იყო თუ არა გიორგი ბრწყინვალე ტამპლიერთა ორდენის აღმოსავლეთის პრინცი? - ჰიპოთეზა და რეალობა
ისტორია სავსეა გამოუკვლეველი საიდუმლოებებით, რომელიც საუკუნეების შემდეგაც ახალ კითხვებს ბადებს. მეფე გიორგი V (ბრწყინვალე) ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მონარქია საქართველოს ისტორიაში, თუმცა მისი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთებს ჯერ კიდევ აკრავს იდუმალების ბურუსი.
მის სახელს არაერთი გამარჯვება, სახელმწიფოებრივი აღორძინება და პოლიტიკურ-სამხედრო სტრატეგია უკავშირდება, თუმცა იყო კი გიორგი ბრწყინვალე უბრალოდ გამორჩეული მმართველი, თუ კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო მისია ჰქონდა დაკისრებული?
ყველასთვის ცნობილია, რომ გიორგი ბრწყინვალე 1299 წელს პირველად ავიდა ტახტზე, თუმცა 1302 წელს ტახტი იძულებით დატოვა და მისი კვალი ისტორიულ წყაროებში რამდენიმე წლით დაიკარგა. სწორედ ეს პერიოდია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნაკლებად შესწავლილი. - სად იმყოფებოდა მეფე? რა საქმიანობით იყო დაკავებული? შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ტამპლიერთა ორდენის საიდუმლოებით მოცულ ისტორიაში უნდა ვეძებოთ.
აღმოსავლეთის პრინცი – გიორგი ბრწყინვალე?
კანადელი მკვლევარი ალან ბატლერი, რომელიც ტამპლიერთა ორდენის ისტორიას იკვლევს, ერთ-ერთ თავის ნაშრომში საუბრობს "აღმოსავლეთის პრინცზე", რომელიც ორდენის ერთ-ერთ მთავარ ფილიალს ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთში. ბატლერის მიხედვით, 1307 წელს, საფრანგეთის მეფის ფილიპე IV-ის მიერ ტამპლიერთა დევნის შემდეგ, ორდენის ფილიალებმა სხვადასხვა სტრატეგია შეიმუშავეს გადარჩენისთვის. ზოგმა სახელი შეიცვალა, ზოგმაც ორდენის დაშლის შესახებ საჯაროდ განაცხადა. სწორედ ამ პერიოდში, ბატლერის ნაშრომში მოიხსენიება "აღმოსავლეთის პრინცი", რომელიც ქალაქ არკაში მოქმედებდა და დიდი გავლენით სარგებლობდა. თუმცა, მისი სახელი ისტორიამ არ შემოგვინახა.
გიორგი ბრწყინვალის ბიოგრაფიაში არსებული უცნაური დროებითი გაქრობა და ისტორიულ წყაროებში არსებული ცარიელი მონაკვეთები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, სწორედ ის იყო ტამპლიერთა ორდენის აღმოსავლეთის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი.
რას ამბობს ისტორია?
გიორგი ბრწყინვალე 1314 წელს მეორედ ავიდა ტახტზე და უკვე სრულიად განსხვავებული ლიდერი იყო – გამოცდილი მმართველი, ძლიერი სტრატეგი და საერთაშორისო დიპლომატიური კავშირებით გაძლიერებული პიროვნება. მისი პირდაპირი მიმოწერა რომის პაპთან, ვენეციელებთან და ეგვიპტის სულთანთან არ არის მხოლოდ შემთხვევითი ფაქტი. მას მართლაც გააჩნდა ის გავლენა, რომელიც მას აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქრისტიან მმართველად აქცევდა.
XIV საუკუნის არაბმა ისტორიკოსმა ელ-ომარმა შემოგვინახა ეგვიპტის სულთნის წერილი გიორგი მეხუთისადმი, სადაც ქართველ მეფეს უძღვნის საქებარ ეპითეტებს, მათ შორის – „მუსლიმთა მეგობარი“, „რომის პაპის მეშველი“ და „პალესტინაში წმინდა ადგილთა განმადიდებელი“. ისტორიკოსების აზრით, ეს არა მხოლოდ დიპლომატიური ტაქტიკა იყო, არამედ გიორგი ბრწყინვალის იმჟამინდელი საქმიანობის პირდაპირი მტკიცებულება.
რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი როლი ტამპლიერთა შორის?
გიორგი ბრწყინვალეს პერიოდის განმავლობაში ტამპლიერთა ორდენი სერიოზული დარტყმების ქვეშ იყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მათი არსებობა ჯერ კიდევ გაგრძელდა. შესაძლებელია, რომ გიორგი მეხუთემ, როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, აიღო როლი ტამპლიერთა უკანასკნელთა დახმარებაში? ის ფაქტი, რომ ეგვიპტის სულთანმა მას უკან დაუბრუნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი – ტამპლიერთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ გიორგის მტკიცე კავშირები ჰქონდა ამ ორდენთან.
ჰიპოთეზა თუ რეალობა?
რა თქმა უნდა, ამ თეორიას მეტი კვლევა სჭირდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – გიორგი ბრწყინვალეს ბიოგრაფიაში არსებული ისტორიული სიცარიელეები და მისი საერთაშორისო გავლენა საკმაოდ დამაფიქრებელია. შეიძლება ის მართლაც იყო აღმოსავლეთის პრინცი, რომელიც ტამპლიერთა უკანასკნელ თავშესაფარში, ახლო აღმოსავლეთში, განაგრძობდა ქრისტიანული კულტურის დაცვას.
ისტორია ჯერ კიდევ ინახავს ბევრ საიდუმლოს და, შესაძლოა, ერთ დღესაც, ახალი აღმოჩენებით ამ კითხვებს პასუხი გაეცეს.
გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედების მესამე ტომი, რომელშიც ქართველი კლასიკოსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული რომანი – "გიორგი ბრწყინვალე" შედის. ჭაბუა ამირეჯიბი, როგორც დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, მრავალი ლიტერატურული ქმნილების ავტორია. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს ოცდაცხრა ენაზეა ნათარგმნი, ხოლო ქართული ლიტერატურის ისტორიაში მან განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ისეთი რომანებით, როგორებიცაა "დათა თუთაშხია" და "გორა მბორგალი".
"გიორგი ბრწყინვალე" მწერლის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ნაწარმოებია, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ ძლევამოსილ მეფეზე მოგვითხრობს. თხრობა მიმდინარეობს თავად მეფის პირიდან, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, უშუალოდ მისი აღქმით განიცადოს იმ დროის პოლიტიკური დაპირისპირებები, ბრძოლები, სტრატეგიული გადაწყვეტილებები და ქვეყნის აღორძინების პროცესები.
ავტორი: თეა ინასარიძე
ბლოგი დაფუძნებულია თამაზ ჩიქვანაიას ჰიპოტეზაზე
ფოტო გენერირებულია AI-ს მიერ
R