„ახლა ისეთი ძალადობაა ქვეყანაში, თუ არ გავაჩერებთ, ყველას წაგვლეკავს“ - თეა დარჩიას პოლიტიკა და პროტესტი - კვირის პალიტრა

„ახლა ისეთი ძალადობაა ქვეყანაში, თუ არ გავაჩერებთ, ყველას წაგვლეკავს“ - თეა დარჩიას პოლიტიკა და პროტესტი

ის ერთ-ერთი ის ადამიანია, ვინც დიდ საპროტესტო ტალღას პირველივე დღიდან შეუერთდა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ცეკვის სტუდიის სახელოსნო "თედასის" დამფუძნებელი, მოცეკვავე თეა დარჩიაა. ქალბატონი თეა დღედაღამ მუშაობს, თუმცა მაინც ახერხებს ყველასა და ყველაფერს მიაწვდინოს ხმა, სინდისის პატიმრების მშობლებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში დგანან. ძალიან ხშირად თავადაც მონაწილეა იმ ყველაფრის, რაც დღეს რუსთაველზე და საზოგადოდ, ქვეყანაში ხდება.

- საიდან და როგორ დაიწყო თქვენი­ პროტესტი?

- როდესაც მოხდა საყდრისის აფეთქება, მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე. ახლა კი არჩევნების შედეგებს ვაპროტესტებ, ვაპროტესტებ უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამომწყვდევას, ვაპროტესტებ მზია ამაღლობელის პატიმრობას და მის მწვავე პროტესტს, შიმშილობას, ვაპროტესტებ რუსეთთან შეერთებას, მის პირისპირ მარტო დარჩენას და ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციას, ვაპროტესტებ ადამიანების ჩაგვრას, ძალადობას, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას, ცემას, არაადამიანურ მოპყრობას, უსამართლო სასამართლოს, უსამართლოდ დასისხლიანებულ, ნაცემ, გაქურდულ ადამიანებს... თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი პროტესტი შედეგს აუცილებლად მოიტანს, რადგან ეს არის პროტესტი არაადამიანობის წინააღმდეგ.

- რა რეაქცია გქონდათ სინდისის პატიმრების სასამართლოზე, რას ეტყვით მათ მშობლებს?

- ისინი, ვინც მათ განაჩენი გამოუტანა, თავად არიან პატიმრები, პატიმრები არიან იმ რეჟიმის, რომელსაც ემსახურებიან. რეჟიმის მძევლების მშობლებს ვეტყვი­ - გამხნევდნენ! მათ ჰყავთ­ ჭეშმარი­ტად ქართველი, პატრიოტი, პატიოსანი, სამშობლოს მოყვარული და სამართლიანი შვილები. ეს მშობლისთვის­ ღვთის დიდი საჩუქარია. სიმართლე მათ მხარესაა, მათი შვილები გმირები არიან.

ახლა ქართველების კათარზისი მიდის. ეს, ალბათ, საჭიროც იყო ჩვენთვის. მხოლოდ ეს შეიძლება მოერიოს იმას, რომ დღემდე "ნაცქოცურ" საქართველოში ვცხოვრობთ. არადა, საქართველო მათზე ბევრად მეტია და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ, ხელოვანები, ამას დავამტკიცებთ. ჩვენ არც ერთი გვინდა და არც მეორე, იმიტომ, რომ ორივემ ცუდად გამოიყენა თავისი შესაძლებლობები. როცა გეძლევა შანსი, რომ საქართველო ააყვავო, მაგრამ ამას იყენებ პირადი ამბიციებისათვის, ამაზე მდაბიური საქციელი რა უნდა იყოს?!

ახლა ისეთი ძალადობაა ქვეყანაში, თუ არ გავაჩერებთ, ყველას წაგვლეკავს­. დარწმუნებული ვარ, სიკეთე აუცილებლად­ გაიმარჯვებს. ამ სუფთა ბავშვებს იმხელა­ ძალა აღმოაჩნდათ, გაგვაღვიძეს ყველა­ფერს შეგუებული, გადაქანცული და თვალდახუჭული თაობა. ჩვენ სულ ვალში­ ვიქნებით მათთან.

ყველამ უნდა შემოვუძახოთ თავს, რომ სანამ ძალა გვაქვს, უნდა ვემსახუროთ სიკეთეს, სიყვარულსა და მომავალს. ეს მომავლის ომია, ახალი თაობის ძველი მანკიერებების წინააღმდეგ. ბრძოლა სიკეთითა და სიყვარულით უნდა მოვიგოთ. თორემ თუ ძალას ძალით ებრძვი, ამ შემთხვევაში ძალა მათ ხელშია და რა თქმა უნდა, გამარჯვებულები ისინი იქნებიან, მაგრამ მათ ძალას თუ დავუპირისპირებთ ქრისტესმიერ სიყვარულს, რწმენას, ლოცვას, ერთად ყოფნას - გავიმარჯვებთ! ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

- "ხორუმი" როგორ დაიგეგმა და რა შეგრძნება იყო ეს?

- ეს იყო ნამდვილი სასწაული, დაუგეგმავი. სურვილი იყო ერთადერთი - ერთობისა და გამარჯვების. სულ თითზე­ ჩამოსათვლელი მოცეკვავეები ვიყავით, როცა ფილარმონიასთან შევიკრიბეთ. ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ მერე მოვიდა ხალხი, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები და რომ გავიხედე, ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა - ასეთი სასწაული მარტო ერთად დგომით და ცეკვით შეიძლება მომხდარიყო. ისევ და ისევ ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა, სიყვარულითა და გამარჯვების ჟინით ანთებულებმა, ერთი იდეით შეპყრობილებმა უნდა ვიაროთ.

ძალიან მინდა მოვიდეს ის ცხოვრება­, რომელსაც მხოლოდ ევროკავშირში გაწევრებით მივაღწევთ. მინდა კანონი კანონობდეს, დამიცვას, დაიცვას ჩვენი საქმე­ და მომავალი. იმ ბავშვებს, რომელთაც ვზრდი მომავალი საქართველოსთვის, როგორ ვუთხრა გაიღიმე-მეთქი, როცა არ ეღიმებათ, როცა შესაფერისი განათლება­ არა აქვთ, უსამართლობაში, ტყუილში აცხოვრებენ. როგორ ვასწავლო რამე?! მაინც მჯერა, რომ მალე გაერთიანებულ, ევროპულ და ბედნიერ საქართველოში გაგვეღვიძება.

რუსუდან შაიშმელაშვილი