"ეს ზემოდან დავალებული "ბესპრედელია" - პოლიციური განუკითხაობა ჩვენს ქვეყანას დიდ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და კრიმინალურ კატასტროფამდე მიიყვანს" - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი
ადრე იმ სამართალდამცველებს, რომელთაც ძალადობისკენ ჰქონდათ მიდრეკილება, "დამუღამებული" ჰქონდათ ერთი მეთოდი - განყოფილებაში ან მანქანაში ისე ეცემათ ადამიანი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ვიზუალური ზიანი დასტყობოდა, განსაკუთრებით - სახეზე, რათა მერე ემტკიცებინებათ, რომ ამ მოქალაქემ ყველაფერი მოიგონა და პოლიციელებს ცილს სწამებს. მოძალადე პოლიციელებს ცეცხლივით ეშინოდათ ტელეკამერების და ჟურნალისტების. თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა - ცემა-ტყეპას ვუყურებთ პირდაპირ ეთერში და მათ შორის სამიზნეები ჟურნალისტები არიან. გინებაზე, განსაკუთრებით , ქალების მიმართ, აღარ ვლაპარაკობთ.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, "თითქმის ყველა დაკავებული (იგულისხმება 3 თებერვალს "თბილისი მოლთან" გამართულ აქციაზე დაკავებულები), კერძოდ - 22 პირი, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებს - 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა, როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე - მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა".
სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ სიტუაციამ, ამის თაობაზე ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრებით.
ვახტანგ ძაბირაძე:
- "თბილისი მოლთან" რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ. 4 თებერვალს აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, პოლიციამ მათზეც იძალადა და გამოყარა, მშვიდობიანი აქციის ჩატარების საშუალება არ მისცა. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება. მმართველმა გუნდმა, უბრალოდ, არ იცის, რა მოუხერხოს პერმანენტულ აქციებს. აქციების პერმანენტულმა დარბევებმა შედეგი არ გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის განმავლობაში პირდაპირ თავ-პირს ალეწავდნენ მომიტინგეებს, ციხეებში სვამდნენ და ადმინისტრაციულ სასჯელებს აკისრებდნენ, აქციები ყოველდღიურად უფრო ხალხმრავალი ხდებოდა. ეს რომ დაინახეს, მეთოდები შეცვალეს პროტესტი ნებაზე მიუშვეს, იმის იმედით, რომ შარშანდელი გაზაფხულის აქციების მსგავსად, თავისით მიილეოდა. რამდენიმე კვირაში გაირკვა, რომ ამჯერად სხვა შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე და გადავიდნენ შემდეგ სტადიაზე - კანონმდებლობის გამკაცრება დაიწყეს.
ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დიდ გასაჭირშია, პროტესტს ვეღარაფერს უხერხებს, პროპაგანდა შედეგს აღარ იძლევა და იძულებულია, უფრო და უფრო მეტად გამოიყენოს ძალოვანი სტრუქტურები, მაგრამ შედეგს აღარც ეს იძლევა. ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ზვიად ხარაზიშვილზე, უკვირთ მისი თავზეხელაღებულობა, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს კაცი დასანქცირებულია და უკანდასახევი გზა აღარ აქვს, არა მხოლოდ ხარაზიშვილს, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ძალაუფლება რომ დაკარგონ, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგებიან, წასასვლელიც კი არსად აღარ აქვთ, მოსკოვის გარდა. ამას ძალიან კარგად ათვითცნობიერებენ და ამიტომ ხდებიან უფრო და უფრო აგრესიულები. მე მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს რეპრესიებს, ძალიან მძიმე ორი-სამი თვე გველოდება. ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და მოლოდინში.
ეს "ბესპრედელი", რომელიც ზემოდან არის დავალებული და განუკითხაობა, ჩვენს ქვეყანას დიდ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და კრიმინალურ კატასტროფამდე მიიყვანს. ძალიან ცუდი სცენარი გველოდება, თუ ეს გაგრძელდა და პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება.
