"მეუღლემ ინსულტი რომ მიიღო მესამედ, ხელებში ჩამაკვდა. მეუბნებოდა, - მიშველე, მანანაო და ხელებს მიჭერდა, თვალებით მემუდარებოდა, მე კი ვერაფერს გავხდი... ყველაზე დიდმა ტკივილმა, მეუღლისა და დედის გარდაცვალებამ თითქოს გამაძლიერა..."
"ბევრი სირთულე გამოვიარე ამ ცხოვრებაში და ბევრი ტკივილიც. ერთი პერიოდი მომიწია იმ საქმის მიტოვებამ, რომლის დასაუფლებლადაც ბევრი ბრძოლა მომიხდა და რომლითაც ვსუნთქავდი... მერე ყველაზე დიდმა ტკივილმა, მეუღლისა და დედის გარდაცვალებამ თითქოს გამაძლიერა და ისევ ავიღე ხელში ფუნჯი... და დღეს მაბედნიერებს ეს საქმე, რადგან ჩემს სამყაროს მე თვითონ ვიქმნი. ვიტყვი ხოლმე, სიბერის არ მეშინია, რადგან უფუნქციოდ არასდროს დავრჩები-მეთქი. დრო ცოტა მაქვს. ყველაზე ძვირფასი რაც არის, დროა და ამის დეფიციტი მაქვს სულ", - ამბობს მხატვარი მანანა (შუქია) გოგოჭური, რომელმაც წლების შემდეგ იპოვა საკუთარი თავი იმ მისტიკურ სამყაროში, რომელსაც ბავშვობიდან ეტრფოდა.
- სულ მქონდა ხატვის სურვილი და ყველაფერზე ვხატავდი: წიგნზე, რვეულში, მერხზე... მეგონა, ყველა ბავშვი ასე იყო. მეოთხე კლასში ყოფნისას ერთ-ერთი პედაგოგი სკოლაში ვერ მოვიდა და გაკვეთილზე მის ნაცვლად სხვა მასწავლებელი შემოვიდა, რომელმაც კედელზე სურათი გაგვიკრა: ეს დახატეთ და ჩუმად იყავითო. დავიწყეთ ხატვა. ბოლოს ჩამოიარა და შეამოწმა, ვინ რა გააკეთა, მერე კი თავისთვის ჩაილაპარაკა, - გამოდის, ამ კლასში მხოლოდ გოგოჭურს შეუძლია ხატვაო და მაშინ ვიფიქრე, - რა, ყველა ასე არ ხატავს-მეთქი? გავიაზრე, რომ რაღაცას ვაკეთებდი, სხვებისგან განსხვავებულად. ხატვის სიყვარული ჩემში მუდმივად იყო, მაგრამ პროფესიის არჩევისას ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას წავაწყდი, ლამის მთელი სანათესავო აღმიდგა: უტოპიაა, სამხატვრო აკადემიაში ვერ ისწავლი და სჯობს სხვა პროფესიაზე იფიქროო.
- რატომ არ უნდოდათ, რომ მხატვარი გამხდარიყავით?
- ჯერ ერთი, ხატვისგან რა გამოვა? ცხოვრებას ნუ ირთულებო; მეორეც, მაშინ აკადემიას სახელიც ისეთი ჰქონდა, რომ მამას ქართული მენტალიტეტი არ აძლევდა საშუალებას, ჩემთვის იქ სწავლის უფლება მოეცა; მესამე მიზეზი: ყოველწლიურად 4 ადამიანს იღებდნენ, იყო ჩაწყობა...
- თქვენი მაინც გაიტანეთ, არა?
- თავიდან ვერა. ამიტომ ჩავაბარე სხვა ფაკულტეტზე და 3 თვეს ვისწავლე უნივერსიტეტში, მერე კი მივატოვე იქ სიარული და თელავში დავბრუნდი. გადაირივნენ, მაგრამ რას იზამდნენ? იცით, ლექციების მერე მივდიოდი და აკადემიის კედლებთან დიდხანს ვჩერდებოდი. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვინც შიგნით შედის-მეთქი... მოკლედ, თელავში დაბრუნებულმა, მშობლებს ვუთხარი, აკადემიაში თუ არა, "თოიძეში" მაინც ჩავაბარებ-მეთქი. დამყაბულდნენ, რადგან მიხვდნენ, ხატვა ჩემი ცხოვრება იყო. უმაღლესი ქულა მივიღე ხატვაში და "თოიძეში" გავაგრძელე სწავლა, რომლის დასრულების შემდეგ აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ყველაფერს კარგად გავაკეთებდი, ძალით ვინ ჩამჭრიდა? თუმცა, ისე მოხდა, რომ ე.წ. ჩაწყობის მსხვერპლი ვხდებოდი, ერთი ქულა მაკლდებოდა და ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ გამიმართლა და იმ წელს 4-ის ნაცვლად, ხუთი სტუდენტის მიღება გადაწყვიტეს, იმ ბედნიერებს შორის მეც აღმოვჩნდი.
