"ოცნებას" თვალდახუჭული ვენდობოდი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი! "გაქოცებული ნაცების" ლეგიონი ჰყავთ და ახლა ვითომ "ნაცებს" ამთავრებენ. ადვილი არავის ეგონოს - კვირის პალიტრა

"ოცნებას" თვალდახუჭული ვენდობოდი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი! "გაქოცებული ნაცების" ლეგიონი ჰყავთ და ახლა ვითომ "ნაცებს" ამთავრებენ. ადვილი არავის ეგონოს სამსახურიდან წამოსვლა, ხელფასზე, კონცერტებზე უარის თქმა და სახლში ჯდომა"

"როცა 18-20 წლის ახალგაზრდებს სცემენ და წამლავენ, როგორ დავიჯერო, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია?!" - თაობებს შორის ურთიერთობა ნებისმიერ ეპოქაში საკამათო თემა იყო და დღესაც ასეა... - ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება მომღერალი ირმა სოხაძე:

- მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტი ნებისმიერ ოჯახში ხდება. შეიძლება მკითხველი გავაკვირვო, მაგრამ მე ჩემს შვილებთან სერიოზული კონფლიქტი არასდროს მქონია. ამას როგორ ვახერხებ? - ვიცი, რომ შვილთან კამათში მშობელმა უნდა დათმოს. ჩემი დაკვირვებით, შვილები ჩვენთან თითქმის ყოველთვის მართლები არიან. თუ ბავშვი რაღაცას ისეთს აკეთებს, რომ თავს იღუპავს, ესე იგი, თავის დროზე რაღაც გამოგვეპარა... ამ შემთხვევაში, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გავაგებინოთ, რომ ცდება, მაგრამ მომავალი თაობა თითქმის ყოველთვის მართალია მშობლებთან ანუ წარსულთან. იმას კი არ ვამბობ, რომ შვილებმა ოჯახური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები უნდა უარყონ, მე თვითონაც ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი.

- თუმცა თაობებს შორის კონფლიქტი ხშირად ამის გამოც ხდება...

- ზოგიერთი ტრადიცია და წეს-ჩვეულება თავისთავად იცვლება, რაც ბუნებრივი პროცესია. მაგალითად: მე ბებია-ბაბუების გაზრდილი ვარ და მათგან ბევრი კარგი რამ მახსოვს. როდესაც ბაბუა აგვიანებდა, მშივრები ველოდებოდით და სუფრასთან არ ვსხდებოდით. დღეს ამას ბავშვს არავინ მოსთხოვს, მაგრამ ადრე ეს ტრადიცია ყველა ოჯახში იყო მიღებული. ამგვარ წვრილმანებს დრო აგვარებს, მაგრამ, როცა რაღაც სერიოზულია გადასაწყვეტი, მაშინ ახალგაზრდების სურვილებს უნდა მოვუსმინოთ.

მე არ მესმის, ზოგიერთები რატომ ჩივიან, ეს რა ახალგაზრდობა მოდისო... ჩვენ გენიალური ახალგაზრდობა გვყავს - ძალიან ჯანსაღი და წელში გამართული, მაგრამ ამას დანახვა უნდა. სულ ვამბობ, რომ მათთან ბოდიში მაქვს მოსახდელი, რადგან თანამედროვე ახალგაზრდებზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა: მეგონა, რომ მათ არაფერი აინტერესებდათ, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა თვალი ამიხილა და დამანახვა, რომ ჩვენი სისხლი, საბედნიეროდ, ისევ ხმაურობს. აშკარაა, რომ ახალგაზრდებმა შეინარჩუნეს ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს ერს ისტორიულად მოსდგამს - მათ შორის, თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიყვარული.

ჩვენ რომ გვეგონა, ეს ბავშვები გაჯეტებიდან თავს ვერ სწევდნენ, თურმე, ყველაფრის აზრზე ყოფილან; თურმე, ჩვენზე მაგარი სიყვარულიც შეუძლიათ, ერთგულებაც და თავდადებაც; თურმე, არ ვიცოდით, რომ საქმე საამაყოდ გვაქვს, რადგან ჩვენ თვალწინ ძალიან კარგი თაობა გაზრდილა, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს. არ ვიცი, ეს გენების დამსახურებაა თუ სხვა რამის, მაგრამ - ფაქტია!

