გრენლანდიის შავ-ბნელი წარსული: ქალთა იძულებით კონტრაცეპციიდან ბავშვების მოპარვამდე - დამოუკიდებლობა თუ ამერიკასთან შეერთება?! - კვირის პალიტრა

გრენლანდიის შავ-ბნელი წარსული: ქალთა იძულებითი კონტრაცეპციიდან ბავშვების მოპარვამდე - დამოუკიდებლობა თუ ამერიკასთან შეერთება?!

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის განცხადებებსა და გადაწყვეტილებებს ყოველთვის თან სდევს საზოგადოების ნაწილის გაოცება, თუმცა მას შემდეგ, რაც ის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შევიდა, საზოგადოებას ახალი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო. ამჯერად საქმე ეხება მსოფლიოს ყველაზე დიდ კუნძულს - გრენლანდიას, რომლის შესახებ ტრამპი ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტობის პერიოდში საუბრობდა.

გრენლანდია, რომელიც დღეს დანიის დაქვემდებარებაშია, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტთან მდებარეობს. 1386 წლიდან მსოფლიოს უდიდესი კუნძული ნორვეგიას ეკუთვნოდა, 1814 წელს კი - დანიის დაქვემდებარებაში მოექცა. 1979 წელს დანიის პარლამენტმა გრენლანდიას ფართო ავტონომია მიანიჭა.

skynews-greenland-kangaamiut-6794231-1739359668.jpg

სულ ცოტა ხნის წინ კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გრენლანდიას აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი - დონალდ ტრამპი-უმცროსი ეწვია.

„მე გავიგე, რომ გრენლანდიის ხალხი არის MAGA. ჩემი ვაჟი და სხვადასხვა წარმომადგენელი გაემგზავრებიან იქ, რათა ეწვიონ ყველაზე შესანიშნავ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს. გრენლანდია წარმოუდგენელი ადგილია და ხალხი უზარმაზარ სარგებელს მიიღებს, როდესაც ის გახდება ჩვენი ქვეყნის ნაწილი. ჩვენ მოვუვლით და დავიცავთ მას ბოროტი გარემსოფლიოსგან. გავხადოთ გრენლანდია კვლავ დიადი!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

რატომ სურს დონალდ ტრამპს გრენლანდიის ამერიკასთან შეერთება და რა სარგებელს მიიღებს ამით, ამ საკითხებზე BBC-მ ვრცელი სტატია მოამზადა.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი გრენლანდიას მიიღებენ, ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა დანიის პრემიერმა მეტე ფრედერიქსენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

„გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის. გრენლანდიის მომავალზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საინტერესოა, რა ალტერნატივა აქვთ გრენლანდიის მცხოვრებლებს, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ არ სურთ დანიის მფარველობის ქვეშ ყოფნა.

დაძაბული ურთიერთობა დანიასთან

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, გრენლანდიის მოსახლეობის მხოლოდ 6% სურს გრენლანდია ამერიკის ნაწილი გახდეს, 85% ამ იდეის მოწინააღმდეგეა, 9% კი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ფრედერიკსენმა კი იცის, როცა საუბრობს, რა სურს გრენლანდიის მოსახლეობას, ეს საკითხი საკმაოდ დელიკატურია.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც წლების წინ გახმაურდა საინტერესო ფაქტი, გრენლანდიაში ადგილობრივ ქალთა იძულებით კონტრაცეპციაზე, დანიის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა... წლების წინ ცნობილი გახდა, რომ 1966-დან 1970 წლებამდე მსგავსი იძულებითი პროცედურა ინუიტ ქალთა 50% -ზე განახორციელეს.

1569262360116-1739359668.jpeg

დეკემბერში კი გრენლანდიის პრემიერმა მუტე ეგედემ ამ პროცესს „გრენლანდიის გენოციდი“ უწოდა, რომელიც დანიის ხელისუფლების მხრიდან გრენლანდიელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელდა.

გარდა ამ ქმედებისა, 1960-1970-იან წლებში ასობით ადგილობრივი ბავშვი, მშობლების თანხმობის გარეშე, უცნაური მიზეზებით გაიყვანეს კუნძულიდან... ადგილობრივი მოსახლეობის ბავშვები ისე გააშვილეს, რომ დედებმა არც კი იცოდნენ, სად მიჰყავდათ მათი შვილები. წარსულში მომხდარმა მსგავსმა ფაქტებმა დიდი გავლენა იქონია დანიის მიმართ დამოკიდებულებაზე. როგორც ცნობილია, ბევრმა გაშვილებულმა ბავშვმა შემდეგ იპოვა თავისი ოჯახი და დანიის მხრიდან კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს მიმართა...

