XXI საუკუნეს "კვირის პალიტრა" უნიკალური პროექტით "გზავნილი მომავალში" შეხვდა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო წერილი დაეწერა, რომელსაც მისი სურვილისამებრ, ადრესატი 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ მიიღებდა - იქნებოდა ეს შვილი, მეგობარი, საყვარელი ადამიანი თუ ქვეყანა. შესაბამისად, ამ პროექტს 25 წლის წინ უპრეცედენტო აჟიოტაჟი მოჰყვა... ფიქრი, სურვილი, რჩევა, დალოცვა თუ აღსარება ბარათებად იქცა, რომელიც 2000 წლის 13 იანვარს დაილუქა და სპეციალურ სკივრებში მოთავსდა. სკივ­რები კი შესანახად ეროვნულ არქივს ჩაჰბარდა. "ამ დოკუმენტებს ისე მოვუვლი, როგორც ყველა ეროვნულ განძს", - ამბობდა არქივის მაშინდელი ხელმძღვანელი ზურაბ მახარაძე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას არქივის თანამშრომლებს, რომლებიც რუდუნებით უფრთხილდებიან სკივრებში მოთავსებულ ბარათებს, რომლებიც ათასობით ადამიანის სულისა და გულის ნააზრევს ინახავს. სკივრი უკვე გაიხსნა 2005 და 2010 წლებში და წერილები ადრესატებს გადაეცათ. ორივე ჯერზე უზარმაზარი ადამიანური ემოციების მოწმე გავხდით - იყო სიხარულისა თუ მწუხარების ცრემლები და მოულოდნელობისგან გაოგნება... 2025 წლის 10 მარტს სკივრი კიდევ ერთხელ გაიხსნება. ამჯერად წერილს 3000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს. სკივრის გახსნისთანავე გამგზავნთა და ადრესატთა ვინაობა გამოქვეყნდება გაზეთში და ასევე "კვირის პალიტრის" ვებ-გვერდზე - www.kvirispalitra.ge. როგორ გაჩნდა "გზავნილი მომავალში" პროექტის იდეის ავტორი შემეც­ნებით-ინტელექტუალური კონკურსის "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილია. ბატონი გოჩა "კვირის პალიტრასთან" 25 წლის შემდეგ იმ წარსული დღეების ამბავს ასე იხსენებს: გოჩა ტყეშელაშვილი - გამიმართლა, იღბალიც მქონია, რომ ცხოვრებამ "კვირის პალიტრას" დამაკავშირა, სადაც ჩემი იდეის განხორციელება შეძლეს. "გზავნილი მომავალში" იყო და არის საუკუნის პროექტი. ადამიანის ამქვეყნად მოვლინების მთავარი არსი ხომ ის არის, შვას და აღზარდოს მომავალი თაობა. ამიტომ ყოველი წინა თაობა გარკვეულ სიკეთეებს აკეთებდა, რომელიც უნდოდა, მომავალ თაობას გადასცემოდა. ჩვენც ვფიქრობდით და ვცდილობდით, ამ გზავნილებით შემდგომი თაობისთვის სათქმელი გადაგვეცა... ყველა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი ხომ ვერ იქნება, მაგრამ ყველას უყვარს თავისი შვილი. ამიტომ ამ სახალხო პროექტით ადამიანებს საშუალება ჰქონდათ, მომავალი თაობისთვის წერილი გაეგზავნათ. იგზავნებოდა ხელნაწერი ტექსტები, რადგან მაშინ სოციალური ქსელები არ იყო... გარდა იმისა, რომ ხალხი წერილს მომავალ თაობას სწერდა, მომავალში სურვილებსაც გზავნიდა. თემურ წიკლაური და ჯემალ ჭკუასელი 2005 წელს "კვირის პალიტრას" გზავნილების სკივრის გახსნას ულოცავენ ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ ქალბატონ ლალი გუნთაიშვილს, "კვირის პალიტრის" პირველ მთავარ რედაქ­ტორს. გარდა იმისა, რომ პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა, სათნო ადამიანი გახლდათ, ნებისმიერი საკითხი გულთან ახლოს მიჰქონდა და ამ პროექტშიც გული ჩადო. მასთან ერთად ძალიან კარგი გუნდი მუშაობდა. იდეა მომიწონეს, აიტაცეს და განხორციელება ერთად დავიწყეთ. მაღალტირაჟიანმა გაზეთმა სათქმელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობასთან სწორად მიიტანა. ადამიანებმა წერილების გამოგზავნა დაიწყეს, არ დარჩენილა სოფელი, სადაც ხმა არ მივაწვდინეთ. "კვირის პალიტრის" გუნდი საშუალებას იძლეოდა, რომ პროექტი პერსპექტიული და განვითარებადი ყოფილიყო და ასეც მოხდა. მას მერე 25 წელი გავიდა და პროექტი ისევ ცოცხალი და აქტუალურია. 2025 წლის მარტში 3 ათასზე მეტი ადამიანი გზავნილს აწმყოში წარსულიდან მიიღებს. "გზავნილმა მომავალში" რომ გაამართლა, ამას ყოველ ჯერზე, სკივრის გახსნისას ვხვდებოდით. ბარათების სკივრებში მოთავსება "კვირის პალიტრის" გუნდის იდეა იყო. ასე რომ, დღეს არქივში თამარ მეფის ეტრატთან ერთად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სანუკვარი ემოციებიც ინახება და 2025 წელსაც, დარწმუნებული ვარ, კონვერტების გახსნისას ადამიანებს სიხარულის ცრემლები მოერევათ. შეიძლება სამწუხაროდ, ზოგიერთი წერილის ავტორი ან ადრესატი ცოცხალი აღარ იყოს, მაგრამ გზავნილები შვილებსა­ და შვილიშვილებს ხომ დარჩებათ?! ვფიქრობ, ადამიანებს ძალიან ესიამოვნებათ ამ დაძაბულ ცხოვრებაში ამ ბარათების მიღება. წარმომიდგენია, ოჯახებში რა ემოციები იქნება.