„ტარიელ ონიანმა 40 მილიონი რუბლი დახარჯა აფხაზეთის პოლიტიკის ასარევად“ - კვირის პალიტრა

„ტარიელ ონიანმა 40 მილიონი რუბლი დახარჯა აფხაზეთის პოლიტიკის ასარევად“

აფხაზეთის ე.წ. სახელისუფლებო ტელეგრამ-არხები ავრცელებენ ცნობას, რომ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ჩართულია აფხაზეთის დესტაბილიზაციის პროექტებში და შუამავლად ოპოზიციის "საპრეზიდენტო კანდიდატის" ადგურ არძინბას ბიძაშვილს, ადამირ ფაჩალიას (მეტსახელად ფაჩახას) იყენებს. ონიანი ცდილობს აფხაზეთის კრიმინალური სამყარო მთლიანად ჩაიგდოს ხელში­ და ამაში მას "ფაჩახა" ეხმარება. სწორედ ონიანმა დააფინანსა გადატრიალება და ასლან ბჟანიას გადაგდება ნოემბერში, ახლა კი "არჩევნებში" არძინბას გასამარჯვებლად ხარჯავს ფულს. დაიწერა, რომ ქართველმა კრიმინალმა აფხაზეთში არეულობისთვის 40 მილიონი რუბლი გამოყო და რამდენიმე ტრანშად გამოგზავნილი ფული ფაჩალიას ჩააქვს თბილისიდან აფხაზეთში.

მთელი ეს ქართულ-აფხაზური კრიმინალური სკანდალი ინტერნეტსივრცეში ფაჩალიას ფოტოების გავრცელებით დაიწყო. ფოტოებიდან ირკვევა, "ფაჩახა" საქართველოს თამაშს ესწრებოდა ევროპის ჩემპიონატზე, თანაც საქართველოს ნაკრების ფორმით. ერთ ფოტოზე აღბეჭდილია "ფაჩახა", რომელსაც 11-ნომრიანი მაისური აცვია, მეორე ფოტოზე კი ის აღბეჭდილია ე.წ. კანონიერ ქურდ ტარიელ ონიანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან ერთად იმავე მატჩზე.ფოტოებს მოჰყვა ცნობებიც. დაიწერა, რომ ტარიელ ონიანი, ქუთაისის დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, "ფაჩახას" უმცროს ძმას უწოდებს. გაარკვიეს, რომ ონიანი აფინანსებდა ნოემბერში გადატრიალებას და ამისთვის ფაჩალია გამოიყენა. ფაჩალია დიდხანს იმალებოდა­ თბილისში, სადაც რამდენიმე ტრანშად მიიიღო ონიანისგან 40 მილიონი რუბლი.

დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერმა­ ტელეგრამ-არხმა "სოვმინმა" დაწერა, რომ ონიანი უკმაყოფილოა აფხაზი ქურდების დომინირებით და "ფაჩახას" შუამავლობით­ ცდილობს აფხაზეთის ქუჩა მთლიანად ჩაიგდოს­ ხელში: მათ სურთ აფხაზეთი ქართული კრიმინალური სინდიკატის ფილიალად აქციონ. "ფაჩახას" ონიანი ხელმძღვანელობს, კერძოდ, "ფაჩახამ" ავტოგასამართი სადგურიდან იანვარში გაიტაცა ინგუში ბიზნესმენი ფულის გამოძალვის მიზნით, როგორც ამბობენ, ონიანის მითითებით.

დაიწერა ისიც, რომ ტარიელ ონიანი შეკვეთილი მკვლელობებითაა ცნობილი, მონაწილეობდა აფხაზების, კერძოდ, რაულ ჯახიმბასთან დაპირისპირებული ბესლან ჯონუას, აფხაზი ხალხის ერთ-ერთი გამორჩეული პირის მკვლელობაშიც. ჯონუა 2007 წელს მოსკოვში მოკლეს, მას რამდენიმე ბიზნესი ჰქონდა, ე.წ. კანონიერი ქურდი არ ყოფილა, თუმცა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა კრიმინალებშიც. მისი მკვლელობის ბრალდებით მაშინ 2 აფხაზი დააკავეს და ონიანზე არაფერი თქმულა.

93d1a24d-aeba-46e0-80bf-d481d64ae725-copy-1739111955.jpg

ამ ფოტოებს ტელეგრამ-არხებზე აღშფოთებული განხილვები მოჰყვა, რომ ღალატია, როცა მტერი ქვეყნის ნაკრების მაისურს იცვამს აფხაზი და არა საკუთარი ქვეყნის ნაკრების. აფხაზებისთვის მიუღებელია მეგობრობა ქართველ კრიმინალთან და ადგურ არძინბას მოუწევს პასუხის გაცემა ბიძაშვილ "ფაჩახასთან" კავშირსა და ქართველი კრიმინალის დაფინანსებაზე.

მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი:­ - გამორიცხული არ არის, აფხაზურ პოლიტიკაში ონიანის ფაქტორის წამოწევა შავი პიარი იყოს და ბადრა გუნბას შტაბი ამით ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდეს. ასევე შესაძლებელია ონიანს აფხაზური ქუჩის გაკონტროლების ინტერესი მართლაც ჰქონდეს, მაგრამ ის, რომ ონიანმა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს რუსეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მილიონები დახარჯა ეკონომიკურად არაფრით გამორჩეულ აფხაზეთში გავლენის მოსაპოვებლად, მთლად სარწმუნოდ არ მიმაჩნია. დღეს აფხაზეთის კრიმინალურ სამყაროში ქაოსური მდგომარეობაა.­ წლების­ წინ დიდი გავლენა ჰქონდა გუდაუთელ რაულ ბარცბას - "პიზას". მას შემდეგ, რაც მისი გარემოცვის რამდენიმე კაცი მოკლეს, "პიზას" გავლენა ძალიან შესუსტდაა. როგორც წესი, კრიმინალურ სამყაროში ეთნიკური ნიშნით განსხვავება არ სჩვევიათ და წლების­ წინ "პიზამ" სწორედ­ ამაში დაუშვა­ შეცდომა. 300 კაცით ჩააკითხა გალში "ობშიაკის" მაყურებელ ქართველს და საკითხი ასე დააყენა: აფხაზეთში "ობშიაკს" აფხაზი უნდა აკონტროლებდესო. მერე დაირეკა მოსკოვში და მაშინ გადაწყდა, რომ "ობშიაკი" "პიზას" გადაბარებოდა. იმხანად "პიზას" ყველაფერი­ შერჩა და ერთხანს ის იყო აფხაზეთის ქუჩის უგვირგვინო მეფე. მას დიდ ანგარიშს უწევდა დე ფაქტო ხელისუფლებაც­, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდა, რადგან "პიზამ" იმაზე მაღლა გადახტომა მოინდომა, ვიდრე უფლება ჰქონდა. ერთ-ერთი ბრალდება, რაც მას წაუყენეს, ის იყო, რომ ეთნიკური­ ნიშანი ჩართო კრიმინალურ გარჩევებში, ამიტომაც დღეს "პიზა" აფხაზეთის ტერიტორიას ვერ ტოვებს. გარდა ამისა, ის ავადმყოფობს, ჩაკეტილია თავის აგარაკზე და მინიმალურად ერევა პროცესებშიც. ამ დროისთვის ახალი ავტორიტეტები­ გამოჩნდნენ, ისინი, ვინც "პიზას" დროს იატაკ­ქვეშეთში იყვნენ ან საერთოდ არ იმყოფებოდნენ აფხაზეთში.­ მათ შორისაა მერაბ ჯანგველაძე­ (მერაბ სოხუმსკი), რომელიც "პიზასთან" იყო დაპირისპირებული... ტარიელ ონიანსაც და მერაბ სოხუმსკისაც ბევრად დიდი ავტორიტეტი აქვთ, ვიდრე კრიმინალური ავტორიტეტობის პრეტენზიის მქონე ნებისმიერ აფხაზს და არ გამოვრიცხავ, ახალი ინტერესები­ გაჩნდა მას შემდეგ, რაც კრემლთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა აფხაზეთში აპარტ-ოტელების აშენება.

