„ოცნებას“ ეს კანონები ვერ გადაარჩენს, მთელ საქართველოს ციხეში ხომ არ გამოკეტავენ?!“
პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პაკეტი დაჩქარებული წესით მიიღო. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები, ისევე როგორც ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა. ახალი რეგულაციით, სპონტანური შეკრება-მანიფესტაციის შესახებ გაფრთხილება თვითმმართველ ორგანოს წერილობითი წინასწარ უნდა ეცნობოს. იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში - შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. იკრძალება მანიფესტაციის ჩატარება შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება. ადმინისტრაციული პატიმრობის 15-დღიანი ვადა იზრდება 60 დღემდე. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და პირი დაჯარიმდება 1.500-დან 4.000 ლარამდე ოდენობით ან გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
ამ ცვლილებების შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი გვესაუბრა:
- მმართველ პარტიას სურს მაქსიმალურად შეზღუდოს გამოხატვისთვის სივრცე და ამ გზით აიღოს საკანონმდებლო ბერკეტები ხელში რეპრესიებისთვის. რთულდება გამკლავება იმ ხანგრძლივ პროტესტთან, რომელიც ორთვე-ნახევარია გრძელდება და ხელისუფლებას დიდ პრობლემას უქმნის როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყანაში. ამ ცვლილებების ადრესატები არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ სივრცეში დარჩენისთვის მებრძოლი ადამიანები არიან, არამედ "ქართული ოცნების" მომხრეებიც, რათა მათ არ გაბედონ საჯაროდ რამის გამოხატვა.
პოლიციელები დაიღალნენ და მოუწიათ კანონში შეეტანათ ცვლილება და პოლიციაში სამუშაოდ ქუჩიდან აჰყავთ ხალხი, ე.წ. მორბენლები, რომლებმაც ქუჩური ცხოვრების გარდა არაფერი იციან. ქართველი ხალხი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჩაგრულის მიმართ. მმართველი ძალის მომხრეები ხედავენ, რომ ჩაგრავენ ხალხს, სცემენ და მათაც უჩნდებათ კითხვები, რას შვრება ჩემი მხარდაჭერილი მთავრობა, რატომ ურტყამს პოლიცია ძირს დაგდებულს, რატომ ურტყამს წიხლს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი პირს, რომელიც 15 პოლიციელს ჰყავს დაკავებულიო?!
"ქართულ ოცნებას" ეს კანონები ვერ გადაარჩენს, მთელ საქართველოს ციხეში ხომ არ გამოკეტავენ?! საბჭოთა კავშირშიც კი საქართველოში დისიდენტური მოძრაობა ძლიერი იყო. გავიხსენოთ 1988 წლის ნოემბრის მოვლენები, როდესაც ახალგაზრდებმა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში მოკავშირე რესპუბლიკათა სუვერენული უფლებების შემცირება გააპროტესტეს. თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, რამდენიმე თვეში კი მოხდა 9 აპრილი. თავდაპირველად ნოემბრის| მოვლენებს საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებდა, თუმცა რამდენიმე თვეში თავად ის ხალხიც ქუჩაში გამოვიდა. ასე რომ, დღეს ღამე ვერსადროს დაამარცხებს, მით უმეტეს, წარსული მომავალს. ახლა კი ქუჩაში მომავალი დგას! ეს პროცესი არ ჩერდება.
"ოცნება" თავისი ქმედებებით მომხრეებს კარგავს, კარგად იციან, რომ მხარდამჭერებში მათი პოპულარობა დაღმავალია.
- ახალი რეგულაციით აიკრძალა შეკრება-მანიფესტაცია დახურულ სივრცეში მესაკუთრესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე...
