"დღესაც თვალწინ მიდგას დაუვიწყარი სურათი - მდუმარე მამაჩემი როგორ ესიყვარულებოდა თავის ქალაქს..." - გოგი ცაბაძე, კაცი, რომელიც თბილისით ცხოვრობდა - კვირის პალიტრა

"დღესაც თვალწინ მიდგას დაუვიწყარი სურათი - მდუმარე მამაჩემი როგორ ესიყვარულებოდა თავის ქალაქს..." - გოგი ცაბაძე, კაცი, რომელიც თბილისით ცხოვრობდა

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის დაბადებიდან საუკუნე გავიდა. გოგი ცაბაძე - ეს სახელი და გვარი ამბობს ყველაფერს, ნიჭსა და უსაზღვრო შესაძლებლობებზე. გოგი ცაბაძე თავის ქალაქზე­ უზომოდ შეყვარებული და თბილისზე მომღერალი კომპოზიტორი, მისი შედევრი "ჩემო თბილის ქალაქო" თბილისობის დღესასწაულზე თავად შეასრულა და ასე შემორჩა მისი ხმა მის უნიკალურ მუსიკას. 62 წლის ასაკში 500-ზე მეტი სიმღერა, 20 ოპერეტა და მიუზიკლი ჰქონდა დაწერილი. მისი სიმღერები ჟღერდა ფილმებში. მას ეკუთვნის პირველი ქართული მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები", რომელმაც კომპოზიტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

კახა ცაბაძე, გიორგი ცაბაძის ვაჟი: - იმ დროს ქალაქში არ იყო მომღერალი,­ მამას სიმღერა რომ არ ჰქონოდა რეპერტუარში. თბილისელი, ქალაქელი კაცის დანახული სამყარო ჰქონდა. ამიტომ შეიძლება დაერქვას მის სიმღერებს ქალაქური.

მახსოვს, ბუბამ მოუტანა მორის ფოცხიშვილის ლექსი "მეფაიტონე" და სთხოვა,­ ამ ლექსზე სიმღერა დამიწერეო. მამამ იმღერა­ თავიდან ბოლომდე, ისე, რომ მე და დედაჩემმა ერთმანეთს შევხედეთ. დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს სიმღერა დიდი ხნის დაწერილი ჰქონდა. ინსტრუმენტთან რომ ჯდებოდა, პირდაპირ დაკვრას იწყებდა, თითქოს უკვე ნაფიქრალი ჰქონდა, რასაც უკრავდა.

გოგის დიდი მეგობრობა აკავშირებდა­ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, უყვარდათ სხვადასხვა კუთხეში ხეტიალი. ერთხელ გზად მიმავლებმა ეკლესია დაინახეს. პეტრემ იკითხა, ეს რა ეკლესიააო. არავინ იცოდა მისი სახელი. ამაზე სიმღერა­ დაიწერა: ,,ამ ეკლესიას მე დავარქვი შენი სახელი". ბოლოს გაირკვა, ბოდორნის ეკლესია ყოფილა.…მამას ყველა და ყველაფერი უყვარდა - ადამიანები,­ ცხოველები,­ ბუნება. ძაღლი გვყავდა, ბემბი.­ ერთხელაც დასასვენებლად სოხუმში­ წავედით. იქაური მუშა, მაკარი­, ბარგის ატანაში გვეხმარებოდა. მამამ უთხრა, ნომრამდე ბემბი მიგაცილებსო. ბემბიმ ზეპირად იცოდა მამას ნომერი. აირბინა კიბე და გაჩერდა კართან.­ გაგიჟდა მაკარი, ძაღლიც რა განათლებული გყავთ, ციფრებს კითხულობსო.

- როგორი მამა იყო ბატონი გოგი?

- ბიჭებისთვის მამა განსაკუთრებული­ პიროვნებაა, კაცი, რომელსაც აღმერთებ. მამაჩემი მართლა იყო ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც შეიძლებოდა გაგჩენოდა ასეთი დამოკიდებულება. რაც შეეხება­ მის მუსიკას, ისე მიყვარდა, რომ არ შემე­ძლო მის გარეშე. მშობლები ბავშვებს არაფერს გვიშლიდნენ. ალბათ, იმიტომაც, რომ ისეთს არაფერს ვაშავებდით. მამაჩემის როიალის ქვეშ სახელოსნო მქონდა, მამა უკრავდა, მე ვხატავდი. მიყვარდა, როცა ჩვენთან მომღერლები მოდიოდნენ. ისინი როიალთან დადგებოდნენ და მღეროდნენ. მე მხოლოდ მათ ფეხებს ვხედავდი.­ მახსოვს„"ორერას" წევრების ღვთიური ხმები.­ ალბათ, სწორედ ამ ყველაფერმა განსაზღვრა ჩემი ცხოვრების გზა.

