"საქართველოში მოლოდინია, ტრამპი მოგვხედავსო, მაგრამ..." - მოიცლის თუ არა "დიდი დონალდი" ქართული პოლიტიკური კრიზისისთვის?! - კვირის პალიტრა

"საქართველოში მოლოდინია, ტრამპი მოგვხედავსო, მაგრამ..." - მოიცლის თუ არა "დიდი დონალდი" ქართული პოლიტიკური კრიზისისთვის?!

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 3 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკაა განხილული.

თორნიკე შარაშენიძე:

- რუბიო აშკარად უსვამს ხაზს, რომ წინა ადმინისტრაციის ბრალია უკრაინაში ომის მიმდინარეობა. ეს ნიშნავს, რომ შეეცდებიან ომი დაასრულონ და, თუ ვერ დასრულდება ისე, როგორც ამერიკის ინტერესებს სჭირდება, დააბრალებენ წინა მთავრობას, ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, ნუ მოგვთხოვთ მათ მაგივრად პასუხსო. თუმცა, ვფიქრობ, მაინც დასჭირდება მშვიდობის მიღწევა ისე, რომ მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებს ორივე მხარეს - უკრაინა-დასავლეთსაც და რუსეთსაც. ეს კი, მგონი, იოლი არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ძალიან დიდი მადა აქვს, რომელიც ბოლო დროს სამხედრო წარმატებასთან ერთად უფრო გაეზარდა; დასავლეთსაც სჭირდება რაღაც კონკრეტული ამხელა დახმარების შემდეგ. ევროპამ ამ ომის გამო დიდი ეკონომიკური ზარალი ნახა, ამერიკამ - ნაკლებად და რა აქედან? ამიტომ კომპრომისის მიღწევა რთული იქნება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ წელს ეს ომი დასრულდება.

- ვითარება მოლაპარაკებისთვის მზადაა?

- არის და პროცესიც მზადაა, მაგრამ ორივე მხარე, აშშ-ც და რუსეთიც, დარწმუნებული არიან საკუთარ თავში და გამოირჩევიან სიჯიუტით. ამიტომ ორივე შეეცდება თავისი გაიტანოს. ამიტომაც არ იქნება იოლი მოლაპარაკება. ის, რომ ტრამპს ომის დამთავრება უნდა, შესაძლოა რუსებისთვის გარკვეულწილად უპირატესობაც იყოს, რადგან იციან, რომ ეს მას სურს.

- პუტინი-ტრამპის შეხვედრაა გაურკვეველი და ეს ვისი უპირატესობაა? ან როდის შედგება, როდესაც შეთანხმებული იქნება ქვედა დონეზე, თუ უშუალოდ ტრამპი და პუტინი გადაწყვეტენ პირისპირ მოლაპარაკების დროს?

- რა თქმა უნდა, წინასწარ რაღაცაზე შეთანხმდებიან და ისე არ დაეტაკებიან ერთმანეთს, რადგან არსებობს რისკი, რომ შეხვედრა აბსოლუტურად უშედეგოდ დამთავრდეს. სავარაუდოდ, ორივე მხარეს ეცოდინება, მეორე მხარე რისთვის არის მზად და მერე გაიმართება შეხვედრა.

ტრამპისთვის გადამწყვეტი იქნება რამდენიმე საკითხი. საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მას რამდენიმე წარმატება სჭირდება: პირველი - ომის დასრულება და თუკი ეს მოახერხა, წარმატებად ჩაიწერს. შესაძლოა ვერ მიიღოს რაღაცები, რაც უნდოდათ, მაგრამ იტყვის, რა ჩემი ბრალია, ბაიდენმა გააფუჭა საქმე და მე ვეღარაფერს გამოვასწორებო; მეორე - შეეცდება ახალ სავაჭრო პირობებზე დაითანხმოს პარტნიორები, ევროპა და კანადა; მესამე - შეეცდება ახლო აღმოსავლეთში მიაღწიოს უფრო მდგრად მშვიდობას ისრაელის ინტერესების გათვალისწინებით. ასევე საინტერესოა, ირანის საკითხში როგორ პოლიტიკას აირჩევს. საქართველოში დიდი მოლოდინია, მოგვხედავსო. მთავრობა ამბობდა, როგორც კი მოვა, დავლაგდებითო, მეორე მხარე გაიძახოდა, ეგრევე სანქციებს დაადებს "ოცნებასო". საქართველოსთვის ახლა მას, ცხადია, არ სცხელა. გრანდიოზული გეგმები აქვს, კანადის შემოერთებით დაწყებული, გრენლანდიის ყიდვით დამთავრებული და რა დროს საქართველოა! საქართველოში საერთაშორისო პოლიტიკაზე გადაჭარბებული შეხედულება აქვთ, თითქოს ამერიკის პრეზიდენტები 24 საათი საქართველოზე ფიქრობენ. ყველაზე კარგი ის იქნება, ობიექტურად შევხედოთ ყველაფერს.

წაიკითხე ვრცლად