ქართველ საზოგადოებაში არსებულმა მძლავრმა საპროტესტო მუხტმა დილემის წინაშე დააყენა როგორც ხელისუფლება,­ ასევე ოპოზიცია - ასეთ ვერსიას ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი ავითარებს. მისი თქმით, "მმართველი გუნდის ლიდერებს იმედი ჰქონდათ, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში, როგორც ეს სხვა დროსაც მომხდარა, ოპოზიციური ელექტორატის ენერგეტიკა მიილეოდა, მაგრამ შეცდა, ამჯერად საზოგადოებრივი პროტესტი გაცილებით მძლავრი აღმოჩნდა და მოგერიებიდან შეტევაზე გადავიდა. მეორე მხრივ, ოპოზიციამაც ვერ გაბედა საზოგადოებრივი პროტესტის მიტოვება და ხელისუფლებასთან ფარული დიალოგის გამართვა, როგორც ამ დრომდე აკეთებდა. "ქართულმა ოცნებამ" სტრატეგია შეცვალა და საზოგადოების პროტესტის დათრგუნვის მიზნით­ რეპრესიები წამოიწყო. თუმცა ამისთვის არასწორი დრო შეარჩია", - ამბობს ანალიტიკოსი. რატომ იყო სტრატეგი­ის შეცვლისთვის არასწორი დრო შერჩეული, რა შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს არსებული ვითარება, ამის შესახებ მირიან მირიანაშვილი­ საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს. - ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებებში შემჩნეული, დისკრედიტირებული ოპოზიცია მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო მმართველი გუნდის ხელში ოპოზიციური ელექტორატის მორჯულებისთვის. მიტინგები თავისთავადია, ოპოზიციური პარტიების საშუალებით აღარ იმართება. შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა ტაქტიკა შეეცვალა და რეპრესიები წამოეწყო. მიიჩნევენ, რომ ძალის ჩვენებით გავლენას მოახდენენ არა მხოლოდ აქციის მონაწილეებზე, დასავ­ლელ პარტნი­ორებზეც. შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარი მესიჯია ტრამპის ადმინისტრაციისთვის­. ე.ი. ივანიშვილი ტრამპს უთვლის, რომ არაფრით არ დაიხევს უკან და ძალაუფლებას კბილებით დაიცავს. - შესაძლებელია თუ არა რეპრესიებმა­ აქტივისტებსა და ოპოზიციონერ ლიდერებზე გავლენა მოახდინოს? ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიამ განაცხადა: "პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან - კარდინალური ცვლილებების დროაო". - ოპოზიციონერი ლიდერების პრაქტიკა ყოველთვის იყო ხელისუფლებასთან ფარული გარიგება და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ახლაც გრძელდება. - თქვენ ამის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადეთ. - მინდა დაგარწმუნოთ, ნიკა გვარამიას განცხადებას მომიტინგეებზე ზრუნვასთან­ საერთო არაფერი აქვს. ეს არის საკუთარი­ პოზიციის გამყარების ცდა. ოპოზიციას ოპოზიციური ელექტორატიც­ აღარ ემორჩი­ლება და ოპოზიციონერი ლიდერები­ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენის საფრთხის წინაშე დგანან. საზოგადოების განწყ­ობა ახალი პოლიტიკური­ რეალობის­ ჩამოყალიბების შანსს იძლ­ევა, ახალი რეალობა კი არც ოპოზიციას აწყობს. - გასაგებია, მაგრამ ვინ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი რეალობა? - ახალი რეალობა უნდა ჩამოყალიბდეს გარე ფაქტორების დახმარებით. ილუზიაა, რომ ტრამპი საქართველოს რუსეთს დაუთმობს, დასავლეთი თავს დაგვანებებს და ასე მივიღებთ სტაბილურობას "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელში. არავითარი "იალტა-2" არ იქნება. ეს თავიდანვე ცხადი იყო, უბრალოდ, ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი რუსულ ნარატივს იყო აყოლილი. ტრამპს, სი ძინპინსა და პუტინს შორის მსოფლიოს გადანაწილებას ტყუილად ელოდებიან. დარჩება ის რეალობა, რაც არის, დასავლეთ ევროპისგან წნეხი გაიზრდება­, ტრამპი მათ აღვირს ამოსდებს და ჩვენ ისევ იმ რეალობაში დავრჩებით... ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტირი, თავი დააღწიოს დასავლეთს საქართველოს რუსეთისთვის გადაცემით, ჩანასახშივე განწირულია მარცხისთვის. - ფიქრობთ, რომ აქტივისტები ახალი რეალობის ჩამოყალიბებამდე გაძლიერებულ რეპრესიებს გაუძლებენ? - ვფიქრობ, გაუძლებენ. მტკიცე ადამიანების პოზიცია ყოველთვის ამაგრებს მასის საპროტესტო ენერგიას. ჩვენ აქტივი­სტების ძალიან ხისტ და მტკიცე პოზიციას ვხედავთ. შეხედეთ მზია ამაღლობელს, როგორი ძლიერი ქალია. საქართველოში ბოლო პერიოდში შიმშილობა, როგორც პოლიტიკური პროტესტის აქტი, ძალიან გამასხარავებული იყო. ზოგიერთი პირის ვითომ შიმშილობამ ძალიან სასაცილო ელფერი შესძინა არა მარტო თავად ამ აქტს, არამედ პოლიტიკურ პროცესს. ქალბატონმა მზიამ ეს მოცემულობა მთლიანად შეცვალა. ბევრი ჩვენი უცხოელი პარტნიორისთვისაც ძალიან რთული იყო სააკაშვილის ცრუ შიმშილობის მოთმენა და ატანა. ძალიან გაუჭირდათ ამის მონელება. