გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზარები - ტრამპმა დაიწყო: რისი დათმობა მოუწევს ზელენსკის და რას მოითხოვს პუტინი?!
ტრამპის ტელეფონი გააქტიურდა - ზარები პუტინთან და ზელენსკისთან...
2025 წლის 12 თებერვალი შეიძლება ჩაითვალოს დღედ, როდესაც რუსეთ-უკრაინის თითქმის სამწლიანი ომის შეჩერებისთვის კონკრეტული მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალმა-ძველმა პრეზიდენტმა ტრამპმა სატელეფონო ზარები განახორციელა მოსკოვსა და კიევში...
ის, რომ ტრამპმა ჯერ პუტინს დაურეკა და მხოლოდ ამის შემდეგ - ზელენსკის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ თეთრი სახლი მთავარ მოლაპარაკებებს ომის შეჩერების თაობაზე, სწორედ კრემლთან გამართავს და არა - კიევთან.
სწორედ ეს გახდა ევროპელი პოლიტიკური ლიდერების ერთგვარი განაწყენებული რეაქციის მიზეზიც, როდესაც ტრამპის სატელეფონო ზარების შემდეგ ხმამაღლა განაცხადეს - მშვიდობის მიღწევა მხოლოდ უკრაინასა და ევროპასთან ერთად შეიძლებაო...
ტრამპს კი ნაკლებად აინტერესებს ევროპელი კოლეგების აზრი - ის, როგორც მძიმე ბულდოზერი, „მიაწვება“ იმ ტაქტიკას, რაც მას აწყობს და პუტინთან პირდაპირი გარიგებების საფუძველზე უკრაინას სერიოზულ დათმობებზე წასვლასაც კი აიძულებს...
ის, რაც დასათმობი ექნება უკრაინას, ომის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, უკვე გამოიკვეთა...
ეს არის - ნატოში გაწევრებაზე სრული უარის თქმა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „დავიწყება“, ამერიკული სამხედრო დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ, 500 მლრდ დოლარის იშვიათი ლითონების მოპოვების უფლების გადაცემა ტრამპის ადმინისტრაციისთვის...
ეს სრული ჩამონათვალი სულაც არ არის, რადგან მოლაპარაკებების პროცესში აუცილებლად დაემატება პუტინის კატეგორიული მოთხოვნები - უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და უკრაინის იმ ოლქების - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის - დათმობა, რომლებიც ჯერ ბოლომდეც კი არ აქვს ოკუპირებულ რუსეთის არმიას.
ცალკე საკითხია კურსკის ოლქში უკრაინის საექსპედიციო კორპუსის მიერ ნახევარი წლის განმავლობაში ოკუპირებული 500 კვ.კმ-მდე რუსული მიწა - ზელენკი აცხადებს, რომ მას გაცვლიდა რუსების მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე, მაგრამ კრემლი ამ გარიგებაზე არ წავა - პუტინი ეცდება, ტრამპი დაიყოლიოს, რომ ზელენსკი აიძულონ, კურსკიდან უკრაინელი სამხედროების სწრაფ და უპირობო გაყვანაზე.
24 თებერვალს სამი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთი ღიად თავს დაესხა უკრაინას (შეფარულ სამხედრო აგრესიას კრემლი უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის თებერვლიდან ახორციელებდა) და ამ თარიღისთვის შეიძლება, ბევრი რამ გაირკვეს კიდეც. ისე, არ გამოვრიცხავ, რომ 9 მაისს, როდესაც რუსეთი ჰიტლერის გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავს აღნიშნავს, პრეზიდენტი ტრამპიც ვიხილოთ წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმთან საპატიო სტუმრების რიგებში, პუტინის გვერდით გამარჯვებულის სახით მოღიმარი - მან ხომ მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ ევროპაში გაჩაღებული ყველაზე დიდი ომი შეაჩერა...