- კონსტიტუციაში გვიწერია და საერთაშორისო სტანდარტია, რომ შეკრების ნებართვას წინასწარ არ ითხოვენ. 2 თებერვალს, როდესაც მომიტინგეები "თბილისი მოლში" შევიდნენ, ეს სპონტანური შესვლა იყო. რა უნდა ექნათ? - უნდა წასულიყვნენ რეესტრში, ენახათ, ვინ იყო მესაკუთრე, შემდეგ მოეძებნათ და თუ გაუმართლებდათ, მესაკუთრე დაწერდა წერილობით თანხმობას და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი გახდებოდა "მოლში" შეკრება. კანონის მიღების შემდეგ, თუ ასე არ მოხდა, პოლიცია დაგვაჯარიმებს. მაგალითად, არ არის მესაკუთრე საქართველოში, ამ დროს რა ხდება? ყველაზე კარგად ამ კანონის აბსურდულობას ეს მაგალითი წარმოაჩენს - საჯარო დაწესებულება, რომელიც კერძო მესაკუთრისგან ქირაობს ოფისს. ასეთი იყო ეკონომიკის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციარული დაწესებულება, სემეკი. როცა მე ვაპროტესტებ ამ საჯარო სამსახურების ქმედებას ამ დაწესებულების წინ თუნდაც 5 წუთით, უნდა მოვძებნო მესაკუთრე, რომელიც არაფერ შუაშია სტრუქტურის მუშაობასთან და თანხმობა გავაცემინო? აბსურდია! - შინაარსი ეცლება გამოხატვისა და შეკრების უფლებას.
- ახალი კანონის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის ან საჯარო პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას...
- სად დარჩა ადგილი, სადაც შეიძლება პროტესტი გამოვხატოთ? ამოქოლეს ყველაფერი. სოცქსელშიც აღარ შეგეძლება აზრის დაფიქსირება, აქციაზე პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის კი პირი დაჯარიმდება 1.500-დან 4.000 ლარამდე ან შეეფარდება 45 დღემდე პატიმრობა.
რა არის შეურაცხყოფა? - ეს სადავო საკითხია. ვიღაცისთვის რაც არის შეურაცხყოფა, შეიძლება სხვისთვის კრიტიკა იყოს. ამაზე სტრასბურგს არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ჩემი ნათქვამი სიტყვა შეიძლება ერთი პოლიციელისთვის შეურაცხყოფა იყოს, მეორისთვის - არა! ისინი ადგენენ შეფასების სტანდარტებს. ზუსტად ასეთი შემთხვევებისგან გვიცავდა კონსტიტუცია და საერთაშორისო აქტები, რომ ვიღაცის სუბიექტურ აღქმებზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული, არამედ კანონით ყოფილიყო განსაზღვრული.
თუკი შეკრებისა და მანიფესტაციების კანონს არღვევს აქციის ორგანიზატორი და მას მოჰყვა მძიმე შედეგი, მაგალითად, ვინმემ ხელი მოიტეხა ან დაშავდა, დაიწყება ორგანიზატორის სისხლისსამართლებრივი დევნა. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორმა დაარღვია კანონი და მას არ მოჰყვა მძიმე შედეგი, მის წინააღმდეგ დაიწყება ადმინისტრაციული დევნა, რომელიც 5.000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. შეიძლება გამოიყენონ ადმინისტრაციული პატიმრობაც, რომელიც 15 დღე იყო, ახალი კანონმდებლობით კი 60 დღემდეა. სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალში არის ასეთი პრინციპი - თუკი მცირე მნიშვნელობისაა დარღვევა, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელი ან პირი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს. ამ ცვლილებების თანახმად, რაც არ უნდა მცირე იყოს დარღვევა, სასამართლოს აღარ შეეძლება ზემოთ აღნიშნული პრინციპის გამოყენება - თავიანთ კონტროლირებად სასამართლოსაც კი ზღუდავენ.
ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ერთი პუნქტია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წერია, რომ ადმინისტრაციული ბრალი უნდა დაამტკიცოს პოლიციამ და მან უნდა მიიტანოს მტკიცებულებები, სასამართლო ვერაფერს იზამს ანუ აქამდე სასამართლო პროცესებზე სამხილები პოლიციას მიჰქონდა, ახლა კი სასამართლოს აძლევენ უფლებას თვითონ გამოითხოვოს დამატებით ინფორმაცია ან მტკიცებულება - მხარედ აქცევენ სასამართლოს. რომელ სამართლიან სასამართლოზე უნდა ვისაუბროთ?!
- ვინ ან რა განსაზღვრავს რა არის შეურაცხყოფა?
