საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, ქვეყანაში უწყვეტი პროტესტის კვალად "ქართული ოცნების" ურთიერთობა დასავლეთთან სულ უფრო ჩიხში შედის - გასული კვირის მიწურულს ცნობილი შეიქნა, რომ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს "აგენტების კანონის შესახებ" სამუშაო ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ევროსაბჭომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერსესა და კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი 3 თებერვალს გაიმართა, რათა მხარეებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სტატუსი განეხილათ. ჯგუფს ე.წ. აგენტების კანონის ცვლილებაზე უნდა ემუშავა. შეთანხმება ორმხრივად შედგა 2024 წლის 20 დეკემბერს, გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს. განცხადების თანახმად, 3 თებერვალს სატელეფონო საუბრისას ირაკლი კობახიძემ ბერსეს უთხრა, რომ "შეცვლილი გარემოებების გამო" მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა ერთობლივ სამუშაო ჯგუფში ან "უცხოური გავლენის" კანონის შეცვლა, როგორც ეს ადრე იყო განხილული. ევროსაბჭოს განცხადებით, გენერალურმა მდივანმა ამის გამო დიდი სინანული გამოხატა და, ამასთან, გაიმეორა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. "ახლა უნდა შევაფასოთ მთავრობის კურსის შეცვლის შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენა და შედეგი. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება" - წერია განცხადებაში. "როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO-ები გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია და ასევე, გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზეც ზედმეტია საუბარი. შესაბამისად, ჩვენ ეს პოზიცია გავაცანით ბატონ ბერსეს. ჩვენ ყველა პრინციპი, წესი დავიცავით. წინასწარ ვაცნობეთ, რომ ამ ფორმატმა ამოწურა საკუთარი დატვირთვა", - ეს კი მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება გია ხუხაშვილი: - უკვე სავსებით აშკარაა, რომ ხელისუფლება აშენებს ავტორიტარიზმს და ამ გზაზე სამ ფაზას გადის: პირველი - ეს არის ძალაუფლებაზე ერთპიროვნული კონტროლის დამყარება ანუ ინსტიტუციური წესრიგის გაუქმება და ერთი პირის ან პირთა ჯგუფის მონოპოლია ძალაუფლებაზე. ამაში იგულისხმება ყველა მიმართულება, მართლმსაჯულება იქნება, ძალოვანი უწყებები თუ სხვა; მეორე - პოლიტიკური ოპონენტების, განსხვავებული აზრის დევნა და ძალადობა საზოგადოებაზე. შესაბამისად, პირველი ფაზა თუ ავტორიტარული სისტემაა, მეორე უკვე დიქტატურაა. არის მესამე ფაზაც ტოტალიტარიზმი ანუ როდესაც პირადი ცხოვრების გაკონტროლება იწყება, პოლიტიკური მოტივის გარეშეც, სხვადასხვა ინტერესის გამო. მაგალითად, მზია ამაღლობელის შემთხვევა შეიცავს უკვე ამის ნიშნებს. იქ არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, არც მხოლოდ განსხვავებული აზრის დევნაა. იქ პირადი დევნის ნიშნებიც ჩანს დგებუაძის მხრიდან, რომელიც ადგილობრივი ავტორიტეტია და ავტორიტეტზე ხელის გარტყმა დაუშვებელი ჰგონია, ეს მის იმიჯზე მოქმედებს... რაც შეეხება