წითელი საღებავი №3 - კვირის პალიტრა

წითელი საღებავი №3

როდესაც თქვენი პატარებისთვის ტკბილეულსა და სხვა სასუსნავს ყიდულობთ, ალბათ, მის შემადგენლობაზე არც ფიქრობთ. წარმოდგენაც კი ძნელია, რომ ბავშვებისთვის საყვარელი კანფეტები, ჟელიბონი, ზეფირი, ვარდისფერი ნაყინი, წვენები, ძეხვეული და წამლებიც კი სახიფათო ნივთიერებებს შეიცავს. სწორედ ასეთი ნივთიერებაა წითელი საღებავი №3, რომელიც კიბოს და სხვა საბედისწერო დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. ამიტომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ყველა მეწარმეს მოუწოდა, შეწყვიტონ საკვებსა და წამლებში ამ საღებავის გამოყენება.­ წითელი საღებავი №3N კოსმეტიკაში ჯერ კიდევ 25 წლის წინ აიკრძალა, იმავე მიზეზით, რომ ის ჯანმრთელობისთვის საშიშია. როგორ დავიცვათ თავი ამ საშიში­ საღებავისგან? ამ კითხვაზე გვიპასუხებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის­ ასოცირებული პროფესორი, ტოქსიკოლოგი მარინა გიორგობიანი:

- არის ჯგუფი ქიმიური საღებავებისა, რომელთა შემცველობა საკვებში დაშვებულია, ოღონდ მათი რაოდენობა­ მკაცრადაა რეგლამენტირებული. განსაკუთრებით საშიშია ისეთი საღებავები, რომლებიც სინთეზური გზით მიიღება. ამის გამო ბავშვთა კვებაში ასეთი საღებავები აკრძალულია - ეს გადაწყვეტილება ბევრ ქვეყანაში მიიღეს.

დადგენილია, რომ სინთეზური საღებავების ნაწილი, რომელსაც ნავთობპროდუქტებისგან იღებენ, სერიოზული­ დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ შორისაა კიბო და ალერგია...­ ცხადია­, ამას ხელაღებით ყველა საღებავზე­ ვერ ვიტყვით, მაგრამ პროდუქტის შეძენისას­ დიდი ყურადღება გვმართებს.­ ალბათ,­ მკითხველს­ გაუჩნდება კითხვა, რა აუცილე­ბელია საღებავების გამოყენება საკვებ პრ­ოდუქტებშიო. საქმე ის არის, რომ პროდუქტების დიდი ნაწილი დამუშავების­ შედეგად ბუნებრივ ფერსა და მიმზიდველობას კარგავს. სწორედ ვიზუალური ეფექტის მისაღწევად იყენებენ წითელ საღებავს, რომელიც ნავთობპროდუქტების გადამუშავების შედეგად მიიღება. მისი არსებობა საკვებ პროდუქტებში დაშვებულია, ოღონდ გარკვეული კონცენტრაციით. მე თუ მკითხავთ, ასეთი საკვები ბავშვის რაციონიდან საერთოდ უნდა გამოირიცხოს. მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, როდესაც ტკბილეული კაშკაშა წითელი, ყვითელი ან ლურჯია, თუმცა კაშკაშა ფერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის მავნებელია.

- არასპეციალისტი როგორ გაარჩევს შეიცავს თუ არა პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიშ საღებავს?

- აუცილებლად უნდა დააკვირდეს ეტიკეტს - თუ იქ წერია, რომ პროდუქტი­ რაღაც საღებავს შეიცავს, მაგრამ ეს საღე­ბავი ეკოლოგიურად სუფთაა, ცხადია, უნდა ვენდოთ, მაგრამ გაურკვეველი წარმოშობის პროდუქტი, რომლის ეტიკეტზე შემადგენლობა არ არის აღნიშნული, ყოველთვის სარისკოა და არ უნდა შევიძინოთ. ცუდია, რომ სანიტარიული სამსახური საქართველოში არ არსებობს, მაგრამ სურსათის უვნებლობის სააგენტო კარგად აკონტროლებს, რომ საკვები პროდუქტები სინთეზურ საღებავებს არ შეიცავდეს. თუ პროდუქტი უვნებელ საღებავს შეიცავს, მაშინ ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი, რომ ეს საღებავი საფრთხის შემცველი არ არის. მიუხედავად ამისა, პატარები ასეთ პროდუქტებს მაინც უნდა მოვარიდოთ.

