USAID-ის დაცემა: რა აკავშირებს ილონ მასკს პუტინთან და არძინბასთან - ჩაანაცვლებს თუ არა ამერიკულ ორგანიზაციას რუსული "რბილი ძალა"?! - კვირის პალიტრა

USAID-ის დაცემა: რა აკავშირებს ილონ მასკს პუტინთან და არძინბასთან - ჩაანაცვლებს თუ არა ამერიკულ ორგანიზაციას რუსული "რბილი ძალა"?!

„ამერიკელი ხალხისგან“, – ამგვარი იყო (მომავალში რა იქნება, ჯერ უცნობია) მსოფლიოში, ალბათ, უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის (”აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“, – „იუსაიდი“) დევიზი. თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ „კრიმინალურ კავშირში“ ამ ან მასთან აფილირებულ ორგანიზაციებთან არასდროს ვყოფილვარ: არც მათ რომელიმე საგრანტო კონკურსში (სასწავლო, კვლევით ან სამივლინებო) მიმიღია მონაწილეობა და ბუნებრივია, არც გამიმარჯვია. ამიტომ ინტერესთა კონფლიქტი უნდა გამოვრიცხოთ, რაც მაქსიმალური ობიექტურობისთვის აუცილებელია.

უკვე სამი კვირაა, რაც ირეალურ სინამდვილეში გვიხდება არსებობა, ამის ერთი მაგალითი „იუსაიდის“ წინააღმდეგ გახსნილი „საომარი მოქმედებებია“. ამ, ერთ დროს ამერიკელების ყველაზე საამაყო საერთაშორისო ორგანიზაციას, უკვე დიდი ხანია, ებრძვიან: რუსეთი, ჩინეთი, კუბა, ვენესუელა, აფხაზი სეპარატისტები და ახლა უკვე... აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ბევრი ფართო კაბინეტიდან უკვე ჩამოხსნეს ლამაზ ჩარჩოში მოთავსებული და უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდილი USAID-თან წარმატებული თანამშრომლობისა და მათგან მიღებული მადლობის დამადასტურებელი სიგელ-გუჯრები (რომლითაც ჯერ კიდევ გუშინ თავს იწონებდნენ) და სადმე სეიფის სიღრმეში მიმალეს.

picture4-1739256057.png

1961 წლის 4 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ იქნა „საგარეო დახმარების აქტი“, რომლის მიხედვითაც მოხდა აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამების რეორგანიზაცია/გაერთიანება და ეკონომიკური დახმარების ადმინისტრირების სააგენტოს შექმნა, რომლის მთავარ მიზნად სხვა ქვეყნების გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დახმარება განისაზღვრა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მიერ ხელმოწერილი ბრძანების შემდეგ „იუსაიდმა“ ფუნქციონირება დაიწყო. 2025 წლის იანვრის ბოლომდე ეს იყო აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი გახლდათ სამოქალაქო საგარეო დახმარების ადმინისტრირებაზე. მისი ბიუჯეტი 50 მილიარდ დოლარზე მეტი იყო და ოფისები ჰქონდა 100-ზე მეტ ქვეყანაში. USAID-ი, როგორც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ოფიციალური წარმომადგენელი, მოქმედებდა კონგრესის, პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელობით. „იუსაიდის“ სამოქმედო არეალი იყო: აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპა.

აშშ-ის მთავრობის სამოქალაქო დახმარების პროგრამები შემდეგ სეგმენტებს მოიცავდა: კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარებას; ტექნიკურ თანამშრომლობას გლობალურ გარემოსდაცვით საკითხებზე; დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების დახმარებას საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში; დახმარებას დემოკრატიული რეფორმების გატარებაში; კონფლიქტების რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას და ა.შ. ამ პროგრამების დასაფინანსებლად ყოველწლიურად გამოიყოფოდა აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 1%. ბუნებრივია, ეს პროგრამები აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესების მხარდაჭერასაც გულისხმობდა, ხოლო თავად ეს ორგანიზაცია აშშ-ის „რბილი ძალის“ გამტარებელი იყო მთელ მსოფლიოში. თუმცა ამ შემთხვევაში, არა ძალისმიერი მეთოდებით თავსმოხვეული „მეგობრობა“ გახლდათ მთავარი, არამედ - უფრო რუსთაველის აფორიზმის („ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“) მიხედვით მოქმედება იყო პრიორიტეტული.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან „იუსაიდს“ ყველაზე მეტი ჰუმანიტარული პროექტი რუსეთში აქვს შესრულებული, სადაც ის 1992 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა და სამ მილიარდამდე დოლარი დახარჯა. არსებული ინფორმაციით, USAID-ის დახმარებით შემუშავდა: რუსეთის ფედერაციის მიწის კოდექსის, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის და რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კოდექსის პროექტები. ასევე, დიდი იყო ამერიკელების დახმარება საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. თუმცა 2012 წლის სექტემბერში, როდესაც პუტინმა ოპოზიციური ძალების გამოცოცხლება შენიშნა, ეს „იუსაიდს“ დააბრალა და მისი საქმიანობა შეაჩერა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე გაიმეორა ლუკაშენკომ ბელარუსში.

