ზელენსკის საიდუმლო რუკა: რა შეუთვალა უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპს - „მოდით, გარიგება დავდოთ: ჩემგან წიაღისეული, თქვენგან კი - უსაფრთხოების უზრუნველყოფა - კვირის პალიტრა

ზელენსკის საიდუმლო რუკა: რა შეუთვალა უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპს - „მოდი, გარიგება დავდოთ: ჩემგან - წიაღისეული, თქვენგან კი - უსაფრთხოების უზრუნველყოფა“

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს - „როიტერის“ (Reuters) ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. სტატია გამოქვეყნებულია სათაურით -„ექსკლუზივი: ზელენსკი - ტრამპს: „მოდი, გარიგება დავდოთ: ჩემგან - წიაღისეული, თქვენგან კი - უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ (ავტორები - ტომ ბალმფორტი და ელენა გარმაში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „როიტერის“ ჟურნალისტებს ინტერვიუს დროს თავისი ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის ყოფილი საიდუმლო რუკა აჩვენა, რომელზეც ნაჩვენებია იშვიათმიწა ლითონებისა და მნიშვნელოვანი მინერალების მდიდარი საბადოების მდებარეობა.

იცოდა რა აშშ-ის პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის განსაკუთრებული ინტერესი გარიგებების დადებისადმი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამგვარად შეეცადა მისი ყურადღების მიპყრობას უკრაინისადმი.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფი შეწყვეტის მომხრეა. აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას სურს, უკრაინამ ამერიკას იშვიათმიწა ლითონების შემცველი მადნები და მინერალები მიაწოდოს იმ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, რომელსაც აშშ უწევს უკრაინას, რუსეთთან ომში. „თუ ჩვენ გარიგებებზე ვსაუბრობთ, მაშინ უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ - ჩვენ ხელს მოვაწერთ ისეთ გარიგებას, რომელშიც მოკავშირეებისგან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.

გასული წლის შემოდგომაზე კიევმა შეიმუშავა „გამარჯვების გეგმა“, რის მიხედვითაც უკრაინას ისეთი მოგებიანი მდგომარეობა უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთი იძულებული გახდეს, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და უკრაინის მხრიდან წაყენებულ პირობებს დაეთანხმოს. სწორედ მაშინ გაჟღერდა იდეა, რომ უკრაინამ მოკავშირეებს, დახმარების პასუხად, ნება მისცეს, უკიდურესად მნიშვნელოვანი მინერალური რესურსებით ისარგებლონ და წიაღისეულის საბადოების დამუშავების მიზნით, ინვესტიციები დააბანდონ.

ინტერვიუს დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წიაღისეულთა დაახლოებით 20%, მათ შორის - იშვიათმიწა ლითონების შემცველი მადნების საბადოები რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

იშვიათმიწა ლითონები გამოიყენება მაღალეფექტიანი მაგნიტების, ელექტროძრავებისა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის დასამზადებლად. ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთს შეუძლია, უკრაინის მიწიდან ამოღებული მსგავსი ლითონები თავის მოკავშირეებს - ჩრდილოეთ კორეას და ირანს მიაწოდოს, „რომლებიც აშშ-ის დაუძინებელ მტრებს წარმოადგენენ“. „ჩვენ გვჭირდება შევაჩეროთ ვლადიმერ პუტინი და შევინარჩუნოთ, დავიცვათ მტრისგან ის, რაც გვაქვს - წიაღისეულით ძალიან მდიდარი დნეპროპეტროვსკის ოლქი ცენტრალურ უკრაინაში“, - ამბობს იგი ინტერვიუში.

