ნაბიჭვრები ნაციონალურ არხზე - კვირის პალიტრა

ნაბიჭვრები ნაციონალურ არხზე

სათაურიდან გამომდინარე, ვინც ფიქრობს, რომ ამ პოსტით ერთ-ერთი ნაციონალური არხის წარმომადგენელი კოლეგების შეურაცხყოფას ვაპირებ, - ცდება. სათაურში ჟურნალისტებს და არხის თანამშრომლებს არ ვგულისხმობ.

საქმე "რუსთავი2"-ის ეთერში გასული ფილმის განმავლობაში სიტყვა "ნაბიჭვრები"-ს მრავალჯერად გამოყენებას ეხება. სანამ ჩემი "ზედმეტად მგრძნობიარე სმენის ორგანოს" ლანძღვას დაიწყებთ, ოდნავ მოითმინეთ და მიხვდებით რომ ბუზღუნისა და გაბრაზების საბაბი ნამდვილად მაქვს.

სიტყვა "ნაბიჭვრები" კვირას "რუსთავი 2"-ზე  დილის ეთერში, საბავშვო მულტიპლიკაციური ფილმის "101 დალმატინელის" განმავლობაში ხუთჯერ მაინც წარმოთქვა გამხმოვანებელმა. ეს არცთუ ლიტერატურული გამონათქვამი ხან ჩათლახი კრუელას ლექსიკონში ჟღერს, ხანაც - მის მიერ დაქირავებული ჯიბგირების საუბრებში.

არ ვიცი, ვის როგორი რეაქცია გაქვთ, მაგრამ იმის მიუხედავად რომ უმცროსი შვილი 11 თვის მყავს და მისი სიტყვების მარაგი ჯერ ძალიან მწირია, ხოლო უფროსი ბიჭი 12 წლისაა და "ნაბიჭვარის" გარდა უკვე სხვა ტერმინებიც იცის, ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია, რომ ჩემი შვილებისთვის საინტერესო რომელიმე გადაცემაში ასეთი გამონათქვამები ჟღერდეს.

ჩემი ბლოგის ისტორიიდან გამომდინარე ვიცი, რომ ბევრ მკითხველს სხვადასხვა ფაქტის დადასტურება სჭირდება ხოლმე. ჰოდა ვისაც არ გჯერათ, 1 ივლისს, დილის 8:45-დან 10:05-მდე გადაახვიეთ და დატკბით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ ქართულ ენაზე გახმოვანებული მულტიპლიკაციური ფილმით "101 ნაბიჭვარი დალმატინელი" ან ნახეთ აღნიშნული ფრაგმენტები აქ - უცენზუროდ ამეტყველებული მულტფილმის გმირები

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge