"მახსოვს, კანდიდ ჩარკვიანის ნარკვევზე ირონიული წარდგენა გავაკეთე და კოტე ყუბანეიშვილმა და ირაკლი ჩარკვიანმა შეუპოვარი ბრძოლა გამართეს. ბოლოს მეფემ შეიძინა სარეკორდო ფასად"
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორების ჩამონათვალი 1846 წლიდან იღებს სათავეს. ამ დაწესებულების საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი მათთან დაკავშირებულ ამბებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ თითოეულმა დირექტორმა გარკვეული წვლილი შეიტანა ბიბლიოთეკის ცხოვრებაში და არ ყოფილა არცერთი, რომელიც ისტორიაში არ დარჩენილა.
ლევან თაქთაქიშვილი:
- მნიშვნელობა არა აქვს იმას, რამდენ ხანს გრძელდებოდა ამა თუ იმ პიროვნების ხელმძღვანელობის დრო. ბატონ ნოდარ წულეისკირის დირექტორობა რამდენიმე თვეში ამოიწურა (1991 წლის 9 ივლისი - 1992 წლის 19 მარტი), მან პუტჩის მერე "ქუდი დაიხურა" და თვითონ წავიდა, არავის გაუთავისუფლებია. ბატონი ნოდარის შემდეგ დაბრუნდა კაკო ძიძიგური, რომელიც ზვიად გამსახურდიას მოსვლისას წავიდა, ისიც არავის გაუთავისუფლებია. ბატონი ნოდარი დარჩა ისტორიაში, როგორც უპატიოსნესი და მოკრძალებული დირექტორი, რომელიც წიგნთსაცავის მდგომარეობით დაინტერესებულა.
აი, პუტჩის ფონზე დაბრუნებულმა აკაკი ძიძიგურმა თავისი ბუნებრივი თვისებებით ის მოახერხა, რომ პუტჩთან არ აღმოჩნდა ასოცირებული. პირიქით, როდესაც სახელმწიფო საბჭომ ბიბლიოთეკისათვის ადმინისტრაციული კორპუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, ბატონმა კაკომ აიღო ყურმილი და თან, თავის აღელვებულ მოადგილეს - მერაბ ვეკუას უთხრა, დაწყნარდი და აქ დაჯექიო (მერაბისგან ვიცი ეს ამბავი). რამდენიმე წუთში, ბატონ ლაშა თაბუკაშვილს ეუბნება ტელეფონში: ლაშა, კაკო ვარ ძიძიგური, ბიბლიოთეკიდან გირეკავ, იცოდე, ამ შენობაში ვერავინ შემოვაო. ჯაბას ჩემი სახელით და თქვენი ოჯახის სახელით გადაეციო. მორჩა. ასეთივე წარმატებით მოიშორა კულტურის სამინისტროს დიდმოხელე: ასაკის მიხედვით შემცირებას რომ მთხოვთ, ფეხბურთის გუნდი კი არ არის, ეს ბიბლიოთეკააო. ჩემი მონაცემებით, ბოლოს უპირებდნენ პენსიაზე გაეშვათ, კომისიაც შეუქმნეს, მაგრამ
რადგან სიმსივნე დაუდგინდა, დააცადეს დარჩენილი დღეები... ახდა ბატონი კაკოს სიტყვები: მე „პაჟიზნენნი“ დირექტორი ვარო.
ერთ დილას, მივედი სამსახურში და ამბავი დამხვდა - დირექტორად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნაო.
ახალი დირექტორი ბიბლიოთეკას ათვალიერებდა, დავინახე და გამახსენდა: წინა დღეს ამ კაცმა ბიბლიოთეკაში შემოსვლისას მკითხა, ქსეროქსის აპარატი სადააო და მივუთითე. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ის ჩვენი დირექტორი ყოფილა. რამდენიმე დღეში მდივანმა დარეკა ჩვენს ოთახში და იშვიათ გამოცემათა განყოფილების ხელმძღვანელს, ჩემს უშუალო უფროსს ფერიდე კვაჭანტირაძეს უთხრა: თაქთაქიშვილს დირექტორი თხოულობსო. ავედი. თქვენზე მესაუბრნენ, კარგი სახელით სარგებლობთო... წიგნები მანახა: რას ფიქრობთ ამ წიგნებზეო? დავათვალიერე. წიგნები გერმანული იყო, გერმანული იცითო? არა-მეთქი. უიო... გაჩერდა. მივხვდი, უნდოდა ეთქვა, მაშინ რაღას მეტყვითო. ბატონო ალიკო... და დავიწყე ამომწურავი ინფორმაციის მიცემა, მფლობელიც დავუსახელე, წინა მფლობელებიც. ვის უნდოდა გაეყიდა და რამდენად? რატომ ვერ ყიდდა? ბატონ ალიკოს სიცილი აუვარდა. ისიც ვუთხარი, არ ღირს ამის ყიდვა, გამყიდველთან ვერ მოვრიგდებით-მეთქი. საუბრისას ვგრძნობდი მის სითბოსა და მხარდაჭერას.
ამის შემდგომ არაერთი საათი გაგვიტარებია მის კაბინეტში. არ დამავიწყდება ის ორი საღამო, როცა აუქციონს ამზადებდა ბიბლიოთეკა - „დამშვიდობება საბჭოთა ლიტერატურასთან“ - ასე ერქვა, სადაც გამოტანილი იყო 1984 წელს საქართველოს სარაიონო ბიბლიოთეკებიდან ჩამოწერილი საბჭოთა პოლიტიკური ლიტერატურის ჭარბი ერთეულები. ეროვნული ბიბლიოთეკის ძირითადი ფონდებიდან ამ აუქციონზე წიგნები არ გატანილა, თუ არ ჩავთვლით დეპოზიტარიუმში ათეული წლების წინ გადაცემული ლენინის მეოთხე გამოცემის ჭარბ ეგზემპლარებს. ბატონ ალიკოს ვკითხე, ვინ წაიყვანდა აუქციონს? რუსუდან ბოლქვაძე და კოტე მახარაძეო, მითხრა. მოვიდა ქალბატონი რუსუდანი, გამაცნო ბატონმა ალიკომ და ეუბნება: რუსიკო, ეს იქნება შენი პარტნიორი აუქციონზე, კარგი ბიჭიაო! თვალთ დამიბნელდა... თურმე კოტე მახარაძე ისე მითხრა, მისი მოწვევა არც უფიქრია. მეორე დღეს შუაში ჩაგვიჯდა და სამივემ ერთად ჩავატარეთ ბიბლიოთეკის მხარდამჭერი აქცია.
ეს, პრაქტიკულად, მაკულატურა, ძირითადად, ბატონი ალიკოს ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა, პარლამენტის წევრებმა შეიძინეს.
მე დავალებული მქონდა, გამოცემებში მომეძებნა კურიოზული შინაარსის ტექსტები. მახსოვს, კანდიდ ჩარკვიანის ნარკვევზე ირონიული წარდგენა გავაკეთე და კოტე ყუბანეიშვილმა და ირაკლი ჩარკვიანმა შეუპოვარი ბრძოლა გამართეს. ბოლოს მეფემ შეიძინა სარეკორდო ფასად - 300 ლარად. ეს იყო წიგნი შვებულებაში გამსვლელთა სახსოვრად, სადაც ეწერა, რომ ვინც შვებულებაშია წასული, მას უნდა ახსოვდეს და უფრთხილდებოდეს სხვის შრომას, ამიტომ ტუალეტში არ უნდა აბინძურებდესო. აუქციონიდან შემოსული თანხა მესამე კორპუსის დარბაზის სახურავის შეკეთებას მოხმარდა. ეს დარბაზი ბატონი ალიკოს დირექტორობისას გახდა საგამოფენო. იქამდეც იმართებოდა გამოფენები, თუმცა უსისტემო და დაბალი დონის. ამ დარბაზში ჩატარდა პეტრე ოცხელის ფანტასტიკური გამოფენა, მარინა ივანიშვილის ნამუშევრების გამოფენა, 1937 წლის რეპრესირებულთა...
ბედნიერება მქონდა ხელმძღვანელად მყოლოდა 6 შესანიშნავი პიროვნება, ყველა იყო სრულიად არაორდინალური და პატივსაცემი. ფერიდე კვაჭანტირაძე მენატრება, რომელმაც მიმიყვანა ბიბლიოთეკაში და რომლის ოცნებაც იყო წიგნის მუზეუმის შექმნა. ის ყოველ ჯერზე შედიოდა ახალდანიშნულ დირექტორთან და ეუბნებოდა - წიგნის მუზეუმი უნდა გახსნაო. გიორგი კეკელიძემ აუსრულა ეს ნატვრა. არ დამავიწყდება პრესის მუზეუმის გახსნა, ყველა გაზეთი ერთ დარბაზში, ფოლკლორის დარბაზი, გურამ შარაძის კაბინეტის გახსნა... ნოსტალგია მაქვს ძველ დირექტორებთან შექმნილი საქმეებისადმი და ამავე დროს, სიახლის დიდი სურვილი მაქვს.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)