რუსეთის ჯარები უკვე რამდენიმე თვეა, უკრაინის აღმოსავლეთში პოზიციებს იუმჯობესებენ და უკრაინის მიწა-წყალს - ქალაქებსა და სოფლებს იპყრობენ, მართალია, დიდი მსხვერპლისა და რესურსების ფასად, მაგრამ - მაინც. თავის მხრივ, შედარებით მცირერიცხოვან უკრაინის არმიას არ ჰყოფნის ცოცხალი ძალა (ჯარისკაცები), სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალები.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის განსაკუთრებულად დაცულ რეზიდენციაში, მაგიდაზე გაშალა ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის დიდი რუკა, რომელზეც იშვიათმიწა ლითონების შემცველი ქანები ფართო ზოლებით არის ნაჩვენები. რუკის მიხედვით ჩანს, რომ წიაღისეულის საბადოების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსების მიერ არის ოკუპირებული, მაგალითად, აკუმულატორების დამზადებისათვის აუცილებელი ლითიუმის საბადო.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ევროპაში უდიდესი ტიტანის საბადო: ეს ლითონი აუცილებელია საავიაციო და კოსმოსური მრეწველობისათვის, ასევე, აქვს ურანის საბადოც, რომლის მადნისგან მიღებული კონცენტრატი ბირთვული ენერგიისა და ბირთვული იარაღის საწარმოებლად გამოიყენება. ტიტანის საბადოების დიდი ნაწილი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია ანუ - ფრონტისაგან შორს.

როგორც ვხედავთ, უკრაინამ სწრაფად გარდაქმნა თავისი საგარეო პოლიტიკა აშშ-ის - თავისი მოკავშირის ახალი მეთაურის საქმიანი მიდგომების მიხედვით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ კიევი არ აპირებს, წიაღისეული ამერიკას უბრალოდ გადასცეს, არამედ - იგულისხმება პარტნიორობა - საბადოების ერთობლივი ათვისება და მათი დამუშავება:

„ამერიკელები ჩვენ ყველაზე მეტად დაგვეხმარნენ და ამიტომაც მათ ჩვენი წიაღისეულით ყველაზე მეტად უნდა ისარგებლონ. მათ უნდა მივცეთ უპირატესობა და ასეთი პრიორიტეტი მიენიჭებათ კიდეც. მინდა, პრეზიდენტ ტრამპთან ეს საკითხიც შევათანხმო“.

უკრაინელი ლიდერის თქმით, რუსეთმა მშვენივრად იცის, თუ სად მდებარეობს უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის საბადოები. გეოლოგიური დაზვერვები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ტარდებოდა, რომლის შედეგები 1991 წლამდე ანუ უკრაინის დამოუკიდებლობამდე, მოსკოვში იგზავნებოდა ხოლმე.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი და ვაშინგტონი იხილავენ უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავების გამოყენების საკითხს, ამერიკული თხევადი ბუნებრივი გაზის შესანახად: „მე ვიცი, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ საკითხით არის დაინტერესებული... ჩვენ მზად ვართ, გარიგება დავდოთ ამერიკული გაზის შენახვაზეც; ამ მხრივ უკრაინას სურს და შეუძლია იყოს კიდეც ერთგვარი ჰაბი ევროპისთვის“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურს დონალდ ტრამპს მანამ შეხვდეს, ვიდრე თეთრი სახლის მეთაური ვლადიმერ პუტინს შეხვდება: „სხვანაირად ეს იქნება მოლაპარაკება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“. სხვათა შორის, თვითონ აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეხვედრა შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ ტრამპს მშვიდობის დამყარება სურს იმ მომენტში, როცა რუსეთის ჯარები მსხვილი უკრაინული ქალაქის - პოკროვსკის (კრასნოარმეისკის) აღებას ცდილობენ.

ინტერვიუს დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ განზრახული აქვს 14-16 თებერვალს მონაწილეობა მიიღოს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაში, სადაც იგი ტრამპის წარმომადგენელს - კიტ კელოგს შეხვდება.

ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი შეეხო არმიაში გაწვევის პრობლემასაც. მისი თქმით, უახლოეს ხანში დაგეგმილია, დაინერგოს გასაწვევი კონტრაქტების გაფორმება, რომელთა მიხედვით, მაღალი ფულადი ანაზღაურების პირობებში, ჯარში სამსახური 18-24 წლის ახალგაზრდებსაც ექნებათ. ეს ზომა ერთგვარი კომპენსაცია იქნება არმიაში ჯარისკაცების დეფიციტის აღმოსაფხვრელად. თუმცა ზელენსკის არაფერი უთქვამს, დაახლოებით, რამდენი ახალგაზრდა მოაწერს ხელს ამგვარ კონტრაქტს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო