"სიტყვა "მიყვარხარ" პირველად მე ვთქვი, თუმცა ამას მისგან სულ ვგრძნობდი. სჩვევია, სულ რომ არ ელოდები, თავზე დაგადგეს... ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით, - კვირის პალიტრა

"სიტყვა "მიყვარხარ" პირველად მე ვთქვი, თუმცა ამას მისგან სულ ვგრძნობდი. სჩვევია, სულ რომ არ ელოდები, თავზე დაგადგეს... ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით, სახეზე მეცნო და ვკითხე, მორაგბე თუ იყო"

მრავალფეროვანი მოთამაშეა, მრავალმხრივ განვითარებული, სწრაფი, ჭკვიანი, უშიშარი, მებრძოლი... - ასე ახასიათებენ ვასილ (ვასკა) ლობჟანიძეს, როგორც მორაგბეს. როგორია ის მოედანს მიღმა, რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევა, როგორი მამა და მეუღლეა? - ამ ყველაფერზე ვასკას მეუღლე მეკო კეზრიშვილი­ გვესაუბრება.

- მეკო, როგორია ვასკას ემოცია, როდესაც თამაშების შემდეგ შინ ბრუნდება,­ შთაბეჭდილებას გიზიარებთ თუ განმარტოება ურჩევნია?

- ვასკას განმარტოება უფრო თამაშის წინ უყვარს, ამ დროს საკუთარ თავთან მარტო რჩება და მეც მაქსიმალურად ვცდილობ ხელშეწყობას. თამაშიდან დაბრუნების შემდეგ ემოციას ყოველთვის მიზიარებს. თამაშსაც გააჩნია, ისეთი მატჩებიც არსებობს, მოსალოდნელი შედეგის გამოცნობა რთული რომ არ არის, მაგალითად, ახლახან ჩატარებული მატჩი შვეიცარიასთან, რომელიც საქართველოსთვის რეკორდული ანგარიშით: 110:0 დასრულდა. მნიშვნელოვანი და დაძაბული თამაშების შემდეგ უფრო მძაფრი ემოცია აქვს.

- ვასილ ლობჟანიძეს ქართული რაგბის ისტორიაში თავის სიტყვა უკვე ნათქვამი აქვს. დღეს ასეთი წარმატებული რომ არის თავის საქმეში, ამაში რა პიროვნული თვისებები დაეხმარა?

- ვფიქრობ, მთავარი მაინც თავისი საქმის უზომო სიყვარულია. ვასკა ძალიან მონდომებული და ყოჩაღია, არ არსებობს ვარჯიში გააცდინოს, ან სათამაშოდ გავიდეს და ბოლომდე არ დაიხარჯოს. ამ საქმეში სულს და გულს დებს, თავის პროფესიაზე ბევრს ფიქრობს. დამეთანხმებით, ვარჯიში მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის, ფიქრიც ძალიან მნიშვნელოვანია.

- რამდენი წელია ერთად ხართ?

- ჩვენ ერთმანეთი 2015 წელს გავიცანით და 2016 წლიდან ერთად ვცხოვრობთ.

- სპორტსმენისთვის ოჯახის ხელშეწყობა­ ძალიან მნიშვნელოვანია. ვასკასთვის რა არის მთავარი საჭირო გარემოს შესაქმნელად?

- ჩემი მოვალეობაა შინ სიმშვიდე იყოს, დაისვენოს, გამოიძინოს, განიტვირთოს, ჯანსაღად იკვებოს... ამ ყველაფერზე თავად ვზრუნავ და ეს მზრუნველობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მაქსიმალურად ვცდილობ, კომფორტული გარემო შევუქმნა.

- სანამ გაიცნობდით, რაგბის უყურებდით­, მას როგორც მორაგბეს იცნობდით?

- კი, ეს სპორტი მაინტერესებდა. ჩვენ ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით. ზაფხული იყო, ერთ ქალაქში ვისვენებდით, პირველად რომ შევხვდი, სახეზე მეცნო და ვკითხე, მორაგბე თუ იყო.

- და სიყვარულის ამბავიც დაიწყო?