დანიელი საბავშვო მწერალი იბენ მონდრუპი, რომელიც გრენლანდიაში გაიზარდა, ფიქრობს, რომ მიმდინარე ამბები დანიელებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ დანიამ გრენლანდიელების ცხოვრებაზე სასიკეთოდ იმოქმედა, საგანგაშო ნიშანი უნდა იყოს.

„ეს წარმოდგენა იმ მონათხრობების შემდეგ გაჩნდა, რაც ამბობდნენ, რომ დანია გრენლანდიას ყოველგვარი სარგებლის გარეშე ეხმარებოდა“, - ამბობს მწერალი.

2025-01-07t155906z-989054783-rc215ca9k43n-rtrmadp-3-usa-trump-greenland-scaled-1739359668.jpg

„ჩვენ გვესაუბრებოდნენ დანიაზე, რომელმაც გრენლანდია თავისი ფრთის ქვეშ შეიფარა და დაეხმარა მას, ფეხზე დამდგარიყო. ჩვენ, დანიელები, ყოველთვის ვუბრუნდებით იმ იდეას, რომ გრენლანდია ჩვენთან ვალშია, ბოლოსდაბოლოს, ჩვენი მადლიერი უნდა იყოს...“ - ამბობს მწერალი.

„გრენლანდია უკვე გაიზარდა“

ბოლო წლებში ჩატარებული გამოკითხვები საინტერესო სურათს გვიჩვენებს. მოსახლეობის ნაწილი უკვე მიიჩნევს, რომ გრენლანდია დამოუკიდებელი უნდა იყოს.

2019 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გრენლანდიის მოსახლეობის 67,7% მიიჩნევს, რომ ისინი დამოუკიდებლები უნდა იყვნენ.

ჯენსერაკ პოულსენი, რომელიც ნუუკში ეკოლოგიური ორგანიზაცია Oceans North Kalaallit Nunaat-ის დირექტორია, ამბობს:

„ვფიქრობ, რომ გრენლანდია უკვე გაიზარდა. ჩვენი ღირსების გრძნობა და თავდაჯერებულობა მოითხოვს, რომ თავად მივიღოთ გადაწყვეტილება - ისე, როგორც ზრდასრულებმა, სხვა ქვეყნების თანასწორმა ქვეყანამ. მთავარია, რომ ქვეყანა არ იყოს ბორკილებში. ჩვენ არავის უნდა ვთხოვდეთ ნებართვას“, - ამბობს პოულსენი.

როგორც BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, სიტყვა "დამოუკიდებლობა", შესაძლოა, სრულად არ გამოსახავდეს იმ სირთულეს და არჩევანს, რომლის წინაშეც გრენლანდიელები დგანანო, - აღნიშნავს პოულსენი. როგორც ის ამბობს, - „არ მოსწონს სიტყვა დამოუკიდებლობა, რადგან სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზე დამოკიდებულია“.

„დანიაც კი, რომელიც სუვერენული სახელმწიფოა, დამოკიდებულია... მე ვამჯობინებ სიტყვას - „სახელმწიფოებრიობა“ - ამბობს პოულსენი.

რა აკლია გრენლანდიას დამოუკიდებლობისთვის?

ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით, როგორ აპირებს ტრამპი გრენლანდიის „მოპოვებას“. როცა ამის შესახებ მან 2019 წელს განაცხადა, თქვა, რომ ეს იქნებოდა უძრავი ქონების მსხვილი გარიგება. არც ისაა ცნობილი, რა დონით შეძლებს გრენლანდია ავტონომიის შენარჩუნებას, როცა ის აშშ-ის ნაწილი გახდება, არც იმ პრივილეგიებზეა საუბარი, რომელიც მას ექნება.

ტრამპმა, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მზადაა, შეისყიდოს გრენლანდია, მკვეთრი განცხადებებიც გააკეთა, რითაც საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად მას შეუძლია, ძალაც გამოიყენოს.

ცოტა ხნის წინ ტრამპის ვაჟისა და მისი გუნდის გრენლანდიაში ვიზიტმა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების სერიოზულობა კიდევ დაადასტურა.

დანიის პარლამენტის მემარცხენე პარტიის, Inuit Ataqatigiit-ის წარმომადგენელი გამოკვეთს რამდენიმე გზას, როგორ შეიძლება გრენლანდიამ დამოუკიდებლობა მოიპოვოს. როგორც აი კემნიცი აღნიშნავს, პირველ რიგში, უნდა შეწყდეს „ტვინების გადინება“. მისი თქმით, გრენლანდიაში ახალგაზრდობის მხოლოდ 56% ბრუნდება, რომელთაც განათლება მიიღეს დანიის ან სხვა უცხოური ქვეყნის უნივერსიტეტებში.

„ეს არც თუ ისე კარგია, უკეთესი იქნება, თუ მოვახერხებთ და მათთვის სამშობლოში დაბრუნების იდეას მიმზიდველს გავხდით“, - აღნიშნავს კემნიცი. მისი თქმით, გრენლანდიას ამაზე მნიშვნელოვანი - ეკონომიკური პრობლემაც აქვს.

„პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ურთიერთკავშირშია. ამიტომ აუცილებელია, ვითანამშრომლოთ დანიასთან, გრენლანდიაში ბიზნესის განვითარების შესახებ. ასევე, ვითანამშრომლოთ ამერიკასთან, ნედლეულის მოპოვებისა და ტურიზმის განვითარების საკითხებში“, - ამბობს კემნიცი.

67fbe722-3de0-4e51-bcd9-dc964334f867-1280x960-1739360297.jpg
დონალდ ტრამპის ვაჟი გრენლანდიაში ჩავიდა

როგორც ცნობილია, დღეს გრენლანდიის ეკონომიკა დანიაზეა დამოკიდებული, კუნძული სწორედ დანიისგან იღებს წლის განმავლობაში მილიარდობით დოლარს, გრანტის სახით.

დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაში, დანიის მხარე ამ გრანტს აღარ გადაიხდის, გრენლანდიელებს კი მოუწევთ, იპოვონ გზა, საიდან შეძლებენ ამ თანხის ანაზღაურებას. გარდა ამისა, გრენლანდიაში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხს. მოსახლეობას დღეს შეუძლია, დანიაში მდებარე საავადმყოფოებში იმკურნალოს, სწორედ ამიტომ შიშობენ, რომ დანიასთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. გრენლანდიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კი მიიჩნევს, რომ ეს შიში უსაფუძვლოა.

პელე ბრობერგი ამის მაგალითად ისლანდიაზე საუბრობს, რომელიც დანიის სამეფოს 1944 წელს გამოეყო.

„ისლანდია დღემდე გზავნის პაციენტებს დანიაში. მათ დღემდე ჰყავთ სტუდენტები, რომლებიც დანიაში სწავლობენ და - პირიქით... ჩემთვის რთულად წარმოსადგენია, რა წინააღმდეგობა შეიძლება გაგვიწიოს დანიამ, თუ სამეფოს შემადგენლობიდან გამოსვლას გადავწყვეტთ“, - აღნიშნავს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.

„მოსახლეობის იმ რაოდენობით, რომელიც დღეს გრენლანდიაშია, რომელთა ნაწილსაც არ აქვს კარგი განათლება და, ასევე, რთული სოციალური უზრუნველყოფის სისტემით, რომლის შენარჩუნებაც გვსურს, ვერასდროს ვიქნებით დამოუკიდებლები - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, - აღნიშნავს პოლიტიკოსი გრენლანდიის დამოუკიდებლობაზე საუბრისას.

ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა დონალდ ტრამპი გრენლანდიაზე ალაპარაკდა, თქვა, რომ ის კუნძულს გამოისყიდდა. მაშინ საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, რაში სჭირდებოდა ტრამპს გრენლანდია?

გრენლანდიის ტერიტორიის 80% ყინულითაა დაფარული, თუმცა გრენლანდიაში არის ნავთობი, ურანი და ის იშვიათი ლითონები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური ქვეყნებისთვის.

კუნძული არქტიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა განლაგებული. აქ გადის სწორედ უმოკლესი გზა ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკისკენ.

როგორც რამდენიმე წლის წინ ტრამპმა აღნიშნა, გრენლანდიის შესყიდვა სტრატეგიულადაც კარგი იქნებოდა. ჯერ კიდევ ცივი ომის შემდეგ აშშ-ის კუნძულზე თავისი სამხედრო ბაზა ჰქონდა განთავსებული. პენტაგონი კი არ იქნება წინააღმდეგი, თუ არქტიკაში მათ ყოფნას კიდევ უფრო გააფართოვებს, რათა თავი დაიცვას ან წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ შესაძლო საფრთხეს.