ბონდი, პამელა ბონდი: ტრამპის "დიმიტრი გელოვანი" - დაიწყო თუ არა "დიდმა დონალდმა" შურისძიება მათზე, ვინც კაპიტოლიუმის შტურმს იძიებდა?! - კვირის პალიტრა

ბონდი, პამელა ბონდი: ტრამპის "დიმიტრი გელოვანი" - დაიწყო თუ არა "დიდმა დონალდმა" შურისძიება მათზე, ვინც კაპიტოლიუმის შტურმს იძიებდა?!

გვინდა, თუ არ გვინდა მთელი ყურადღება ვაშინგტონისკენაა მიპყრობილი. აშშ–ის ახალი ადმინისტრაცია ძალზე საინტერესო (ხშირად საკამათო) კადრებით კომპლექტდება, თან პრეზიდენტი ტრამპიც არ გვაძლევს მოწყენის საშუალებას. ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა და ახდენს მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ და ლოკალურ პროცესებზე. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძლიერი და სტაბილური ამერიკა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის გარანტიაა. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, ე.ი. ჩვენი ხედვა ძირეულად არ ემთხვევა და დროს ნუ დაკარგავთ ამ სტატიის წაკითხვაზე!

ტრამპის ადმინისტრაციის წარმატება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ამიტომ შეგვტკივა გული ვაშინგტონში მიმდინარე პროცესებზე. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტერს უხარია ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკად გაყოფილი, საერთაშორისო არენაზე დასუსტებული და დასაცინად გამხდარი ამერიკის ხილვა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ჯერ ოცი დღეც არ გასულა და ამ პერიოდში სკანდალი არ მოჰკლებია თეთრი სახლის საკადრო გადაწყვეტილებებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე დონალდ ტრამპმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების კანდიდატები დაასახელა. ყველაზე მეტი შეშფოთება ტრამპის ოთხმა რჩეულმა დაიმსახურა: მეთ გეცმა (აშშ-ის იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის პოსტზე); პიტერ ჰეგსეთმა (აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე), ტულსი გაბარდმა (ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე) და კეშ პატელმა (გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე). საინტერესოა, რომ ამ კანდიდატურების კრიტიკით ამერიკის კონგრესში არა მარტო დემოკრატიული, არამედ - თავად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებიც გამოდიოდნენ. შენიშვნები ეხებოდა, როგორც მათ პროფესიონალიზმს, ასევე - პიროვნულ თვისებებსაც.

აშშ-ის სახელისუფლებო სტრუქტურაში იუსტიციის მინისტრის, რომელიც იმავდროულად ქვეყნის გენერალური პროკურორიცაა, პოსტი მართლაც რომ უნიკალურია. ფაქტობრივად, ეს ფედერალური უწყება პასუხისმგებელია ეროვნული უსაფრთხოების შიდა სეგმენტზე, რაც აერთიანებს: სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლას; ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთას; საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას. ასევე, ის აკონტროლებს ფედერალურ ციხეებს, ახორციელებს საპროკურორო ზედამხედველობას და ა.შ.

ვინ შეიძლება ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე დაინიშნოს? მხოლოდ და მხოლოდ „დიმიტრი გელოვანი“!

