"თავდახრილი ვიდექი, უეცრად ჯერ მამაოს ფეხსაცმელი გამოჩნდა, შემდეგ, ოლარის მთელ სიგრძეზე ამოქარგული მამა გაბრიელი. ეს ჩემთვის საოცრება იყო. მოძღვარი მამა ლუკა აღმოჩნდა"
რა შეცვალა ბერი გაბრიელის როლმა მსახიობის ცხოვრებაში
"ბრძოლა - ბერი გაბრიელი" - ასეთია ფილმის სახელწოდება, რომელსაც რეჟისორი გიორგი კაჭარავა იღებს. გადაღებებს წინ უძღვოდა 12-წლიანი ბრძოლა, ბევრი წინააღმდეგობის და ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გადალახვა. ეს არის პირველი მხატვრული ფილმი, რომელშიც ნაჩვენები იქნება მამა გაბრიელის ცხოვრების გზა ერისკაცობიდან სალოსობამდე. ფილმში წმინდანის როლს მსახიობი ზურა ავსაჯანიშვილი ასრულებს.
- ზურა, როდესაც დაგიკავშირდნენ და გითხრეს, მამა გაბრიელის როლზე მოიაზრებოდით, როგორი იყო თქვენი ემოცია?
- ვიცი, რომ მამა გაბრიელის როლის შემსრულებელს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ, სხვა ყველა როლზე მსახიობები განაწილებული იყვნენ. მამა გაბრიელის როლზე დამტკიცებული იყო ჩემი მეგობარი ვახტანგ ნოზაძე (ახლა ის ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს) და მან შესთავაზა რეჟისორს, იქნებ მთავარ როლზე ზურა ავსაჯანიშვილი მოგესინჯათო. დამირეკეს, მივედი, ძალიან თბილი გარემო დამხვდა. თეატრში დიდი ხანია ვთამაშობ და ჩემი ადგილი მაქვს, მაგრამ კინოში მთავარი როლებით განებივრებული ნაკლებად ვარ. ეს გარემო ძალიან მესიამოვნა, სინჯები გავიარეთ, ძალიან მალე ოთახში მთელი შემოქმედებითი ჯგუფი შემოვიდა და მითხრეს, რომ მამა გაბრიელის როლი უნდა შემესრულებინა. დიდ სიხარულთან ერთად კიდევ რა ემოცია მქონდა, ახსნა მიჭირს. იმ წუთშიც რაღაცნაირი რეაქცია მქონია, ეს ვინც ნახა, გახსენებისას იცინიან ხოლმე. გავაცნობიერე, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა უნდა ამეღო საკუთარ თავზე. ამ როლის თამაში რთულიც არის და საამაყოც.
- როგორი იყო სამზადისი? ვიცი, რომ მამა გაბრიელის ჩანაწერებს, ქადაგებებს უსმენდით, ინტონაციას, ხმის ტემბრს აკვირდებოდით.
- დიახ, ბევრი რამ გცოდნიათ. როდესაც მსახიობი ახალ როლზე მუშაობას იწყებს, ცდილობს, წარმოსახვაში არსებული პერსონაჟი გააცოცხლოს... ამ შემთხვევაში საქმე სრულიად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებდა. უნდა შემესრულებინა ზეადამიანის როლი, რომელიც წმინდანია და გადასაღებ მოედანზეც რომ მეძახდნენ - გაბრიელ! თავს ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობდი. მაყურებლის წინაშე მართალი რომ ვყოფილიყავი, დავიწყე ჩანაწერების მოძიება, ხშირად ვუსმენდი, ცოტათი მაინც მიმსგავსებული რომ ვყოფილიყავი. მუშაობის პროცესში მივხვდი, ეს მიდგომა კარგი იყო, მაგრამ ცოტა მცდარიც.
ვიფიქრე, ამ როლში მთელ ჩემს შესაძლებლობას ჩავდებ, ისე ვითამაშებ, ღვთის და მამა გაბრიელის წყალობით, როგორი შთაგონებაც მომივა-მეთქი. იმ პერიოდში მთლიანად დამოკიდებული ვიყავი, ეს უხილავი ძალა რას მიმანიშნებდა, რას და როგორ მათქმევინებდა... შეიძლება მისტიკურად გეჩვენოთ, მაგრამ მე ასე მჯეროდა და მინდოდა კიდეც, რომ ასე ყოფილიყო. გადაღებებისას ვიღაც მამოძრავებდა და ეს ვიღაც ალბათ თავად მამა გაბრიელი იყო.