- არის ე.წ. ჩარჩო, რაც შეიძლება იყოს დადგენილი სხვადასხვა სტანდარტის მიხედვით. როგორც წესი, ეს სასამართლო პრაქტიკით განისაზღვრება. სტრასბურგის სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები, რაც პოლიტიკურ კრიტიკას, ძალიან უხამსსაც კი, დასაშვებად მიიჩნევს, ჩვენთან კი ვინმეს შეხედულებაზეა დამოკიდებული, რას ჩათვლის შეურაცხყოფად.
კანონი მიიღება იმ შემთხვევაში, თუკი ამის საჭიროება წარმოიქმნება. მაგალითად, კანონმდებლის ვალდებულებაა დაასაბუთოს მიზეზი, რატომ გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ან რატომ გახდა საჯარო პირის კრიტიკა დასჯადი... გსმენიათ მაინც ერთი დასაბუთება? პარლამენტი შეუზღუდავი არ არის, რომ რაც უნდა, ის კანონი მიიღოს! ის კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით არის შეზღუდული.
იმის მიუხედავად, რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, საქართველო რჩება ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტის მონაწილე. ეს არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. "ქართული ოცნება" ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, რომელიც ამ ორი კონვენციით არის დადგენილი. საქართველო ამ სტანდარტების შესაბამისობაში მოდიოდა ბოლო პერიოდამდე, სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ შეურაცხყოფა კრიმინალურ ქმედებად არ მიიჩნეოდა.
90-იან წლებში, როდესაც ეს სტანდარტები საქართველოში არ მოქმედებდა, ჟურნალისტებიც კი დასაჯეს. კლარა შუკვანის წინააღმდეგ საქმე მხოლოდ იმის გამო აღიძრა, გენპროკურატურამ მიიჩნია, რომ მის მიერ საჯაროდ გამოტანილი ბანერი "ძირს არძინბას ნახმარი შევარდნაძე" ცილისწამების ნიშნებს შეიცავდა და ღირსებას ულახავდა პრეზიდენტს. მეორე ჟურნალისტი იყო კლარა აბრამია, რომელსაც პროკურატურამ ბრალად წაუყენა პარლამენტის წევრის, ნესტან კირთაძის ცილისწამება და შეურაცხყოფა. ახლა "ქართულმა ოცნებამ" 90-იან წლებში დაგვაბრუნა.
დემოკრატიულ ქვეყნებში არსად არის კრიმინალიზებული გამოხატვის თავისუფლება, თუმცა საქართველოში, როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა, რაც შეუძლებელია!
დღეს მოქმედ კანონში შეკრებებთან დაკავშირებით მმართველი და დამდგენია თვითმმართველობა, იმიტომ, რომ ის კონსტიტუციური ინსტიტუტია, არაპოლიტიკური და ნეიტრალური, არ არის აღმასრულებელი. "შეკრებების შესახებ" კანონში ცვლილებით კი თვითმმართველობას სრულად ანაცვლებს შს სამინისტრო. ის გახდა წესების დამდგენიც და აღმასრულებელიც. ამ დრაკონული პირობებით მას ექნება საშუალება, თუნდაც ორი კაცის ტრანსპარანტით გარეთ დგომა საზოგადოებრივ საფრთხედ ან დაბრკოლებად მიიჩნიოს და აკრძალოს, დააკავოს ან დააჯარიმოს პროტესტის მონაწილე. რეპრესიული კანონია!
- როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, დაიწყეს ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, ასევე, შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებისგან...
- მე მგონია, ისინი შთაგონებული არიან ჯორჯ ორუელის "1984"-ით. მალე ჭეშმარიტების სამინისტროსაც შექმნიან, ოღონდ, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი ფურცელი აქვთ წაკითხული, სადაც ჭეშმარიტების სამინისტროს შექმნის თაობაზე წერია. ალბათ, სიყვარულის სამინისტრო შემდეგ სერიაში იქნება. სასაცილოა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეც კი არ ისაუბრებს ამაზე. როგორ შეიძლება ერთიანი სტანდარტის დადგენა ყველა მედიისთვის. საბჭოეთის დროსაც არ ყოფილა ასეთი რამ.
სოფო კაჭარავა