- აკადემიაში სწავლის პროცესი ისეთი აღმოჩნდა, როგორი მოლოდინიც გქონდათ?
- კი, ეს საოცრება იყო. ხომ წლები ვსწავლობდი ამ სასწავლებელში და როცა ვამთავრებდი, ვფიქრობდი, საშუალება რომ მოეცათ, კიდევ დიდხანს ვივლიდი იქ, ამით არ დავიღლებოდი. დღესაც დიდ სიყვარულს ვგრძნობ, მიყვარს და მაბედნიერებს აკადემიის კედლების დანახვაც კი და სურვილი მაქვს, იქ ერთი პერსონალური გამოფენა მაინც მოვაწყო.
- გაიხსენეთ პედაგოგი, რომელმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე.
- ამ კედლებში ჩემთვის ძალიან ტკბილი, შემოქმედი ხალხი მუშაობდა და თითოეული თავისებურად კარგი პედაგოგი იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება გამორჩეულად ვიხსენებ ალდე კაკაბაძეს. შეუძლებელი იყო, ამ დიდ კერამიკოსს, მხატვარს, დიდ ადამიანს შეხვედროდი და არ შეგყვარებოდა. ძალიან თბილი პიროვნება გახლდათ. "არას" არავის უწერდა და ამას ასე ხსნიდა:
ხატვა თუ არ გიყვართ, "არას" გამო როგორ უნდა მოხვიდეთ? აქ სიარული უნდა გსიამოვნებდეთო. სულით თავისუფალი ადამიანი იყო...
- პირველი გამოფენა...
- ეს იყო პირველი კურსის ბოლოს, აკადემიაში. საოცრად ბედნიერი ვიყავი, ახლაც მახსოვს ის ემოცია. კათედრის გამგეს უთქვამს, გოგოჭურმა როდის მოასწრო ამდენი ნამუშევრის გაკეთებაო? მხედავდნენ, ხშირად მარტო ვიჯექი ჯგუფში და ვხატავდი, არასდროს გამიცდენია ხატვის ლექცია... მოგვიანებით პერსონალური გამოფენაც მქონდა, მაგრამ... მერე გავთხოვდი, 1990-იანებში ქვეყანაშიც ყველაფერი აირია და ცოტა ხანი საყვარელ საქმეს შევეშვი. როცა ამ სფეროში თავიდან დავიწყე ფეხის ადგმა, უკვე ურთულესი პერიოდი მქონდა და იმ დროს ისევ ხატვამ გადამარჩინა: მეუღლე გარდამეცვალა, დედაც მალევე დავკარგე და ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ ვიყავი.
ახლობლებმა მირჩიეს, ხატვა დაიწყეო, მაგრამ ვერ ვახერხებდი და პანიკამ მომიცვა, - რა მოხდა ისეთი, რომ ხატვის უნარიც დავკარგე-მეთქი? თითქოს პირველად მოვკიდე ფუნჯს ხელი... ცოტა ვიწვალე და მერე ყველაფერი დალაგდა, უკვე ვეღარ ვჩერდებოდი, გამუდმებით ხატვას მთხოვდა გონებაც და მთელი სხეულიც. მალევე მოვაწყე პირველი პერსონალური (2017 წელს) გამოფენა, შემდეგ მეორე, მესამე და მეოთხე 2023 წელს მქონდა პარიზში. ახლაც ვემზადები გამოფენისთვის.
- მეუღლეზე მიამბეთ...
- ჩემი მეუღლეც მხატვარი იყო, მულიც მხატვარია. საერთო ნაცნობმა გაგვაცნო ერთმანეთი, მეტროში შევხვდით. მაშინ დამადგა თვალი და ერთი წელი ბევრი რამ გააკეთა საიმისოდ, რომ ჩემი გული მოეგო. იმდენად სუფთა ადამიანი იყო, გულწრფელი, რომ ბოლოს მეც შემიყვარდა. მელომანი, მხატვარი, ალალი კაცი გახლდათ, რამაც მომხიბლა. არასდროს შეუზღუდავს ჩემთვის თავისუფლება. თვითონაც სულიერად თავისუფალი იყო. ფიქრობდა, ადამიანს არ უნდა წაართვა, რაც ღმერთმა მისცაო... ინსულტი მიიღო. ორჯერ გამოვაძვრინე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ მესამედ ხელებში ჩამაკვდა. ეგ იყო ყველაზე მძიმე მომენტი, როცა მეუბნებოდა, - მიშველე, მანანაო და ხელებს მიჭერდა, თვალებით მემუდარებოდა, მე კი ვერაფერს გავხდი...
ჩემი შვილი 29 წლის არის, მზარეულია. ხატვა უყვარდა, კარგადაც გამოსდიოდა, მაგრამ არ მოინდომა პროფესიად ექცია, - შენ რომ ხატავდი, რაო? მამამისივით, ისიც მელომანია...
90-იანებში ნახატები არ იყიდებოდა და რამე სხვა საქმე უნდა შეგვეთავსებინა, რომ საარსებო საშუალება გვქონოდა, შვილზე გვეზრუნა. ბიზნესი დავიწყე. მაღაზიები მქონდა, პარალელურად, ვხატავდი, მაგრამ არა საკუთარი სიამოვნებისთვის: მიკვეთავდნენ, მაგალითად, საბერძნეთიდან, პეიზაჟების შესრულებას. სანტორინი მაქვს გადახატული და მერე კანადა, ნიაგარა, ალბათ, ათას-ათასი ცალი. იმ პერიოდში ქართველი ხელოვანები ვიყავით იაფი მუშახელი, მასალას გვაძლევდნენ, გვიკვეთავდნენ ერთი კონკრეტული პეიზაჟის, ვთქვათ, 50 ეგზემპლარის დახატვას. ღამე ვმუშაობდი. მომართული ვიყავი, რაც შეიძლება მეტი დამეხატა, რომ მეტი ფული ამეღო. ხელს ვავარჯიშებდი, ეს იყო და ეს. ჩემთვის "ოქროს ხანა" მაშინ დაიწყო, როცა პანდემია გამოაცხადეს. ყველაფერი რომ იკეტებოდა და ხალხი სურსათს ყიდულობდა, მე ტილოებს და საღებავებს ვიმარაგებდი. მეუბნებოდნენ, - გაგიჟდი? რა ტილოები, საჭმელი იყიდეო... დილას არსად მეჩქარებოდა და ყოველდღე ვხატავდი; ძირითადი ტილოები, რომლითაც ვამაყობ, იმ პერიოდში შეიქმნა. ნახატების გაყიდვა დავიწყე, სასწაული ხდებოდა. ანგელოზების სერია, რომლის ფოტოები სოციალურ ქსელში განვათავსე, საოცარი სისწრაფით გაიყიდა, კოლექციონერებიც გამოჩნდნენ.
- ყველაზე წარმატებული რომელი ნახატი გამოდგა?
- 2022 წელს ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი დუბაიში წავიღე, გამოფენაზე, რომელშიც 4000 მხატვარი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ შორის რამდენიმე ქართველიც გახლდით. იმხელა პავილიონი იყო, ერთ კვირაში ძლივს დავასრულე დათვალიერება. "ოლდ არტ დუბაი" ყოველ წელს, აპრილში იმართება და იქ ჩადიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კოლექციონერები, იმართება "ვორკშოპები". ამხელა პავილიონში რამდენიმე ტილო შეარჩიეს და ერთ-ერთი ჩემი იყო. ნახატს "ხორშაკი" ჰქვია (არაბული სიტყვაა და უდაბნოს ცხელ ქარს აღნიშნავს). მან საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
- საკუთარ ნახატებთან განშორება თქვენც გიჭირთ?
- ძალიან და სხვათა შორის, ყოველთვის უნდა შევხედო ადამიანს, ვინც ნახატს ყიდულობს. მათ ვატან რაღაც ჩემს ნაწილს და ისინიც ხვდებიან, რომ ასეთ დროს რაღაც მემართება, ამიტომ უმეტესად მეუბნებიან, - ჩაგიგდებთ ფოტოს, სად დავკიდებთ ამ ნამუშევარსო. იმდენ სიყვარულს და ისეთ დიდ ემოციას ვდებ თითოეულ ნახატში, რომ ციოდეს, ხატვის პროცესში მე სულ მცხელა. მთელი ენერგია, ემოცია მიდის... ერთადერთხელ იყო, ისე წაიღეს ნახატი, მყიდველი არ გამოჩნდა და მერე აღმოჩნდა, რომ შინაურმა იყიდა. როცა მითხრა, შენი ჩიტუნია ჩემთან არისო, ძალიან გამიხარდა. არის ნახატები, რომლებსაც ვერასდროს გავყიდი მაგალითად - "ხევსურეთი". თავის დროზე, როცა მიტოვებული, ჩაშავებული კოშკები ვნახე, სადაც თავის დროზე ადამიანები დადიოდნენ, სიცოცხლე ჩქეფდა, ვინ იცის, რამდენი თაობა გაიზარდა, ახლა კი მხოლოდ ეს კედლები, ყორეები იყო და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანდა, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. თითქოს სუნთქვა შემეკრა, როცა მთას გავცდი და უზარმაზარ კოშკებს შევეჯახე. ყალყზე დამიდგა თმა, დიდი ემოცია მომიტანა. მან მომცა ინსპირაცია, დამეხატა ჩემი "ხევსურეთი".
- თქვენი ნახატების ძირითადი მყიდველები ვინ არიან?
- ვისაც უყვარს მხატვრობა. საბედნიეროდ, სამ დიდ კოლექციონერს აქვს ჩემი ნამუშევარი. მართლა ისეთი მხატვრების ტილოების გვერდით ჰკიდია ჩემი ნახატები, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივია. ქართველზე მეტად კრიტიკულად შემფასებელი იშვიათად შეგხვდებათ. თუმცა, ბოლო დროს გაჩნდა ახალი ბუმი იმისა, რომ უბრალოდ, ინტერიერის გასალამაზებლად იყიდონ ნახატი და როცა ნამუშევრის შესაძენად მოდიან, გეუბნებიან, როგორი ფერის კედლები და ფარდები აქვთ, რომ ეს გაითვალისწინო. იცით, ახლა როგორი პერიოდი მაქვს? ბევრისთვის ხომ ახალგაზრდობაა საუკეთესო წლები, ჩემთვის ახლა დადგა საუკეთესო პერიოდი, როგორც პიროვნებისთვის, მხატვარი მანანა გოგოჭურისთვის. ადრე ჩემი თავისთვის არ ვიყავი, ყველას სჭირდებოდა მანანა, ყველას პატრონი ვიყავი და ზუსტად ბოლო დროს დავფიქრდი: მე რა მინდა-მეთქი? მანამდე ყველას ანგარიშს უწევ: მშობლებს, ქმარს, ნათესავებს, შვილს.
იყო სირთულეები:
დავკარგე საყვარელი ადამიანები, ბიზნესიც; მშრალ ხიდზე გავყიდე ყველაფერი, რაც ფასეული მქონდა და ამის მერე გადარჩენაზე დავიწყე ფიქრი. 5 წელი კერამიკაზე ვიმუშავე სხვისთვის, ტირილით მივდიოდი სამსახურში, იქ ისეთ ცუდ სიტუაციაში ვიყავი, მაგრამ შემოსავლი მჭირდებოდა. ჰოდა, სირთულეების გავლის შემდეგ, როგორც იქნა, დავფიქრდი საკუთარ თავზე: მე რა მინდა? რა მსიამოვნებს? ბოლო დროს ვიპოვე ჩემი თავი და ეს საოცარი რამ ყოფილა. მეგობრები მეუბნებიან, რაც გადაიტანე, ის რომ გამოგვევლო, დეპრესიისგან მოვკვდებოდით და ახლა თავად გვაძლევ სტიმულსო. ვცდილობ, რასაც არ ეშველება, იმაზე აღარ ვიდარდო, წინ ვიარო და თუ ცუდად ვარ, რაიმე მტკივა, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ კარგად ვარ. ასეა, გამაძლიერა ცხოვრებისეულმა სირთულეებმა. დავიწყე მოგზაურობაც, რასაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი. არ ვარ მილიონერი და სულ ვშრომობ, მაგრამ ეს შრომა სასიამოვნოა. ჩემმა პროფესიამ გამაძლიერა. ერთადერთი, იმას ვდარდობ, რომ დედა, რომელიც ყველა ჩემს მონახაზს, ჩანახატს ინახავდა და ყველაზე მეტად მხარში მდგომი ადამიანი იყო, ვერ მოესწრო ჩემს, როგორც მხატვრის ფეხზე წამოდგომას. დედა გადაჰყვა ჩემზე დარდს. ქმარი რომ დამეღუპა, ძალიან იდარდა ჯერ მის გამო, რადგან საოცრად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ჩემ გამოც, მარტო რომ დარჩი, რა გეშველებაო. მან დაიძინა და ვერ გაიღვიძა...
- და ბოლოს, თქვენს სტუდიაზეც მიამბეთ.
- მაქვს სტუდია, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ისწავლოს ხატვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მოსწავლეებს იმდენად შეუყვარდათ ეს საქმე, უმეტესობა უკვე დაოსტატებულია. ვინც ამბობდა, ხატვას ვერ შევძლებო, ისინიც კი ვეღარ ეშვებიან ამ მისტიკას. 2017 წელს პროგრამის შესამუშავებლად 6 თვე ვიმუშავე. თავიდანვე ვიცოდი, რომ მარტო "ლაივი" სასურველ შედეგს ვერ მომიტანდა და ჩანაწერებიც მოვამზადე, რომ ნებისმიერ თავისუფალ დროს შეძლებოდათ ვიდეოებით ხელმძღვანელობა და მერე "ლაივში" ვუმოწმებდი ნამუშევრებს. თავიდანვე ბევრმა ემიგრანტმა გამოთქვა სურვილი ინტერნეტ-გაკვეთილებში ჩართვაზე. მეუბნებოდნენ: - ერთი სულის გვაქვს, როდის დაღამდება, რომ რუტინულ საქმეს მოვრჩეთ და ხატვა დავიწყოთო. ეს პროცესი სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლოც არის... ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა. რამდენიმე მათგანთან ერთად პარიზშიც ვიყავი, საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. გამოფენებში მონაწილეობენ დამოუკიდებლადაც და მათთვის მეც ვაწყობ გამოფენას ყოველწლიურად, ივნისში. ბევრი მათგანი უკვე ყიდის საკუთარ ნამუშევარს და ეს დიდი სტიმულია ყველასთვის.
- მონდომების გარდა, რა არის საჭირო, რომ გვიან ასაკში გაბედო და დაიწყო ხატვა?
- შეხება! ფუნჯი უნდა აიღო და ტილოს შეეხო. მთავარია, დაიწყო ამის კეთება. გააკეთე რაც გინდა, ფუნჯი მოირგე და მერე თავისით მოვა შთაგონება. თეორიულად ახსნილი სხვაა და როცა აჩვენებ, ფერები როგორ უნდა დასვას, ხაზი როგორ გაუსვას, მერე საქმე უადვილდება. ნიჭი ზოგს მეტი აქვს, ზოგს - ნაკლები, შეიძლება ყველამ შედევრი ვერ დახატოს, მაგრამ რა იცი, რა "გაგეხსნება", ამიტომ ცდად ღირს. "საქართველოს კარიტასში" ვატარებ ხატვის გაკვეთილებს. იქ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის შვილები სწავლობენ ხელოვნების დარგებს. მყავდა მოსწავლე, ძალიან ჩაკეტილი. ეს ბავშვი კარგად ხატავდა ფანქრით, მაგრამ ფერწერაში არაფერი გამოსდიოდა, - ვერ ვიგებ ფერებსო. 3-4 თვეს დამჭირდა მუშაობა, რომ გახსნოდა ხედვა და მერე უკვე სასწაულებს აკეთებდა. დღეს ის აკადემიის სტუდენტია და ამით ვამაყობ. ამიტომ ვამბობ, ნებისმიერმა უნდა მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობა. თუ არ დაიწყე, ვერასდროს მიხვდები, რისი ნიჭი გაქვს. ყველამ უნდა მოსინჯოს იმის კეთება, რაც გააბედნიერებს. ასე რომ, ხატეთ და იყავით პოზიტიურები, მე კი მსურველებს შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით.
ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)