"განუხორციელებელია უკრაინის სურვილი 2014 წლის საზღვრების აღდგენის თაობაზე" - პენტაგონის ახალი ხელმძღვანელის უმკაცრესი განცხადებები - კვირის პალიტრა

"განუხორციელებელია უკრაინის სურვილი 2014 წლის საზღვრების აღდგენის თაობაზე" - პენტაგონის ახალი ხელმძღვანელის უმკაცრესი განცხადებები

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „2014 წლის საზღვრებში დაბრუნება არარეალურია“: პენტაგონის ხელმძღვანელი უკრაინის, ნატოსა და სამშვიდობო მისიის შესახებ“ (ავტორი - ელიზავეტა ფოხტი), რომელშიც მიმოხილულია ბრიუსელში მყოფი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰეგსეთის რადიკალური განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი პირველად ჩავიდა ევროპაში, აშშ-ში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე („რამშტაინის“ ფორმატით), რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, მან, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მკაცრი განცხადება გააკეთა:

ა) უკრაინის წევრად მიღება ნატოში, ომის დიპლომატიური დარეგულირების შემდეგ, არარეალურია;

ბ) განუხორციელებელია უკრაინის სურვილი 2014 წლის საზღვრების აღდგენის თაობაზე;

გ) ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში თავის სამხედრო-სამშვიდობო მისიას არ გაგზავნის;

დ) უკრაინის მხარდაჭერა და დახმარება ძირითადად ევროპამ უნდა უზრუნველყოს;

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს თავისი ყურადღების ფოკუსი ევროპული უსაფრთხოებიდან პლანეტის სხვა რეგიონებზე გადააქვს.

და ეს მხოლოდ დასაწყისია უკრაინისათვის საკვანძოდ მნიშვნელოვანი კვირისა: ევროპის ქალაქებში ერთბაშად რამდენიმე ღონისძიება იმართება, რომლებზეც აშშ-ის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად აცნობებენ ნატოელ მოკავშირეებს ვაშინგტონის საგარეოპოლიტიკურ გეგმებზე.

„უკრაინის ნატოს წევრად მიღება არარეალურია“

„რამშტაინის“ სხდომაზე ამერიკამ პირველად განაცხადა უარი თავმჯდომარეობაზე. ამ როლის შესრულება ითავა ჯონ ჰილიმ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა. დარბაზიდან ჟურნალისტები ჯერ კიდევ არ იყვნენ გასულები, რომ პიტ ჰეგსეთმა ლაპარაკი დაიწყო.

„ამერიკის შეერთებული შტატები არ თვლის რეალურად იმას, რომ უკრაინა, [ომის] დიპლომატიური დარეგულირების შემდეგ, ნატოს წევრი უნდა გახდეს“, - თქვა თავდაცვის მინისტრმა თავისი გამოსვლის დასწყისში.

პენტაგონის ეს განცხადება, პრინციპში, მოსალოდნელი იყო, თუმცა უკრაინისათვის განაჩენივით გაისმა. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაერთხელ ამბობდა იმას, რომ უკრაინის სრულფლებიანი წევრობა ნატოში - კიევისათვის უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტიას წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ალიანსი არ ჩქარობდა უკრაინისათვის გარანტიის მიცემას ნატოში მიწვევის სახით, ახლა კი, აშშ-ის პოზიციის გათვალსწინებით, ეს პერსპექტივა სრულიად არარეალურად გამოიყურება.

„2014 წლის საზღვრების აღდგენა შეუძლებელია“

პიტ ჰეგსეთმა უკრაინისათვის უნუგეშო კომენტარი გააკეთა ქვეყნის 2014 წლის საზღვრების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებითაც.