პატარა რომ ვიყავი, ტრადიციად გვქონდა მე და მამაჩემს თბილისში გასეირნება, ჩავსხდებოდით მანქანაში და სანაპიროსკენ მივდიოდით. გააჩერებდა მანქანას, გადავიდოდით სანაპიროზე და ფეხით ვსეირნობდით. ვხედავდი, როგორ ჩუმად ეფერებოდა იმ ადგილებს, ხმას არ ამოიღებდა, ისედაც არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, ისეთ სიტუაციაში, მით უმეტეს. ამით იმაზე მეტს ამბობდა, რაც შეიძლება სიტყვით ეთქვა. დღესაც თვალწინ მიდგას ეს დაუვიწყარი სურათი - მდუმარე მამაჩემი როგორ ესიყვარულებოდა თავის ქალაქს... არადა, რა უნდა ეთქვა იმაზე მეტი, რასაც მე თბილისისადმი მის დამოკიდებულებაში­ ვგრძნობდი?! ორიოდე საათს ვჩერდებოდით მეიდანსა და მეტეხზე, მერე ცნობილ საკონდიტრო მაღაზია "ფრანციაში" გავივლიდით, ავიღებდით ნამცხვრებს და კუს ტბაზე ავდი­ოდით. იქიდან თბილისის საოცარი პანორამა მოჩანს. ამ რიტუალისას ვგრძნობდი როგორ იბადებოდა მამაჩემის მელოდიები...

მამაჩემისთვის დედაჩემის აზრი იყო ყოველთვის მნიშვნელოვანი. გოგი ახალ რამეს რომ დაწერდა, დედა რა საქმითაც არ უნდა ყოფილიყო დაკავებული, აუცილებლად უნდა გამოსულიყო ოთახიდან, მისულიყო როიალთან და შეექო. შესაძლოა ამის შემდეგ მამას შეესწორებინა დასაწყისი,­ დასასრული ან სხვა ეპიზოდი, მაგრამ მთავარი იყო, პირველადი სტიმული მიეღო. მამას, როგორი შემოქმედებაც ჰქონდა, ისეთივე იყო ბუნებით - ყველასგან გამორჩეული და ერთადერთი. ტყუილი­ მისგან წარმოუდგენელი იყო და ყველას ყველაფერს უჯერებდა. შეგეძლო თავისუფლად მოგეტყუებინა. ვერ წარმოედგინა, რომ კაცმა კაცს შეიძლება ტყუილი უთხრას. ყველაფერს დაგიჯერებდა, მაგრამ მის წინ რომ დადგებოდი და შეხედავდი, ვერ მოატყუებდი.

- მამასა და მორის ფოცხიშვილის ტანდემმა არაერთი შესანიშნავი­ სიმღერა შექმნა. სიმბოლურია, რომ მორის ფოცხიშვილის ბოლო ლექსზე სიმღერა თქვენ შექმენით.

- საოცარი ლექსია "ჩვენ ვართ შვილები ერთი ღმერთისა". ეს ბოლო ლექსია ბატონი მორისის თუ არა, არ ვიცი, თუმცა მის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ბოლო ლექსი ნამდვილად გახლდათ. ოთახში ვმუშაობდი, ამ დროს ჩემი მეუღლე შემოვიდა გაზეთით ხელში, ნახე, რა ლექსი დაუწერია მორისსო. რომ წავიკითხე, იმ წუთში­ სურვილი გამიჩნდა სიმღერა შემექმნა. იმ საღამოსვე მქონდა სიმღერის ძირითადი მონახაზი. მერაბ სეფაშვილმა იმღერა. მინდოდა­ ბატონ მორისს მოესმინა, მაგრამ მძიმედ იყო ავად. ვიცოდით, რომ მისი ბოლო დღეები იყო.

დღეს, ისევე როგორც მაშინ, 1992 წელს, ეს ლექსი აქტუალურია, "ჩვენ ვართ შვილები ერთი ღმერთისა, ჩვენ ვართ შვილები ერთი ქვეყნისა, ჩვენ ვართ და-ძმები ერთმანეთისა"... არის კიდევ ერთი ტევადი ფრაზა: "ერთ დროს უაზროდ გაფანტულების დგება წუთები ერთად შეყრისა, ყველა ერთად და ყველა უკლებლივ, ერთი მიზნით და ერთი უფლებით..." - თითქოს დღევანდელ დღეზეა დაწერილი.

- ბატონმა გოგიმ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა ქალაქური სიმღერა.

- გოგის დადებული თამასა ჯერ კიდევ რეკორდულ მაჩვენებელზეა. ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თამასა, თბილისის პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნულად, თავიანთი ცხოვრების წესით ანდერძად რომ დამიტოვეს პაპაჩემმა გაბო ცაბაძემ და მამაჩემმა გიორგი ცაბაძემ. ამიტომაც, როცა ნატვრაზე მიდგება საქმე, ჩემი ერის დღეგრძელობასთან, ჩემი სამშობლოს, ქართველი ხალხის ბედნიერებასთან ერთად, ჩემი თბილისის დღეგრძელობას ვნატრობ. ერთი ფრაზა მაქვს ამოჩემებული, რომელიც ჩემი, როგორც შემოქმედის ნატვრაც არის და ოცნებაც: "ღმერთო, მომეცი ძალა, მამაჩემივით მოვეფერო თბილისს".

რუსუდან შაიშმელაშვილი