"სამწუხაროდ, საქართველოს სერიოზული საფრთხე ემუქრება...როგორც კი ესკალაცია დაიწყება, საქმეში მაშინვე ჩაერთვება ამერიკის საელჩო" - მძიმე თვეების მოლოდინ - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, საქართველოს სერიოზული საფრთხე ემუქრება...როგორც კი ესკალაცია დაიწყება, საქმეში მაშინვე ჩაერთვება ამერიკის საელჩო" - მძიმე თვეების მოლოდინი?!

„ქართული ოცნება“ შეტევაზე გადავიდა, ამ დრომდე მოგერიების ფორმატში მოქმედებდნენ, მაგრამ მათი პრობლემა ის არის, სტრატეგიის შესასცვლელად არასწორი დრო შეარჩიეს" - ამგვარად აფასებს პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირინაშვილი, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს. როგორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მმართველი გუნდის აგრესიულ პოლიტიკას, რატომ იყო სტრატეგიის შეცვლისთვის არასწორი დრო, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მირიან მირიანაშვილი ვრცლად გვესაუბრება.

მირიან მირიანაშვილი:

- „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა, როდესაც გარე კონტურზე არსებული ვითარება არ გაითვალისწინა და საკუთარი ხალხის მიმართ აგრესიული პოლიტიკური ხაზის გატარება გადაწყვიტა. როდესაც მმართველი გუნდის ლიდერებმა ევროპის, კანადის, ჩინეთისა და მექსიკის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის ხისტი მოქედებები დაინახეს, შეექმნათ ილუზია, რომ გავლენიან საერთაშორისო აქტორებს საქართველოს შიდა პოლიტიკური კონფლიქტი ყურადღების მიღმა დარჩათ. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ ამით ისარგებლონ და გატეხოს ოპოზიციური ელექტორატის ნება უფრო მღალი ხარისხის სისასტიკით.

„ქართულ ოცნებას“ უკვე გაუცრუვდა იმის იმედი, რომ მომიტინგეებს ენერგია არ ეყოფოდათ პერმანენტული აქციების გასაგრძელებლად და გადაწყვიტეს, ფატალური დარტყმა მიაყენონ.

ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, არც გარე კონტურზე არ მოუდუნებიათ საქართველოს მიმართ ყურადღება და არც ოპოზიციური ელექტორატის გატეხვაა შესაძლებელია პოლიციის სასტიკი მოქედებებით. მმართველი გუნდი ასევე ცდებოდა, როდესაც ეგონა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოში ელჩს შეცვლიდა და გადატვირთვის პოლიტიკას დაიწყებდა. უკვე დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ელჩი არ გამოიცვლება. რუბიომ სახელმწიფო მდივანმა უკვე შეადგინა იმ იმ ელჩების სია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს და ჩემი ინფორმაციით, ამ ნუსხაში არ არიან საქართველოსა და უკრაინაში მყოფი ამერიკის ელჩები.

შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკვე ამერიკის საელჩოს არსებულ ადმინისტრაციასთან მოწევს კომუნიკაცია. დანიგანთან დაპირისპირება კი ნიშნავს ტრამპის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ ხალხთან სისასტიკის ესკალაციისთვის, ერთობ არასაყრელი მომენტი შეარჩია.

- თქვენ კი ამბობთ, რომ ხელისუფლება ოპოზიციური ელექტორატის პროტესტს ვერ გადატეხავს, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ უკიდურესად გამკაცრებული საკანონდებლო ნორმების ფარგლებში, აქტივისტების ყველა ლიდერი ციხეში აღმოჩნდება?

- ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ არსებობს აქტივისტების ჯგუფი, რომელთა განეიტრალება საპროტესტო მუხტს ნულამდე დაიყვანს. როგორც მე ვაკვირდები, ასეთი ჯგუფი უბრალოდ არ არსებობს. არადა, სწორედ ამ ჯგუფის გასანეიტრალებლად გაამკაცრეს კანონები. როდესაც აქტივისტების გარკვეულ ჯგუფს დაიჭერენ და ნახავენ, რომ აქციები განახლებული ენერგეტიკით გაგრძელდება, მერე რა მოხდება, კიდევ დაიჭერენ? როდემდე გააგრძელებენ?

