ზელენსკის გაფრთხილება - რა დაემართება უკრაინას, თუ უსაფრთხოების გარანტორები ამერიკელები არ იქნებიან - კვირის პალიტრა

ზელენსკის გაფრთხილება - რა დაემართება უკრაინას, თუ უსაფრთხოების გარანტორები ამერიკელები არ იქნებიან

„თუ დონალდ ტრამპი უკრაინის დახმარებაზე უარს იტყვის, ევროპა ვერანაირად ვერ შეავსებს შექმნილ სიცარიელეს. ბრიუსელი ვაშინგტონს ვერ ჩაანაცვლებს, - გამაფრთხილებლად აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამწლიანი ომის განმავლობაში თავისი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური ვიზიტის წინ მიუნჰენში, სადაც იგი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ოფიციალურად უნდა შეხვდეს“, - წერს ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) სტატიაში სათაურით - „ექსკლუზიურად: ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროპას, აშშ-ის გარეშე, უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემა არ შეუძლია“ (ავტორი - შონ უოკერი).

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:

„გაისმის ხმები ვიღაცებისაგან, რომ თითქოსდა ევროპას ნამდვილად შეუძლია უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოს, ამერიკელების გარეშე, მაგრამ მე მათ გასაგონად ვამბობ: „არა“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა „გარდიანის“ კორესპონდენტთან ერთსაათიანი საუბრის დროს კიევში.

„უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ის გარეშე რეალური უსაფრთხოების გარანტიებად არ ჩაითვლება“, - დაამატა მან.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება სურს, მაგრამ სკეპტიკოსები შიშობენ, რომ აშშ-ის შუამავლობით დადებული გარიგების შედეგად უკრაინას იძულებით მოუწევს ვლადიმერ პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნების წინაშე კაპიტულირება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი მზად არის მოსალაპარაკებლად, მაგრამ სურს, რომ უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლისას „ძალის პოზიცია“ გააჩნდეს. ამერიკის მიზიდვისა და წახალისების მიზნით, უკრაინელი ლიდერი ამბობს, რომ ვაშინგტონს უკრაინის ბუნებრივი სიმდიდრეებით სარგებლობას შესთავაზებს.

მიმდინარე კვირაში უკრაინის ლიდერი მიუნჰენში უნდა გაემგზავროს, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის. ბავარიის მხარის დედაქალაქში იგი აშშ-ის დელეგაციას უნდა შეხვდეს, რომელსაც ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი ხელმძღვანელობს, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში უკრაინის მიმართ ერთ, ყველაზე მტრულად განწყობილ პიროვნებას წარმოადგენს.

გავიხსენოთ, რომ გასულ წელს ჯეიმს დევიდ ვენსმა, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ სენატორი იყო, დემონსტრაციულად თქვა უარი ამერიკაში ვიზიტით მყოფ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე. აშშ-ის დღევანდელმა ვიცეპრეზიდენტმა იმ დროს ასე განაცხადა: „მე საერთოდ არ მაღელვებს, თუ რა მოუვა უკრაინას“.

ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს მიუნჰენში დონალდ ტრამპის გუნდის სხვა წევრებსაც შეხვდეს, ასევე -გავლენიან სენატორებსაც, მაგრამ, მისი თქმით, მთავარი თვითონ დონალდ ტრამპთან შეხვედრაა - „სამწუხაროდ, მასთან შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ გარკვეული არ არის“, თუმცა თეთრი სახლი ამ საკითხზე მუშაობს. კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, იგი თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდება და ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიუნჰენიდან ვაშინგტონში გაფრენა მოუწიოს.

ინტერვიუს დროს, რომელიც კიევის ცენტრში მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ძლიერ გამაგრებულ და, იმავდროულად, მდიდრულად მოწყობილ შენობაში მიმდინარეობდა, პრეზიდენტი უკრაინულიდან ინგლისურ ენაზე გადავიდა, რათა უკეთესად გადმოეცა თავისი თვალსაზრისი.

ომის პირველი ფაზის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის კომუნიკაციური უნარით და ემოციური თხოვნების საფუძველზე, ზოგიერთი მოყოყმანე ევროპელი ლიდერი, აშშ-ის გარკვეული ზეწოლით, საბოლოოდ დათანხმდა უკრაინისათვის დახმარების გაწევაზე - იარაღით და ფინანსებით, მაგრამ ახლა, როცა თეთრ სახლში დემოკრატი ჯო ბაიდენის ნაცვლად უკვე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ზის, უკრაინის ლიდერი გამოწვევის წინაშე დგება: აშშ-ის პრეზიდენტია ის მთავარი სკეპტიკოსი, რომელიც უკრაინის დახმარებაზე მაინცდამაინც დიდად არ ზრუნავდა. დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკამ უკრაინაში ბევრი თანხა დახარჯა, რომლის უკან დაბრუნება რთულია, შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკი მას უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობის სახით, მაცდუნებელ წინადადებას სთავაზობს.

უკრაინასათვის უკიდურესად აუცილებელია, რომ ამერიკამ სამხედრო დახმარება გაუგრძელოს, განსაკუთრებით - ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, „პეტრიოტის“ სარაკეტო კომპლექსებით. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ვიდრე პუტინს შეხვდება, ჯერ უკრაინის დელეგაციას შეხვდეს და ომის დასრულების გეგმა გააცნოს, მაგრამ ამას ამერიკელებიდან არავინ ცდილობს:

„აშკარაა, რომ დონალდ ტრამპს არ სურს, რომ ჩვენ, უკრაინელებმა, რუსეთთან ხელმოსაწერი ხელშეკრულება ვნახოთ. ალბათ, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა“.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიეჩვია ფრთხილ მოქმედებას, როცა საუბარი დონალდ ტრამპს ეხება. ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა იგი უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს, მას გარკვეული ინციდენტი მოუვიდა დონალდ ტრამპთან: იგი როგორღაც ჩათრეული აღმოჩნდა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ საკითხში, სატელეფონო საუბრის გამო. ახლა იგი ისევ აღმოჩნდა იმ დიპლომატიურ ბაგირზე, რომელზე სიარულიც ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს. დაუჭერს თუ არა მხარს აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას? აი, ამაზეა დამოკიდებული უკრაინის არსებობა.

დონალდ ტრამპის განცხადებებს უკრაინის შესახებ ერთი მთავარი პრინციპი აერთიანებთ: მართალია, იგი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დადებს, ომი შეწყდება, მოლაპარაკება დაიწყება, მაგრამ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს უკრაინის გადარჩენაზე. თუ გავიხსენებთ, ემანუელ მაკრონმა ევროპული უსაფრთხოების ძალების შექმნის იდეა წამოაყენა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიწუნა: „ჩვენ გვჭირდება სამხედრო მშვიდობისმყოფლების 100-150-ათასიანი კონტინგენტი. თუ ამდენი იქნება, მაშინ სასარგებლოა... თუ არ იქნება, არ იმუშავებს“.

ევროპა ჯერ კიდევ შორს არის იმისაგან, რომ დათანხმდეს ბრძოლისუნარიანი სამხედრო ნაწილების განთავსებას უკრაინაში. ეს ისეთი ნაბიჯი იქნება, რომელსაც ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების დროს არასდროს მოიწონებს... და საერთოდ, უკრაინა ძალიან ეჭვობს, რომ ინტერნაციონალური კონტინგენტი რაიმე სასიკეთოს გააკეთებს.

„გულახდილად გეტყვით: მე არ ვფიქრობ, რომ გაეროს ან რომელიმე მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სამხედრო-სამშვიდობო ოპერაცია ისტორიაში ვინმეს რაიმეთი ნამდვილად დაეხმარება. დღეს ჩვენ მზად არ ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ამ იდეას. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიქნებით თანახმა, თუ სამშვიდობო ჯარების განთავსება ჩვენს ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტიის ერთ-ერთი ელემენტი იქნება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ამერიკის გარეშე ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ მოხერხდება“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუში.

თუ დონალდ ტრამპი როგორღაც მაინც შეძლებს და უკრაინას და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას დაგეგმილი აქვს, რუსეთს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზოს - უკრაინა უარს იტყვის კურსკის ოლქში დაკავებულ ტერიტორიაზე და ჯარს უკან გაიყვანს, ხოლო თავის მხრივ, რუსეთიც ასევე გააკეთებს. „ჩვენ ერთმანეთის ტერიტორიებს გავცვლით“, - თქვა მან, მაგრამ იქვე დაამატა, რომ ჯერ არ იცის, კიევი რომელ ოკუპირებულ ტერიტორიას ამჯობინებს დასაბრუნებლად. „ჯერჯერობით არ ვიცი. ვნახოთ. საერთოდ, ჩვენთვის ყველა ტერიტორია პრიორიტეტულია“.

მოსკოვმა უკვე მოახდინა რეაგირება ვოლოდიმირ ზელენსკის ამ იდეაზე: როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცწარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაწერა თავის ტელეგრამ-არხში, „კურსკის ოლქში მყოფ მოთარეშე უკრაინელ ნეონაცისტებს ორმეტრიანი სიგრძისა და მეტრნახევრიანი სიღრმის მქონე მიწის ფართობი ყოველგვარი გაცვლის გარეშე ელოდებათ. მსგავს განცხადებებს ზელენსკი იმიტომ აკეთებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების კატასტროფული დანაკარგები დამალოს“.

როცა ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის შესახებ ლაპარაკზე გადაერთო, მან თქვა, რომ ჯერ კიდევ ადრეა რაიმე დასკვნები გაკეთდეს აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უკრაინასთან დამოკიდებულების საკითხში. სხვადასხვა წყარო მოწმობს, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა ბოლო დროს სულ უფრო ცივი ხდებოდა: ზელენსკის გუნდი იმედგაცრუებული იყო, რომ ჯო ბაიდენი ზედმეტ ყურადღებას აქცევდა ესკალაციის რისკებს.

კითხვაზე, რას ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტი, როგორი სახელით შევა ჯო ბაიდენი ისტორიაში - იმ ადამიანად, რომელიც უკრაინას გადარჩენაში დაეხმარა, თუ ისეთად, რომელიც ძალიან ნელა ახდენდა რეაგირებას ვლადიმერ პუტინის მოქმედებაზე, ვოლოდიმირ ზელენსკის გაეცინა და თქვა, რომ დღევანდელ ეტაპზე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „ძალიან რთულია“. იმავდროულად, მან გააკრიტიკა ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომ უკრაინისათვის საჭირო შეიარაღება საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდებინათ (შორი მოქმედების რაკეტები და არტილერია, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები და ა.შ.). „ამით რუსეთი გათამამდა და თავდაჯერებული გახდა“, - თქვა უკრაინის მეთაურმა, თუმცა იქვე დაამატა, რომ მადლობას უხდის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისათვის.

აშშ-ის მიერ უკრაინის 2022-2024 წლებში გაწეული დახმარების სრული შეფასება მოგვიანებით მოხდება: „ისტორია გვაჩვენებს, რომ არსებობს ბევრი ისეთი ფაქტი, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის, თუ რა ხდებოდა კულისებში, კულისებს მიღმა, როგორ მიდიოდა მოლაპარაკებები... დღეს ძნელია ამ ყველაფრის თქმა და გამჟღავნება... მოგვიანებით ბევრ გარემოებებს გავიგებთ“.

წყარო