"დედა რომ დაიღუპა, მამამ მის გარეშე ყოფნას ვერ გაუძლო და..." - 17 წლის ასაკში გადატანილი ტრაგედია და მძიმე გზა საუკეთესო პედაგოგის ჯილდომდე
ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი და 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია. 25 წელია, მოსწავლეებს სკოლაში ცოდნას გადასცემს, თავისუფალ აზროვნებას და სამართლიანობის მნიშვნელობას ასწავლის.
რამდენიმე დღის წინ სასამართლოს წინაშე მოუწია წარდგენა. მიზეზი ის გახდა, რომ სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა გააპროტესტა. ლადო აფხაზავა სასამართლომ 5.000 ლარით დააჯარიმა.საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ შორის, მასწავლებლებმა კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადა და იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე საჭირო იყო.
"ჩემთვის საოცარი დღეებია, პირველი განცდა, რაც თავიდან მქონდა, უმძიმესი იყო... გიყვარს შენი სამშობლო, მისთვის ყველაფერს აკეთებ და შენი ქვეყანა კი სასამართლოში გიბარებს, საბრალდებო სკამზე გსვამს, - ეს ჩემთვის ძალიან რთული გასააზრებელია,“ - გვეუბნება ლადო აფხაზავა.
მან ჩვენთან საკუთარ ემოციებსა და საზოგადოებისთვის არაერთ უცნობ ფაქტზეც ისაუბრა.
- ერთ-ერთ ჯგუფში დაწერილი მქონდა, თუ დამაჯარიმებენ, ჩემთვის ყველაზე მაგარი რაც იქნება, მასწავლებლებმა ლარ-ნახევარი ჩამირიცხონ-მეთქი. ასე იმიტომ დავწერე, რომ ახლა ხელფასი ყველას აღებული აქვს და იქვე დახარჯულიც, ამ ლარ-ნახევრით კი მივხდებოდი, რამდენი პედაგოგი ჩარიცხავდა ლარ-ნახევარს. ახლა მეთორმეტე კლასელებთან ვარ და დავითვალეთ - 5800 მასწავლებლებს ჩაურიცხავს. ერთხელ 1.50 ხომ ჩარიცხა და მეორედ - უკვე 10 ლარი, ვიღაცავ 20 და ასე... მოკლედ, ჩემს ჯარიმასაც გადავიხდი და სხვის ჯარიმასაც.
- როგორ ფიქრობთ, ბოლო თვეების მანძილზე რა ხდება საქართველოში?
- ხელისუფლებას სიცოცხლის 5 ეტაპი აქვს. ახლა ის ბოლო ეტაპის წინა პერიოდშია, როდესაც ვიღაცისგან აღიარებას ცდილობს. თუ რომელიმე უცხო ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა, იტყვის, რომ თითქოს იმ ქვეყანამ ისინი აღიარა. შემდეგ დეპრესიის ეტაპი იწყება და ბოლოს უკვე შეგუებაა.
- დანარჩენი ეტაპები რა არის?
- პირველი განრისხებაა. განრისხდა და დაგვერია, - 14 დღე გვარბევდა. შემდეგი თითქოს დამშვიდება-მინელების ეტაპი იყო - მოემზადა და საკუთარი ამომრჩევლისთვის მსუყე საკენკი შეაგროვა იმისთვის, რომ ისინი იმაში დაეჯერებინა, თითქოს ყველაფერი კარგად არის...
- აქციებზე როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც ჩადიოდით... უწყვეტ პროტესტში ჩართული იყავით. საბოლოოდ კი, 5.000 ლარით დაგაჯარიმეს...
- პოლიტიკაში არასოდეს წავალ - ეს ზუსტად ვიცი და საკუთარი თავისთვის არასოდეს ვიბრძვი. 25 წელია, სკოლაში ვმუშაობ, ათიათასობით მოსწავლეა ჩემს ხელში გამოვლილი. თბილისში აქციაზე, 200-300 ყოფილი მოსწავლე ჩემ გვერდით სულ იყო. მერე მარტოებს ვერ ვტოვებდი და მათთან ერთად ღამეებს ვათენებდი. მეორე, ვინც ახლა სკოლაში სწავლობს და ლადო აფხაზავა სწორედ მათთვის იბრძვის. თორემ ხელისუფლების ცვლილებით, მე რომ რაიმე სარგებელი მივიღო, ამაზე არასდროს მიფიქრია.