კოშმარი ევროპისთვის ანუ რაზე გარიგდებიან ტრამპი და პუტინი - "თუ არ გაზრდიან სამხედრო ხარჯებს, მაშინ ევროპელებს რუსულის სწავლა ან საცხოვრებლად ზელანდი - კვირის პალიტრა

კოშმარი ევროპისთვის ანუ რაზე გარიგდებიან ტრამპი და პუტინი? - "თუ არ გაზრდიან სამხედრო ხარჯებს, მაშინ ევროპელებს რუსულის სწავლა ან საცხოვრებლად ზელანდიაში გადასვლა მოუწევთ"

ბრიტანულ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ტრამპი ევროპას უკრაინაზე ზრუნვას აიძულებს: ევროპელთა ზურგს უკან კრემლთან დადებული გარიგება კონტინენტის ლიდერებისათვის კოშმარს წარმოადგენს“ (ავტორი - სილვია კაუფმანი).

გთავაზობთ ანალიტიკურ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპის კონტინენტის ლიდერებისათვის ყველაზე დიდი კოშმარული მოვლენა: შეთანხმება, რომელიც მათ ზურგს უკან დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მიერ დაიდო.

გასულ კვირას სორბონის უნივერსიტეტის მე-19 საუკუნის დიდებულ დარბაზში ისტორიის ლექციის წაკითხვის შემდეგ, ცნობილმა ამერიკელმა ისტორიკოსმა ტიმოთი სნაიდერმა ევროპელების გასაგონად ასეთი გზავნილი გააჟღერა: „თუ უკრაინაში მიღწეული იქნება შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, თქვენ მოგიწევთ ყველაფერი, რაც გაქვთ, უკრაინას მოახმაროთ. მოგიწევთ უკრაინის მიწვევა ევროკავშირის წევრად, მოგიწევთ სამშვიდობო ჯარების შეყვანა, მოგიწევთ გრძელვადიანი უზარმაზარი ინვესტიციების ჩადება და დანგრეული ეკონომიკის აღდგენა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, მუდმივად ომის ჩრდილში იქნებით. ჩამოჰკრა ევროპის საათმა, იმიტომ, რომ ამერიკა უკვე არაფერს არ გააკეთებს“.

ემანუელ მაკრონს ამაში დარწმუნება არ სჭირდება. ევროპაში უკრაინის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის ტონალობა უკვე ისედაც გამწვავებულია. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ და მისმა დამოკიდებულებამ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ, ახალი მყიფე სიტუაცია წარმოქმნა. აშშ-ის და, საერთოდ, დასავლეთის ფიცი-მტკიცი, რომ „უკრაინას იმდენით დავეხმარებით, რამდენიც საჭირო იქნებაო“, ეს მანტრა უკვე ისე დამაჯერებლად აღარ ჟღერს, როცა გუნდს მთავარი მომღერალი ტოვებს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთს და უკრაინას ომი შეაწყვეტინოს, მაგრამ იგი ევროპელებს თავის გეგმებს არ უზიარებს. ეს დიდი გამოწვევაა ევროპელი ლიდერებისათვის.

საფრანგეთის პრეზიდენტისათვის ყველაზე უარესი კოშმარი (რასაც ბევრი მისი ევროპელი კოლეგა იზიარებს) არის ის, რომ გარიგება რუსეთის კრემლს და აშშ-ის თეთრ სახლს შორის უკრაინელებისა და ევროპელების ზურგს უკან დაიდო. ისე, კაცმა რომ თქვას, ამაში უჩვეულო არაფერი უნდა იყოს: ეს ძველი დიპლომატიური ტრადიციაა, რომელიც ამერიკაში დონალდ ტრამპამდე დიდი ხნის ადრე არსებობს. ემანუელ მაკრონის დამსახურება ისაა, რომ მან გასული წლის დეკემბერში პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეახვედრა და სწორედ მაშინ დარწმუნდა იგი, რომ ომის დასრულება 24 საათში შეუძლებელია.

კიდევ კარგი, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინისათვის ისეთი შემაშინებელი სცენარი არ შეიმუშავა, როგორიც ღაზას სექტორის მიმართ.

ამასთან, ევროპელები თვლიან, რომ დონალდ ტრამპის სტრატეგია ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განსაზღვრული და, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების დროს მისი გამარჯვება დაფიქსირდება.