picture3-1738909864.jpg

დონალდ ტრამპი და მეთ გეცი

თუმცა დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურა ძალზე, ძალზე შორს იყო „ქართული სრულყოფილებისგან“. განათლებით იურისტი მეთ გეცი ფლორიდაშია დაბადებული, 2010–2014 წლებში ამ შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო, 2016 წლიდან კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი გახდა. მეთ გეცი დონალდ ტრამპის მხურვალე მომხრეა და იმდენად აფასებს ტრამპის მიღწევებს, რომ 2018 წელს მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის წარდგენას... ნობელის მშვიდობის პრემიაზე, ჩრდილოეთ კორეასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ტრამპის როლისთვის. თუმცა მეთ გეცის ბიოგრაფიაში ჟურნალისტებმა იმდენი „შავბნელი“ საქმე ამოქექეს, რომ რესპუბლიკელმა სენატორებმაც კი შეიცხადეს მისი კანდიდატურის მხარდაჭერა. მეთ გეცი იძულებული გახდა, უარი ეთქვა სენატში მისი კანდიდატურის განხილვაზე.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პამელა ბონდის კანდიდატურა წარადგინა. ქალბატონი პამელაც, რა თქმა უნდა, ფლორიდაშია დაბადებული. განათლებით იურისტია. 2011-2019 წლებში ფლორიდის შტატის გენერალური პროკურორი იყო. რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერი ხშირად ჩანდა Fox News-ზე, რაც ხელს უწყობდა მისი პოპულარობის ზრდას. 2020 წელს პამელა ბონდი პირველი იმპიჩმენტის სასამართლო პროცესის დროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ადვოკატი გახლდათ. ასე რომ, ახალი პრეზიდენტის სრული ნდობით სარგებლობს. ქალბატონ ბონდს სულ მალე მოუწევს თავისი შეფისთვის ერთგულების დამტკიცება: მან უნდა გაწმინდოს იუსტიციის სამინისტრო და, პირველ რიგში, გამოძიების ფედერალური ბიურო... დონალდ ტრამპის მტრებისგან. იუსტიციის მინისტრის დავალებით უკვე დაიწყო იმ თანამშრომლების გამოვლენა და დევნა, ვინც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრის გამოძიებასთან იყვნენ დაკავშირებულები. ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ დანაშაულისთვის გასამართლებულები შეიწყალა და განაცხადა, რომ ისინი უბრალოდ აპროტესტებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, თან საარჩევნო კამპანიის დროს მე ვთქვი, რომ ამას გავაკეთებდი და ჩემი სიტყვა შევასრულეო.

picture2-1738909864.png

პამელა ბონდი და დონალდ ტრამპი

ამის შემდეგ კი დაიწყო იმ „კუდიან“ პროკურორებზე და გფბ-ის აგენტებზე ნადირობა, რომლებიც ამ დანაშაულის გამოძიებაში მონაწილეობდნენ. პამელა ბონდის სამიზნეა, აგრეთვე, ის პროკურორები და გფბ-ს აგენტები, რომლებიც მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო შენახვის ფაქტების გამოძიებაში და ფლორიდაში მდებარე მისი „მარ-ა-ლაგოს“ სახლის ჩხრეკაში. 2025 წლის 31 იანვარს აშშ-ის გენრალური პროკურორის ახალმა მოადგილემ, დონალდ ტრამპის კიდევ ერთმა ყოფილმა ადვოკატმა, ემილ ბოუვმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელებს, რომლებიც ჯერ კიდევ ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, მოსთხოვა იმ ძირითადი თანამშრომლების მონაცემების გადაგზავნა, რომლებიც „6 იანვრის“ საქმის გამოძიებაზე მუშაობდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი იყო ბატონი ბოუვის აღშფოთება, როდესაც გფბ-დან... 5000 თანამშრომლის მონაცემი მიიღო. ყველას ხომ ვერ გაათავისუფლებდა სამსახურიდან? გამოძიების ფედერალურ ბიუროშიც ჰქონიათ იუმორის გრძნობა! თუმცა ემილ ბოუვმა ეს საბოტაჟად ჩათვალა და განაცხადა: ყველას, ვინც აშკარად უგულებელყოფს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის ბრძანებას გავათავისუფლებთ სამსახურიდანო.

picture1-1738909864.jpg

ემილ ბოუვი და დონალდ ტრამპი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე

ხომ გაგიგიათ: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“, - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის მთავარ კონტრდაზვერვით სტრუქტურას (გამოძიების ფედერალურ ბიუროს) ეხება, უკვე აჩენს კითხვის ნიშნებს: ადგილი ხომ არ აქვს „პარტიული სპეცსამსახურისა“ და „პოლიტიკური პოლიციის“ ფორმირებას, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული? სამწუხაროდ, როგორც ზემოთ დავინახეთ, ამ ვარაუდის საფუძველი უკვე არსებობს.