"დაეწვა პირ-ხახა, მუცელზე აღენიშნება დამწვრობის კვალი" - რა ინფორმაციას ავრცელებს 3 წლის ბავშვის დედა, რომლის შვილმაც წყლით ინტოქსიკაცია მიიღო
ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ამბავმა, რომელიც ბაკურიანი ციდას“ წყალს ეხება. თავდაპირველად ინტერნეტ სივრცეში უამრავი ჭორი გავრცელდა, თითქოს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფებოდა. ეს ამბავი უარყო საავადმყოფომ და განცხადებაც გაავრცელა:
„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება. დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. ინტოქსიკაციის მიზეზები შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა
სტაბილურია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
დასკვნა გამოაქვეყნა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც:
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა. კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქე ქეთი ჭელიძემ პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მისმა 3 წლის შვილმა დალია წყალი, რომელშიც აღმოჩენილია აზოტმჟავა:
"საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ სტატუსს .
ამა წლის 2 თებერვალს ჩემმა 3 წლის შვილმა ალექსანდრემ დალია ბაკურიანი ციდას წყალი, რომელიც დავაკონკრეტებ დალუქულ (გაუხსნელ) მდგომარეობაში შევიძინეთ მაღაზიიდან, კურიერის მეშვეობით, რის შედეგადაც ბავშვმა ატეხა კივილი. დაეწვა პირ-ხახა, მუცელზე აღენიშნება დამწვრობის კვალი. ბავშვი გადაყვანილი იქნა იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. საბედნიეროდ ჩემი შვილის ჯანმთელობას საფრთხე არ ემუქრება, გავეწერეთ ბინაზე და ვაგრძელებთ მკურნალობას.
იმის დასადგებად თუ რა ნივთიერება ესხა აღნიშნულ ბოთლში მივმართეთ სამხარაულის ექაპერტიზის ბიუროს .
P.S. სოც მედიაში გავრცელებული ჭორების პასუხად ვწერ რომ, არა ქლორი არ ესხა ბოთლში !!!!
წყალში აღმოჩენილია აზოტმჟავა.
ჩვენი მხრიდან ინფორმაციიის გახმაურება, ემსახურება მხოლოდ იმას , რომ სხვები გაფრთხილდნენ და არ მოუწიოთ იმის გადატანა რაც ბოლო დღეებში ჩემმა შვილმა და ოჯახმა გადაიტანა … მოკვლევა და გამოძიება დაწყებულია, აუცილებლად გავასაჯაროვებ გამოძიების შედეგებს" - წერს ქეთი ჭელიძე.