ახლა ყველაფერი იმისათვის კეთდება, რომ ონიანის სახელი დე ფაქტო ხელისუფლების გუნდმა ოპოზიციის გასაშავებლად გამოიყენოს. აფხაზეთში ერთმანეთის დისკრედიტაციისთვის ყოველთვის იყენებენ ვინმე სახელიან ქართველს. მაგალითად, ოპოზიცია ასლან ბჟანიას წინააღმდეგ იყენებდა ბიძინა ივანიშვილისა და რამდენიმე მოსკოველი ქართველის გვარს, რომ ქართველები იდგნენ აპარტ-ოტელების გეგმის უკან. შემდეგ ქართველები კრასნოდარის ყოფილი გუბერნატორით, ალექსანდრ ტკაჩოვით ჩაანაცვლეს. ახლა ბადრა გუნბას ფლანგი ოპოზიციის გასაშავებლად იყენებს ონიანს. თუმცა ამჯერად ფაჩალიას ონიანთან მეგობრობა, ფაჩალიას თბილისში დამალვა და ქართული მაისური, არძინბასთვის მხოლოდ ირიბი კომპრომატია და ოპოზიციას დიდად არ დააზარალებს.

- თუკი ფაჩალია დიდხანს იმალებოდა თბილისში, თან ონიანის დავალებით მილიონები ჩააქვს აფხაზეთში, შესაძლოა აქ პოლიტიკური ინტერესი თუ დავალებაც არსებობდეს?

- გაითვალისწინეთ, აფხაზური მხარე­ ძალიან დიდი ყურადღებით სწავლობს იმ ვითარებას, რაც არაოკუპირებულ საქარ­თველოშია, მათ შორის თქვენს გაზეთს,­ ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ შეფასებებში.

ალექსანდრე კვახაძე, ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი: - ტარიელ ონიანის თემას ბადრა გუნბას ფლანგი ადგურ არძინბას გასაშავებლად იყენებს და ამით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს:­ რადგან არძინბას ბიძაშვილი ადამირ ფაჩალია "შავი სამყაროს" წარმომად­გენელია, ამით არძინბას დისკრედიტაციას ცდილობენ. მეორე მხრივ, ცდილობენ წარმოაჩინონ არძინბასა და ოპოზიციის კავშირი ქართულ მხარესთან, რაც უდიდეს კომპრომატად ითვლება. რუსეთის­ პროპაგანდისტულმა ტელევიზია ენ-ტე-ვემაც­ გამოაქვეყნა სიუჟეტი აფხაზეთის პოლიტიკურ პროცესებში ონიანის ჩართულობაზე­. მართლაც­ დახარჯა თუ არა ფული ონიანმა აფხაზურ პოლიტიკაში, ამის თქმა რთულია.­ რაც შეეხება აფხაზური ქუჩის გაკონტროლების­ სურვილს, შესაძლებელია ჰქონდეს...

აფხაზეთში ქურდული სამყარო მყარად ფეხგადგმულია და ეს არ ხდება ქართველი ქურდების გარეშე­. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მეტი ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოდანაა, მათ შორის ბევრია ოკუპირებული აფხაზეთიდან და ბუნებრივია, მათ აქვთ ინტერესი თავიანთი წარმომავლობის ადგილზე გავლენა ჰქონდეთ. 2017-2019 წლებში გუდაუთელი რაულ ბარცბა ("პიზა") დაპირისპირებული იყო რამდენიმე გალელ კრიმინალურ ავტორიტეტთან. ამ ბრძოლაში "პიზას" უპირისპირდებოდნენ­ მერაბ სოხუმსკი, რომელიც აფხაზეთში­ დიდი ხანია აღარ ცხოვრობს, ნიკა დგებუაძე­ (იგივე ნიკა გაგრინსკი), რომელიც დედით აფხაზია და არც ის ცხოვრობს აფხაზეთში.­ დღეს შესაძლოა ისევ გავლენების ხელახალ გადანაწილებაზე იყოს ბრძოლა. ტარიელ ონიანი ამ სამყაროში მაღალი დონის ავტორიტეტია, ბუნებრივია, ექნება ინტერესი, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი გავლენის სფერო გააფართოოს. შეიძლება იგივე სურს ონიანის თანამოაზრე მერაბ სოხუმსკისაც.