იმას, თუ სადამდე წავა ხელისუფლება ძალაუფლების აბსოლუტიზაციისთვის, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ამუშავდება ამ ყველაფრის შემაკავებელი ფაქტორები ქვეყანაში თუ მის გარეთ... ხელისუფლება ვერ გაჩერდება, რადგან როდესაც ამგვარ სისტემას აშენებ, ერთგვარი ბულიმიით ავადდები, ვერ ძღები ძალაუფლებით, მეტი და მეტი "საკვები" გჭირდება, ვერ გაჩერდები, რადგან გეშინია, თუ გაჩერდი ამ გზაზე, შეიძლება ჩამოგეშალოს ყველაფერი, ამიტომ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ხელისუფლება სადღაც გაჩერდება. უკვე აღარ არსებობს არც მორალური და არც პოლიტიკური ბარიერები. ბულიმია ავადმყოფობაა. ხელისუფლებამ ეს გზა რომ შეწყვიტოს, უნდა აღიაროს დაავადება და მკურნალობა დაიწყოს, მაგრამ ეს ხელისუფლება არაფრის აღიარებას არ აპირებს. ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის მიცემული პირობის გადათქმაც ამის ნიშანია. - რამ შეიძლება მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა? - შიდა და გარე ფაქტორების კომბინაციამ. ერთია შიდა პროტესტი და ეფექტიანი წინააღმდეგობა, მაგრამ არ არის საკმარისი, მას უნდა დაემატოს გარე ფაქტორებიც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისტემის მშენებლობის ინიციატორის რესურსების იმგვარი სტერილიზაცია, რომ მას შეექმნას სისტემის კონტროლის პრობლემები. - რას გულისხმობთ? - როდესაც ასეთ დიქტატორულ სისტემას აშენებ, მას მუდმივად სჭირდება კვება. როდესაც ურჩხულს ზრდი, რაც მეტად იზრდება, მეტი საკვები სჭირდება. ამ დროს საკვების წყაროა საჭირო, რადგან თუ ის დაიმშა, შეიძლება საკუთარი მშობელი შეჭამოს. თუ გადავხედავთ მსოფლიო რუკაზე ასეთ ავტორიტარულ ქვეყნებს, ვნახავთ, რომ მათ აქვთ შიდა რესურსები, ნავთობი, ბუნებრივი აირი თუ სხვა რამ წიაღისეული. საქართველოს ამგვარი რესურსები არა აქვს, შესაბამისად, ხელისუფლებას სჭირდება ამგვარი რესურსების მუდმივად გარედან მოზიდვა, ამ გარე რესურსების წყაროს გადაკეტვა კი მხოლოდ დასავლეთს შეუძლია. სასანქციო პოლიტიკა ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გვინდა ამგვარად რეპრესიულ სისტემას საკვებო შემოელიოს, რის შედეგადაც შიგნით დაიწყება რყევები. სისტემა დასუსტდება და შიდა პროტესტიც უფრო ეფექტიანი იქნება. - მზია ამაღლობელი ახსენეთ და, მინდა ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სოლიდარობა და გავაგრძელოთ ლაპარაკი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მედიისთვის კანონს ამზადებენ. მართალია, გვიმტკიცებენ, რომ ის ბრიტანული კანონის საფუძველზე მომზადდება, თუმცა გაჩნდა შიში, რომ "ქართული ოცნება" მედიის მოთვინიერებას შეეცდება ისე, როგორც რუსეთში მოხდა... - დღევანდელ სამყაროში ინფორმაციის ჩაკეტვა რთულია, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამის სურვილი აქვთ და ასეც მოქმედებენ. მათ აღარ აქვთ წითელი ხაზები. ისინი აპირებენ გაასამართლონ სააკაშვილის მმართველობა ბრალდებით, რომ ის რეჟიმი ძალადობდა საზოგადოებაზე, პარალელურად კი გვეუბნებიან, კი ბატონო, ჩვენც ვძალადობთ, შეიძლება რიგ შემთხვევაში უარესადაც, მაგრამ კანონებს