რუსულ დანაშაულზე "კვირის პალიტრის" ვერსია გამართლდა - აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი რუსულ „პანცირს“ „სასიკვდილოდ დაუჭრია“
ყაზახეთმა გამოაქვეყნა 2024 წლის 25 დეკემბერს მის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი გარემოებების წინასწარი ანგარიში, რომელიც ასახელებს მთავარ მიზეზს - გარეგანი ზემოქმედება სამგზავრო თვითმფრინავის ფიუზელაჟზე და მის შიგნით განთავსებულ მართვის ორგანოებზე, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის მართვის ჰიდრავლიკური სისტემის დაზიანება, ჰიდრავლიკური სითხის დაღვრა, წნევის დაცემა ამ სისტემაში და შეუძლებელი გახადა თვითმფრინავის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მართვის საჭეების ფუნქციონირება, შესაბამისად სამგზავრო თვითმფრინავიც უმართავი გახდა...
რუსული დანაშაული - რა ინფორმაციამ "გაჟონა" მედიაში
მიუხედავად იმისა, რომ ამ წინასწარ ანგარიშში კონკრეტულად არ არის მითითებული, რომ ასეთი დაზიანებები შეიძლება საზენიტო რაკეტის/რაკეტების ზემოქმედებას გამოეწვია, აზერბაიჯანის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დასავლეთის მასმედიას ინკოგნიტოდ უცხადებს, რომ აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი გროზნოს სიახლოვეს რუსული საზენიტო „პაცირიდან“ გაშვებულმა რაკეტებმა „სასიკვდილოდ“ დააზიანეს, კატასტროფაგანცდილი თვითმფრინავის ფრაგმენტებში ნაპოვნია ლითონის უცხო სხეულები, რომლებიც ეკუთვნიან რუსული „პანცირის“ საზენიტო რაკეტებს...

"კვირის პალიტრის" ვერსია გამართლდა
ამით მართლდება ჩვენი მთავარი ვერსია, რომელიც ამ საშინელი ავიაკატასტროფის დღესვე, 25 დეკემბერს,რამდენიმე საათში გამოვაქვეყნეთ ამ ბლოგის სტატიაში „დახვრეტილი რეისი: რუსებმა "საუკუნის საჰაერო დანაშაული" გაიმეორეს - რუსულმა საზენიტო რაკეტამ აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი იმსხვერპლა?!“ მაშინ, ასე სწრაფად,ამ ვერსიის გამოთქმა იმ ფოტოებმა გაგვაბედინა,რომლებიც ყაზახეთის აქთაუსთან ჩამოვარდნილი „ემბრაერის“ ფრაგმენტებს ასახავდა და რომლებზეც კარგად მოჩანდა ფიუზელაჟისა და კილის მიდამოებში არსებული რამდენი ათეული ნახვრეტი...
ასეთი დაზიანებები საფრენი აპარატზე მას შემდეგ ჩნდება, როდესაც მის სიახლოვეს საზენიტო რაკეტის საბრძოლო ქობინი დეტონირდება და დიდი სიჩქარით გამოსტყორცნის მასში წინასწარ ჩადებულ დამაზიანებელ ელემენტებს.
ის ფაქტი, რომ ორმა საზენიტო რაკეტამაც ვერ შესძლო შედარებით მომცრო,30 მ სიგრძის Embraer 190-ის ჰაერშივე მომენტალურად დაშლა, უფრო მიუთითებდა ამ საზენიტო რაკეტების საბრძოლო ქობინების ნაკლებ სიმძლავრეზე, რადგან 2014 წელს უკრაინის თავზე მალაიზიური, 63 მ სიგრძის Boeing 777-200ER-ი ერთმა რუსულმა საზენიტო „ბუკმა“ ჰაერშივე ფრაგმენტებად დაშალა.

