"დიახ, სოხუმის დაცემამდე ჩვენ მივეცით აფხაზებს იარაღი, ქართველები კი უიარაღოდ იყვნენ" - რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სკანდალური ინტერვიუ
რუსეთის ფედერაციის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი (1990-1996 წლები) ანდრეი კოზირევი ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოზე, კერძოდ, აფხაზეთის ომზე საუბრობს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან გაიხსენა ის პერიოდი, როგორ წარმოიშვა საქართველოში კონფლიქტი.
ის იხსენებს სიტუაციას, როდესაც ომის წინ აფხაზეთში ჩაფრინდა, რათა სიტუაციას ადგილზე გაცნობოდა.
„მათთან ურთიერთობის შემდეგ კი მქონდა ზუსტი წარმოდგენა, რომ როცა დაიწყო დამოუკიდებელი რესპუბლიკების ფორმირება და ამაში დიდი როლი ბალტიისპირეთმა ითამაშა, შემდეგ ყველამ თქვა, მოიცადეთ, ჩვენ სუვერენული სახელმწიფოები ვართ, ამის საპირისპიროდ კი ცეკასა და კა-გე-ბე-ში გაჩნდა იდეა, უნდა "გავაღვიძოთ" ავტონომიური რესპუბლიკები, რათა ისინი ფაქტის წინაშე დავაყენოთ...
ამის განსაკუთრებული მაგალითი კი საქართველოა. თქვენ გინდათ საბჭოთა კავშირიდან გასვლა? - მაშინ თქვენ აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" გამოგეყოფათ.
ეს ხელოვნურად შექმნილი იყო. მაშინ პაველ გრაჩოვთან (მაშინდელი თავდაცვის მინისტრი) ერთად შევხვდით არძინბას, რომელიც ამ სეპარატისტული მოძრაობის პირველი ხელმძღვანელი იყო.
ის შეიძლება ეთნიკურად აფხაზი იყო, მაგრამ მოსკოველი ბიჭი გახლდათ. მოსკოვში ცხოვრობდა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი აქ გაატარა. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდით, მოსკოვური აქცენტით. ის ევგენი პრიმაკოვთან, მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც უმცროსი მეცნიერი-მუშაკი იყო. რომელი რევოლუციონერი ის გახლდათ?! რომელი თავისუფლებისთვის მებრძოლი ის იყო?! ეს იყო სისულელე. არძინბა ღიად ამბობდა, მე თქვენ დამიძახეთო...
მე მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, და ვერ მექნებოდა ცუდი ურთიერთობა თავდაცვის მინისტრთან, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობდა ის. ეს მედლის ორი მხარეა.
- გრაჩოვი არძინბას თქვენს გარეშე აწოდებდა იარაღს?
- რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, რომ ელცინი საქმის კურსში იყო. სავარაუდოდ, ელცინმა იცოდა, რომ მე არაფერი ვიცოდი და ეს ყველაფერი ჩემგან იმალებოდა. საბჭოთა გენერლები და ოფიცრები არძინბას და ამ სეპარატისტულ დაჯგუფებას საკუთარ ხალხად მიიჩნევდნენ. მათ, სავარაუდოდ, კარგად იცოდნენ არძინბას დანიშვნის ისტორია და იცოდნენ ვინ იყო ის.
- თუ თანამედროვე ქართველი მაყურებელი გვიყურებს, ისინი ამას რუსეთის ოკუპაციად აფასებენ და, ფაქტობრივად, ეს ასეც იყო.
- ეს მთლად ასე არ ყოფილა, ეს არ იყო მთლად რუსეთის ოკუპაცია. ეს იყო ძალები, რათა შეგვენარჩუნებია ის მშვიდობა, რომელიც ჩვენ შევქმენით და ეს ძალები იყო საჭირო, რადგან იქ იყო შეიარაღებული დაპირისპირება. მაშინ უკვე ედუარდ შევარდნაძეც იყო, რომელიც პრეზიდენტი გახდა და ამას დათანხმდნენ აფხაზებიც. საჭირო იყო სისხლისღვრის შეჩერება, იქ იყო საბჭოთა ბაზა და მის საფუძველზე შეიქმნა ეს სამშვიდობო ძალები...
უმეტესად აქ რუსი ჯარისკაცები იყვნენ. ეს იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი... სამხედროების ნაწილს ეს არ უნდოდა. მათთვის ეს ზედმეტი თავსატეხი იყო. როცა მათ უთხრეს, რომ არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ისინი ამ პირობას თავდაპირველად ასრულებდნენ და, საერთოდ, იმ უკანასკნელ ქმედებებამდე (იგულისხმება სოხუმის დაცემა - ავტ.), მას შემდეგ მე არძინბას არც კი ვესალმებოდი...
რა მოუვიდათ სამშვიდობოებს? მოლაპარაკების თანახმად, კონფლიქტის ყველა მხარე შეთანხმდა, რომ რუს სამშვიდობოებს გადასცემდნენ იარაღის საკეტებს. მათ მართლაც ჩააბარეს შეიარაღების საკეტები, როგორც ქართველებმა, ასევე - აფხაზმა სეპარატისტებმა. ამ პერიოდში ძალიან ცოტა სისხლისღვრა მოხდა, ეს იყო ნამდვილად ცეცხლის შეწყვეტა და დაიწყო მოლაპარაკებები...
ერთ ღამეს კი საკეტები მხოლოდ აფხაზურ მხარეს გადასცეს, ქართველების იარაღის საკეტები კი რუს სამშვიდობოებს დარჩათ. რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ამის ახსნასა და გამოძიებას ვითხოვდი, მაგრამ ელცინმა ამაზე უარი თქვა.
ასე დარჩა ეს საკითხი. რუსი სამხედროები არ იყვნენ ჩართულები ამ დაპირისპირებაში, მათ არაფრის ოკუპირება არ მოუხდენიათ, ისინი თავიანთ დისლოკაციის ადგილებში იდგნენ, მაგრამ... იარაღი ერთ მხარეს გადასცეს და ამით სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს. ეს იყო მკვლელობა, რადგან აფხაზებს იარაღი ჰქონდათ, ქართველები კი უიარაღოდ იყვნენ“, - აღნიშავს ანდრეი კოზირევი ინტერვიუში. წყარო