ისე ვცვლით, რომ ეს კანონიერიაო. ამბობენ, რომ ძალადობა მოსულა, თუ ის კანონიერია და ამგვარ საფუძველს იქმნიან - ისტერიკულად ცვლიან კანონებს. მათი ლოგიკით, თუ მე კანონი მივიღე, რომ ადამიანის ქუჩაში დახვრეტა დასაშვებია და ამის საფუძველზე ხალხს დავხოცავ, ეს კანონიერი იქნება. ბიძინა ივანიშვილს მშვენივრად ესმის, ისეთ გზას დაადგა, რომ დიდი რისკების წინაშე დგას. უკან დასახევი ხიდები დაწვა და ახლა ცდილობს სისტემის სტაბილურობა რაღაც ხერხებით შეინარჩუნოს. გასაგებია, რომ ამგვარი რეჟიმი სრულიად მიუღებელია დასავლური ცივილიზაციისთვის. ამიტომ სასაცილოა დღეს იმის თქმა, რომ მმართველ ძალას ეს ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს. მათ ამის ყოველგვარი შანსი დაკარგეს, ამიტომაც ეძებს ივანიშვილი ახალ სისტემებს. ჩემი აზრით, მისი სტრატეგიული გეგმა შეიძლება 2 ეტაპად დაიყოს. პირველი არის ჩვენი შეთრევა "3+3" ფორმატში, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე პირდაპირ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება პრობლემებთან იქნება დაკავშირებული - ჯერ ერთი, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს მიუღებელია, მათ შორის მისი მხარდამჭერების ნაწილისთვისაც; ამასთანავე, არიან სხვა მოთამაშეები და რუსეთს სჭირდება მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში საქართველოს რეინტეგრაციისას მათგან პრობლემები არ შეხვდეს. აქ, ძირითადად, ირანი და თურქეთი იგულისხმება, რადგან იმათაც თავისი ტორტის ნაჭერი უნდათ ამ ქვეყნიდან. პუტინი ცდილობს ეს სტრატეგიული მოწინააღმდეგეები აქციოს პარტნიორებად, სთავაზობს, მოდი, გავინაწილოთ სამხრეთი კავკასიაო. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის "3+3" ფორმატი რუსეთისთვის მისაღებია და ჩვენ გვესმის კიდეც განცხადებები ამის თაობაზე. როგორც კი ამ ფორმატში შეგვათრევენ, ვფიქრობ, აქეთ მოძრაობას ხელისუფალი მალევე დაიწყებს და ამის შემდეგ დაიწყება ახალი ფაზა, შექმნან 1783 წლის წინა პერიოდის ვითარება, როდესაც საქართველო 3 იმპერიის სამიზნე გახდა. ფიგურანტები დღესაც იგივენი არიან. რატომ არ დაარქვეს ამ ფორმატს, მაგალითად, ექვსთა კავშირი? იმიტომ, რომ სახელშივე ჩანს, რომ სამი დომინანტია და სამ მათზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ განიხილავენ მის წევ­რებს. მოკლედ, მეორე ეტაპზე პროპაგანდის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით შეეცდებიან დაგვარწმუნონ, უკეთესი იქნება რუსეთის იმპერიის ქუდის ქვეშ აღმოვჩნდეთ, ვიდრე ამ სამმა ქვეყანამ ერთდროულად სცადოს გავლენის დამყარება საქართველოზეო. მოკლედ, სამწუხაროდ, მგონია, რომ საქართველოსთვის ივანიშვილი მეორე ტრაქტატს ამზადებს. ეს იქნება ისტორიის გამეორება. ივანიშვილი რეინკარნირებული ერეკლე მეორე იქნება... ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ეს არის ამ ხელისუფლების მოქმედებების ლოგიკა. რუსული მეთოდებით ხდება ჩვენი კანონების, პროპაგანდის სრული სინქრონიზაცია იმასთან, რაც რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა, და ეს შემთხვევითი არ არის. პარალელურად ვხედავთ, ამ ჰომო სოვეტიკუსის ენის გაცოცხლება როგორ ხდება, სამწუხაროდ, გვეგონა, რომ საბჭოთა კავშირი დავამარცხეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მივაძინეთ ჩვენში და ახალგაზრდებშიც კი. ჯენზის ეს არ შეეხება, მაგრამ მილენიელების ნაწილშიც გაიღვიძა კომკავშირულმა სულმა, კომუნისტურმა განწყობებმა. დღეს ხელისუფლებაში ყველა კომკავშირელია. გარდა ამისა, ძალოვან სისტემაში, რასაც დღეს ეყრდნობა ხელისუფალი, გარკვეული მუტაცია მიმდინარეობს. რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანა ივანიშვილმა, ადამიანური სახე დააკარგვინა, ფიზიკურადაც კი - ნიღაბი ააფარა, ერთიან, უსახო, აგრესიულ მასად გადააქცია, პიროვნული განზომილება დააკარგვინა. სისტემა მუტაციას განიცდის და ეს დიდი პრობლემა იქნება მომავალში, ცვლილებებიც რომ მოხდება, მას მერეც... როგორ იქცევიან ეს ნიღბიანები არა მხოლოდ აქციის დაშლისას, არამედ მას მერეც, დაკავებულებს როგორ ექცევიან, შვილის ტოლ გოგონებს როგორი უბინძურესი ენით ელაპარაკებიან - ეს არის პედოფილია, როდესაც მამის ტოლ კაცს შეუძლია არასრულწლოვან გოგონას ისეთი საშინელებები უთხრას, რასაც ვერც გავიმეორებ. დიახ, ეს არის პედოფილია - ერთ-ერთ უმძიმესი დანაშაული, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ეს ყველაფერი შექმნა ხელისუფლებამ სამართალდამცავი სისტემის კრიმინალიზაციით. ამ ხალხს ადამიანური სახე დააკარგვინა, მუტანტებად აქცია. მათში ცხოველური ინსტინქტები გააღვიძა და პრობლემები რომ არ შეჰქმნოდათ, ნიღაბი ააფარა. წარმოუდგენელი რაღაც ხდება ქვეყანაში, ხანდახან დაჯერებაც მიჭირს. შემთხვევითი კი არ არის, რომ ამ მოძალადე ძალოვნებიდან არავინ დასჯილა, ვერც დასჯიან, რადგან ეს სისტემა, რომელიც უკვე მაფიოზური პრინციპებით მოქმედებს, კრიმინალურ ერთობაზე დგას. შენიანს თუ გაწირავ, შეიძლება სისტემა საერთოდ ჩამოგეშალოს. - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს ჩვენში დიდი ინტერესით ელოდებიან. მეტიც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მის ადმინისტრაციასთან აფილირებისთვის. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ აშშ-ისგან საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით? - რთული სათქმელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპი სპონტანურად მოქმედებს, მაგრამ ამაში ხშირად ლოგიკაც არის. მისი რიგი განცხადებები არ უნდა გავიგოთ პირდაპირ. ზოგჯერ მისი განცხადებები ოდიოზურია, მაგრამ ეს გარკვეული ტექნოლოგიური სვლებია. მაგალითად, გრენლანდიისა და კანადის შესახებ განცხადებები მიმართული იყო მოლაპარაკების წინ საკუთარი პოზიციების გამყარებისკენ - ანუ ის უტევს, მოწინააღმდეგეს ბევრს ათმობინებს, მერე თვითონაც ვითომ უკან იხევს, რითაც მისი ოპონენტი კმაყოფილი რჩება. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკება უკრაინის თაობაზე, რაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ერთი რამ უდავოა - ტრამპის მიზანი და ამოცანაა ძლიერი ამერიკა და მისი დომინაცია მთელ მსოფლიოში. ის გააკეთებს იმას, რასაც ამისთვის საჭიროდ მიიჩნევს. ასე რომ, ამ "ქოცურ" ოპტიმიზმს სრულიად არასერიოზულად მივიჩნევ. ტრამპსა და ბაიდენს შორის განსხვავება არის, მაგრამ ამერიკის ინტერესების გატარება ორივესთვის უმთავრესი იყო და არის. იცით, "ქართული ოცნება" ტრამპს რატომ უჭერდა მხარს? იმიტომ, რომ დარწმუნებული არიან, ტრამპი საქართველოს რუსეთს დაუთმობს და ეს ბიძინასთვის იდეალური იქნება.… დიახ, ტრამპი მოსწონთ არა იმიტომ, რომ ჰგონიათ, ამათი პარტნიორი გახდება, არამედ სწორედ იმის გამო, რომ მისგან საქართველოს გაყიდვას ელიან. არადა, შტატების ამბიციები ამ რეგიონში ძალიან დიდია. მხოლოდ საქართველოზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ, საქართველო საკვანძო ქვეყანაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ამერიკის ინტერესების გასატარებლად. საქართველოს ჩაკეტვით ცენტრალური აზიაც მოსწყდება დასავლურ სამყაროს. ეს არის მასშტაბური გეოპოლიტიკური საკითხი. ტრამპს ეს ძალიან კარგად ესმის, თუ არ ესმის, აუხსნიან. ის ყბადაღებული დიფ სთეითი აუხსნის, რის დემონიზაციასაც ასე ცდილობენ. თუ ირანსა და ჩინეთთან ამათ ფლირტსაც გავიხსენებთ, ჩემი აზრით, ტრამპს გაცილებით მეტი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" შავ სიაში შეიყვანოს. - გასულ კვირას პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ოპოზიციის 49 დეპუტატს, საკანონმდებლო ორგანოში ჯერჯერობით რჩება გახარიას პარტია. ამის გამო დაიწყო დაპირისპირება ამ პარტიასა და "ლელოს" შორის იმის ნაცვლად, რომ მოახერხონ მიმდინარე პროტესტის შედეგად გადაქცევა, ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან კინკლაობით არიან დაკავებული. - დღეს ქვეყანაში ოპოზიცია დიდი პრობლემაა, რაც კოზირია ივანიშვილის ხელში. სხვათა შორის, ამ თემით ვაჭრობს დასავლეთთანაც, მე კი არ ვვარგივარ, მაგრამ ჩემზე უკეთესი არავინ არის და მე უნდა მელაპარაკოთ, ისევე, როგორც ელაპარაკებით ამ ტიპის რეჟიმებსო. ოპოზიციას გასული წლის არჩევნებზეც არ განიხილავდა საზოგადოება საკუთარ ლიდერად. ამომრჩეველი მას განიხილავდა ევროპულ გზაზე დაბრუნებისთვის ინსტრუმენტად. არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა გაღიზიანება, რადგან ვერ დაიცვეს ამომრჩევლის ხმები, რასაც ასე დიდგულად გვპირდებოდნენ. ამის შემდეგ ნორმალური პოლიტიკური ძალები თვითკრიტიკულად შეხედავდნენ საკუთარ თავს, მაგრამ მსგავსიც ვერაფერი ვნახეთ. კითხვები არ უჩნდებათ, რატომ არ იღებს ეს პროტესტი მათ ლიდერებად? არადა, პროტესტს სჭირდება პოლიტიკური ლიდერი. ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციონერები ცდილობენ ლიდერობას, კომენტატორებად იქცნენ.… ერთადერთი სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც აქვს ნდობა და თეორიული შანსი, რომ მოახდინოს ამ პროტესტის კაპიტალიზაცია. მასთან ყველა მივა - სამოქალაქო ლიდერები, პროტესტის ლიდერები, პროფესიული ჯგუფები. სწორედ აქ მიჩნდება კითხვა: რატომ არ აკეთებს ამას? მე არ ვლაპარაკობ უცებ პარტიის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ საკონსულტაციო მაგიდის შექმნა ხომ შეიძლება? უმნიშვნელოვანესია ამ უდიდესი ენერგიის კაპიტალიზაცია... პროცესი უნდა დაიწყოს.…