- ბევრი მათგანი ემიგრანტის შვილია...

- ალბათ, ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა უნდა დაადგინონ, რა ფაქტორებმა იმუშავა, მაგრამ ფაქტია, რომ გადატანილმა სირთულეებმა ისინი ვერ გააბოროტა, პირიქით, ძალიან კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. სხვათა შორის, ჩემი თაობა ამ მხრივ განებივრებული იყო: უმრავლესობას დედაც და ბებიაც სახლში გვყავდა, რის გამოც ძიძის საჭიროებაც არ იყო. თითო-ოროლა ქალი მუშაობდა, დანარჩენები ოჯახში იყვნენ და შვილებს ზრდიდნენ. ბოლო წლებში, სიტუაცია ძირეულად შეიცვალა: არა ერთმა ქალმა ოჯახის ტვირთი თავის მხრებზე აიღო. ძალიან მომრავლდნენ ემიგრანტი ქალები, რაც ჩვენი ქვეყნის უბედურებაა. ათასობით ბავშვი იზრდება უდედოდ - ხშირ შემთხვევაში, დედა წასულია და ბავშვებს ბებია ზრდის.

ბავშვი აქ იძინებს თვალცრემლიანი და დედა - უცხო ქვეყანაში! ეს დედები წარმოუდგენელ ტრაგედიას უძლებენ და ეს სიტუაცია როგორმე უნდა გამოსწორდეს.

- ქალბატონო ირმა, მკითხველს აინტერესებს, როგორია თქვენი შემოქმედებითი გეგმები?

- ამჟამად გაჩერებული ვარ - ჩემი სტუდიაც დავხურე და ყველაფერი გავაჩერე. არ მესმის, კონცერტი როგორ უნდა გავმართო, როცა ჩემს ქვეყანაში ასეთი დაძაბული პროცესები ვითარდება. როცა ჩვენს საუკეთესო ახალგაზრდებს სცემენ და ციხეში უშვებენ, არ ვიცი, ამ დროს როგორ უნდა ვიმღერო და ვიცეკვო ან მუსიკა როგორ დავწერო?! ასეთს რას მოითხოვს ის ხალხი, რომელთაც ე.წ. პოლიციელები სცემენ და ციხეში სვამენ? - ევროპულ მომავალს, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. რა საჭიროა ამ ხალხის დაჭერა? ვინც დააშავა, კი ბატონო, დაიჭირონ, მაგრამ რამდენი ადამიანი ჩასვეს სრულიად უმიზეზოდ?! ვინც ხელში მოხვდათ, ყველა გალახეს და დააპატიმრეს!

"ოცნების" ბანერებზეც ხომ ეწერა - "ღირსებით ევროპისკენო?" - ჰოდა, ამის გამო ხალხს რატომ ასისხლიანებენ და თავ-პირს რატომ უჩეჩქვავენ?! სიმწრით მეცინება, როდესაც "განაცებულ ქოცს" უწოდებენ ყველას, ვინც ცოტა აზრზე მოვიდა. "გაქოცებული ნაცების" ლეგიონი ჰყავთ თავიანთ რიგებში და ახლა ვითომ "ნაცებს" ამთავრებენ. არც ერთ მათგანს, მონანიების სიტყვები და ბოდიშის მსგავსი რამ ქართველი ერისთვის არ უთქვამს - ეს ცალკე სატკივარია.

- იყო დრო, როცა თქვენც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყავით...

- ხშირად ვამბობ, რომ მეც ჩვეულებრივი "ქოცი" ვიყავი. "ნაციონალების" რეჟიმს ვერ ვიტანდი, მაგრამ ახლაც იგივე რომ ხდება? - იგივე "ხარება" სცემს და წიხლებით უერთიანებს თავ-პირს ჩვენს ახალგაზრდებს. რა მნიშვნელობა აქვს, ასეთ ხალხს "ქოცი" ერქმევა თუ "ნაცი"?! ან, რას ნიშნავს, როცა გვიმტკიცებენ, ომში გვითრევენო? ევროკავშირის რომელი ქვეყნის წარმომადგენელმა გვირჩია, მეორე ფრონტი გახსენითო? გვიმეორებენ, რომ სამართალი ყველასთვის ერთია მაშინ, როცა ერთი პოლიციელიც არ არის დაჭერილი და დაკითხული! ამ დროს კი მზია ამაღლობელი სამაგალითოდ დასაჯეს. ვინ მისცა უფლება რამდენიმე ათეულ თუ ასეულ ადამიანს, რომ დასავლეთთან მოლაპარაკებები შეწყვიტოს და ევროკავშირზე უარი თქვას? ეს ჩვენ გვჭირდება დასავლეთი, რომ ომისგან დაგვიცვას, ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირში შევასწროთ, ყველა ხიდი დავწვით. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი, რომ "ოცნებამ" ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეცვალა. ადრე სულ ვამბობდი, ჩემი არჩეული და ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება რაღაც შეცდომას თუ დაუშვებს, მალევე გამოასწორებს-მეთქი და "ოცნებას" თვალდახუჭული ვენდობოდი. ვინ იცის, ამის გამო, რამდენი კამათი გადამიტანია, მაგრამ როდესაც ამ ძალამ ყველა ძირეულ პოსტულატს უღალატა, ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო.

როგორც მეხი, ისე ჩამოვარდა "რუსული კანონი", რასაც მოჰყვა დაუსრულებელი პროპაგანდა ევროპის და დასავლეთის წინააღმდეგ, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, არის და იქნება. ეს ყველაფერი, ჩვენმა არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა დროულად შენიშნეს და სწორად შეაფასეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მომავალი ყოველთვის მართალია წარსულთან.

- ქალბატონო ირმა, მტკივნეულად აღიქვამთ, როცა ყოფილი თანამოაზრეები გაკრიტიკებენ?

- რასაკვირველია, არავის მოსწონს, როცა "რადიკალს" და "ნაცს" უწოდებენ! ადვილი არავის ეგონოს სამსახურიდან წამოსვლა, ხელფასზე, კონცერტებზე უარის თქმა და სახლში ჯდომა... ძალიან ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო და ქილიკობს. ვისაც დღემდე ჰგონია, რომ რუსული ჩექმის ქვეშ არ მოვექცევით, მინდა ვკითხო - საით მივდივართ, ხალხო?! მართლა მარსზე ხომ ვერ გავფრინდებით? - დედამიწაზე სულ რამდენიმე არჩევანია და ევროპას თუ ზურგს შევაქცევთ, საით მივდივართ?! ამტკიცებენ, საქართველო შვეიცარიასავით დამოუკიდებელი უნდა იყოსო - კი მაგრამ, ამის რესურსი გვაქვს?! ეს ხომ თვითიზოლაციას ნიშნავს? - თუ ასე არ არის, მოხარული ვიქნები, მაგრამ ასეა. მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტოლოგი, მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცი - წინსვლა და პროგრესი ყოველთვის სჯობს ადგილზე გაჩერებას.

ისევ ჩვენს ახალგაზრდებს დავუბრუნდები: პროპაგანდა ამტკიცებს, პეტარდებით დაწვეს რუსთაველიო, მაგრამ რა ნახეს იქ გადამწვარი?! ან, რა დაწვეს საიმისო, რომ ანდრო ჭიჭინაძის მსგავსი, უნიჭიერესი ახალგაზრდები ციხეში გამოამწყვდიეს?! ძალიან საწყენია, როცა მთავრობას თავის ხალხთან ასეთი დამოკიდებულება აქვს - ეს ჩვენ არ დაგვიმსახურებია. გული მტკივა, რომ უკეთესი მომავლის იმედი დაგვიკარგეს!

როცა 18-20 წლის ახალგაზრდებს თავში ურტყამენ, სცემენ და წამლავენ, როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია?!"

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)