- მამა გაბრიელის თანადგომა და მის მიერ მომხდარი სასწაულები არაერთ ადამიანს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი. სანამ ამ როლზე დაგამტკიცებდნენ, როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ?
- უფლის რწმენა ჩემში, ჩემს ოჯახში ყოველთვის იყო, მაგრამ რწმენაში ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს ვარ, აქამდე არ ვყოფილვარ. როდესაც ამ როლზე დამამტკიცეს, მეუღლემ მითხრა, ჩვენთან ახლოს, მაცხოვრის სახელობის ტაძარში, მამა შალვა კეკელიასთან მივსულიყავი და მისთვის ეს ამბავი მეთქვა. მამა შალვა ტაძარში არ დამხვდა, მესანთლემ მითხრა, დიდი ხანი არ იქნება, მაგრამ ახლა ტაძარში სხვა მამაო არისო.
მესმოდა, მოშორებით მამაო გალობდა, მაგრამ არ ჩანდა. ვიფიქრე, დაველოდები, შევხვდები ამ მამაოს და მამა გაბრიელის სურვილი თუ იქნება, ნიშანს მომცემს, ჩემს სათქმელს ვეტყვი-მეთქი. თავდახრილი ვიდექი, უეცრად კინოკადრივით ჯერ მამაოს ფეხსაცმელი გამოჩნდა, შემდეგ თვალი ზემოთ ავაყოლე და დავინახე, ოლარის მთელ სიგრძეზე ამოქარგული მამა გაბრიელი. ეს ჩემთვის საოცრება იყო. მოძღვარი მამა ლუკა აღმოჩნდა. დღეს ეს მამაო ჩემი სანთელია უფალსა და ადამიანს შორის. მისი დახმარებით და მამა გაბრიელის შეწევნით, დღეს ამ ეკლესიის მრევლი ვარ, პირველად მივიღე ზიარება.
- მამა ლუკამ რა გითხრათ?
- მე ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს ძალიან რთული ამბავი იყო, მამა ლუკამ ძალიან სწორი და ზუსტი სიტყვები მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა, არის უზომოდ თბილი. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემს გარდა მას სხვა სულიერი შვილი არ ჰყავს, ხშირად მირეკავს და ცდილობს, სწორი მიმართულება მომცეს.
- როგორი იყო გადასაღებ მოედანზე პირველი დღე?
- ყველა დღე იყო ძალიან საინტერესო, ისეთი საოცარი კადრები გვაქვს, მე ამ ფილმს "სხვა კინო" დავარქვი.
გადასაღებ მოედანზე ყველაფერი ისე ეწყობა, როგორც ჩვენ გვჭირდება, წვიმა გვინდოდა? - წვიმდა, ქარიანი ამინდი იყო საჭირო? - ასეც ხდებოდა. ბუნებამ იმდენი სასწაული გვაჩვენა, სამყაროსგან ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენით, არ შეიძლება, ეს ჩვეულებრივ ამბად მივიღოთ. სახეზე ხშირად მზეც კი იმ დოზით გვანათებდა, როგორც საჭირო იყო, ეს სასწაული არ არის? ამ ფილმზე მუშაობისას დაგროვებულ ემოციებს ჩემთვის ვინახავ, მინდა, პრემიერის დღეს ვილაპარაკო. ფილმში არის კადრები, რომელიც ყველა მართლმადიდებელმა უნდა ნახოს, როგორი ტკივილები განიცადა მამა გაბრიელმა, რას გრძნობდა, როდესაც წამების გზას გადიოდა...
- თავად რას გრძნობდით ამ ეპიზოდების გადაღებისას?
- მერწმუნეთ, იმ ეპიზოდებიდან საერთოდ არაფერი მახსოვს. ბატონი გია მაჩერებდა და მეუბნებოდა, მორჩა გადაღება, საკმარისია, დაწყნარდი. მერე ვხვდებოდი, რომ სხვაგან ვიყავი. ეს ის კადრებია, როდესაც მამა გაბრიელი თავისი რწმენით დაუპირისპირდა ათეისტურ სამყაროს, ურწმუნოების გარემოცვაში შეუძლებელი შეძლო.
- ზურა, როგორც ვიცი, არის კადრები, სადაც მამა გაბრიელს სცემენ, აგდებენ მანქანიდან, ამ ეპიზოდებში თქვენ უარი თქვით კასკადიორებით ჩანაცვლებაზე. გინდოდათ, ის ფიზიკური ტკივილი თავად განგეცადათ...
- თქვენ ძალიან ბევრი რამ გცოდნიათ, დიახ, ასე იყო, როდესაც შენი გმირის ხაზს მიჰყვები, ბარემ შენმა სხეულმა განიცადოს და ნახოს ის ყველაფერი. ჩავთვალე, ასე უფრო მართალი ვიქნებოდი მაყურებლის წინაშე, თორემ კასკადიორების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
35 თუ 36 წლის იყო მამა გაბრიელი, როდესაც ლენინის სურათი დაწვა, ამის შემდეგ დაიწყო მთელი რიგი ამბები მის ცხოვრებაში. კა-გე-ბე მსოფლიოს ატრიალებდა, მისი მოსპობა, ლიკვიდაცია არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ უნდოდათ, მასში რწმენა სამაგალითოდ ჩაეხშოთ. მამა გაბრიელმა კი არაერთი ადამიანის მოქცევა შეძლო, ის არ შეუშინდა დაბრკოლებებს, იმ ჭორებს, რომელსაც მის შესახებ ავრცელებდნენ. გამოკეტეს ფსიქიატრიულში, ციხეში, ცდილობდნენ, დაეჩაგრათ, დღეები წამებაში გაატარებინეს, მაგრამ ვერ გატეხეს. ძალიან მინდა, ახალგაზრდობამ ნახოს ეს ფილმი... ფოთი, გურია, ბათუმი, მცხეთა მოვიარეთ, ამ ადგილებში გვქონდა გადაღებები. ყველა ადამიანს, ვინც ფილმზე მუშაობდა და ახლაც მუშაობს, სული და გული გვაქვს ჩადებული. გადაღებებს თან სდევდა უდიდესი რწმენა, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა. კადრების 80% გადაღებულია.
- ანაფორას იცვამთ, გრიმს იკეთებთ, თქვენს გმირთან ემოციური კავშირის დამყარება აქედან იწყება?
- რა თქმა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანია მამა გაბრიელის ჯვარი (ჩემი და გიორგი კაჭარავას საერთო ჯვარი, ასე აღვიქვამ), რომლის გულზე დაკიდების შემდეგაც, ჩემთვის სამყარო სხვაგვარი ხდება. ჯვარი ძალიან მეხმარება, სხვაგვარი განცდა მოაქვს.
- ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ ეს ჯვარი თქვენთან რჩება?
- ამ ჯვარს ჰყავს პატრონი, გიორგი კაჭარავასთან დარჩება. მანამდე კი მე და პერსონაჟი მამა გაბრიელი ვინაწილებთ და გავდივართ გადასაღებ მოედანზე.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ ეკლესიური გახდით, აღსარება ჩააბარეთ, ამ როლმა კიდევ რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- ყველაფერი. ადამიანები უფრო მეტად მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ კაცთმოძულე არასდროს ვყოფილვარ. დღეს მეტად განვიცდი ადამიანების ყოფას. ჩვენ უნდა ვიყოთ მოწყალენი და მუდამ მზად ვიყოთ დახმარებისთვის. ყველას ხომ ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, ჩვენი ტკივილები გვაქვს და ჩვენზე კარგად არავინ იცის, როდის ვტყუით და როდის ვართ მართლები. ადამიანების მეტად დაფასება, ტკივილის მეტად გაგება და გაზიარება ვისწავლე.
- მამა გაბრიელის უხრწნელი ცხედარი სამთავროს დედათა მონასტერშია დაბრძანებული, მიეახლეთ?
- ჩვენ ამ მონასტერში გადაღება გვექნება, დიდი ინტერესით ველოდები. ჩემი შვილი ლიზი ავსაჯანიშვილი არის ბალერინა, მიუნხენის ნაციონალური ბალეტის სოლისტი. როდესაც ლიზი საქართველოში ჩამოდის, ყოველთვის ცდილობს, მოილოცოს სამთავროს მონასტერი, მიეახლოს მამა გაბრიელს, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მეორე შვილი, მათე, მეორე კურსელია, ცოტათი სიტყვაძუნწი კაცია, მაგრამ ვგრძნობ, რომ მას ჩემი ეს როლი ძალიან უხარია, მეც მიხარია და ვცხოვრობთ ასე, მთავარია ხიბლში არ ჩავვარდეთ.
- პრემიერა როდის იგეგმება?
- 2 ნოემბერს, მამა გაბრიელის დაბადების დღეს.
თამუნა კვინიკაძე