"ყველაზე დიდი გვირაბი ვაზისუბნის მიმართულებით არის გაყვანილი და დღეს იქაურობა დაჭაობებულია" - მეტრო, რომელიც არ გვაქვს
"ოდესმე განიმუხტება თუ არა საცობები თბილისში, სადაც გადაადგილება უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება? - ამ კითხვას, რომელსაც წლების განმავლობაში ვიმეორებთ, პასუხი არა აქვს. ტრანსპორტის განვითარების გენერალურმა გეგმამ, რომლის შედგენა თბილისის მერიამ დანიურ კომპანია "რამბოლს" დაავალა, დადგენილი ვადიდან 3 წლით დააგვიანა, ანუ 2023 წელს გადაეცა თბილისის მერიას, თუმცა მაინც არ არის ცნობილი, როგორ განიმუხტება საცობები, აშენდება თუ არა მეტროს ახალი ხაზები, რისი გენერალური გეგმაც მრავალი ათეული წლის წინ დამუშავდა და დღესაც არქივში ინახება. კარგი იქნება, საზოგადოებამ იცოდეს, უკვე დღეს მეტროს რა ახალი ხაზები უნდა გვქონოდა, ან მიწისზედა ტრანსპორტის რა რეფორმებია გათვალისწინებული თბილისის ახლანდელ გენგეგმაში.
პატივისცემით, ნოდარ ქორიძე"
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა საჯაროა, საზოგადოებისათვის აქტუალურ კითხვებზე საპასუხო ინფორმაციის მოძიება რთული ან შეუძლებელია. მერიის თქმით, ამ გეგმაში კონკრეტული ღონისძიებები მხოლოდ ტრანსპორტის მოძრაობის შესწავლა-დაკვირვების შემდეგ ჩაიწერება. საინტერესოა, რომ არსებობს გაცხადებული მიმართულებებიც, მათ შორის, თბილისის მერის დაპირებისამებრ, მიწისზედა მეტროს გაყვანა მოიაზრებოდა სამგორიდან ლილოს მიმართულებით, სადაც 8 ახალი მეტროსადგური უნდა აშენებულიყო. გეგმა საჭიროებისამებრ ავტობუსის ზოლების ლიანდაგად გადაკეთებასაც ითვალისწინებს ტრამვაის მოძრაობისათვის. რაც, ალბათ, უფრო ილუზიაა. როგორ შეიძლება საცობების თუნდაც ნაწილობრივ განმუხტვა, ამ თემაზე ვესაუბრეთ ზაურ კაჭარავას, რომელიც დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმის განხორციელებაში წლების წინ მონაწილეობდა.
- ბატონო ზაურ, თბილისის მერიამ თბილისის ტრანსპორტის გენერალური გეგმის შედგენა უცხოელებს დაავალა, ჩვენ სპეციალისტი არა გვყავსო. გეგმა არსებობს, პრობლემები კი მატულობს. წარსულში აღიარებული სატრანსპორტო სპეციალისტი, რას გააკეთებდით საცობების შესამცირებლად? მართლაც არსებობდა თუ არა მეტროს ახალი ხაზების გეგმა და რას მოიცავდა?
- სატრანსპორტო სპეციალისტი რომ არა გვყავს, არ მიკვირს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ყოველთვის გვქონდა, წარსულშიც მხოლოდ ერთი საერთაშორისო პროფესიონალი გვყავდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია დედაქალაქის ტრანსპორტის განვითარებისათვის; მეტროს ახალი ხაზების არათუ დაგეგმვის, არამედ გაყვანის დაწყებისათვის.
საცობების განმუხტვა ე.წ. წვრილმანების ბოლომდე მოგვარებით იწყება. ნარჩენების ბუნკერების განლაგება ქუჩებში და დასუფთავების ტრანსპორტი საცობებს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, მით უფრო, არაერთ უბანში დასუფთავების ტრანსპორტი კვლავ დღისით მუშაობს. არადა, როდესაც დაახლოებით 2 საუკუნის წინ პარიზში ბუნკერები დადგეს, ნარჩენები ეტლებს გაჰქონდათ, მაშინაც კი მოიფიქრეს, რომ ბუნკერები პირდაპირ ქუჩებში კი არ დაედგათ, არამედ მათთვის მოედნები მოეწყოთ, რათა ნარჩენის გასატანად მისულ ეტლებს ქუჩაში მოძრაობა არ შეეფერხებინათ. არც შუქნიშნების სისტემის ერთიანი მართვის ცენტრი გვაქვს, უამრავი შუქნიშანი ერთიან სისტემასთან მიერთების გარეშეა, ან ისეა დამონტაჟებული, რომ იმ კონკრეტულ ადგილზე საჭირო არ არის და მოძრაობას მხოლოდ აყოვნებს. ასეთ ვითარებაში ქართველი კაცის ხასიათის წყალობით, რომელსაც ავტომანქანა ხშირად არა აუცილებლობისთვის, არამედ პრესტიჟისთვის ჰყავს, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა აუცილებელია, რასაც არავინ ახსენებს, ცხადია, იმიტომ, რომ მშენებლობა ძვირი ჯდება. თუმცა, თუ სახელმწიფო ამ მშენებლობისას ბიზნესმენებს 5-10 წლით გაათავისუფლებს გადასახადებისაგან, პარკინგების მოწყობა შეუძლებელი არ იქნება. ამ შემთხვევაში მაგისტრალსა და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გაჩერების აკრძალვაც შესაძლებელი გახდება და ქალაქიც ამოისუნთქებს.
- ეს ღონისძიებები მართლაც შეამცირებს საცობებს, თუმცა მთავარი, ალბათ, მეტროა. ჩვენს სიტუაციაში ტრაგიკომედიაა, როდესაც ამბობენ, რომ დღეს უკვე მეტრო ქალაქის ყველა მიმართულებით უნდა გვქონოდა, ჩვენ კი საცობებში ვიგუდებით. თუკი მართლაც არსებობდა, რას ითვალისწინებდა ის გეგმა, სად უნდა გვქონოდა მხსნელი მიწისქვეშა ტრანსპორტი?
- ის გეგმა ყველას შეუძლია იხილოს არქივებში და თავად დარწმუნდება, როგორ ამოვისუნთქებდით, ეს საქმე პრიორიტეტად რომ დაგვესახა. ყველა სამუშაოს ტაქტიკა მზამზარეულად გვედო წინ. თბილისის მეტროთი თითქმის სრულად დაფარვის გეგმა დაახლოებით 60-იან წლებში გაკეთდა და უკვე 80-იანი წლებიდან გვირაბებზე ვმუშაობდით. ყველაზე დიდი გვირაბი ვაზისუბნის მიმართულებით არის გაყვანილი და დღეს იქაურობა დაჭაობებულია.
როგორი იყო გეგმა, რომლის მიხედვით დღეს თბილისს უკვე უნდა ჰქონოდა მეტროს სამი ხაზი? ჯერ ხაზი მიემართებოდა დიდ დიღომში, ვაზისუბანში, მუხიანსა და მოსკოვის პროსპექტისკენ, შემდგომში მუხიანიდან გეზი თბილისის ზღვისკენ უნდა აეღო. რაც შეეხება მეტროს მეორე ხაზს, მას რუსთაველიდან ვაკეში უნდა გაევლო, სადაც 180 გრადუსით შებრუნდებოდა და გადავიდოდა საბურთალოზე, სადაც ახლაც არის, შემდეგ კი დიდ დიღომში გადავიდოდა. მეტროს მეოთხე ხაზს უნდა მიეღწია აეროპორტამდე და ფონიჭალამდე. სხვათა შორის, ამ გეგმის მიხედვით მუშაობა 80-იან წლებში დაიწყო და ვაზისუბნის არეალში გვირაბიც გაითხარა, სამწუხაროდ, ამაოდ. არადა, გეგმის განხორციელება ნამდვილად ამოგვასუნთქებდა.
- იმედია, ოდესმე განხორციელდება კიდეც.
- მეც იმედი მაქვს, თუმცა მანამდე მიწისზედა საცობების განმუხტვა კონკრეტული ღონისძიებებით ნამდვილად შესაძლებელია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ნება და სურვილი იქნება.