ძალზე დიდია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წვლილი და დამსახურება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმების, ასევე, სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერაში.

ათწლეულების მანძილზე „იუსაიდი“ იყო მთავარი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებდა, თუმცა ამ რამდენიმე წლის წინ სოხუმის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, მოსკოვიდან მიღებული დავალებით, შეტევა დაიწყო „იუსაიდსა“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე: „მათთვის, ვისაც სურს, დაანგრიოს აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკას ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავს, ჩვენი კარი უახლოეს მომავალში დაეხურებაო“, – განაცხადა არძინბამ 2023 წლის 17 ნოემბერს. მისი თქმით, USAID-ის ოფიციალურ ვერგვერდზე გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია, რომ „აფხაზეთში ხორციელდება პროექტები, რომელთა მიზანიც „კრემლის დამღუპველ გავლენასთან დაპირისპირება“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენააო“.

picture3-1739256056.jpg

არშემდგარი „დიპლომატი“ ინალ არძინბა

უახლოეს მომავალში „გამოქვეყნდება პრეზიდენტის განკარგულება, რომლითაც ცვლილებები შევა აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებაში... ამ ცვლილებების მთავარი მიზანია საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა, ჩვენი სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და ჩვენს შიდასაქმეებში ჩარევის მცდელობების აღმოფხვრა“, – დაამატა თვითმარქვია „დიპლომატმა“. იმავე წლის 7 დეკემბერს ინალ არძინბამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან ურთიერთობის შესახებ ახალი რეგულაციების შესახებ გააკეთა განცხადება.

USAID-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში 2012 წლიდან, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკაში - 2019 წლიდან აკრძალულია იმიტომ, რომ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია, შეცვალონ ღირებულებები, კულტურების დისკრედიტაცია მოახდინონ, ისტორია გააყალბონ და ხალხებს შორის ურთიერთობებს შეუშალონ ხელიო. თვითმარქვია „მინისტრი“ იმითაც გახლდათ აღშფოთებული, რომ USAID-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ამ სააგენტოს ოფიციალურ სტრატეგიაში აფხაზეთი მოხსენიებული იყო, როგორც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია“, ხოლო USAID-ის მთელი საქმიანობის ძირითად მიმართულებად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და კრემლის მავნე გავლენებთან დაპირისპირება იყო დაფიქსირებული. ინალ არძინბამ სხვა მინიშნებაც გააკეთა: USAID-ის თანამშრომლები აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით არიან დაკავებულიო.

picture2-1739256056.jpg

ჯონ ა. პენელი

ინალ არძინბამ განსაკუთრებით USAID-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეუტია: უკრაინასა და ბელარუსში USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილედ მუშაობის დროს, ამ ქვეყნებში შექმნა „არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“, რომელიც „აქტიურად ერეოდა ამ ქვეყნების შიდასაქმეებში, ხელს უწყობდა სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას, ხელისუფლების დისკრედიტაციას და ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცვლას შეეცადაო. პუტინისა და ლუკაშენკოსა სპეცსამსახურებისგან მიღებული დავალებების გახმოვანებისა და ჯონ პენელის „პირადი საქმის“ გასაჯაროების შემდეგ, ინალ არძინბამ USAID-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და აფხაზეთში შესვლა „აუკრძალა“.

ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ კი ე.წ მინისტრმა განაცხადა: USAID-ი სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით უკრაინის შეიარაღებული ძალებს აფინანსებს, რაც ჩვენი მთავარი მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგაა მიმართულიო. ამიტომ არძინბამ „იუსაიდიც“ „დაასანქცირა“: არც ერთი ახალი პროექტი USAID-ის ნაწილობრივი ან სრული დაფინანსებით არ იქნება სერტიფიცირებული „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ; აიკრძალება იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთის მაცხოვრებლებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარებას; აიკრძალება იმ მედიაპროექტების დაფინანსება, რომელთა მიზანიცაა ოკუპირებული აფხაზეთის „საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების“ გაშუქებაო და ა.შ.

საინტერესოა, რომ „იუსაიდის“ წინააღმდეგ სეპარატისტების ბრძოლა უყურადღებოდ არ დარჩენია საქართველოს სუს-საც. სპეცსამსახურის 2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ: „2023 წლის 7 დეკემბერს USAID-ის რეგიონული ხელმძღვანელი “პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, აღარ მტკიცდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით წარმოდგენილი პროექტები. ასევე, შეჩერდა UNDP-ის პროექტების მიღება. იკრძალებოდა იმ პროექტების რეალიზება, რომელთა მიზანს ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტის დამყარება წარმოადგენდა. იზღუდებოდა იმ მედიაპროექტების დაფინანსება, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის “შიდა და საგარეო პოლიტიკის“ საკითხების გაშუქებას ისახავდა მიზნად... საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა...

საერთაშორისო ორგანიზაციების დაბლოკვით, საოკუპაციო რეჟიმი, ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის გავლენის გაზრდასა და აფხაზებსა და ქართველებს შორის კონტაქტებიოს მინიმუმამდე დაყვანას ცდილობდა“, – ნათქვამია სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში.

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციად დარჩა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობდა „იუსაიდი“ საქართველოს საკეთილდღეოდ, რაც ჩვენი მტრების გაღიზიანებას ყოველთვის იწვევდა. თუმცა მთავარი სიურპრიზი წინ გვაქვს.

picture1-1739256056.jpg

რატომ ებრძვის ილონ მასკი „იუსაიდს“?

2025 წლის იანვრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას უცხო ქვეყნებისთვის USAID-ის საგარეო დახმარების 90 დღით სრული გაყინვის შესახებ, რათა ჩაეტარებინათ „ამერიკულ ღირებულებებთან“ და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან „იუსაიდის“ პროგრამების შესაბამისობის აუდიტი. რამდენიმე დღის შემდეგ კი ტრამპის მარჯვენმა ხელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა მსოფლიოს აუწყა: USAID-ი ლიკვიდირებულია და ვეღარ აღდგება და მისი შტაბ-ბინა ვაშინგტონში დაიხურა ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებითო.

„იუსაიდის“ ლიკვიდაციის საფუძვლად ახალ ადმინისტრაციას ბევრი სიტყვიერი ბრალდება მოჰყავს და ჯერჯერობით - არც ერთი რეალური ფაქტი. USAID-ის მუშაობა, ფაქტობრივად, შეჩერებულია, სააგენტოს პერსონალი მთელ მსოფლიოში ადმინისტრაციულ შვებულებაშია გადაყვანილი.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - მაიკ უოლცი აცხადებს, რომ ამ სააგენტოს საქმიანობა არ შეესაბამება პრეზიდენტის სტრატეგიულ ინტერესებსა და ხედვასო. ის ფიქრობს, რომ „იუსაიდის“ ლიკვიდაცია არ გამოიწვევს რუსეთისა და ჩინეთის ანალოგიური „რბილი ძალის“ სტრუქტურების გააქტიურებას და წარმოქმნილი ვაკუუმის მათ მიერ შევსებას.

თუმცა ხომ გაგიგიათ: "წმინდა ადგილი არასოდეს არის ცარიელი" და გეოპოლიტიკურ გარემოში ვაკუუმი დიდხანს ვერ იარსებებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვი და პეკინი უკვე ინაწილებენ ქვეყნებს, „ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად“. ამ მხრივ რუსეთს დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს.

რუსული “რბილი ძალა” რუსეთის სპეცსამსახურების საფარ საგანმანათლებლო, კულტურულ და სამეცნიერო ორგანიზაციებზეა ამოფარებული. ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების შესანიღბად ამ პრაქტიკას საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ 1920-იანი წლების დასაწყისიდან იყენებდნენ. საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურების სადაზვერვო ოპერაციების საფარი ორგანიზაციების შექმნის მოკლე ქრონოლოგია ამგვარია: 1923 წელს შეიქმნა ОБИ - "ინფორმაციის გაერთიანებული ბიურო”, რომელიც 1925 წელს вокс-მა (“უცხოეთთან კულტურული კავშირების სრულიად საკავშირო საზოგადება”) შეცვალა. 1958 წელს უკვე “მეგობრობის საბჭოთა საზოგადოებების კავშირი” (ссод) შეიქმნა, რომელმაც ამ სახელწოდებით 34 წლის განმავლობაში იარსება, ხოლო 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შეიქმნა “საერთაშორისო თანამშრომლობის რუსეთის ასოციაცია” (рамс). ორი წლის შემდეგ, 1994 წელს, შეიქმნა “საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის რუსეთის ცენტრი “ (РОСЗАРУБЕЖЦЕНТР).

დღეს არსებული და ძალზე აქტიურად მოქმედი “დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფედერალური სააგენტო” (Россотрудничество) 2008 წელს შეიქმნა და უკვე პუტინის “პირმშოა”. ამჟამად 81 ქვეყანაში მოქმედებს Россотрудничество-ს 98 ოფისი (74 რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი 62 ქვეყანაში და 24 სააგენტოს წარმომადგენელი, რომლებიც რუსეთის საელჩოების თანამშრომლები არიან). Россотрудничество ექვემდებარება რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია. 2020 წლის 25 ივნისიდან Россотрудничество-ს ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი, ევგენი (სანდრო) პრიმაკოვი-უმცროსი ხელმძღვანელობს, რომელსაც მოულოდნელი პრობლემები შეექმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

(პირველი ნაწილის დასასრული)