სანამ გასული კვირის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობასა და შიმშილობაზე. კარგია, რომ სახალხო დამცველის ეგიდით შეიქმნა კონსილიუმი და მზია ამაღლობელი მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობაში იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. მიუხედავად სამედიცინო მეთვალყურეობისა, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდენხნიანი შიმშილობის გამო შეიძლება მნიშვნელოვნად შეირყეს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ სასწრაფოდ გამოძებნონ რამე ფორმა (ამის იურიდიული მექანიზმები არის) მზია ამაღლობელის სასწრაფოდ გასათავისუფლებლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ჩვენი (და არა მხოლოდ ჩვენი, რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ნაწილის) აზრით, ბათუმის პოლიციის უფროსთან მომხდარი ინციდენტის გამო მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და უსამართლოა. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ის, თუ როგორ იქცევა ჟურნალისტი საპატიმროში, ადასტურებს - ის ქართველი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელია. თავად მზია ამაღლობელის განცხადებით, ის შიმშილობის­ შეწყვეტას არ აპირებს (ასეთი მდგომარეობა იყო, როდესაც ეს სტატია იწერებოდა). კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას, იქნებ დათანხმდეს მეგობრებისა და კოლეგების თხოვნას და შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან საზოგადოებას, ქვეყანას, თავის საყვარელ საქმეს ჯანმრთელი და ენერგიით სავსე მზია ამაღლობელი სჭირდება.რაც შეეხება გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს... 2 თებერვლის მძიმე სურათი 2 თებერვალს აქციის მონაწილეები "თბილისი მოლთან" შეიკრიბნენ. დაანონსე­ბული მიზანი მაგისტრალის გადაკეტვა იყო. პოლიცია რაოდენობით თითქმის არ ჩამოუვარდებოდა აქციის მონაწილეებს. მერე მოხდა ის, რაც, ალბათ, თითოეულმა­ თქვენგანმა ნახა ტელეეთერში. რა თქმა უნდა, საკამათოა, რამდენად რელევანტურია გზების, განსაკუთრებით კი მაგისტრალების გადაკეტვა. თქვენი მონა­-მორჩილის აზრით, გზის გადაკეტვა, თუ ეს აქციის მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე ბუნებრივად არ ხდება, კონტრპროდუქტიულია. კერძოდ, ძნელი წარმოსადგენია, ეს ხელისუფლებას რაიმე დისკომფორტს უქმნიდეს. პირიქით, ამით შენს თანამოქალაქეებს აღიზიანებ. თუმცა ჩვენ ამჯერად პოლიციის ქმედებებზე გავამახვილებთ ყურადღებას. დავეყ­რდნობით სახალხო დამცველს: "საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული,­ კერძოდ, 22 პირი, მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა... დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები - გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. დაკავებულთა გადმოცემით, სამწუხაროდ, მათი დაკავება ხდებოდა განურჩევლად, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგიერთი დაკავებულის თქმით, გზის სავალ ნაწილზე არც იმყოფებოდა და ისინი ტროტუარზე დააკავეს". დავუშვათ, პოლიციამ ჩათვალა, რომ აქციის ესა თუ ის მონაწილე აუცილებლად დასაკავებელია. დაკავების პროცედურები თავად პოლიციის პროტოკოლშია გაწერილი­. თუმცა რაც ვიხილეთ "თბილისი­ მოლთან", აცდენილი იყო პროპორციული ძალის გამოყენების ყოველგვარ მეთოდს. ცემა-ტყეპა, ქალების გინება, შეურაცხყოფა - ამ ყველაფრის ნახვა ძალიან მძიმე იყო. ასეთი მეთოდების გამოყენება პირდაპირ "ურტყამს" პოლიტიკურ ხელმძღვანე­ლობას, რადგან საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს უჩნდება განცდა, რომ პოლიციის ასეთი ქცევა "ზემოდან" არის დავალებული. პოლიცია უნდა იყოს ავტორიტეტული უწყება, მას პატივს უნდა სცემდნენ­ და მხოლოდ არ უნდა ეშინოდეთ. ისეთი ქმედებები, როგორიც "თბილისი მოლთან" ვნახეთ, ანგრევს პოლიციის ავტორიტეტს. მათ მიმართ საზოგადოების საპროტესტოდ განწყობილ ნაწილში გროვდება უსამართლობის გრძნობა და აგრესია, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. მხოლოდ ცალკე აღებულ პოლიციაში­ არ არის საქმე. თუ პოლიციელის ძალადობას­ არ იძიებს პროკურატურა ან სპეციალური საგამოძიებო სამსახური, დიდი დარტყმა­ ადგება მათ ავტორიტეტსაც. თუ მოსამართლე თვალს ხუჭავს პოლიციელის გადაცდომაზე და მხოლოდ აქტივისტებისთვის პატიმრობის შეფარდებით არის დაკავებული, დარტყმა ადგება მასაც. ეს ყველაფერი მთელი სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაციას იწვევს. საკითხს მხოლოდ პოლიტიკური კუთ­ხით ნუ შევხედავთ. პოლიციის და საზოგა­დოდ, სამართალდამცავი სისტემის ავტორიტეტის დაცემის პარალელურად, "აღორძი­ნების" ეპოქა უდგება ხოლმე ე.წ. კანონიერი­ ქურდების ინსტიტუტს, კრიმინალურ დაჯგუფებებს. თუ ადამიანი­ ოფიციალურად სამართალს ვერ პოულობს, დიდი ალბათობით, ის დაადგება სამართლიანობის­ აღსრულების არაოფიციალურ გზას, ეს კი სადამდე მიგვიყვანს, წარმოდგენაც არ გვინდა. რას ელოდება გახარია?! ოპოზიცია ვერ ახერხებს თუნდაც ფორმალურად დაიცვას "მორატორიუმი თავდაუ­სხმელობის შესახებ". არა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ პოლიტიკოსები ერთ ხმაში უნდა მღეროდნენ. თვითონ ლაპარაკობენ "ერთიანობაზე", „ერთიან სამოქმედო გეგმაზე და... რამდენიმე დღეში კენჭებს კი არა, ლოდებს ისვრიან ხოლმე ერთმანეთის ბოსტნებში. ჯერ იყო და, მამუკა ხაზარაძე ლამის ანათემას გადასცეს აშშ-ში ვიზიტისას გაკეთებული განცხადების გამო, როდესაც თქვა, რომ ზოგიერთ ბიზნესსტრუქ­ტურას ადვოკატირებას უწევს, რათა არ დასანქცირდნენ, რადგან კარგად ესმის, რომ ბიზნესის ნგრევას ათასობით ადამიანის­ უმუშევრად დარჩენა მოჰყვება. არიქა, ეს როგორ თქვაო, შეიცხადეს ხაზა­რაძის კოლეგა ოპოზიციონერებმა და ლამის "ქართულ­ ოცნებასთან" გარიგებაში­ ამხილეს (სხვათა შორის, ოპოზიცი­იდან ხაზარაძე საუბრობს­ ყველაზე აქტიურად ერთიანობაზე­, სთავაზობს მათ„"სახალხო პარლამენტის" პლატფორმას და ა.შ.). ამჯერად გიორგი გახარიას ჯერი და­დგა.­ გასულ კვირას პარლამენტმა "კოალ­იცია­ ცვლილებებისთვის", "ძლიერი საქართველოსა" და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს მანდატები შეუწყვიტა - თვითონ ჰქონდათ განცხადება დაწერილი.­ გამომდინარე იქიდან, რომ გახარიას პარტიას­ ამ დრომდე განცხადება არ დაუწერია, მანდატები შეუნარჩუნდათ. გახარიას პარტია­სთან აფილირებულ ერთ-ერთ ფბ-გვერდზე ბანერი დაიდო შემდეგი წარწერით: "49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი". გასაგებია, რომ გახარიას გუნდელები მიანიშნებდნენ, რომ "ქართული­ ოცნების" ზოგიერთ დეპუტატს "ნაცმოძ­რაობის" წარსული აქვს, თუმცა გახარიას კოლეგა ოპოზიციონერებისთვის ამას ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი ჰქონდა და ატყდა ერთი ამბავი... "ნაცმოძრაობა", "ლელო", გვარამია-მელიას გაერთიანება გახარიასგან დაჟინებით ითხოვენ განმარტებას­ - აპირებს თუ არა მანდატებზე უარის თქმას და თუ აპირებს, როდის დაწერს განცხადებას. გახარიას თანაგუნდელები პასუხობენ, რომ მათი პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას, თუმცა არაფერს ამბობენ იმაზე, თუ როდის დაწერენ განცხადებას მანდატების შეწყვეტის თაობაზე. ეს პასუხი ზემოხსენებულ პარტიებს არ აკმაყო­ფილებთ და უკვე