ინტერვიუ დონალდ ტრამპთან: ზელენსკიზე, პუტინზე და ომის დასრულებაზე - "ზელენსკის მოუწევს იმის გაკეთება, რაც უნდა გააკეთოს, მისი რეიტინგი მაინცდამაინც მა - კვირის პალიტრა

ინტერვიუ დონალდ ტრამპთან: ზელენსკიზე, პუტინზე და ომის დასრულებაზე - "ზელენსკის მოუწევს იმის გაკეთება, რაც უნდა გააკეთოს, მისი რეიტინგი მაინცდამაინც მაღალი არ არის..."

დონალდ ტრამპი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, საუდის არაბეთში შეხვდება. დონალდ ტრამპი თვლის, რომ ომის შეწყვეტაში რუსეთის პრეზიდენტიც დაინტერესებულია. ომის ფრონტებზე ათი ათასობით უკრაინელი და რუსი ახალგაზრდა იღუპება, ეს საშინელებაა. ამერიკელი ლიდერის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების წარმატებით დასადებად აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა კიევის მხრიდანაც - მოუწევს ტერიტორიების დათმობა. უკრაინისათვის ნატოში მიღება არაპრაქტიკულია. დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს დახურვას აპირებს... აი, აშშ-ის პრეზიდენტის ინტერვიუს ძირითადი მომენტები, რომელიც მან ტელეარხ „სიბიეს ნიუსს“ (CBS news) თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იმ დროს მისცა, როცა პრეზიდენტმა თულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორად დანიშნა, ფიცი დაადებინა და ხელი მოაწერა რამდენიმე ბრძანებულებას.

ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნებულია ტელეარხის ვებ-გვერდზე სათაურით: „ტრამპი ოვალურ კაბინეტში კითხვებს პასუხობს...“.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

დონალდ ტრამპი:

ჩვენ ერთმანეთს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შევხვდებით. ეს იქნება ჩვენი პირველი შეხვედრა. შევხედავთ და მოვიფიქრებთ, რის გაკეთება შეგვიძლია

ჩვენ, ორივეს გვსურს ამ საშინელი ომის დასრულება. ეს ომი კატასტროფაა. მე მსგავსი რამ არასოდეს მინახავს.

თქვენც რომ ნახოთ ფოტოსურათები, თვალებს არ დაუჯერებთ. წარმოიდგინეთ: მიწა, რომელზეც ჯარისკაცია, სწორი მიწაა, ირგვლივ სხვა არაფერია, რომ გასროლილი ტყვია მოხვდეს. ტყვია მხოლოდ ახალგაზრდა მეომრის სიცოცხლეს იწირავს... ქალაქები და დასახლებული პუნქტები მიწასთანაა გასწორებული. უბრალოდ, დიდი სირცხვილია, რაც ამ ქვეყანას მოუვიდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ მოხდებოდა...

- თქვენი შეხვედრის თარიღი უკვე ცნობილია?

- კონკრეტული თარიღი ჯერ არ დაგვითქვამს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შეხვედრა არცთუ შორეულ მომავალში გაიმართება. ჩვენ, ორივე კარგად ვიცნობთ მემკვიდრე პრინცს და ამიტომ, ვფიქრობ, საუდის არაბეთი შეხვედრის ადგილად სწორად შევარჩიეთ.

- ესე იგი, გამოდის, რომ ეს იქნება შეხვედრა მხოლოდ თქვენსა და ვლადიმერ პუტინს შორის და, ალბათ, მემკვიდრე პრინცის შესაძლო მონაწილეობითაც, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე?

- დიახ, სავარაუდოდ, ასე იქნება. პირველ შეხვედრას ჯერ ამ ფორმატით გავმართავთ, შემდეგ შევხედავთ და განვსაზღვრავთ, როგორი იქნება მეორე შეხვედრა.

- თქვენ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ჩასვლას დაჰპირდით?