თუმცა ერთ რამეში ევროპელები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ: ამერიკას ნატოსაგან დაშორების კურსი უკავია. ვაშინგტონს სულაც არ სჭირდება ალიანსის ფორმალური დატოვება: ტრამპს, უბრალოდ, თავისი მხრებიდან უკრაინული ტვირთის გადაგდება სურს. თუ ევროპას მოლაპარაკებაში სრულუფლებიანი მონაწილეობა და თავისი ინტერესების დაცვა სურს, მაშინ მან მაგიდაზე რაღაც მნიშვნელოვანი წინადადება უნდა დადოს. ევროპას არ აკმაყოფილებს ტრამპისეული განცხადება - ომი იმიტომ უნდა შეწყდეს, რომ „კმარა ამდენი ახალგაზრდა და მშვენიერი ბიჭების სიკვდილი“.

ვთქვათ და, დონალდ ტრამპმა ომი შეწყვიტა და ევროპიდან წავიდა. რას უზამს რუსეთი უკრაინას და ევროპას მოგვიანებით?

ამრიგად, აუცილებელია საიმედო გარანტიები როგორც უკრაინის, ასევე - ევროპის უსაფრთხოებისათვის.

აი, აქ იწყება ყველაზე მტკივნეული შეგრძნება იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ათეული წლების განმავლობაში თავიანთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაცვის საქმეში ამერიკის იმედი ჰქონდათ. დღეს ისინი დაგვიანებით აცნობიერებენ, რომ აშშ-ის გარანტიები აღარ მუშაობს. ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკის თქმით, მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური დისკუსია იმაზე, თუ როგორი უსაფრთხოების გარანტიები არის საჭირო. ყველაზე ხისტი პოზიცია აქვთ დაკავებული დავაში პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, შვედეთს და ფინეთს. საფრანგეთი ცდილობს, წამყვანის როლი შეასრულოს, თუმცა მისთვის უჩვეულო ამპლუაში: პარიზი თავისთვის არაფერს აკეთებს და მხოლოდ სხვებს ეხმარება ერთ გუნდად შეკვრაში. ამ საქმეში მაკრონმა „ვეიმარის სამკუთხედიც“ (პარიზი, ბერლინი, ვარშავა) ჩართო და ეს ჯგუფი იტალიით და დიდი ბრიტანეთით გააფართოვა. მაგრამ რადგანაც ემანუელ მაკრონის იდეას, უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების გაგზავნის თაობაზე, მხარი არავინ დაუჭირა, მისი ავტორიტეტი შესუსტდა (ამას ემატება პრობლემები საშინაო პოლიტიკაშიც). მოკლედ, ემანუელ მაკრონს პარტნიორების ნდობის დაბრუნება სჭირდება.

მაგრამ საფრანგეთი განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება, აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომლის მოქმედება ზოგჯერ უფრო მტრობას ჰგავს, ვიდრე - მოკავშირეობას. ზოგიერთი ევროპელისათვის, რომლებიც ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან რუსული მუქარის გამო, მათთვის უკრაინის მოახლოებული კრახი საშინელ პერსპექტივას წარმოადგენს - ვაითუ რუსეთის მომდევნო მსხვერპლი ისინი აღმოჩნდნენ. ამიტომ მათთვის ახლა მთავარია, თავდაცვის „ამერიკული ქოლგა“ შეინარჩუნონ. ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ ევროპული თავდაცვითი პოტენციალის შექმნის მცდელობებს. საფრანგეთი ამ მხრივ ნაკლებად მგრძნობიარეა, რადგან მას თავისი ბირთვული პოტენციალი აქვს.

სორბონაში ტიმოთი სნაიდერის მიერ გაჟღერებული სიტყვები ეხმიანებიან ნატოს გენმდივნის, მარკ რიუტეს ნათქვამს, რომელმაც გასულ თვეში ევროპარლამენტის დეპუტატები გააფრთხილა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გაზრდიან სამხედრო ხარჯებს, მაშინ მათ არასასიამოვნო არჩევნის გაკეთება მოუწევთ: ან რუსული ენა ისწავლონ, ან საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში წავიდნენო.

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მყოფი ევროპელები საბოლოოდ მაინც აღმოჩნდნენ იმ რეალობის წინაშე, რომლისგანაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში გაქცევას ცდილობდნენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო