ილჰამ ალიევმა პუტინს შეუტია?! - რატომ დაიხურა ბაქოში "რუსული სახლი"
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ბაქომ „რუსული სახლი“ დახურა. რა შუაშია ამერიკული „იუესაიდი“ (USAID)?“, რომელშიც, ბაქოს მორიგი ანტირუსული დემარშის ფონზე, გაანალიზებულია აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობის გაუარესების მიზეზები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ პროექტი - „რუსული სახლი“ („რუსსკიი დომი“) დახურა.
„როსსოტრუდნიჩესტვო“ ანუ რუსეთის ფედერალური სააგენტო დსთ-ის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებში, 2008 წელს შეიქმნა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულების საფუძველზე.
როგორც ადგილობრივი პრესა წერს, „აზერბაიჯანის ხელისუფლებას მეტად აღარ სურს, მოითმინოს გარედან ჩარევები“. სხვათა შორის, იგივე ბედი ეწია რამდენიმე დღის წინ ამერიკული „იუესაიდის“ ადგილობრივ წარმომადგენლობას. ბაქოში ორივე ორგანიზაციას „რბილი ძალის“ გამტარებლად თვლიან - აშშ-ისა და რუსეთის მხრიდან.
„აზერბაიჯანი თვითონ არის სხვადასხვა ორგანიზაციის დონორი და მას გარედან დახმარება არ სჭირდება, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში, როცა ე.წ. დახმარება ფარული სქემებისა და გაუმჭვირვალე პროექტებით ხდება, იმ ორგანიზაციების მიერ, რომელთა საქმიანობა სადაზვერვო-ჯაშუშურ ხასიათს ატარებს“, - ასეთი ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანულმა გამოცემამ Report-მა, თავისი წყაროების მონაცემების თანახმად.
ფორმალურად კი აზერბაიჯანის ხელისუფლება „რუსული სახლის“ დახურვის მიზეზად რეგისტრაციის არარსებობას ასახელებს: „რუსული საინფორმაციო-კულტურული ცენტრი „რუსსკიი დომი“, რომელიც „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობად ითვლება აზერბაიჯანში, არ არის დარეგისტრირებული იურიდიული პირის სახით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის - აიხან გაჯიზადეს განცხადებაში.
თავის მხრივ, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელის - ევგენი პრიმაკოვის (აწ გარდაცვლილი რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილის) თქმით, ორგანიზაცია თვითონვე დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა რეგისტრაციას, „მაგრამ ჩვენი მოწოდებები უპასუხოდ და რეაგირების გარეშე რჩებოდა“.
„რუსული სახლები“: დაზვერვა კულტურის ნიღბით?
ადგილობრივი პროსამთავრობო მასმედია დიდი ხანია, ბაქოში არსებულ „რუსულ სახლს“ აკრიტიკებს. მაგალითად, ბაქოს ტელეარხის - Baku TV-ის ეთერში იანვარში გავიდა გადაცემა, რომლის დროსაც ითქვა, რომ „რუსული სახლი“ შენიღბულია, თითქოსდა, რუსული კულტურის პროპაგანდით და რეკლამირებით, სინამდვილეში კი რუსეთის დაზვერვის ბუდეს წარმოადგენს“.
ამის შემდეგ მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, აზერბაიჯანის ელჩი რახმან მუსტაფაევი გამოიძახეს და მას აცნობეს, რომ კრემლი უკმაყოფილოა აზერბაიჯანული ტელევიზიის მიერ ეთერში გაშვებული მასალით. საერთოდ, ისიც უნდა ითქვას, რომ Baku TV ცნობილია თავისი აშკარა პროსამთავრობო საინფორმაციო კურსით და ხშირად ასრულებს ხელისუფლების „დავალებებს“, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და ილჰამ ალიევის რეჟიმის კრიტიკოსების საქმეთა „გამოძიებსზე“. ბევრ მათგანს საბოლოოდ იჭერდნენ და საპყრობილეებში გზავნიდნენ.
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობები - „რუსული სახლები“ მსოფლიოს ათობით ქვეყანაში არსებობენ. თვითონ ამ ფედერალურ უწყებას დასავლური სანქციები აქვს გამოცხადებული (მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიმაკოვის ჩათვლით) 2022 წლიდან, მაგრამ „რუსული სახლები“ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე მუშაობენ.
რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, „რუსული სახლები“ მხარს უჭერენ და პროპაგანდას უწევენ რუსული ენის შესწავლას საზღვარგარეთ, ატარებენ პოეზიის კონკურსებს, საბავშვო ღონისძიებებს, კონცერტებს, რუსი მომღერლების მონაწილეობით, აჩვენებენ რუსულ კინოფილმებს, დგამენ სპექტაკლებს და ა.შ.
ბაქო: „მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“
ხუთ თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე, ერთი მილიონი დოლარის ოდენობით. მთლიანად აზერბაიჯანმა, 2022 წლიდან დაწყებული, უკრაინას 40 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია.
ილჰამ ალიევმა რუსეთ-უკრაინის ომს „ორივე ხალხის დიდი ტრაგედია“ უწოდა და განაცხადა: "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას, ამას ღიად ვაცხადებთ და ბუჩქებში არ ვიმალებით“. თუმცა, დახმარებაც არის და დახმარებაც: აზერბაიჯანი კიევს იარაღს არ აწვდის.
ბაქოში სტიქიური საპროტესტო აქციები ტარდებოდა უკრაინის მხარდასაჭერად, რაც აზერბაიჯანისათვის დამახასიათებელი არ არის: ბაქოს პოლიცია ჩვეულებრივად მყისეულ რეაგირებას ახდენს ნებისმიერ პიკეტსა თუ რაიმე აქციაზე. როცა დემონსტრანტები ჯერ უკრაინის, შემდეგ კი - რუსეთის საელჩოს წინ იკრიბებოდნენ, პოლიცია ახლომახლო საერთოდ არ გამოჩენილა. აზერბაიჯანის პრესა პოზიტიურად აშუქებდა აზერბაიჯანელი მეომრების მონაწილეობას უკრაინის მხარეს. ბატალიონი „აიდარი“, „ქართულ“ ბატალიონთან ერთად იბრძვის რუსეთის არმიის წინააღმდეგ. ბევრმა „უკრაინის გმირის“ წოდებაც მიიღო.
თვითმფრინავის კატასტროფა: მოთმინების ფიალა აივსო?!
თუმცა „რუსული სახლის“ დახურვა შეიძლება უკრაინის ომს პირდაპირ არ უკავშირდება და უფრო მეტად სხვა მიზეზებით არის გამოწვეული.
რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა განსაკუთრებით გაუარესდა გასული წლის დეკემბრის ბოლოს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის - Embraer 190-ის კატასტროფის შემდეგ. ავიალაინერი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, მაგრამ აქტაუში (ყაზახეთში) ჩამოვარდა. ექსპერტების თქმით, გროზნოს თავზე, სადაც უკრაინული დრონების შეტევა დაიწყო, თვითმფრინავს რუსების მიერ გაშვებული რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა, დაზიანდა, რუსმა ავიადისპეტჩერებმა (როგორც ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით) Embraer 190 ყაზახეთში, აქტაუს აეროპორტში დასაშვებად გაუშვეს (იმ იმედით, რომ დაზიანებული თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩავარდებოდა), თუმცა ეკიპაჟმა შეძლო ზღვის გადაფრენა და აქტაუს აეროპორტთან ახლოს დაეშვა, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 ცოცხალი გადარჩა.
აზერბაიჯანმა არ დაუჯერა რუსული პრესის მიერ დასახელებულ ავარიის მიზეზებს, თითქოსდა, თვითმფრინავში გაზის ბალონი აფეთქდა და რეაქტიული ძრავა ფრინველებმა დააზიანეს. მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ტელეფონით დაურეკა, მოუბოდიშა და მწუხარება გამოხატა ავიაკატასტროფის გამო, მაგრამ ილჰამ ალიევმა დაბეჯითებით მოითხოვა მომხდარი ტრაგიკული ფაქტის ყოველმხრივი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.
აზერბაიჯანში ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებს და მგზავრებს, როგორც ეროვნულ გმირებს, ისე შეხვდნენ, დაღუპულები კი დიდი პატივით დაკრძალეს. პროსამთავრობო პრესა აღფრთოვანებით წერდა ილჰამ ალიევის გაბედულებაზე, რომელიც თვით ვლადიმერ პუტინს არ შეუშინდა და რუს კოლეგას მტკიცედ მოსთხოვა კომპენსაციის გადახდა, აგრეთვე, დამნაშავე რუსი ავიადისპეტჩერების და სამხედროების დასჯა.
ძლიერი აზერბაიჯანი უცხო „რბილი ძალის“ წინააღმდეგ
2020 წელს მთიან ყარაბაღში გამარჯვების შემდეგ, აზერბაიჯანი, პროსახელისუფლებო პრესის საშუალებით, ხშირად პოზიორობს როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის უძლიერესი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, თავისი საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს და არ მოითმინოს უცხოური ჩარევები საშინაო საქმეებში.
„რუსული სახლის“ დახურვის ფაქტის გაშუქებისას ადგილობრივი პროსამთავრობო პრესა ამერიკული „იუესაიდის“ წარმომადგენლობის დახურვასთან გარკვეულ პარალელს ავლებს, რომლის საქმიანობა აზერბაიჯანში იანვრის დასაწყისში შეწყდა. საგარეო საქმეთა მინისტრის - ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, „იუესაიდი“ არა მარტო აშშ-ის ხელისუფლების ინტერესებს ატარებდა, არამედ გაუმჭვირვალედაც მოქმედებდა.
პროსამთავრობო ექსპერტების თქმით, უცხოური ორგანიზაციები, რომლებსაც აზერბაიჯანში საქმიანობა სურთ, ვალდებულები არიან, პატივი სცენ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ილჰამ ალიევმა ბრალი დასდო ევროკავშირს და აშშ-ს „ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის“ გატარებაში. მანვე განაცხადა, რომ ადგილობრივი მასმედია უცხოური ფინანსების 1%-საც კი ვეღარ მიიღებს. აზერბაიჯანელმა ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ბოლო ერთ წელიწადში იმ ადამიანების ყველაზე მასშტაბური დაჭერები განახორციელეს, რომლებიც, მათი აზრით, უცხოელ დონორებთან თანამშრომლობდნენ.
ადგილობრივ დამკვირვებლებს იმ დროს კითხვები გაუჩნდათ - შეძლებს თუ არა ილჰამ ალიევი რუსეთის „რბილი ძალის“ მიმართაც სიმკაცრე გამოიჩინოს, ისევე, როგორ ევროპელებსა და ამერიკელებს მოექცა?
როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ კითხვისათვის პასუხი გაეცა პრაქტიკული გადაწყვეტილებით - დახურა „რუსული სახლი“.