- არა, მე უკრაინაში ვიზიტის დაპირება არ მიმიცია.

(...)

- თქვენ მკაფიო გეგმა გაქვთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე?

- მე ჩემი გეგმის დეტალებს ჯერ არ გაგიმხელთ. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ჩვენ ამ მხრივ დიდ პროგრესს მივაღწიეთ.

საერთოდ, ეს მე კი არა, ჯო ბაიდენს უნდა გაეკეთებინა - არ შეიძლებოდა ამ საშინელი ომის სამი წლის განმავლობაში გაგრძელება.

ვიმეორებ, ეს ჯო ბაიდენს უნდა გაეკეთებინა, ისევე, როგორც ჩვენი ახალგაზრდა ჯენტლმენის [მარკ ფოგელის] სახლში დაბრუნება რუსეთის ციხიდან, რაც მე გავაკეთე. ჯო ბაიდენს თითი არ გაუნძრევია მის გასათავისუფლებლად, მე კი - გამოვიხსენი. როგორც იცით, არც ფული გადამიხდია, 6 მილიარდი. უბრალოდ, [ვლადიმერ პუტინს] ვესაუბრე, შევთანხმდით და ორ კვირაში ყველაფერი წარმატებით დასრულდა. მოკლედ, კარგად ვიმუშავეთ.

(...)

- რას ფიქრობთ უკრაინის ნატოში წევრად მიღებაზე?

- მე, პირადად, ვთვლი, რომ ეს არაპრაქტიკული იქნება. ვიცი, რომ ჩვენმა თავდაცვის ახალმა მინისტრმა პიტმა [ჰეგსეთმა], რომელიც, სხვათა შორის, უბრალოდ, შესანიშნავი, ჩინებული ადამიანია, ბრიუსელში ყოფნისას განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში მიღება „ნაკლებად სავარაუდო“ და „არაპრაქტიკულია“. მეც მიმაჩნია, რომ მისი პოზიცია სწორია. ჯერ კიდევ ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობამდე რუსები მუდმივად ამბობდნენ, რომ უკრაინის ნატოს წევრად მიღება არ შეიძლება. მე ზუსტად არ ვიცი, სინამდვილეში ასეა თუ არა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს არ უნდა მოხდეს.

- მხარს უჭერთ თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ტერიტორიების დათმობას (ან გაცვლას) ომის შეწყვეტის შეთანხმების ჩარჩოებში?

- როგორც ჩანს, მას მოუწევს იმის გაკეთება, რაც უნდა გააკეთოს. იცით, მისი რეიტინგი, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც მაღალი არ არის. იგი იმ ქვეყნის ხელმძღვანელია, რომელიც ომისაგან გაპარტახებულია.

მას ჰყავს არმია, რომელიც მართლაც ძალიან გმირულად იბრძვის, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც 350 მილიარდი დოლარი მივეცით. აი, ასეთია რეალური ციფრი. ევროპამ კი, სადღაც, 100 მილიარდი მისცა, თანაც მგონი, კრედიტების სახით. ახლა უკრაინაში ჩემი ფინანსთა მინისტრი იმყოფება, ძალიან გაბედული ადამიანი, რომელიც კიევში მატარებლით მიემგზავრება, რომელსაც კაცმა არ იცის, რა მოუვა ამ ომის დროს. მან იქ დოკუმენტი უნდა მიიღოს, რომელიც ჩვენ გარანტიას მოგვცემს, რომ როგორმე ამ ფულის ნაწილი მაინც უკან რაღაცნაირად დავიბრუნოთ. იმიტომ, რომ ამერიკამ ამ ომში უფრო მეტი ფული დახარჯა, ვიდრე - ევროპამ. ევროპას უფრო მეტი იმიტომ უნდა დაეხარჯა, რომ ის უფრო მეტ საფრთხეშია. ჩვენ უკრაინისაგან ოკეანე გვაშორებს, ხოლო ევროკავშირი და უკრაინა ერთმანეთს ესაზღვრებიან და მათ არაფერი აშორებთ. მოკლედ, ევროპა უკრაინას რასაც აძლევს, კრედიტის სახით აძლევს. შეერთებული შტატები ჯო ბაიდენის დროს კრედიტებს კი არ აძლევდა, არამედ ფულს პირდაპირ ურიგებდა. ყოველთვის, როცა აქ ვინმე ჩამოდიოდა უკრაინიდან, ფულს, უბრალოდ, ჩუქნიდნენ. რა სისულელეა! ეს არასოდეს არ უნდა მომხდარიყო. ამიტომაც ჩვენ გარანტიები გვინდა. გავუწევთ სამხედრო დახმარებას, მაგრამ სამაგიეროდ უკრაინიდან მივიღებთ სასარგებლო წიაღისეულს... უკრაინელები ამაზე დათანხმდნენ.