- ალბათ, დამეთანხმებით, როდესაც ბავშვს ტკბილეული ძალიან უყვარს, მისი გაკონტროლება რთულია.

- ამიტომ საუკეთესო გზაა მცენარე­ული, ბუნებრივი საღებავების გამოყენება­. მაგალითად, ძალიან კარგია ჭარხლის, ჟოლოს, ბროწეულის, სტაფილოს ან კურკუმისგან მიღებული უვნებელი საღებავები. მაღაზიებში ნაყიდი ტკბილეულის ნაცვლად, პატარები ოჯახში დამზადებუ­ლი ტკბილეულით გავახაროთ. პატარებს­ კანფეტზე არანაკლებ უყვართ გოზინაყი, ჩურჩხელა ან ოჯახში მომზადებული ბატიბუტი. სასარგებლოა ნატურალური წვენებისგან დამზადებული ჟელე და სხვა დესერტებიც.

თუ მშობელს დრო არა აქვს, მაშინ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, როცა პატარებისთვის ტკბილეულს ან სხვა საკვებს ყიდულობს. ჩვენ არ ვიცით, რამდენად კეთილსინდისიერია მეწარმე, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. მშობელმა უნდა შეამოწმოს, რა ნივთიერებებს შეიცავს ესა თუ ის საკვები. შესაბამისი ორგანოები ვერაფერს გვიშველის, თუ მომხმარებელი არ აკონტროლებს, რას ყიდულობს: როდესაც ეტიკეტს აწერია, რომ პროდუქტი ტოქსიკოლოგიურად შემოწმებულია, მხოლოდ მაშინ უნდა შევიძინოთ.

- რა არის ყველაზე კარგი გზა, რომ ბავშვები საეჭვო საღებავებისგან დავიცვათ?

- თავიდანვე არ უნდა შევაჩვიოთ ზედმეტ ტკბილეულს, რადგან ნახშირწყლების ზედმეტი დოზა ბავშვებისთვის კი არა, მოზრდილებისთვისაც არ არის კარგი.

ჯანსაღი, დაბალანსებული კვება პატარებისთვის უმნიშვნელოვანესია და აუცილებელია პირობაა მოზრდილთა ჯანმრთელობისთვისაც. ბევრი ამას ვერ ახერხებს და ამიტომაც არის მომრავლებული ალერგიები, სიმსივნური დაავადებები, გაახალგაზრდავდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნაადრევი სიბერე, ინსულტისა და ინფარქტის შემთხვევები, ხოლო ბავშვთა ასაკში ძალიან მოიმატა ზეაქტიურობამ და აუტიზმის შემთხვევებმა. შეიძლება ითქვას, აუტიზმის ქარიშხალია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს იმიტომ ხდება, რომ დაბინძურებულია ჰაერი, წყალი, ნიადაგი და რაც მთავარია, საკვები, რომელიც ხშირად სახიფათო სინთეზურ საღებავებს შეიცავს, მათ შორისაა წითელი საღებავი №3 - ამ საშიშროებაზე დღეს მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ.

P.S. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ მეწარმეებს ორწლიანი ვადა მისცა, რომ საღებავი №3 პროდუქციიდან ამოიღონ. გამოდის, 2027 წლამდე სახიფათო პროდუქტები მომხმარებლებმა თავად უნდა ამოიცნონ. პროდუქცია არ უნდა შევიძინოთ, თუ მის ეტიკეტზე წითელი საღებავის აღმნიშვნელ წარწერებს შევნიშნავთ: I RED 3; I RED DYE. NO. 3 ; IFD &C RED 3; IFD &C RED. NO 3;

ხათუნა ჩიგოგიძე