თვითმფრინავით დაბრუნდა, - "ზოგჯერ მას არ ვეთანხმებით - იქით არ მივდივართ, საითაც მას სურს სიარული, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ილონ მასკი თავის ფუნქციებს მშვენივრად ასრულებს. იგი ჭკვიანი კაცია, ძალიან ჭკვიანი და მთელი გულმოდგინებით ცდილობს, ჩვენს უსასრულოდ გაზრდილ ფედერალურ ბიუჯეტს უსარგებლო ხარჯები მოაშოროს“.

ისარგებლა რა თავისი თანამდებობით, ილონ მასკმა სახელისუფლებო სტრუქტურების წინააღმდეგ შეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ხარჯების რადიკალური შემცირების მიზნით.

მის მიერ გაცხადებული ამოცანები იმით გამოიხატება, რომ 500 მილიარდი დოლარით შეამციროს ყოველწლიური ხარჯები. რასაკვირველია, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს თავისი შეზღუდვებიც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს სტრუქტურა სახელმწიფო უწყებად არ ითვლება, რადგან სახელმწიფო უწყებებს მხოლოდ კონგრესი ქმნის. ილონ მასკის დეპარტამენტი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შექმნა, თავისი ბრძანებულებით, მაგრამ იმ ფუნქციების შესრულება, რასაც ის აკეთებს ანუ ფედერალური ხარჯების შემცირება და დარეგულირება, კონგრესის უფლებამოსილებას წარმოადგენს.

პირადად ილონ მასკის როლიც ნაკლებადგარკვეული და გაუგებარია. როგორც თეთრი სახლის ერთ-ერთი ჩინოვნიკი ამბობს, ილონ მასკი დონალდ ტრამპის სახელით მუშაობს, „განსაკუთრებული სახელმწიფო მოსამსახურის“ სტატუსით და აქვს უფლება, გვერდი აუაროს ინფორმაციის განსაიდუმლოების ფედერალურ წესებს. ილონ მასკი ხელფასს ბიუჯეტიდან არ იღებს.

ილონ მასკს არ აქვს იურიდიული [საკონსტიტუციო] უფლებამოსილება, მაგრამ იგი ძალიან ახლოს დგას ხელისუფლებასთან. იგი დროდადრო თეთრ სახლშიც მუშაობს და „ტკბება“ თავისი თანამდებობით - პრეზიდენტის ყველაზე გავლენიანი მრჩევლის სტატუსით.

კარგად არის ცნობილი, რომ დონალდ ტრამპს მაინცდამაინც არ უყვარს მრჩევლების ინსტიტუტი - პრეზიდენტის აზრით, მრჩევლები მას „ჩრდილავენ“, მაგრამ ილონ მასკით იგი ძალზე აღფრთოვანებულია: დონალდ ტრამპს ხიბლავს ის გარემოება, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი მას ემსახურება.

თეთრი სახლის ჩინოვნიკმა, რომელიც ილონ მასკის საქმიანობის შესახებ საუბრობს, ანონიმურობის დაცვა ითხოვა, რადგან საკითხი ეხება კერძო, კონფიდენციალური მონაცემების გამჟღავნებას. მისი თქმით, დონალდ ტრამპი, ასევე, თვლის, რომ ილონ მასკი მზად არის, საზოგადოებრივი კრიტიკის ცეცხლი საკუთარ თავზე იწვნიოს და ამით პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევს, პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.

გასულ შაბათ-კვირას ილონ მასკმა თავისი „ცეცხლის“ სამიზნედ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო („იუესაიდი“ – USAID) აირჩია. მან თავის სოციალურ ქსელში ამ ფედერალურ უწყებას მოურიდებლად უწოდა „დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ბოროტება“, რომელიც, მისი მტკიცებით, „უნდა განადგურდეს“. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში მხარს უჭერს პრინციპს - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ბუნებრივია, „იუესაიდის“ საქმიანობა არ მოსწონს. როგორც ცნობილია, USAID-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა სასურსათო დახმარების გაწევა მსოფლიოს სახელმწიფოებისათვის, ახალი ადმინისტრაცია კი ამ დახმარებას აჩერებს, თანამშრომლების წმენდას ატარებს და ამით მასობრვ გაურკვევლობას ქმნის.