„ჩვენც გვინდა, რომ უკრაინა სუვერენული და აყვავებული ქვეყანა იყოს... მაგრამ დავიწყოთ იმით, რომ რომ უნდა შევურიგდეთ და ვაღიაროთ ერთი ფაქტი: 2014 წლის საზღვრების დაბრუნება არარეალისტური მიზანია. თუ უკრაინა ამ ილუზორულ მიზანს თავს არ დაანებებს, ამით მხოლოდ მისი ტანჯვა გაგრძელდება“, - ხაზი გაუსვა პენტაგონის ახალმა ხელმძღვანელმა.

„აშშ-ის სამშვიდობო მისია უკრაინაში? არა!“

პიტ ჰეგსეთის აზრით, ომის შეჩერების მიღწევა შეიძლება მხოლოდ „მოკავშირეთა ძლიერების“ გაერთიანებით, მაგრამ ფრონტზე და ბრძოლის ველზე ამჟამად შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით და მისი რეალურად შეფასებით.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირდაპირ უთხრა ამერიკელ ხალხს და ბევრ ლიდერს: საბრძოლო მოქმედების შეჩერება და მტკიცე მშვიდობის დამყარება [ახალი ადმინისტრაციის] ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დონალდ ტრამპს განზრახული აქვს ომი დიპლომატიის დახმარებით შეაჩეროს, ანუ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდაზე დასხას. პენტაგონი ამ საქმეში პრეზიდენტს დაეხმარება“, - აღნიშნა პიტ ჰეგსეთმა.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას აქვს კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების გეგემა, თუმცა თეთრ სახლს რაიმე ვრცელი თეზისები არ გამოუქვეყნებია. მასმედიაში იწერებოდა გარკვეული ვარაუდები და ჰიპოთეზები, რომ გეგმის ნაწილი შეიძლებოდა ყოფილიყო აშშ-სა და უკრაინის გარიგება ამ უკანასკნელის ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესახებ, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ან ტერიტორიების გაცვლა.

პიტ ჰეგსეთმა ასევე შეუძლებლად მიიჩნია უკრაინაში აშშ-ის სამშვიდობო კონტიგენტის გაგზავნაც: „უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიის ჩარჩოებში უკრაინაში ამერიკელი სამხედროები არ იქნებიან გაგზავნილნი“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას პენტაგონის ხელმძღვანელმა გამოხატა თვალსაზრისი, რომ კიევის უსაფრთხოება „ევროპულმა და არაევროპულმა ძალებმა“ უნდა უზრუნველყონ, მაგრამ ნატოს მისიის გარეშე. „თუ რაღაც მომენტში უკრაინაში სამშვიდობო ძალები იქნებიან განლაგებულნი, ეს უნდა მოხდეს არა ნატოს მისიის ჩარჩოებში და არა ნატოს წესდების მე-5 მუხლის (კოლექტიური უსაფრთხოების) მოქმედების ჩარჩოებში“, - ხაზი გაუსვა ამერიკელმა მინისტრმა.

ნატოს ევროპელმა წევრებმა, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, სამომავლოდ უკრაინის დახმარებაში ლომის წილი უნდა აიღონ. მინისტრის თქმით, ვაშინგტონი მეტად ათარ მოითმენს თავის მოკავშირეებთან დაუბალანსებელ ურთიერთობას.

„ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნატოს ევროპელი წევრების პრიორიტეტი უნდა იყოს“, - ხაზი გაუსვა პიტ ჰეგსეთმა, - „სამომავლოდ ძირითადად სწორედ ევროპამ უნდა ზიდოს უკრაინის ლეგალური თუ არალეგალური დახმარების ტვირთი“.

არადა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლახან ბრიტანულ გაზეთ „გარდიანისადმი“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ის გარეშე უკრაინის უსაფრთხოების დაცვის გარანტიები მას ვერ წარმოუდგენია. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ამერიკული იარაღი (მაგალითად, საზ.სარ.კომპლექსი „პეტრიოტი“) ევროპულზე ბევრად უკეთესია და თუ ამერიკა უარს იტყვის გარანტორობაზე, უკრაინის უსაფრთხოება არასრულყოფილი იქნება.

წყარო

სიმონ კილაძე

(სპეციალურად საიტისთვის)