ყოველი მესამე მომიტინგე აქტივისტიც არის და ხელმძღვანელიც. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დააპატიმრონ ათეული ათასობით ადამიანი?

- რა არის ახლა მომიტინგეების მთავარი რესურსი?

- სოციალურ ქსელები, რომლებიც ამ ამბავში ინტეგრატორისა და კომუნიკატორის როლს თამაშობენ. „ქართული ოცნებას“ კი არ აქვს იმის რესურსი, რომ ეს ქსელები დახუროს. დღევანდელ მსოფლიოში კი სოციალური ქსელების დახურვის გარეშე ოპოზიციიური მიტინგების განელება ვერ ხერხდება. ეს უკვე უამრავჯერ დადასტურდა. სწორედ, ოპოზიციური მუხტის განელების გამო დაიხურა სოციალური ქსელები რუსეთში, ბელორუსაში, ვენესუელაში და ამის გამო შევიდნენ ეს ქვეყნები ამერიკასთან დაპირისპირებაში. ვენესუელაში იმ დონემდეც კი არიან მისულები, რომ სმარტფონებს ართმევენ ხალხს, ინტერნეტპროვაიდერები გააჩერეს. საქართველო იმდენად არის ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირებული, რომ ამას ვერ გააკეთებს. შესაბამისად მიტინგების მოგერიების ეფექტური ინსტრუმენტი ხელთ არ აქვთ და ვერც რეპრესიების გაძლიერებით მოიპოვებენ. შემიძლია გითხრათ, რომ მიტინგები ისევ გაგრძელდება.

- არის თუ არა იმის საფრთხე, რომ აქტივისტებს რეპრესიების გაძლიერების გალძიერებისა და პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების მასობრივად გადაჭარბების გამო, უსამართლობის განცდა გაუჩნდეთ, რაც ერთ დღეს ფიზიკურ დაპირისპირებაში და საბოლოოდ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს?

- რასაკვირველია, ასეთი საფრთხე რეალურია.

ხელისუფლების მხრიდან ძალადობის არაპროპორციული ზრდა ყოველთვის იწვევს უსამართლობის განცდას, რაც საბოლოო ჯამში აუცილებლად გამოიწვევს იმ სამწუხარო მოცმულობას, რასაც სამოქალაქო დაპირისპირება ჰქვია.

ეს რა ეტაპზე მოხდება, როდემდე გაგრძელდება საზოგადოების მოთმინება, არავინ არ იცის, ამის ფორმულა არ არსებობს. ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, აუცილებლად გამოიწვევს სამოქალაქო შეუთავსებლობას. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს 35 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია ამის ნათელი მაგალითია. ცხადი იყო, რომ 1991 წელს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკას მოჰყვებოდა ესკალაცია, ესკალაციას კი სამოქალაქო დაპირისპირება და ა.შ.

- ჩვენ ვიცით, რომ ეს დაპირისპირება მაშინ გარე აქტორების, კერძოდ კი რუსეთის მიერ ინსპირირებული მოხდა

- ნახეთ რა ხდება, პოლიციელები პროპაგანდისტულად ისე სერიოზულად არიან დამუშავებულები და იმდენად დიდი ენთუზიაზმით ძალადობენ მომიტინგეებზე, იქმნება რისკი იმისა, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ხელმძღვანელობამ მათი აგრესია ვეღარ გააკონტროლოს. უფალს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ამ დრომდე მსხვერპლი არ გვაქვს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესიის ზრდის პარალელურად იზრდება მსხვერპლის გაჩენის შესაძლებლობაც და როგორც კი ეს მოხდება, საქმეში აუცილებლად ჩაერთვებიან აქტორები - საგარეო კონტურებიდან.

გაიხსენეთ ჩემი სიტყვები, როგორც კი სიტუაცია ესკალაციის მაღალ დონეზე ავა, საქმეში ამერიკის საელჩო ჩაერთვება.