ილონ მასკი ბოლო დღეებში ერთგვარი ჯალათის როლს ასრულებს. სამ თებერვალს მან თავის X Spaces-ში დაწერა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ფართოდ იქნა განხილული „იუესაიდის“ პერსპექტივა და მათ მოილაპარაკეს, რომ ამ სააგენტოს დახურვა აუცილებელია. „მოკლედ, „იუესაიდს“ დავხურავთ“, - მოჭრა ილონ მასკმა.

მილიარდერის ნათქვამიდან ორიოდე საათის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაცხადა, რომ იგი საკუთარ თავზე იღებს USAID-ის დროებითი დირექტორის ფუნქციებს, ხოლო თვით უწყება უშუალოდ გადადის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენლობაში. „იუესაიდის“ მომხრეები თვლიან, რომ ამ უწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის გასანეიტრალებლად ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, „იუესაიდის“ მიერ გაწეულ დახმარებას შეუძლია, ამა თუ იმ სახელმწიფოს მთავრობები მოსკოვს და პეკინს დააშოროს და ვაშინგტონს დაუახლოვოს. სხვათა შორის, რუსეთის ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიესალმა „იუესაიდის“ დახურვას და „იქს-ქსელში“ დაწერა, რომ ილონ მასკმა ბრძნული ნაბიჯი გადადგა, როცა USAID-ს ხელი ყელში წაუჭირა. იმედს ვიტოვებ, რომ ყბადაღებული „სიღრმული სახელმწიფო“ ილონ მასკს [„იუესაიდის“ მოხრჩობაში] ხელს ვერ შეუშლის“.

მაგრამ მილიარდერმა შეიძლება ამ უწყების განადგურება ვერ შეძლოს. ზოგიერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა უკვე დაგმო USAID-ის გადაცემა სახელმწიფო დეპარტამენტის სრულ კონტროლქვეშ და განაცხადა, რომ თავის დროზე კონგრესმა „იუესაიდი“ ცალკე უწყების სახით შექმნა და მისი დაქვემდებარების შეცვლა ან დახურვა კონგრესის შესაბამის გადაწყვეტილებას საჭიროებს. მაგრამ რადგანაც კაპიტოლიუმის შენობაში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, დემოკრატთა კრიტიკა ამინდს ვერ შეცვლის. რესპუბლიკელები თავშეკავებულად იქცევიან და, როგორც ჩანს, ისინი მზად არიან, თავიანთი საკანონმდებლო უფლებამოსილება მსხვერპლად შეწირონ დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის ინტერესებს.

რესპუბლიკელი კანონმდებლები, ასევე, არ ეწინააღდეგებიან ილონ მასკის გადაწყვეტილებას, მისი კომპანიების (Tesla, X და Boring Company) თანამშრომლების დანიშვნაზე ზოგიერთ ფედერალურ უწყებაში, ვთქვათ, კადრების სამმართველოში, რომელიც პერსონალის დანიშვნას ახორციელებს, ხელისუფლების ფედერალურ ორგანოებში. ილონ მასკის ზოგიერთი თანამშრომლის ასაკი 19-24 წელს არ აღემატება.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ილონ მასკის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაშვების უფლება მიანიჭა იმ სტრუქტურის გასაკონტროლებლად, რომელიც თანხების გაგზავნას ფედერალური მთავრობის სახელით ახორციელებს. ამრიგად, მინისტრმა ილონ მასკს ხელში ჩაუგდო უწყება, რომლის ქონება 325 მილიარდ დოლარს აჭარბებს და რომელიც ფედერალური ხარჯების კონტროლისა და შემცირების მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს. სხვათა შორის, უწყების ხელმძღვანელი დევიდ ლებრიკი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია ილონ მასკს, ჯერ შვებულებაში გაუშვეს, შემდეგ კი - თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულის სწორი ხარჯვის გასაკონტროლებლად და თაღლითობის შესაჩერებლად ერთადერთი გამოსავალია გადახდის თანხების ნაკადისადმი მკაცრი ზედამხედველობა და საეჭვო ოპერაციების დროული შეჩერება“, - დაწერა ილონ მასკმა „იქს-ქსელში“, - "ბუნებრივია, რომ ვიღაც-ვიღაცებს, რომლებიც თაღლითურ გადახდებს ახორციელებდნენ, კონტროლი არ მოსწონთ, მაგრამ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს“.

2023 წელს ფინანსთა სამინისტრომ ფედერალურ უწყებებს შორის 5 ტრილიონ დოლარზე მეტი გაანაწილა. გადახდის სისტემაში დაშვება მკაცრად არის შეზღუდული - იმიტომ, რომ იქ მილიონობით ამერიკელი მოქალაქის კონფიდენციალური პერსონალური მონაცემები ინახება, მათ შორის იმათიც, რომლებიც პენსიებს და სხვა დახმარებებს იღებენ.

ზოგიერთი დემოკრატი კონგრესმენი აცხადებს, რომ ილონ მასკს შეუძლია, კონკურენტთა ბიზნესის მონაცემები მოიპოვოს, რაც ინტერესთა კონფლიქტს წარმოქმნის.

ისინი თვლიან, რომ ილონ მასკისათვის გადახდის სისტემის გაკონტროლების უფლების მინიჭება მცდარი გადაწყვეტილებაა და ამიტომ სასამართლოში ჩივილს აპირებენ: „ილონ, შენ უკანონოდ ჩაიგდე ხელში ხაზინის გადახდის სისტემისადმი კონტროლის უფლება, მაგრამ ამერიკელი ხალხის ფულის განკარგვას ვერ მოესწრები“, - განაცხადა ვაშინგტონში „იუესაიდის“ შტაბ-ბინასთან ახლოს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ჯეიმი რასკინმა, მერილენდის შტატიდან, - "ამერიკის კონგრესი ამას კონსტიტუციის პირველი მუხლის შესაბამისად აკეთებს. ჩვენთან არ არსებობს მეოთხე ხელისუფლება სახელწოდებით - „ილონ მასკი“.

მაგრამ ჯეიმი რასკინის განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვაშინგტონის ფედერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ედ მარტინმა განაცხადა, რომ პროკურატურა სამართლებრივ მოქმედებას განახორციელებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც ხელს შეუშლიან მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობას.

გასულ კვირას ილონ მასკის ინიციატივით კადრების სამმართველოში მომზადდა წერილი სათაურით - „გზაჯვარედინზე“. მასში გადმოცემულია მოთხოვნები, რომლებსაც მილიონობით ფედერალური მოსამსახურე უნდა დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ. თეთრი სახლის ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, წერილის სათაური თვითონ ილონ მასკმა მოიფიქრა. იგივე ფორმულირებები გამოიყენა მან ყოფილი Twitter-ის (დღევანდელი „X-ქსელის“) თანამშრომლების მიმართაც, 2022 წელს, კომპანიის დაუფლების შემდეგ. რასაკვირველია, ბევრი თანამშრომელი მართლაც წავიდა, მაგრამ სამაგიეროდ, ილონ მასკს ახლა ძლიერი პოლიტიკური პლატფორმა აქვს, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად ყველგან, სადაც კი „იქს-ქსელით“ სარგებლობენ, ვთქვათ - ევროპის ქვეყნებში.

გასულ კვირას აშშ-ის საინფორმაციო სივრცეში მხოლოდ ორი ახალი ამბავი კონკურირებდა ერთმანეთთან - დონალდ ტრამპის გადასვლა ვაშინგტონში და სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახება ვერტმფრენთან, რომლის შედეგად 67 ადამიანი დაიღუპა. იმ დროს, როცა ამერიკელები ახალ ამბებს ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ (პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში) ელექტრონულ ფოსტებში ელოდნენ, ტრანპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა კომიტეტმა ამერიკელებს მიანიშნა, სად უნდა ეპოვნათ მონაცემები: „მთელი ახალი ინფორმაცია ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებისათვის განთავსდება მხოლოდ „იქს-ქსელში“. ინფორმაციები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით არ გავრცელდება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო