"შაჰიდების" რუსულ აეროდრომს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა დაარტყეს... - კვირის პალიტრა

"შაჰიდების" რუსულ აეროდრომს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა დაარტყეს...

ის, რომ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე ამა თუ იმ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მნიშვნელოვან ობიექტებზე უკრაინული კამიკაძე-დრონების მასიური საჰაერო შეტევები ყოველ ღამე ხორციელდება, უკვე მგონი თავად პრეზიდენტ პუტინსაც აღარ უკვირს, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის ჩვეულებრივ მოქალაქეებზე...

უკრაინამ ეს შეძლო კამიკაძე-დრონების წარმოების თითქმის ასჯერ გაზრდის წყალობით და ახლა რუსული „შაჰიდების/გერანების“ უკრაინულ ქალაქებზე მუდმივი თავდასხმების საპასუხოდ, არანაკლები მასშტაბის დარტყმებს აყენებს რუსულ სამხედრო ობიექტებს.

1-d-1738838406.jpg
„შაჰიდების“ რუსული საწყობების განადგურება უკრაინის გენშტაბის პრიორიტეტს წარმოადგენს...

ასე მოხდა 5 თებერვლის მიწურულსაც, როდესაც უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მასიური საჰაერო იერიში მიიტანეს რუსეთის კრასნოდარის მხარის პრიმორსკო-ახტარსკის სამხედრო აეროდრომზე.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს უკვე წაიტრაბახა, რომ 5-6 თებერვლის ღამეს რუსეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო 28 უკრაინული კამიკაძე-დრონი და მათგან ექვსი კრასნოდარის მხარის თავზე, პრიმორსკო-ახტარკის მაცხოვრებლების მიერ გადაღებული და ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრები საპასუხოზე მეტყველებენ-ღამისეულ ცას ანათებს სწორედ პრიმორსკო-ახტარსკის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები...

რუსეთის პროპაგანდა ყოველთვის ცდილობს „გამოძრომას“ და რუს ობივატელს არწმუნებს, რომ ეს საჰაერო თავდაცვის მიერ წარმატებულად განადგურებული უკრაინული კამიკაძე-დრონების მხოლოდ ფრაგმენტები ეცემაო...

მაგრამ, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თავად რუსული პროპაგანდის „მეფე“-ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვიც იძულებული გახდა რუს მეზენიტეებს ღიად მოუწოდოს-იქნებ აღარ „ჩამოაგდოთ“ ეს უკრაინული კამიკაძე-დრონები და მათი ფრაგმენტებიც „ასცდნენ“ მორიგ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თუ სამხედრო ობიექტსო...

2-d-1738838509.png

პრიმორსკო-ახტარსკის რუსული სამხედრო აეროდრომი ფრონტის ხაზიდან მხოლოდ 250 კმ-ითაა დაშორებული, რაც უკრაინულ კამიკაძე-დრონებს ხშირი და მასიური საპასუხო საჰაერო დარტყმების განხორციელების საშუალებას აძლევს...

უკრაინული კამიკაძე დრონების არაპირველი „დაუპატიჟებელი სტუმრობა“ პრიმორსკო-ახტარსკის სამხედრო აეროდრომზე შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან უკრაინულ მხარეს გააჩნია დასავლეთის თანამგზავრული დაზვერვის მიერ გადაღებული ფოტოები, თუ როგორ ფრინდებიან სწორედ ამ აეროდრომიდან Shahed-136-ისა და Герань-2-ი ტიპის კამიკაძე-დრონები,რომლებიც საჰაერო დარტყმებს აყენებენ უკრაინის დასახლებულ პუნქტებს.

ამიტომაც გასაგებია, თუ რატომ ააგიზგიზეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა სწორედ პრიმორსკო-ახტარსკის სამხედრო აეროდრომზე ის სათავსოები, სადაც გასაშვებად გამზადებული „შაჰიდები“ და „გერანები“ ინახებოდა.

პრიმორსკო-ახტარსკის სამხედრო აეროდრომი უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 250 კმ-ითაა დაშორებული, რაც უკრაინელ სამხედროებს საშუალებას აძლევს მასიურად გამოიყენონ საშუალო სიშორის კამიკაძე-დრონებიც ან უფრო შორს მფრენ დრონებზე მეტი საბრძოლო მასალა განათავსონ საწვავის მარაგის შემცირების ხარჯზე.

სხვათაშორის, პრიმორსკო-ახტარსკის სამხედრო აეროდრომზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 960-ე მოიერიშე საავიაციო პოლკს,რომელიც მოდერნიზებული Су-25СМ3 ტიპის თვითმფრინავებითაცაა აღჭურვილი და ახლა იერიშებს ახორციელებს აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინელების თავდცვით პოზიციებზე,თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლებში.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამ საავიაციო პოლკის მოიერიშე თვითმფრინავების მფრინავები ბომბავდნენ აფხაზეთში კოდორის ხეობის ქართულ სოფლებს.

აზოვის ზღვის სანაპიროსთან მდებარე პრიმორსკო-ახტარსკის სამხედრო აეროდრომიდან საქართველოს აფხაზეთის კოდორის ხეობამდე პირდაპირი ხაზით 430 კმ-ია, რაც Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის საბრძოლო მოქმედების რადიუსის ზედა ზღვარია და მოითხოვს საწვავის დამატებითი ავზების ჩამოკიდებას, რაც ამცირებს საბრძოლო დატვირთვას.

3-d-1738838454.jpg
თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტო-პრიმორსკო-ახტარსკის რუსული სამხედრო აეროდრომი აფეთქებამ გაანათა...

ამიტომაც, აგვისტოს ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის გენერალიტეტმა Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ნაწილი პრიმორსკო-ახტარსკის სამხედრო აეროდრომიდან 121 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით გადააფრინა კრასნოდარის აეროდრომზე.

კრასნოდარის სამხედრო აეროდრომიდან კოდორის ხეობამდე მანძილი პირდაპირი ხაზით კი 310 კმ-ია,რამაც რუს ოკუპანტებს საშუალება მისცა კრასნოდარიდან დაეწყოთ საჰაერო შეტევები მეორე ფრონტზე-კოდორის ხეობაში, მაშინ როდესაც აგვისტოს ომის პირველ ფრონტზე-შიდა ქართლის ქართულ ქალაქებსა და სოფლებზე დაბომბვებს ჩრდილო ოსეთის მოზდოკის სამხედრო აეროდრომიდან (მოზდოკის აეროდრომიდან ცხინვალამდე პირდაპირი ხაზით 180კმ-ია,გორამდე კი 203 კმ) აფრენილი რუსული მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავები ახოციელებდნენ...