უკრაინელები კურსკში შეტევაზე გადავიდნენ - რამდენი სოფელი დაიკავა ზელენსკის არმიამ და რა ხდება ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებების ზონაში?
2025 წლის 6 თებერვალს ნახევარი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინამ წარმოუდგენელი შეძლო და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად დაიწყო კრემლის მიწების - კურსკის ოლქის ოკუპაცია...
ეს თარიღი უკრაინელმა სამხედროებმა თავისებურად აღნიშნეს და 6 თებერვალს ახალი შეტევა წამოიწყეს რუსეთის იმავე კურსკის ოლქში...
ნახევარწლიანი ოკუპაციის პერიოდში უკრაინის საექსპედიციო კორპუსმა თავიდან კი შეძლო 1 000 კვ.კმ-ზე მეტი ფართობის დაპყრობა კურსკის ოლქში, მაგრამ მას შემდეგ რუსეთის მხარემ მოახერხა ნახევრის უკან დაბრუნება და 6 თებერვალს დაწყებულ ახალ უკრაინულ შეტევას დამატებითი დატვირთვა ჰქონდა, როგორც წმინდა სამხედრო, ისე -პროპაგანდისტული თვალსაზრისითაც.
პოლიტიკური პიარის სახით, პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა ცდილობს, რუსეთის კურკის ოლქის ნაწილის ოკუპაცია წარმოადგინოს დიქტატორ პუტინის უდიდეს სისუსტედ და სირცხვილად, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად, ოკუპირებული რუსული მიწების გათავისუფლება მთელი ნახევარი წლის განმავლობაში ვერ შეძლო“...

ამასთან, ოკუპირებული კურსკის ოლქის ნაწილით კიევი აუცილებლად დაიწყებს სამხედრო-პოლიტიკურ ვაჭრობას მოლაპარაკების მაგიდასთან, თუკი აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა მაინც შეძლო თავისი რუსი და უკრაინელი კოლეგების ამ მაგიდასთან პირისპირ დასმა.
რაც შეეხება სამხედრო ასპექტს, აქ თავისი გათვლებია - საქმე ის არის, რომ კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაციის ექვსი თვის თავზე უკრაინული დაჯგუფების შეტევა განხორციელდა უკვე ოკუპირებული ქალაქ სუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 7 კმ-ში, დასახლებული პუნქტების - მახნოვკის, ჩერკასკაია კონოპელკას, ულანოვკისა და ფანასეევკას მიმართულებით.
ეს მიმართულება აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ქალაქ კურსკიდან, რაც ერთი მხრივ გაკვირვებას იწვევს -ლოგიკით, უკრაინის საექსპედიციო კორპუსი თითქოს უფრო ჩრდილოეთით შეტევებზე უნდა ფიქრობდეს...
მაგრამ ლოგიკის გარდა არის კიდევ წმინდა სამხედრო აუცილებლობა - ქალაქი სუჯა ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტია, ოკუპირებული კურსკის ოლქის ნაწილში, რომელსაც უკრაინელები ნახევარი წელია, სრულად აკონტროლებენ და ეს ყველაზე მეტად აღიზიანებთ კრემლში.
ამიტომაც პუტინის კატეგორიული მოთხოვნით, რუსეთის არმია ცდილობს, მთავარი შეტევა სწორედ სუჯაზე მიიტანოს, აღმოსავლეთიდან, მათ შორის - პლეხოვოდანაც, რათა უკრაინელი სამხედროები გაყარონ ამ რუსული ქალაქიდან, რის შემდეგაც კიევის „კურსკის ოპერაცია“ ძირითად აზრს დაკარგავს.
გარდა ამისა, თუკი უკრაინელების გუშინდელ-დღევანდელი შეტევა სუჯიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით წარმატებით განვითარდება,უკრაინის გენშტაბს შეეძლება, ჩრდილოეთიდან ალყაში მოაქციოს პლეხოვო (გადაუჭრას მას ჩრდილოეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა), ხოლო სამხრეთიდან კი უკვე უკრაინის საზღვარია, საიდანაც პლეხოვო სულ რაღაც სამიოდე კმ-ში მდებარეობს...

6-7 თებერვლის ცნობები კურსკის ოლქის ამ რაიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე მაინც ცალმხრივია, რადგან უკრაინის გენშტაბი, ტრადიციულად, დუმილს ამჯობინებს, რუსული პროპაგანდა კი თავიდან გაჰყვიროდა, რომ შეტევაზე გადასული უკრაინელების სამ ბატალიონს თითქოს 50-მდე ჯავშანტექნიკა აუფეთქეს, მათ შორის - რვა ტანკი (ამერიკული „აბრამსის“ ჩათვლით) და გაუნადგურეს 200-მდე მებრძოლი (რამდენიმე უკრაინულ ჯავშანტექნიკაზე რუსული ოპტიკურბოჭკოვანი კაბელით მართული კამიკაძე-დრონის მოხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები მართლაც დაიდო)...
მეორე მხრივ, თავად რუსი სამხედრო ბლოგერები აღიარებენ, რომ უკრაინელებმა მაინც მოახერხეს ჩერკასკაია კონოპელკას და ფანასეევკას დაკავება, რისთვისაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-11 ბრიგადის მეთაური მოხსნეს რუსეთის გენშტაბისთვის არასწორი მონაცემების მიწოდებისა და თავდაცვის ზღუდის დატოვებისთვის.
ბრძოლები კურსკის ოლქის ამ ნაწილში ამჟამადაც მიმდინარეობს და ჯერ ძნელი სათქმელია, რით დამთავრდება, რადგან ორივე მხარე დამატებით ძალებს აგზავნის თავიანთი მიზნების მისაღწევად.
უკრაინის არმიის სარდლობისთვის შედარებით ადვილი უნდა იყოს ბრძოლების ამ რაიონის ლოგისტიკური უზრუნველყოფა, რადგან ის უშუალოდ ესაზღვრება უკრაინის სუმის ოლქს.
რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაციით კიევმა თავის ჩანაფიქრი ნაწილობრივ შეასრულა -კურსკის გასათავისუფლებლად პუტინმა არ შეაჩერა შეტევები უკრაინის დონბასში და არ გადაისროლა მთელი ძალები კურსკისკენ (რისი იმედიც ძალიან ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის), თუმცა მეორე მხრივ, ამ ქმედებით კიევმა საბრძოლო მოქმედებები თავად აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაიტანა და ამასთან არ დაუშვა რუსეთის საოკუპაციო არმიის ხელახლა შეჭრა კურსკიდან უკრაინის სუმის ოლქში...