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, თანაც ქალის გამოჩენა, რომელიც­ ასე შეუპოვრად იცავს საკუთარ პოზიციას. მზია ამაღლობელი არა მხოლოდ პირად ბრძოლას იგებს, არამედ მთლიანად საპროტესტო პროცესს აძლიერებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს პროტესტი ხელისუფლებისთვის მიუღებელ შედეგს დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს. არ დაიჯეროთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პროტესტის სიმწვავის გამო დაიხიოს უკან. მმართველი გუნდის ლიდერების მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, ქუჩაში მიტინგები გაგრძელდება თუ არა, ქალბატონი მზია გააგრძელებს თუ არა შიმშილობას და ა.შ. ხალხის პროტესტმა თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა - დასავლეთს მისცა ლეგიტიმაცია, რომ "ოცნებასთან" პოლიტიკურ დავაში შევიდეს. ახლა ივანიშვილისთვის აქტივისტები კი არა, დასავლეთია მთავარი პრობლემა. პროტესტი მაინც გაგრძელდება, მაგრამ რომც არ იყოს, ხელისუფლებისთვის მაინც აღარაფერი შეიცვლება. - თქვენი შეფასებით, "ქართულ ოცნებასა" და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობის გადატვირთვა საბოლოოდ გამოირიცხა? - დაზუსტებით ვიცი, რომ ამერიკის პოლიტიკური კურსი საქართველოს საკითხში არ იცვლება, დანამდვილებით ვიცი, ამერიკა საქართველოში ელჩს არ შეცვლის. ეს ნიშნავს, რეალობა თვისებრივად განსხვავებულია იმისგან, რასაც "ოცნება" ელოდა. - ტრამპმა უკრაინის სასარგებლო წიაღისეულს უკვე დაადგა თვალი. განაცხადა, რომ ფინანსური თუ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ უკრაინამ ამერიკა იშვიათ­ი მინერალებით უნდა მოამარაგოს. თუმცა ირკვევა, რომ წიაღისეულის ნაწილი იმ ტერიტორიაზეა, რომელიც ახლა რუსეთს აქვს ოკუპირებული. - ტრამპი საუბრობს იმ წიაღისეულზე,­ რომელიც მათ შორის დონბასში, ლუგანსკში, მარიუპოლსა და ყირიმშია. სხვათა­ შორის, ამ თემაზე სენატში კამათიც იყო, დაისვა ლოგიკური კითხვა, როგორ უნდა ამოვიღოთ წიაღისეული, თუ ამ ტერიტორიებზე რუსები არიანო. პასუხი ძალიან საინტერესო იყო - უკრაინასთან შეთანხმების შემდეგ ეს წიაღისეული ჩვენი საკუთრება იქნება და თუ რუსები ჩვენი საკუთ­რების ექსპლუატაციის საშუალებას არ მოგვცემენ, ვუჩივლებთ და მსოფლიოში მათ ქონებას დავაყადაღებთ ჩვენი საკუთრების ამოღების მიზნითო. მხოლოდ აქტივებზე არ არის საუბარი, ამერიკა ცდილობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაეპატრონოს. ამ საკითხს დიდი გეოპოლიტიკური და სამხედრო კონტექსტი აქვს. - ეს მისაღები იქნება უკრაინელებისთვის? - რა თქმა უნდა, ისევე როგორც საქართველოსთვის ძალიან კარგი­ იქნება, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეული ამერიკელებს მივყიდოთ. აი, მერე ნახონ რუსებმა და აფხაზებმა... ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ამ კუთხით იმუშაოს ტრამპის ადმინისტრაციასთან. ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავაკეთებ აქცენტს - სირიაში პრორუსული­ რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩვენთვის საინტერესო სიტუაციაა. რუსებსა და სირიე­ლებს შორის ძალიან დაძაბული ვითარებაა.­ სირიელები ითხოვენ ასადის­ გადაცემას და კომპენსაციას 7-10 მილიარდ დოლარამდე. რა თქმა უნდა, რუსები გადამ­ხდელები არ არიან. საქართველოს ხელი­სუფლებამ სასწრაფოდ უნდა წამოიწყოს დისკუ­სია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან დაპირისპირებულ სირიის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც დასავლეთთან ცდილობს ურთიერთობის მოგვარებას, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების­ საკითხი დავახურვინოთ. ახლა არის მომენტი, მომავალში შეიძლება რუსებთან ურთიერთობა რაღაც ფორმით დალაგდეს და ჩვენთვის ამ საკითხის მოგვარება დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. - ალბათ, ამისთვის ჩვენი ხელისუფლება კოორდინაციაში უნდა იყოს დასავლეთთან. - დიახ, განსაკუთრებით, ევროპელებთან - სირიელები ევროპისგან­ ელოდებიან კომპენსაციასა და ინვესტიციებს. ხელისუფლებამ ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ძალიან გაფუჭდა რუსეთისა და ვენესუელის ურთიერთობა იმ მიზეზით, რომ რუსეთ-უკრაინის­ ომის გამო პუტინმა ვენესუელასთან ნაკისრი­ ვალდებულებები ვერ შეასრულა. ჩვენ შეგვიძლია ვენესუელასთანაც ვიმუშა­ოთ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება­ უკან წავაღებინოთ. თუ "ოცნება" უახლოეს მომავალში ამ საკითხების მოსაგვარებლად არაფერს გააკეთებს, ვეღარასოდეს გაფანტავს­ იმ ეჭვებს, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის­ რუსეთთან ფარულ ურთიერთობას უკავშირდება... ხათუნა ბახტურიძე