- ნიშნავს თუ არა თქვენი ნათქვამი იმას, რომ უკრაინისადმი დახმარება შემცირდება?

- ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, მაგრამ ეს მხარდაჭერა უფასო არ იქნება. ჩვენი ფულადი ხარჯები უკრაინის გარანტიებით უნდა იყოს განმტკიცებული.

(...)

- რამდენად სწრაფად აპირებთ განათლების სამინისტროს დახურვას?

- მე მინდა, რომ ის დაუყონებლივ დაიხუროს. იცით, განათლების სამინისტროში ბევრი უხეში დარღვევა ხდება. ჩვენ ვნახეთ მსოფლიოში 40 საუკეთესო ქვეყნის სია და მასში ჩვენ მე-40 ადგილზე აღმოვჩნდით. არადა, ამერიკა პირველ ადგილზეა მსოფლიოში, ერთ მოსწავლეზე დახარჯული თანხების მიხედვით. ანუ გამოდის, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტ ფულს ვხარჯავთ განათლებაზე და მაინც მე-40 ადგილზე ვართ. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ 38-ზე ვიყავით, ახლა კი ნორვეგიაზე, დანიაზე და შვედეთზე უკან ვართ. ძალიან უსიამოვნოა ჩემთვის იმის თქმა, რომ ჩინეთი ხუთეულში შედის - ქვეყანა, რომელიც ჩვენს მეტოქეს წარმოადგენს. რას ნიშნავს მე-40 ადგილი? იმას, რომ რაღაც წესრიგში არ არის. ამიტომ ვამბობ: დავაბრუნოთ განათლება აიოვაში, აიდაჰოში, კოლორადოში, ინდიანაში...

ჩვენს განათლების სამინისტროში, ძირითადად, ვაშინგტონელები მუშაობენ, რომლებთაც საერთოდ არ ადარდებთ ბავშვების სწავლების დონე სასოფლო რეგიონებში. მათ არ ადარდებთ ფერმერების ბიჭებისა და გოგონების განათლების დონე, ფული კი სახელმწიფოს მიერ უამრავი იხარჯება. აქ კი, ვაშინგტონში, უდიდესი ბიუროკრატია არსებობს - საითაც გაიხედავ, ყველგან განათლების სამინისტროს შენობებია. და როგორც ვიცი, სამსახურშიც არავინ დადის. მიეჩვივნენ უსაქმურობას. მითხრეს, რომ ყველა სახლიდან მუშაობსო, ბევრს მეორე სამსახურიც აქვს. კიდევ ერთი მომენტი, რაზედაც ილონ მასკი ყურადღებას აპყრობს: რამდენი ადამიანი იღებს ტყუილად ხელფასს, თითქოსდა, სახლიდან რომ მუშაობს, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს? რამდენს აქვს მეორე და მესამე სამუშაო? ვიცი, რომ ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია. ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან განათლების სამინისტროდან. ამიტომაც არის შესამცირებელი ჩვენი მთავრობა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო