ტრამპის "ქართული დილემა": გია ხუხაშვილის პროგნოზი - "ტრამპს ესმის საქართველოს მნიშვნელობა და თუ არ ესმის, ის ყბადაღებული "დიფ სთეითი" აუხსნის" - კვირის პალიტრა

ტრამპის "ქართული დილემა": გია ხუხაშვილის პროგნოზი - "ტრამპს ესმის საქართველოს მნიშვნელობა და თუ არ ესმის, ის ყბადაღებული "დიფ სთეითი" აუხსნის"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 10 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს ჩვენში დიდი ინტერესით ელოდებიან. მეტიც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მის ადმინისტრაციასთან აფილირებისთვის. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ აშშ-ისგან საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით?

- რთული სათქმელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპი სპონტანურად მოქმედებს, მაგრამ ამაში ხშირად ლოგიკაც არის. მისი რიგი განცხადებები არ უნდა გავიგოთ პირდაპირ. ზოგჯერ მისი განცხადებები ოდიოზურია, მაგრამ ეს გარკვეული ტექნოლოგიური სვლებია. მაგალითად, გრენლანდიისა და კანადის შესახებ განცხადებები მიმართული იყო მოლაპარაკების წინ საკუთარი პოზიციების გამყარებისკენ - ანუ ის უტევს, მოწინააღმდეგეს ბევრს ათმობინებს, მერე თვითონაც ვითომ უკან იხევს, რითაც მისი ოპონენტი კმაყოფილი რჩება. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკება უკრაინის თაობაზე, რაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ერთი რამ უდავოა - ტრამპის მიზანი და ამოცანაა ძლიერი ამერიკა და მისი დომინაცია მთელ მსოფლიოში. ის გააკეთებს იმას, რასაც ამისთვის საჭიროდ მიიჩნევს. ასე რომ, ამ "ქოცურ" ოპტიმიზმს სრულიად არასერიოზულად მივიჩნევ. ტრამპსა და ბაიდენს შორის განსხვავება არის, მაგრამ ამერიკის ინტერესების გატარება ორივესთვის უმთავრესი იყო და არის. იცით, "ქართული ოცნება" ტრამპს რატომ უჭერდა მხარს? იმიტომ, რომ დარწმუნებული არიან, ტრამპი საქართველოს რუსეთს დაუთმობს და ეს ბიძინასთვის იდეალური იქნება.… დიახ, ტრამპი მოსწონთ არა იმიტომ, რომ ჰგონიათ, ამათი პარტნიორი გახდება, არამედ სწორედ იმის გამო, რომ მისგან საქართველოს გაყიდვას ელიან. არადა, შტატების ამბიციები ამ რეგიონში ძალიან დიდია. მხოლოდ საქართველოზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ, საქართველო საკვანძო ქვეყანაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ამერიკის ინტერესების გასატარებლად. საქართველოს ჩაკეტვით ცენტრალური აზიაც მოსწყდება დასავლურ სამყაროს. ეს არის მასშტაბური გეოპოლიტიკური საკითხი. ტრამპს ეს ძალიან კარგად ესმის, თუ არ ესმის, აუხსნიან. ის ყბადაღებული დიფ სთეითი აუხსნის, რის დემონიზაციასაც ასე ცდილობენ.

თუ ირანსა და ჩინეთთან ამათ ფლირტსაც გავიხსენებთ, ჩემი აზრით, ტრამპს გაცილებით მეტი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" შავ სიაში შეიყვანოს.

- გასულ კვირას პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ოპოზიციის 49 დეპუტატს, საკანონმდებლო ორგანოში ჯერჯერობით რჩება გახარიას პარტია. ამის გამო დაიწყო დაპირისპირება ამ პარტიასა და "ლელოს" შორის იმის ნაცვლად, რომ მოახერხონ მიმდინარე პროტესტის შედეგად გადაქცევა, ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან კინკლაობით არიან დაკავებული.

- დღეს ქვეყანაში ოპოზიცია დიდი პრობლემაა, რაც კოზირია ივანიშვილის ხელში. სხვათა შორის, ამ თემით ვაჭრობს დასავლეთთანაც, მე კი არ ვვარგივარ, მაგრამ ჩემზე უკეთესი არავინ არის და მე უნდა მელაპარაკოთ, ისევე, როგორც ელაპარაკებით ამ ტიპის რეჟიმებსო. ოპოზიციას გასული წლის არჩევნებზეც არ განიხილავდა საზოგადოება საკუთარ ლიდერად. ამომრჩეველი მას განიხილავდა ევროპულ გზაზე დაბრუნებისთვის ინსტრუმენტად. არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა გაღიზიანება, რადგან ვერ დაიცვეს ამომრჩევლის ხმები, რასაც ასე დიდგულად გვპირდებოდნენ. ამის შემდეგ ნორმალური პოლიტიკური ძალები თვითკრიტიკულად შეხედავდნენ საკუთარ თავს, მაგრამ მსგავსიც ვერაფერი ვნახეთ. კითხვები არ უჩნდებათ, რატომ არ იღებს ეს პროტესტი მათ ლიდერებად? არადა, პროტესტს სჭირდება პოლიტიკური ლიდერი. ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციონერები ცდილობენ ლიდერობას, კომენტატორებად იქცნენ.… ერთადერთი სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც აქვს ნდობა და თეორიული შანსი, რომ მოახდინოს ამ პროტესტის კაპიტალიზაცია. მასთან ყველა მივა - სამოქალაქო ლიდერები, პროტესტის ლიდერები, პროფესიული ჯგუფები. სწორედ აქ მიჩნდება კითხვა: რატომ არ აკეთებს ამას? მე არ ვლაპარაკობ უცებ პარტიის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ საკონსულტაციო მაგიდის შექმნა ხომ შეიძლება? უმნიშვნელოვანესია ამ უდიდესი ენერგიის კაპიტალიზაცია... პროცესი უნდა დაიწყოს.

წაიკითხე ვრცლად