- კონკრეტულად რაში გამოიხატება ამერიკის საელჩოს ჩართულობა?

- პრობლემა იმაშია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გრძელვადიან და მრავალ ეტაპიან ესკალაციურ სქემებს უარყოფს, მომენტალურად გადადის შეტევაზე. ბაიდენის ხელისუფლება ტრამპს იმიტომ გადაბარდა, რომ ამერიკული პოლიტიკურ ელიტას გაუჩნდა ნება - მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ ამერიკის ძალა. ძალის ჩვენების გარეშე რევიზიონისტული ძალების მორჩილებაში მოყვანა შეუძლებელია. ასე რომ, სწორედ ამ ძალის ჩვენების ფორმატში იმოქმედებს ტრამპის ადმინისტრაცია, ყველა პოლიტიკური ატრიბუტით, განსაკუთრებით ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წლის განმავლობაში, სანამ საშუალედო არჩევნები იქნება.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე გარწმუნებთ, რომ საქართველოში ესკალაციის ხარისხის გაზრდის შემთხვევაში, პროცესებში ამერიკის საელჩოს ჩართულობა გარდაუვალი იქნება. თუ დემოკრატებისთვის, მსოფლიოში პროამერიკული ძალების რბევა არაფერს არ ნიშნავდა, ექსპანსიონისტური, რესპუბლიკური ადმინისტრაციისთვის ეს ყოველთვის ეგზისტენციალური მოცემულობა გალხდათ. შესაბამისად, პროდასავლური ძალების მასობრივი რბევა, ჩვენს ხელისუფლებას ტრამპის ადმინისტრაციასთან გაცილებით ადრე ჩამოუყალიბებს კონფლიქტს, ვიდრე ამათ წარმოუდგენიათ. ამიტომ მოვუწოდებ, ვთხოვ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ესკალაციისგან.

- ასეთ მოცემულობაში რუსეთის როლი როგორ წარმოგიდგენიათ?

- საქართველოში რუსეთის ძლევამოსილებასთან დაკავშირებით ზედმეტად გადაჭარბებული დამოკიდებულებაა. ქართულ პოლიტიკურ ელიტას - ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც, ასევე რიგით ამომრჩეველსაც, ძალიან უჭირს რუსეთის უძლურების შეცნობა. თუ ტრამპის ადმინისტრაცია მოგვადგა, რუსები ასპარეზზეც კი არ გამოცნდებიან. მსოფლიოში დღეს არსებული მოცემულობის ფონზე, პუტინისთვის ტრამპთან დაპირისპირება ეგზისტენციალური საფრთხეა. რუსები მაქსიმალურად შეეცდებიან, ტრამპი თავის საგარეო პოლიტიკური ზრახვებისთვის გამოიყენონ, რისთვისაც ამერიკის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო. გამორიცხულია, მოსკოვი საქართველოს გამო ტრამპის ადმინისტრაციასთან კონფლიქტში შევიდეს. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ერთი ერთზე შეატოვებენ. სულელური, ილუზორული ვერსიაა, რომ ტრამპი, სი ძინ პინი და პუტინი მსოფლიოს გაიყოფენ და პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთს დაუთმობენ. თბილისში ძალიან მალე დარწმუნდებიან იმაში, რომ ტრამპისთვის შეუთავსებელია ჩინეთის ჰეგემონია, არამხოლოდ მსოფლიოში, არამედ აზიაშიც, რომ რუსეთი მალე გაიჭედება ამერიკასა და ჩინეთს შორის არჩევანში და საქართველოც ამ არჩევანის მძევალი გახდება. აი, მერე იქნება „ქართული ოცნებისთვის“ თავში სახლელი ის სისასტიკე, რასაც ის საკუთარი ხალხის მიმართ იჩენს. მმართველ გუნდს ძალიან მალე დასჭირდება ქეყანაში შიდა სტაბილურობა, მაგრამ ეს უკვე მიუღწეველი იქნება. სამწუხაროდ, მე საქართველოსთვის ძალიან სერიოზულ საფრთხეებს ვხედავ და მიკვირს, რომ ამას მმართველ გუნდში ვერავინ აანალიზებს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)