როდის შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს? ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გამკაცრდება საქათველოს ხელისუფლებაში მყოფ პირებზე დაკისრებული სანქციები. როდესაც რიგითი პოლიციელი მიხვდება, რომ ნამდვილად "ხარებას" და ივანიშვილს იცავს და არა - საქართველოს, მაშინ რეჟიმი შიგნიდან დაიწყებს დაშლას, თანაც ისე სწრაფად, რომ შეიძლება პოლიტიკურმა ელიტამ ვეღარც კი მოასწროს სადმე თავის შეფარება.
- ფიქრობთ, რიგითი პოლიციელები ვერ ხვდებიან, რომ დღეს ივანიშვილსა და ხარაზიშვილს იცავენ?
- კი, ხვდებიან, მაგრამ... რაც უნდა ვიძახოთ, როგორ შეიძლება 12 წელი „ნაციონალების“ დანაშაულებრივ ქმედებებზე ვალაპარაკოთ ხელისუფლება და ამ ნარატივით გავახანგრძლივებინოთ ხელისუფლებაში ყოფნაო, მაინც ასეა. რიგით მოსახლეობაში ისევ აქტუალურია სააკაშვილის დაბრუნების შიში. ოპოზიციამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ახალი ლიდერის შექმნა. შესაბამისად, მაინც მუშაობს პროპაგანდა - „ნაცები“ მოდიან. ცოდვა გამხელილი სჯობს და პოლიტიკაში ჩაუხედავი მოქალაქე კი არა, ჩემთვისაც მიუღებელია, რომელიღაც „ბობოლა“ „ნაცი“ რომ გამოვა და ადამიანების უფლებებზე იწყებს ლაპარაკს. ამის გარდა, ოპოზიციური მედიაც არასწორად აშუქებს პროცესებს, როგორ შეიძლება სააკაშვილი სამართლიანობაზე ალაპარაკო?
- რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ რიგითმა პოლიციელებმა და, ზოგადად, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა რეალურად დაინახონ, რა გამოწვევის წინაშე დგას ახლა ქვეყანა?
- როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დადგება, ეს კი გარდაუვალია, როდესაც რიგითი პოლიციელები და ის ადამიანები, რომლებსაც დღემდე სააკაშვილის დაბრუნების ეშინიათ, დაინახავენ, რომ თავიანთი ხელფასი ოჯახის გამოსაკვებადაც აღარ ეყოფათ, მერე ყველაფერს უფრო ობიექტურად შეაფასებენ. ხელისუფლება ეცდება, რომ ორ-სამ თვეში, ვიდრე ტრამპის პოლიტიკა უფრო კარგად გამოიკვეთება და ვიდრე ეკონომიკა ინერციით ჯერ კიდევ მუშაობს, მანამდე ჩაახშოს პროტესტი. ნახეთ, 60 დღემდე გაზარდეს ადმინისტრაციული სასჯელი. ეს იმას ნიშნავს, რომ აქტივისტების ნელ-ნელა დაკავებას დაიწყებენ, იმ იმედით, რომ სანამ ისინი ციხიდან გამოვლენ, ამასობაში პროტესტი გაილევა. კი, შეიძლება ეს ნამდვილად მოახერხოს ხელისუფლებამ, მაგრამ როგორც კი ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, მერე ვეღარაფერს იზამენ. სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, რომ საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ფონზე კიდევ ერთი მასშტაბური დარბევა მოაწყონ.
- ჩიხში შესული პოლიტიკური სიტუაცია ხომ არ ზრდის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს?
- 90-იან წლებში ქართველების დაპირისპირება რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული. დღემდე არავინ იცის, ვინ გაისროლა პირველად რუსთაველზე, რასაც სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვა. რა თქმა უნდა, რუსეთს დღესაც აწყობს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება, მეხუთე კოლონაც მრავლად არის, როგორც ოპოზიციაში, ასევე - ხელისუფლებაში, მაგრამ ახლა სხვაგვარი პოლიტიკური რეალობაა, როგორც საქართველოში, ასევე - რეგიონში და სრულიად მსოფლიოში. სამოქალაქო დაპირისპირებას არ ველოდები, იქნება პროტესტი და რეპრესიები. თუმცა „ქართული ოცნება“ მაინც ვეღარ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. როგორც კი ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, „ქართულ ოცნებას“ აღარანაირი საყრდენი აღარ ექნება აღარც რიგით პოლიციელებში და აღარც ელიტარულ საზოგადოებაში.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)