დაუფარავად მიანი­შნებენ რაღაც "გარიგების" ალბათობაზე. მართლაც საინტერესოა, რას ელოდება­ გახარია. პირველ რიგში, ალბათ, არ სურს, დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად სინქრონულად იმოქმედოს, რადგან ეს, სავარაუდოდ, "ნაცმოძრაობაში" აზელად მიაჩნია. თუმცა ჩვენ გამოვთქვამთ ერთ ვერსიას - სავარაუდოდ, გახარიას აქვს მოლოდინი, რომ "ძლიერი ფაქტორი", ბოლოს და ბოლოს, ქართულ პოლიტიკურ კრიზისში­ ჩაერევა. ეს "ძლიერი ფაქტორი", დიდი ალბათობით, ტრამპის ადმინისტრაციაა. რა თქმა უნდა, "დიდმა დონალდმა" ისეთი სკანდალების ბუღი დააყენა, რომ ძნელი სათქმელია, როდის მოიცლის საქართველოსთვის­. თუმცა, ადრე თუ გვიან, მოიცლის. თუ ამერიკელები საქართველოში შექმნილ პოლიტიკური კრიზისთან დაკავშირებით აქტიურ ქმედებებს დაიწყებენ, უცნობია, როგორი იქნება მათი ტაქტიკა - პირდაპირი ზეწოლა მხოლოდ ხელისუფლებაზე არჩევნების დანიშვნის მიზნით თუ ზეწოლა ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც, რათა შუალედური გამოსავალი მოიძებნოს. არ არის გამორიც­ხული, ამ შუალედური­ გამოსავლისთვის ინახავდეს მანდატებს გახარია. სააკაშვილის „მანევრები“ ანუ მოითხოვეთ ჩემი გათავისუფლება! 28 ნოემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც საქართველოში საპროტესტო აქციები­ დაიწყო, სააკაშვილი ყველანაირად ცდილობდა კვლავ თვითონ ყოფილიყო ყურადღების ცენტრში. პირველ ეტაპზე აქციის მონაწილეებს "შეტევისკენ" მოუწოდებდა. თუმცა შემდეგ, რაც აქციებისას­ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნები გაჩნდა, სააკაშვილი გაბრაზდა - რას ჰქვია, ჩემს გათავისუფ­ლებასაც არ ითხოვთო. "ნაცმოძრაობამ" ორი აქცია გამართა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით (გაასაღეს, თითქოს არაპარტიული აქცია იყო), მაგრამ როგორ ჩატარდა ის აქცია ან როგორ დასრულდა, არც არავის გაუგია. დღეს სააკაშვილი, ძირითადად, დაკავებულია იმით, რომ ფბ-პოსტებს აზიარებს,­ სადაც მისი მომხრეები წერენ, როგორ ააყ­ვავა­ მიშამ საქართველო და რა უმადურები­ ვართ ქართველები, რომ ის ციხიდან არ გამოგვყავს. შეიძლება ძალიანაც ვცდები, მაგრამ ეს "წინასწარ" დაწერილ პოსტებს ჰგავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა გააზიაროს. როგორც ჩანს, სააკაშვილსა და მის მომხრეებს ნორმალურად არ აუხსნა არავინ, რომ თუ დღეს პროტესტის დაშლა გინდა, სწორედ "თავისუფლება მიშას" თემა უნდა ჩააკვეხო. კი ბატონო, საზოგადოების ნაწილი გაბრაზებულია ამჟამინდელ ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავიწყდათ, რას სჩადიოდნენ მიშა და მისი გუნდი საქართველოში. მხოლოდ 9 წელში არ არის საქმე­. სააკაშვილმა თავისი იმიჯი დაინგრია საქა­რთ­ველოში შემოპარვის შემდეგაც. ვინმეს დაავიწყდება სპექტაკლი სახელად "სააკაშვილი შიმშილობს" და "მიშა კვდება". დღეში ხუთჯერ მისი მომხრეები "მიშა კვდებას" ჩაგვძახოდნენ, თავად მიშაც დღეში ხუთჯერ ყვიროდა ფბ-ს მეშვეობით, არიქა, მკლავენ, მწამლავენ, გადამარჩინეთო. მიშას გარემოცვის დაქირავებული ექიმები თუ ექსპერტები აპოკალიფსურ დასკვნებს დებდნენ, ლამის რაც მსოფლიოში სასიკვდილო დაავადება არსებობდა, თურმე ყველაფერი მიშას შეეყარა - ერთმა უცხოელმა ექიმმა ბოტასით მიშას ბიოლოგიური მასალის მოპარვაც სცადა... და ეს ყველაფერი აღმოჩნდა ერთი დიდი ტყუილი, რისთვის სჭირდებოდა?! გაბითურებას კი საზოგადოება არავის აპატი­ებს. აგერ, მოშიმშილე ქალს, მზია ამაღლობელს, ერთხელაც არ დაუწუწუნია, არც კი უცდია პროტესტის მძიმე ფორმა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენებინა და უკან დახევასაც არ აპირებს. გიორგი კვიტაშვილი