როგორ შეეშინდა რამზან კადიროვს უკრაინელი დრონების
არსებული ინფორმაციით, სირიიდან რუსული სამხედრო ბაზების ევაკუაციის დაწყების შემდეგ „პანცირის“ ტიპის ორი საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი ჰმეიმიმიდან პირდაპირ გროზნოს აეროპორტში გადაისროლეს რამზან კადიროვის დაჟინებული მოთხოვნით, უკრაინული კამიკაძე-დრონების გროზნოზე მოხშირებული საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად.
25 დეკემბრის დილას, ბაქოდან გროზნოსკენ გაფრენილ აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის კუთვნილ სამგზავრო ლაინერს და მასში მსხდომ ეკიპაჟსა და მგზავრებს უბრალოდ ძალიან არ გაუმართლათ, რადგან სწორედ ამ დროს გროზნოზე შეტევა უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმაც დაიწყეს…
რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა აამოქმედეს რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკური საშუალებები, რამაც GPS-ის მუშაობა შეაფერხა და აზერბაინული ლაინერის ეკიპაჟმა გროზნოს აეროპორტში დაშვების ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, გეზი უკან ბაქოსკენ აიღო, მაგრამ სწორედ ამ დროს მის მარცხენა ბორტთან 25 წამის ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა, რაც ეკიპაჟმა შეცდომით ჯერ ფრინველებთან შეჯახებად, მერე კი ბორტზე ჟანგბადის ბალონის აფეთქებად აღიქვა, თუმცა ეს ორი აფეთქება მიწიდან გამოშვებული „პანცირის“ ორი საზენიტო რაკეტის დეტონირება გახლდათ თვითმფრინავიდან ათიოდე მეტრში...

ავიაკატასტროფის გამომწვევი გარემოებების წინასწარ ანგარიშს ახლავს ფოტოები,რომლებზეც ასახულია აზერბაიჯანული „ემბრაერის“ ჰიდრავლიკური სისტემის დაზიანებები. საერთოდ ამ ტიპის თვითმფრინავს ჰიდრავლიკური სისტემის სამმაგი რეზერვირების სისტემა გააჩნია, მაგრამ რუსული „პანცირის“ ორივე საზენიტო რაკეტის საბრძოლო ქობინების ელემენტებმა სამივე მათგანი დააზიანეს, რის შედეგადაც სისტემიდან გადმოიღვარა ჰიდრავლიკური სითხე, დაეცა წნევა და შეუძლებელი გახდა თვითმფრინავის ვერტიკალური და ჰორიზონტალური საჭეებით მართვა...
ეკიპაჟმა მართლაც შეუძლებელი შეძლო, რომ მარტო ძრავების სიმძლავრის მომატება-დაკლების რეჟიმით მოახერხა ფრენის გაგრძელება და ყაზახეთის აქთაუსთან მიწაზე ავარიული დაშვება, რითაც ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 32 გადაარჩინა, თუმცა ეკიპაჟის სამი წევრიც-ორი პილოტი და ერთი ბორტგამცილებელი, დაიღუპნენ.
რამდენიმე დღეში უნდა გამოქვეყნდეს ამ ავიაკატასტროფის მოკვლევის სრული ანგარიში, თუმცა მასში ალბათ მაინც არ ჩაიწერება ამ ტრაგედიის მთავარი დამნაშავის - რუსული საზენიტო „პანცირის“ როლი, რადგან ეს ცალკე გამოძიების პრეროგატივაა...
მაგრამ დაუშვებს კი რუსეთი საკუთარი თავის დადანაშაულებას? ალბათ არა, რითაც ნადვილად გამოიწვევს ოფიციალური ბაქოს მკვეთრ ნეგატიურ რეაქციას, რაც ალიევისა და პუტინს შორის აქამდე არსებულ ნორმალურ ურთიერთობებში სერიოზულ ხინჯს შეიტანს -ა ზერბაიჯანის მოსახლეობის დიდ ნაწილში უკვე შეიმჩნევა ანტირუსული განწყობების ზრდა მას შემდეგ, რაც რუსული პროპაგანდა ყველანაირად ცდილობს რუსეთს აარიდოს პასუხისმგებლობა ამ ავიაკატასტროფის გამო...