- ასე გამოდის, ვასკა ძალიან გახსნილი,­ ღია და კომუნიკაბელური ადამიანია. ურთიერთობის აწყობა არ გაგვჭირვებია, მასთან მარტივად გავიხსენი, დავმეგობრდით. მსოფლიო თასზე სათამაშოდ რომ წავიდა, მაშინაც სულ გვქონდა მიწერ-მოწერა.

- ესეც მეგობრულად?

- (იცინის) საქართველოში რომ დაბრუნდა, ძალიან მალე მივხვდით, რომ ჩვენს შორის მხოლოდ მეგობრობა აღარ იყო.

1-4-1739110126.jpg

- სიყვარულში როგორ გამოგიტყდათ?

- სიტყვა "მიყვარხარ" პირველად მე ვთქვი, თუმცა ამას მისგან სულ ვგრძნობდი.

- ყველაზე მეტად რით მოგხიბლათ?

- ძალიან კეთილი, გულწრფელი, ნამდვილი და საიმედოა, არასდროს არ თამაშობს. ეს არის ის თვისებები, რაც დღემდე მასში ყველაზე მეტად მიყვარს.

- ორი შვილი გყავთ, როგორი მამაა, ახერხებს შვილების აღზრდის საქმეში აქტიურად იყოს ჩართული?

- ძალიან კარგი მამაა, მზრუნველი და ყურადღებიანი, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია და მისი საქმე ბევრ დროს მოითხოვს, ჩვენი პირველი შვილი, ნიკოლოზი რომ დაიბადა, თითქმის იგივენაირად იყო ჩართული ბავშვის მოვლაში, როგორც მე. მშობიარობის შემდეგ ადვილი არ არის აზრზე მოსვლა, ბავშვზე გადართვა, ვასკა იმ პერიოდში განსაკუთრებით მეხმარებოდა.

- შვილების დაბადებას დაესწრო?

- არა, ნიკოლოზი რომ დაიბადა, ის საქართველოში არ იყო, ნაკრებს იაპონიაში ჰქონდა თამაში. ახალშობილი ნიკოლოზის ფოტო ვასკას მეგობარს, გიორგი ცუცქირიძეს გავუგზავნე. სადილობის დრო ჰქონდათ, ერთად ისხდნენ. გიორგიმ ფოტო რომ აჩვენა, თავიდან ვერ მიმხვდარა,­ ვისი ბავშვის­ სურათს აჩვენებდა, მერე კი იქ ერთი აურზაური ამტყდარა. ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო, მეგობრებმა მისი რეაქციაც გადაიღეს... მეორე შვილი­ კორონავირუსის პერიოდში დაიბადა. მოგეხსენებათ, პანდემიის დროს მთელი რიგი აკრძალვები იყო და ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვასკა სამშობიარო ბლოკში არ შემოუშვეს...

- რომანტიკულია?

- ძალიან რომანტიკულები არც ერთი არ ვართ, მაგრამ სჩვევია, სულ რომ არ ელოდები, თავზე დაგადგეს. მსგავს რაღაცებს მეც ვაკეთებ, მოულოდნელად თამაშზეც­ არაერთხელ მივსულვარ, ვამჩნევ, ამ დროს როგორი ბედნიერია.

- ბოლო რა შემთხვევა გახსენდებათ?

- მე და ბავშვები ბრივში ვიყავით, ვასკა­ მცირე დროით "ტულონში" თამაშობდა. იქ რომ გაემგზავრა, ჩვენ ბრივში­ დავრჩით. ერთ მშვენიერ დღეს, მაღაზიაში­ გასულს უეცრად უკნიდან მომეპარა... ძალიან­ გამიხარდა, თვე-ნახევარი არ მყავდა ნანახი. შემდეგ პარიზში ერთა თასის ფინალი ჰქონდათ და ის იქ არ მელოდებოდა, მოულოდნელად რომ გამოვეცხადე...

- ახლაც საფრანგეთში, "ოიონაში" თამა­შობს. ოჯახიც თან დაჰყვებით?

- ასე გამოდის. "ტულონში" 3 თვით იყო წასული, ბავშვები ბრივში სკოლაში­ და ბაღში დადიოდნენ და ვერ გავყევით. როცა "ოიონაში" წასვლა გადაწყდა, ჩვენც გავყევით - 2 წლით იქ ვიქნებით. საქართველოში ნაკრების თამაშებზე რომ მოდის, გამოყოლას ყოველთვის ვეღარ ვახერხებთ,­ რადგან ნიკოლოზს სკოლას ვერ ვაცდენინებთ. ახლა იმიტომ ჩამოვედით, ოიონაში­ ახალი გადასულები ვართ და ქალაქს­ ჯერ ვერ შევეგუე, ისე რომ მარტო დავრჩენილიყავი.

- ოიონა აღიარებულია, როგორც მსო­ფლიოს ყველაზე ცნობილი სარაგბო ქალაქი. ფრანგ გულშემატკივრებზე რას გვეტყვით?

- ძალიან აქტიურები და ბოლომდე­ ჩართულები არიან. ყველა მორაგბის შესა­ხებ ყველაფერი იციან, ინტერესდებიან მათი პირადი­ ამბებითაც. მოგიკითხავენ, მოგეფერებიან, სიყვარულის გამოხატვას არასდროს ერიდებიან.

- ვასკას ანგარიშზე სიყვარულის სახელით დადებული არაერთი ლელოა...

- ეს ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელია. მაჯებზე სამედიცინო სახვევს იკრავდა, მასზე ჯერ ჩემი სახელი­ ეწერა, შემდეგ ჩემი და ნიკოლოზის, მერე ევაც დაგვემატა და ახლა უკვე სამივეს სახელი აწერია, ასე გამრავლდა იმ ადამიან­ების რიცხვი, ვისაც დღეს ვასკა ლელოს უძღვნის.

- ამ ლელოებიდან, ან მეუღლის სპორტული ბიოგრაფიიდან არის კადრი, რომელიც თქვენთვის გამორჩეულია?

- დიახ, ეს ე.წ. "მფრინავი ლელოა" (ფოტოს ავტორია ლევან ვერძეული), ძალიან­ კარგი კადრია, ეს ფოტო გამორჩეუ­ლად მიყვარს, რუსეთ-საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის დროს არის გადაღებული, ვასკა ისე მოფრინავს, ფეხებიც არ უჩანს, უკან რუსი მორაგბეები­ სასოწარკვეთილი სახეებით მოსდევენ. ეს ფოტო შინაარსითაც მნიშვნელოვანი კადრია. ვასკამ რომ ნახა, ძალიან მოეწონა. ფოტოგრაფმა დიდი ფორმატით დაუბეჭდა, ჩარჩოში ჩასვა და გამოუგზავნა, ახლაც შინ, კედელზე გვაქვს გაკრული.

- კამათის შემდეგ შესარიგებლად პირველ ნაბიჯს რომელი დგამთ?

- ვასკა კამათში არ მომყვება, იმ დონემდეც არადროს მივსულვართ, შერიგება დაგვჭირვებოდა. ესეც მისი დამსახურებაა.

- მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- დაღლილი თუ არის, შინ დასვენება­ ყველაფერს ურჩევნია. სხვა შემთხვევაში მეგობრებთან ერთად სადმე გასვლა უყვარს. რადგან საქართველოში დიდ დროს ვერ ატარებს, ყველა ენატრება და დასვენების­ დღეებში აქვს საშუალება ახლობლები ნახოს,­­ თამაშის მეორე დღესაც ისვენებს. უყვარს კომპიუტერული თამაშები...

- მორაგბე ბიჭების მეუღლეებს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ჩვენ ერთმანეთს უმეტეს შემთხვევაში ნაკრების თამაშების დროს ვხვდებით. ყველა სხვადასხვა ქვეყანაში ვართ და ეს ფაქტორიც მოქმედებს. რაგბის ნაკრები ძალიან გაახალგაზრდავდა, ბევრს მეუღლე არც ჰყავს. უმეტესად დავით ნინიაშვილის მეუღლესთან მაქვს ურთიერთობა, საფრანგეთში ჩვენთან ახლოს ცხოვრობენ, თან დავითი ჩვენი შვილის ნათლიაა და ერთმანეთთან სულ გვაქვს ურთიერთობა.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის, წარმა­ტებას­, გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე