„პუტინის ვირები“ ფრონტზე ანუ რუსული არმიის დეგრადაცია - ტანკებიდან „ჟიგულებამდე, „ჟიგულებიდან“ ვირებამდე?! - კვირის პალიტრა

„პუტინის ვირები“ ფრონტზე ანუ რუსული არმიის დეგრადაცია - ტანკებიდან „ჟიგულებამდე, „ჟიგულებიდან“ ვირებამდე?!

უკრაინის ომმა უკან დააბრუნა და ისევ აქტუალური გახადა მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საზენიტო ტყვიამფრვევები, რადგან შიდაწვისძრავიანი და ხრახნიანი „შაჰიდებთან“ ბრძოლა დიდად არაფრით განსხვავდება გერმანული „იუნკერსებისა“ თუ საბჭოთა „ილების“ მოიერიშე თვითმფრინავების ჩამოგდებისგან, მაგრამ ის, რომ 21-ე საუკუნის ომის ფრონტის ხაზზე...„საბრძოლო ვირებიც“ დაბრუნდებოდნენ, მართლაც მოულოდნელი გახლდათ...

არადა, „პუტინის ვირები“ მართლაც გამოჩნდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში და თანაც საბრძოლო შტატში-ისინი სრულ კვებით უზრუნველყოფაზე არიან დაყენებულნი და ფრონტის ხაზზე საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებენ, ეზიდებიან საბრძოლო საჭურველს, საკვებს, წყალს...

1-v-1739037135.jpg
ვირზე შემჯდარი პუტინის ფოტო ვერ მოვიძიეთ (ალბათ სოფელ მეტეხში ბავშვობაში ვირითაც დაჯირითობდა, როგორც ბოროტი ხმები ამტკიცებენ), მაგრამ ცხენიც გამოდგება, რადგან უკრაინის ფრონტზე ტანკებაფეთქებული ბურიატები უკვე ცხენებითაც გადადიან შეტევებზე...

ის, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ფართომასშტაბიანი ომის მესამე წლისთავზე სერიოზულ პრობლემებს განიცდის ტექნიკით უზრუნველყოფის მხრივ, თავად რუსი სამხედროებიც აღარ მალავენ.

დამოუკიდებელი ინტერნეტრესურსის Oryx-ის მიერ არსებულ ფოტო-ვიდეო მასალებზე დაყრდნობით დათვლილია, რომ 2025 წლის 8 თებერვლისთვის რუსეთის საოკუაციო ძალებმა ამ ომში საერთო ჯამში დაკარგა არანაკლებ 20 248 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 11 759 საბრძოლო ჯავშანმანქანა, რომლებიდანაც 3 737 ტანკი იყო.

2-v-1739037135.png
„პუტინის ვირები“ ფრონტის ხაზზე რუსი ოკუპანტების „შეიარაღებაში“...

ალბათ ესეც ხსნის, თუ რატომ გადადიან შეტევაზე რუსი ოკუპანტები ბოლო დროს უფრო ხშირად კარებმოხსნილი „ჟიგულებით“ (უფრო ადვილი რომ იყოს გადმოხტომა უკრაინული კამიკაძე-დრონის შეტევისას), ვიდრე საშტატო ქვეითთა საბრძოლო მანქანებითა ( განადგურებულია 5 453 „ბე-ემ-პე“) ან კიდევ ჯავშანტრანსპორტიორებით (განადგურებულია 1 700-მდე „ბე-ტე-ერი“).

მართალია „ვირებს“ ამერიკელი სამხედროებიც იყენებენ, მაგრამ ისინი... 21-ე საუკუნის რობოტიზირებული მექანიზმები არიან, რომლებსაც პენტაგონში მოფერებით „ჯორებს“ ეძახიან.

3-v-1739037134.png
როდესაც რუს ოკუპანტებს ამდენ ქვეითთა საბრძოლო მანქანას აუფეთქებ, შეტევაზე ვირებზე „ამხედრებულებიც“ კი წავლენ...

რუსეთის არმია კი იხსენებს საუკუნეების წინანდელ ომებს და წინა ხაზზე ჭურვებისა და ტყვია-წამლის მიტანა ისევ ვირებით დაიწყო...

ისე კი, შინაური ცხოველების სამხედრო საქმესა და ომებში გამოყენების შესახებ ამ ბლოგში უკვე ვწერდით 2024 წლის 24 ივლისის სტატიაში „ცხოველები ომებში - დივერსანტი დელფინები, "დანაღმული" ძაღლი, ციდან დრონის "ჩამომხსნელი" არწივი და ბიოლოგიურ იარაღად ქცეული მწერები“ და მას ეტყობა „პუტინის საბრძოლო ვირებიც“ უნდა მივუმატოთ...