როგორც ღია წყაროებით ცნობილია, ონიანი 2019 წელს რუსეთის ციხიდან გამო­ვიდა 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ და მალევე ესპანეთში დააკავეს, მაგრამ 2020 წელს ვადაზე ადრე გამოუშვეს დიდი ფულის გადახდის შემდეგ და ახლა ევროპის ქვეყნებში ცხოვრობს. ონიანს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა იწერება, რომ ჩამოართვეს და რუსეთში ჩასვლა აკრძალული აქვს. ის საქართველოშიც ვერ ჩამოვა, ჩვენთან არის კანონი, რომლის მიხედვითაც ქურდული სამყაროს წევრობა­ დასჯადია და ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. ნაკლებად­ სავარაუდოა, რომ ხელისუფლებას ის ფარული გზით შემოეყვანა, რადგან ამას ოპოზიციური ჯგუფები გამოიყენებდნენ. ონიანმა საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ აღიდგინა­ და ბოლნისის­ სვანურ სოფელ რატევანშია ჩაწერილი. ის დაბადებულია საქართველოში, ამიტომ აქვს იურიდიული უფლება­, მოქალაქეობა აღიდგინოს. რაც შეეხება ფაჩალიას, ის ქურდი არ არის, ამიტომ მასზე ქართული კანონმდებლობა არ გავრცელდებოდა და შეძლებდა ენგურს გამოღმა დამალვას. ზუსტად არ ვიცი, რა ბრალდებით იყო ფაჩალია აფხაზეთიდან არაოკუპირებულ საქართველოში დამალული, თუმცა ენგურს აქეთ გადმოსვლა გავრცელებული პრაქტიკაა აფხაზებში, რადგან ექსტრადირება შეუძლებელია. თანაც ქართველი სამართალდამცავებისთვის გამოქცეული აფხაზი ინფორმაციის საინტერესო წყაროა და, დიდი ალბათობით, მიიჩნიეს, რომ მასზე დაკვირვება უფრო მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე დაკავება.

- გამოდის, არაოკუპირებულ საქართველოში აფხაზის დამალვა შეიძლება მართლაც იყოს კომპრომატი.

- საქართველოსთან კომუნიკაცია დღემდე ითვლება კომპრომატად. ბოლო 10 წლის განმავლობაში გინდაც დე ფაქტო მთავრობიდან და გინდაც ე.წ. ოპოზიციიდან ძალიან ბევრი გავლენიანი პირი ჩამოდის და, მკურნალობას რომ თავი დავანებოთ, ბიზნესსაქმიანობასაც ეწევა. აფხაზეთში ეს ყველამ იცის, მაგრამ ამაზე საუბარი არც ერთ მხარეს არ აწყობს.

- ონიანის გვარის გამოჩენის შედეგ უნდა ველოდოთ აფხაზეთის კრიმინალურ ფლანგზე გავლენებისთვის დაპირისპირებას?

- თუკი ადგურ არძინბას კლანმა­ გაი­მა­რჯვა, გავლენების გადანაწილება დაიწყება. რაც შეეხება პოლიტიკას, დაზუსტებულია, რომ ნოემბერში, როცა დე ფაქტო სამთავრობო შენობები შტურმით აიღეს­ და ბჟანია გადააყენეს, მომიტინგეების მობილიზებაში ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ჩართული. ახლა, თუკი დე ფაქტო საარჩევნო კომისია ბადრა გუნბას დაუწერს მოგებას, იგივე კონფრონტაციული მოვლენებია მოსალოდნელი ისევ ადგილობრივი კრიმინალური­ ავტორიტეტების ჩართულობით, თან არ დაგვავიწყდეს, რომ უხუცესმა აპოლონ შინკუბამ თქვა, თუ საჭირო გახდება, ომის შემდეგ გადამალული­ იარაღის გამოტანა და გამოყენებაც შეგვიძლიაო, რაც პირდაპირ სამოქალაქო ომისკენ მოწოდებად ჩათვალა გუნბას შტაბმა. ფაქტია, თუკი გუნბა გაიმარჯვებს, არძინბას გუნდი დათმობას არ აპირებს. სისხლის ღვრაზე, ალბათ, არ წავლენ, რადგან აფხაზებში­ არის დაუწერელი კანონი, რომ პოლიტიკური ბრძოლა სამოქალაქო დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს. მთავარია, რუსეთი გამოიყენებს თუ არა როსგვარდიას, თუკი გამოიყენებს, ეს უმართავ პროცესებს გამოიწვევს.

ეკატერინე ბასილაია

TOP.GE